შოუბიზნესი

რა გზა გაიარა დიდ წარმატებამდე 15 წლის ასაკში ამერიკაში გადასულმა თეონა კბილაშვილმა და როგორ ეხმარება ის სხვა გოგონებს დღეს

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 12 წუთის წინ

თეონა კბილაშვილი
დაკოპირებულია

წარმატებული ქართველი მოდელის, თეონა კბილაშვილის გულწრფელი საუბარი საქართველოს დიდ სცენაზე დაბრუნებაზე, ემიგრაციაში განვლილ გზაზე, ქალთა გაძლიერებასა და ცხოვრების ახალ, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე.

– თეონა, საერთაშორისო კონკურს Miss Grand International-ზე შარშანდელი გამოსვლის შემდეგ წელს სრულიად ახალი სტატუსით – ეროვნული დირექტორის რანგში აგრძელებ ამ საქმეს. რამდენად მოულოდნელი და იმავდროულად, საამაყო იყო შენთვის ეს წინსვლა?

თეონა კბილაშვილი: შარშან საერთაშორისო სცენაზე გასვლისას ჩემი მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენა არ ყოფილა. მინდოდა, საქართველოს სახელი ისევ გაჟღერებულიყო იქ, სადაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში აღარ ჩანდა. ჩემთვის დედოფლობა ყოველთვის გულისხმობდა კონკრეტული გზავნილის ტარებას, ქალების გაძლიერებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და იმ შესაძლებლობების შექმნას, რაც სხვას საკუთარი ოცნების განხორციელებაში დაეხმარება.

ეროვნული დირექტორის სტატუსამდე მისვლა ძალიან საამაყო იყო, თუმცა ამ სიხარულს დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვა. შარშან თავად ვიდექი სცენაზე, წელს კი უკვე სხვა ქართველი გოგონას გვერდით ვიყავი და მის წარმატებაზე ვზრუნავდი. განსაკუთრებული განცდაა, როდესაც შენი გამოცდილება მხოლოდ შენს მოგონებად აღარ რჩება და სხვისი გზის დასაწყისად იქცევა.

ჩემი სურვილია, საქართველოში შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც გოგონებს საერთაშორისო ასპარეზისთვის საფუძვლიანად მოამზადებს. ამას სჭირდება ძლიერი გუნდი, ფინანსური რესურსი, პარტნიორები და თანმიმდევრული მხარდაჭერა. პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით, მაგრამ განვითარებისთვის კიდევ ბევრი შრომაა საჭირო. ვეძებ გოგონებს, რომლებიც ამ შესაძლებლობის მნიშვნელობას გაიაზრებენ და საქართველოს, სილამაზესთან ერთად, საკუთარი ღირსებით, განათლებითა და ადამიანური ღირებულებებითაც წარმოაჩენენ. ჩემთვის სწორედ ეს არის ამ წინსვლის ყველაზე დიდი აზრი.

– როგორ შეიცვალა შენი პასუხისმგებლობა, როდესაც მონაწილიდან ორგანიზატორების ნაწილში გადაინაცვლე?

– ზოგჯერ ვხუმრობ, რომ წელს უფრო მეტად ვგრძნობდი თავს კონკურსანტად, ვიდრე შარშან. როდესაც თავად მონაწილეობ, საკუთარ მზადებაზე, გამოსვლასა და ემოციებზე ხარ პასუხისმგებელი. ეროვნული დირექტორის რანგში კი სხვისი ოცნებაც გაბარია. ადამიანი გენდობა და შენგან სწორ მიმართულებას, მხარდაჭერასა და დაცულობის განცდას ელოდება. ამ პასუხისმგებლობის უკან ძალიან ბევრი საქმე დგას: საბუთები, კონტრაქტები, მგზავრობა, გარდერობი, დიზაინერებთან ურთიერთობა, სოციალური მედია, კონტენტი და ყოველდღიური ორგანიზება. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერაც. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამდენად დამღლელი შეიძლება, იყოს კონკურსის ტემპი და ასეთ დროს რამდენს ნიშნავს ადამიანი, რომელიც გისმენს და შენს შესაძლებლობებს გახსენებს.

უკვე ვიცი, რა ხდება სცენის მიღმა და ვცდილობ, ეს ცოდნა ჩვენს მონაწილეს მომზადებაში დაეხმაროს. საერთაშორისო კონკურსი გარეგნობაზე ბევრად მეტს მოითხოვს: გამართულ მეტყველებას, ნიჭს, დისციპლინას, გუნდურობასა და ადამიანებთან ურთიერთობის კულტურას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა გოგონა მათ, ვინც მის გვერდით მუშაობს. საქართველოს წარმომადგენლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა.

– შარშანდელ კონკურსში 12-წლიანი პაუზის შემდეგ შენ იყავი ის ადამიანი, ვინც საქართველოს სახელი კვლავ გააჟღერა დიდ სცენაზე. როგორი იყო შენი ემოციები იმ მომენტში, როდესაც საერთაშორისო სცენაზე საქართველოს დროშით იდექი?

– ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. საქართველოს დროშით სცენაზე დგომისას თვალებში ცრემლი მქონდა და ერთდროულად ვგრძნობდი სიხარულს, სიამაყესა და უზარმაზარ პასუხისმგებლობას. იმ წამს, თითქოს, ჩემთან ერთად იქ იდგა ჩემი ოჯახიც, ჩემი წარსულიც და ყველა ადამიანი, ვისაც ჩემი სჯეროდა.

ემიგრანტისთვის საკუთარი ქვეყნის სახელის წარმოთქმას განსაკუთრებული ძალა აქვს. წლების განმავლობაში საქართველო ჩემთან იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემს ენასა და ფიქრებში. იმ დღეს კი მისი სახელი ხმამაღლა ვთქვი მსოფლიოს წინაშე. ჩემთვის ეს იყო ძალიან პირადი ოცნებისა და ქვეყნის სიყვარულის შეხვედრა.

დიდი რწმენით გავედი იმ სცენაზე – რწმენით, რომ საქართველოს იქ ყოფნა ეკუთვნოდა და ჩვენი ხმა უნდა გაეგოთ. მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, ეს გზა გაგრძელებულიყო. იმ მომენტის სიამაყე ჩემში ყოველთვის დარჩება, რადგან ვიცი, რომ მთელი გულით წარმოვადგინე ქვეყანა, რომელსაც ყველგან თან ვატარებ.

– რა იყო ყველაზე დიდი გარდატეხა, რაც ამ პროცესმა მოგიტანა?

– ყველაზე დიდი გარდატეხა საქართველოსთან კავშირის გაღრმავება იყო. ემიგრაციაში ხშირად ორ სამყაროს შორის ცხოვრობ: ერთ ქვეყანაში შენს ყოველდღიურობას აშენებ, მეორესთან კი ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი გაქვს. ამ პროცესმა მომცა შესაძლებლობა, სამშობლოსთან ჩემი ურთიერთობა კონკრეტულ საქმედ მექცია.

ამ გზას რთული გამოცდილებაც მოჰყვა. იყო მტკივნეული კომენტარები, ზოგჯერ – ქალების მხრიდანაც და მომენტები, როდესაც იმაზე ნაკლებ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ვიდრე ველოდი. ეს გულს მტკენდა, რადგან ჩემთვის ქალების ერთმანეთის გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა ამ ყველაფერმა უფრო მკაფიოდ დამანახვა, როგორი გარემოს შექმნა მინდა ჩვენს ორგანიზაციაში – ისეთი, სადაც გოგონებს ერთმანეთის გაძლიერებას ასწავლიან.

– როგორ ახერხებ ამერიკული ცხოვრების რიტმისა და ქართული ტრადიციების ერთმანეთთან შეთავსებას?

– ამერიკაში 15 წლის ასაკში გადავედი, ჩემი განვითარება ერთ დღეში არ მომხდარა, ის შედგებოდა სწავლისგან, მუშაობისგან, მცდელობებისგან და იმ მომენტებისგანაც, როდესაც თავად უნდა მომეკრიბა ძალა. წლების განმავლობაში ვისწავლე, ორივე კულტურიდან ის ავიღო, რაც ჩემს ცხოვრებას ამდიდრებს. ამერიკულმა გარემომ მასწავლა დროის ფასი, დამოუკიდებლობა, დაგეგმვა და საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობა. ქართულმა ოჯახმა კი მომცა სითბო, ახლობლებზე ზრუნვა და ის კავშირი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები.

ჩემთვის ქართული ტრადიციები ყოველდღიურ ურთიერთობებში ცოცხლობს – როგორ ვესაუბრები ოჯახის წევრებს, როგორ ვზრუნავ მათზე და როგორ ვინარჩუნებ ჩემს ენასა და ქვეყნის მიმართ ინტერესს. ამავე დროს, ვცდილობ, ვიყო გახსნილი განსხვავებული აზრებისა და გამოცდილებების მიმართ.

ორ კულტურაში ცხოვრებამ უფრო ფართო ხედვა მომცა. დღეს ჩემს საქმიანობაშიც ვცდილობ, ამერიკაში შეძენილი ორგანიზებულობა და პროფესიული მიდგომა ქართულ სითბოსა და გულწრფელობას შევუთავსო. მინდა, ჩვენს ორგანიზაციაში გოგონები გრძნობდნენ როგორც მკაფიო მიმართულებას, ისე ადამიანურ მხარდაჭერას.

– ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ სიმპათიას და ყველაზე მეტად რა სახის ყურადღება გახარებს ან გაკვირვებს?

– სიმპათიას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ – კომპლიმენტით, თბილი შეტყობინებით ან სასიამოვნო ჟესტით. ყველაფერი, რაც გულწრფელად მოდის, მიხარია. თუმცა, განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ყურადღების ფასს, როდესაც ადამიანი ჩემს გარეგნობასთან ერთად ჩემს შრომას, მიზნებსა და ხასიათსაც ამჩნევს.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას ახსოვს შენთვის მნიშვნელოვანი დეტალი, ინტერესდება შენი დღით ან რთულ მომენტში სწორ სიტყვას პოულობს. ჩემს ცხოვრებაში კარიერას დიდი ადგილი უკავია და ამიტომ ყურადღებიანი, გამგები დამოკიდებულება ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

და ყვავილები… მათ ყოველთვის შეუძლიათ ჩემი ღიმილის გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაკუთრებული თარიღისა და მოლოდინის გარეშე მოდიან. ასეთ ჟესტში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ვიღაცას, უბრალოდ, მოუნდა შენი დღის გალამაზება.

– როგორი უნდა იყოს ადამიანი შენ გვერდით? რა თვისებებია შენთვის ყველაზე პრიორიტეტული მამაკაცში?

– ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც საკუთარი მიზნები აქვს, უყვარს თავისი საქმე და პასუხისმგებლობით ეკიდება ცხოვრებას. მიზანდასახულობა ძალიან მომხიბვლელია, თუმცა მასთან ერთად ჩემთვის აუცილებელია სიკეთე, გულწრფელობა და ადამიანების მიმართ პატივისცემა.

მინდა, ჩემს გვერდით იყოს მშვიდი, ყურადღებიანი და ემოციურად მოწიფული მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მოსმენა და ურთიერთობაზე ზრუნვა. ჩემი საქმიანობა დატვირთულ გრაფიკს, მოგზაურობასა და საჯარო გარემოში ყოფნას გულისხმობს. ასეთ ცხოვრებაში ნდობა და ერთმანეთის სივრცის პატივისცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ძალიან ვაფასებ კაცს, რომელსაც შეუძლია, ქალის წარმატებით იამაყოს და მის განვითარებას მხარი დაუჭიროს. ჩემთვის კარგი ურთიერთობა არის პარტნიორობა, სადაც ორივე ადამიანს აქვს საკუთარი გზა და ამავე დროს საერთო მომავლის შექმნა უნდათ. მინდა, ერთმანეთთან ვიყოთ თბილები, გულწრფელები და რთული საუბრის დროსაც შევძლოთ პატივისცემის შენარჩუნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი