ინდირა ჯგერნაია: ჩემთვის აუცილებელია სიყვარული, მყარი ურთიერთობა და ის შინაგანი სიმშვიდე, სადაც კიდევ ერთი სიცოცხლის მოვლენა დიდი ბედნიერება იქნება
ავტორი: ნონა დათეშიძე 30 წუთის წინ
მომღერალ ინდირა ჯგერნაიას რამდენიმე დღის წინ, 25 ოქტომბერს, ჰქონდა დაბადების დღე. ამბობს, რომ არც წლების მატება აშინებს და არც ის ცხოვებისეული გაკვეთილები, რაც წინ ხვდება, რადგან ყოველთვის გრძნობს თავისი მფარველი ანგელოზის დახმარებას და არც იღბლიანობას უჩივის.
ინდირა ჯგერნაია: ჩემი დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება. მიყვარს ეს დღე, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასაკის მატება კი არა, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. წლებთან ერთად, უფრო მეტად ვისწავლე თითოეული წუთის, ადამიანებისა და იმ სიყვარულის დაფასება, რომელიც ჩემ გარშემოა. რაც შეეხება დაბადების დღისთვის მზადებას, მიყვარს ლამაზი გარემო, განსაკუთრებული განწყობა და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა. თუმცა, ყველაზე მეტად ის ბედნიერება მიყვარს, რომელსაც გულწრფელი მილოცვები და მოულოდნელი სიურპრიზები მანიჭებს. ვაღიარებ, ბავშვობის დაბადების დღეებს სულ სხვა სითბო და ჯადოსნურობა ჰქონდა. ოჯახში ყოველთვის ცდილობდნენ, ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი ყოფილიყო. მახსოვს ის ბავშვური სიხარული, მოუთმენლობა, საჩუქრების მოლოდინი, ტორტი, სანთლები და სურვილები... მაშინ მთელი გულით მჯეროდა, რომ აუცილებლად ასრულდებოდა. ყველაზე ტკბილ მოგონებად კი არა კონკრეტული საჩუქარი, არამედ ის სიყვარული და მზრუნველობა დამრჩა, რომლითაც ეს დღე იყო სავსე. წლებთან ერთად, ხვდები, რომ ბავშვობის ყველაზე დიდი ფუფუნება, სწორედ ის უდარდელი ბედნიერება და ოჯახის სიყვარულია, რომელსაც ვერანაირი ძვირფასი საჩუქარი ვერ ჩაანაცვლებს. დღესაც, როცა დაბადების დღის სანთლებს ვაქრობ, მგონია, რომ ჩემში ისევ ცხოვრობს ის პატარა გოგონა, რომელსაც სასწაულების სჯერა. წელს თითქოს ყველაფერი კიდევ უფრო სხვანაირად აღვიქვი. ყველაზე მეტად ის სითბო და სიყვარული გამიხარდა, რომელიც ამ დღეს ჩემ გარშემო ტრიალებდა. რაც შეეხება სიურპრიზებს, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც სიურპრიზების მოწყობაც უყვარს და მიღებაც. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ყურადღებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის იმ ადამიანებისგან მოდის, ვისგანაც ყველაზე მეტად გიხარია.
– წლების მატება ხომ არ გაშინებს?
– წლების მატება ნამდვილად არ მაშინებს, პირიქით, ვფიქრობ, ყველა ასაკს თავისი განსაკუთრებული ხიბლი და სილამაზე აქვს. ასაკთან ერთად, ქალი უფრო მეტად იცნობს საკუთარ თავს, უფრო თავდაჯერებული, საინტერესო და ძლიერი ხდება. დღეს, ბევრად უკეთ ვიცი, რა მინდა ცხოვრებისგან, რა მაბედნიერებს და რას აღარ უნდა დავუთმო ჩემი ძვირფასი დრო. რაც შეეხება ასაკის დამალვას, ამის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ (იღიმის). ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრია, მთავარი ის ენერგიაა, რომელსაც ატარებ, ის სიყვარული, რომელიც გულში გაქვს და ის სინათლე, რომელიც თვალებში გინათებს. შეიძლება, წლები გვემატებოდეს, მაგრამ სულს დაბერების უფლება არ უნდა მივცეთ.
– რა მოგიტანა წლების მატებამ?
– წლების მატებამ, გამოცდილებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცა – საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, შინაგანი სიმშვიდე და ადამიანების სწორად შეფასების უნარი. ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ზოგჯერ ადამიანები ბედნიერებისთვის მოდიან, ზოგჯერ კი – იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გვასწავლონ. დღეს უფრო მეტად ვაფასებ დროს, გულწრფელ ურთიერთობებს და იმ ადამიანებს, ვისთანაც შემიძლია, უბრალოდ, საკუთარი თავი ვიყო. ვისწავლე პატიებაც, გაშვებაც და, რაც მთავარია, საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება ისე, რომ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ მქონდეს.
– საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა და დღესაც გყავს. ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?
– თაყვანისმცემლების ყურადღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვფიქრობ, ყველა ქალს უხარია, როცა მის მიმართ ინტერესს, სიყვარულსა და აღფრთოვანებას გამოხატავენ. თუმცა, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა თაყვანისმცემლების რაოდენობა, არამედ იმ ერთი ადამიანის არსებობა, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს ვიგრძნობ. რაც შეეხება ოჯახის შექმნას, რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია. მეც, როგორც ყველა ქალს, მაქვს სურვილი, გვერდით მყავდეს ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრების ლამაზ წუთებსაც გავიზიარებ და რთულ პერიოდებსაც ღირსეულად გავივლი. თუმცა, არასდროს მიმაჩნდა, რომ ოჯახი მხოლოდ იმიტომ უნდა შექმნა, რომ გარკვეულ ასაკს მიაღწიე ან საზოგადოება ამას შენგან ელოდება. ჩემთვის ქორწინება უბრალოდ სტატუსი არ არის. ეს არის სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება და, რაც მთავარია, შინაგანი სიმშვიდე.
– რომ ამბობენ, ქალი რომ წარმატებული იყოს, გვერდით აუცილებლად სჭირდება ძლიერი მამაკაციო, ამ აზრს ეთანხმები?
– ვფიქრობ, ქალის წარმატება, პირველ რიგში, მის შრომაზე, ნიჭზე, მიზანდასახულობასა და საკუთარი თავის რწმენაზეა დამოკიდებული. ქალი თავადაც შეიძლება, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული, ამისთვის მამაკაცის არსებობა აუცილებელი პირობა ნამდვილად არ არის. თუმცა, ისიც მჯერა, რომ სწორ ადამიანს შეუძლია, შენი ცხოვრება კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო გახადოს.
– არაჩვეულებრივი შვილის დედა ხარ. მეორე ბავშვის გაჩენას თუ ფიქრობ, რომ შენს შვილს დედმამიშვილი ჰყავდეს?
– ჩემი შვილი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ბედნიერება და სიამაყეა. დედობამ სრულიად სხვა თვალით დამანახვა სამყარო და მასწავლა ისეთი უპირობო სიყვარული, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია. რა თქმა უნდა, მეორე შვილზეც მიფიქრია. ძალიან კარგი იქნებოდა, ჩემს შვილს ჰყოლოდა დედმამიშვილი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მეგობარი, მესაიდუმლე და საყრდენი იქნებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ჩემთვის აუცილებელია სიყვარული, მყარი ურთიერთობა და ის შინაგანი სიმშვიდე, რომელშიც კიდევ ერთი პატარა სიცოცხლის მოვლენა ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება.
– როგორ ფიქრობ, რა არის ქალისთვის ცხოვრებაში მთავარი, რომ თავი სრულყოფილად ბედნიერად იგრძნოს?
– ვფიქრობ, ქალისთვის ბედნიერების მთავარი საიდუმლო საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა. როცა ქალს საკუთარი თავი უყვარს, იცის თავისი ფასი, არ კარგავს ინდივიდუალობას და არ ცხოვრობს მხოლოდ სხვისი მოლოდინების გასამართლებლად, სწორედ მაშინ იწყება მისი ნამდვილი ბედნიერება.
– არასოდეს გიფიქრია უცხოეთში კარიერის გაგრძელება, შემოთავაზება ხომ არ ყოფილა?
– ვფიქრობ, ყველა ხელოვანისთვის საინტერესო და მიმზიდველია საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდა. გამონაკლისი არც მე ვარ. მუსიკა ხომ უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და შეუძლია, სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანები გააერთიანოს. რა თქმა უნდა, უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე მიფიქრია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ახალი აუდიტორიის გაცნობა, განსხვავებულ მუსიკალურ გარემოში მუშაობა და საკუთარი შემოქმედების კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარმოჩენა. თუმცა, მიმაჩნია, რომ წარმატება მხოლოდ გეოგრაფიით არ განისაზღვრება. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქართველი მსმენელის სიყვარული და ის ემოციური კავშირი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. არასდროს ვამბობ, არასდროს. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და შესაძლოა, წინ ისეთი შესაძლებლობები მელოდებოდეს, რომლებზეც დღეს მხოლოდ ვფიქრობ.
– როგორ გგონია, იღბალთან ერთად რა დაგყვა თან და რამდენად გრძნობ მფარველი ანგელოზის არსებობას შენ გვერდით?
– ვფიქრობ, იღბალთან ერთად ცხოვრებაში ყოველთვის თან დამყვება ძლიერი ინტუიცია, რწმენა და რაღაც უხილავი ძალა, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი სწორ გზას მაჩვენებს. ხშირად მქონია განცდა, თითქოს ვიღაც ზემოდან მიფრთხილდება, მიცავს და მაშინაც კი არ მტოვებს მარტო, როცა ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ მიდის. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან სრულიად მოულოდნელად გამოჩენილა გამოსავალი. ასეთ დროს მიფიქრია, რომ ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა არ იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





