შოუბიზნესი

ზურა გორგაძე: იმ კოშმარის დაძლევამ, რკინის ადამიანად მაქცია

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 01.04

ზურა გორგაძე
დაკოპირებულია

ხალისიანი და ენერგიული ზურა გორგაძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ნამდვილი კოშმარის გავლა მოუწია და ეს მთელი რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მის ცხოვრებაში შავ ლაქად, მაგრამ, საბედნიეროდ, წარსულში დარჩა. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა, ზურამ ჩვენთან ამაზე და სხვა ამბებზეც გულახდილად ისაუბრა.

ზურა გორგაძე: ეს წელი ჩემთვის სიახლეებით, გიჟურად და ქაოსურად დაიწყო, თუმცა უცხოეთში მეგობრებთან ერთად დასვენებაც მოვასწარი. ამჯერად გერმანიაში, ბერლინში ვიყავი და სასიამოვნოდ ცოტა დავიღალე, განვიტვირთე და თან, დავისვენე. ზოგადად, რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავ ხოლმე მოგზაურობას და დიდი ხნით ადრე ვემზადები. გადაღლილი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მიყვარს ჩემს ცხოვრებაში სიმსუბუქეების შეტანა. მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღიდან ისეთი ტემპით ვიწყებ თავით შევარდნას საქმეში, სულ მავიწყდება, სად ვიყავი და როგორ დავისვენე (იცინის).

– ზურა, როგორც ვიცი, ზოდიაქოთი მორიელი ხარ. ამ ნიშნით დაბადებულებს ცოტა მტკივნეული კბენები ახასიათებთ და ხისტი ხასიათი აქვთ. შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

– დიახ, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და წაკბენაც მახასიათებს. მეუბნებიან კიდეც: იუმორით ისეთ რაღაცას იტყვი ხოლმე, ადამიანს გაანადგურებო. ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვიკბინები, თუ ვინმემ არ გამომიწვია და არ მიკბინა. არასამართლიანად არ ვიკბინები, უმიზეზოდ არავის ვერჩი, თუმცა, თუ მიკბინა, აუცილებლად ვუბრუნებ საპირისპირო კბენას მკვეთრი და მძაფრი იუმორით. სხვათა შორის, წლით დრაკონი ვარ, 2024 ჩემი წელია და განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს ამ წლისგან. თუმცა, მაინც იმის მჯერა, როგორც წარმართავ შენს ცხოვრებას, წელიც ისე წავა.

– ახლა არ მითხრა, რომ გაბრაზებული, დრაკონივით, ცეცხლებსაც აფრქვევ...

– თუ გავბრაზდი, დრაკონივით ცეცხლებს ნამდვილად ვყრი და ეს ჩემმა ყველა მეგობარმა და ახლობელმა იცის. მაქვს მოთმინების უსაზღვრო უნარი, მაგრამ თუ საბოლოოდ ამომიყვანეს ყელში, გაბრაზებული ცეცხლებს ვყრი. ვერ ვეგუები არაობიექტურობას, უსამართლობას, არალოგიკურ სიტუაციებს – ეს მაღიზიანებს.

– ჭორები?

– რასაკვირველია, ჭორებიც. ისეთი საოცრება ჭორები გამიგია ჩემზე, რომ ვერ ვიტყვი. იყო პერიოდი, როცა ჭორებზე მძაფრად ვრეაგირებდი, მაგრამ ახლა მეცინება. როცა სხვებზე უფრო მეტი ადამიანი გიცნობს, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ვიღაც რაღაცას იტყვის. რას ვიზამთ, ამისთვის, მზად ვარ. იმდენად პირდაპირი ვარ, დაუსუფთავებლად, დაუწმენდავად, დაუვარცხნელად და მკაფიოდ მიყვარს ჩემი აზრის დაფიქსირება.

– პირდაპირი ადამიანები ბევრს რომ არ უყვარს?

– ჩემი პირდაპირობა და სიხისტე ხელსაც მიშლის, მაგრამ ეს ჩემი ხასიათის ისეთი მკაფიო თვისებაა, ვერაფერს ვუშვრები. მირჩევნია, ხისტი ვიყო, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, ვიღაცას ვაწყენინო, ვიდრე ვეპირფერო, დიპლომატია ჩავრთო და გვერდიდან მოვუარო. მე სხვანაირად არ შემიძლია, ადამიანთან ურთიერთობაში ვერ ვითამაშებ.

– ზურა, რამდენად ადვილად მოდის შენთან წარმატება, თუ ამისთვის კოლოსალური შრომა, მოთმინება, ბარიერებისა და წინაღობების გადალახვა გჭირდება?

– ვერ ვიტყვი, ჩემთან წარმატება ადვილად მოდის-მეთქი, არც არასოდეს მოსულა. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, უიღბლო ვარ-მეთქი, პირიქით, ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. ბევრ შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ადგილასაც მოვხვდი. ასე რომ, ვარ იღბლიანი და ამასთანავე, შრომისმოყვარე იმ საქმეების მიმართ, რასაც ვაკეთებ.

– შენზე და თაკოზე, ძალიან ბევრი ჭორიც აგორდა...

– დიახ, ჩემზე და ჩემს მეწყვილე ულამაზეს თაკოზე ბევრი ჭორი აგორდა, ბევრს ლაპარაკობდნენ, ბევრს ერთად ვეგონეთ და ბევრიც ერთად ყოფნას გვიწინასწარმეტყველებდა. ბევრი გვიწერს: ერთად უნდა იყოთ, რა მაგარი წყვილი ხართო (იცინის). ყველა ადამიანის მადლობელი ვართ, ვინც სიყვარულსა და სითბოს არ იშურებს ჩვენთვის... მე და თაკოს, ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი, ვართ ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ ნამდვილად არ ვართ შეყვარებულები და არც სასიყვარულო პარტნიორები. თუ ვინმეს ჩემი პირადი ცხოვრება აინტერესებს, ვეტყვი, რომ მე სულ შეყვარებული ვარ, სულ ამბებში და თავგადასავლებში (იცინის). თუმცა, სერიოზული არაფერი ხდება. ზოგადად, როცა მიყვარს, ვარ რომანტიკული, ბობოქარი და რა თვისებებიც ხასიათში მაქვს, ორმაგად მძაფრდება. მოკლედ, როცა მიყვარს, გრძნობები მიმძაფრდება (იცინის).

– ვიცი ამ თემაზე არ გიყვარს საუბარი, ყოველთვის თავს არიდებ, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, იმ რვა წელზე, როცა აზარტულ თამაშებზე იყავი დამოკიდებული და საკმაოდ რთული პერიოდი იდგა შენს ცხოვრებაში, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანებთან დამოკიდებულებაში. როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ შეძელი თავის დანებება?

– გეთანხმები, ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი და ნათქვამიც მაქვს, არ ვისაუბრებ-მეთქი, მაგრამ თუ ჩემი საუბრით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები, სტიმულს მივცემ ან დავაფიქრებ, რომ ამ საშინელ სენს და დაავადებას სძლიოს, მაშინ ბედნიერი ვიქნები. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში იყო რთული რვა წელიწადი, როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დრო, ენერგია, ნერვები, ფული და ჯანმრთელობა, ერთდროულად დავკარგე. კი ამბობენ, როგორც ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, ისე ყოფილი მოთამაშეო, მაგრამ მე ვარ ფაქტი, მე დავძლიე ეს სენი. აზარტული თამაშები სტუდენტობის ბოლო წლებში დავიწყე და თამაშ-თამაშში ჩემი ცხოვრების თანამდევ საშინელ ყოველდღიურობად იქცა. რთულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი, ბევრი მცდელობა მქონდა, თავი დამენებებინა, მაგრამ ადვილი არ იყო. საკუთარი თავის ღირსების შელახვის ყველაზე მეტად შემეშინდა და ერთ დღესაც ვთქვი: „მორჩა!“ და იმ დღის მერე, აზარტულ თამაშებს აღარ გავკარებივარ. ფინანსური პრობლემაც მოვაგვარე, ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებაც შევძელი და ფორტუნა კვლავ შემოტრიალდა ჩემკენ. სწორ რელსებზე შევდექი და დღემდე კარგი გზით მივდივარ. ამ გზას ვეღარ შემიცვლის ის მახინჯობა, რომელიც გამოგონილია ადამიანის გამწარებაზე, რომ ერთეულებმა დიდი ფული აკეთონ. რომ არა ოჯახის წევრების გვერდით დგომა და იმ კოშმარის დროს მეგობრების სწორი დამოკიდებულება, გამიჭირდებოდა სწორი გზის დანახვა. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, იმ საშინელ, კოშმარულ რვა წელს არ გავივლიდი. თუმცა, გავიარე ის გზა, გავუძელი და იმ კოშმარის დაძლევამ რკინის ადამიანად მაქცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი