მაკა ძაგანია: ბომბზე რომ ვიჯექი, ვიაზრებდი, მაგრამ იმ მომენტში იმდენ პასუხისმგებლობას ვერ გავექეცი
ავტორი: ნონა დათეშიძე 20 წუთის წინ
დედაქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს ბევრი ადამიანი გაერიდა და ქალაქგარეთ არჩია მშვიდი და წყნარი ცხოვრება. მათ შორისაა მსახიობი მაკა ძაგანია.
მაკა ძაგანია: ბავშვობაში ვოცნებობდი, მქონოდა დიდი ეზოიანი სახლი, სადაც მეყოლებოდა ცხენი. ცხენი იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. ჩემები კინოსტუდიაში მუშაობდნენ და ასე რომ მინდოდა ცხენის ყოლა, მამა ფიქრობდა, ხომ არ ვიყიდოთ და კინოსტუდიის თავლაში მოუარონო. მაგრამ იმდენად ძვირი ჯდებოდა ეს ყველაფერი, ვერანაირად ვერ ვქენით და ოცნება დარჩა ოცნებად. მე და მამა ხშირად ვსაუბრობდით, რომ გავიზრდებოდი როგორი ეზო მექნებოდა, მეყოლებოდა ცხენები და მოვუვლიდი. გავიდა წლები და ამ გადასახედიდან ვგრძნობ, თურმე, ამ ოცნებისკენ ბევრი ნაბიჯი გადამიდგამს. თუმცა, როცა ნაბიჯებს ვდგამდი, არ მიფიქრია, რომ ჩემს ოცნებას ვუახლოვდებოდი. მოკლედ, მე რომ ქალაქგარეთ, აგარაკზე დავიწყე ცხოვრება, არ მეგონა, რომ ეს ჩემი ოცნებისკენ მიმავალი გზა იყო. ესეც სპონტანურად მოხდა – ბებიას სურამში ჰქონდა აგარაკი. გაყიდა და ფული გაგვინაწილა. ამ ფულით მე მიწა შევიძინე და მაშინ ყველა მეუბნებოდა, რად გინდაო. მოკლედ, ვიყიდე მიწა ქალაქგარეთ. მართალია, ჯერ ცხენი ვერ შევიძინე და ამ ოცნების ახდენა წინ მაქვს, მაგრამ პერსპექტივა უკვე არის (იცინის).
– რთული არ იყო ქოთქოთა დედაქალაქის ცხოვრებიდან სიმშვიდეში გადასახლება?
– პირიქით. გადაწყვეტილება, ქალაქიდან საცხოვრებლად აგარაკზე გადავსულიყავით, სპონტანურად მოხდა, ამაზე არც გვიმსჯელია და გვიფიქრია. მანამდე რომ ვამბობდი: სანამ ბავშვი ბაღში დადის, წავიდეთ-მეთქი, თავი ვერ მოვაბით. პანდემიის პერიოდში ორი კვირით ჩამოვედით და კი შემოვრჩით. ისე მოიტანა ცხოვრებამ, თავისთავად დავრჩით. იმდენად კარგი იყო, იმდენად სიმშვიდე და სიწყნარე, იმდენად განიავდა ტვინი იმ ქაოსისგან, რაც დედაქალაქშია, ნელ-ნელა დავიწყეთ მიწასთან ურთიერთობა და მოგვეწონა აქ ცხოვრება. მერე ჩემი ძაღლიც გამოჩნდა, რომელიც ქუჩიდან მოვიდა და ასე ნელ-ნელა დაგვიტოვა და მიგვიჯაჭვა აგარაკმა საცხოვრებლად, ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. პრინციპში, ეს ის ადგილია, სადაც ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე, სპონტანურად მოვიწყვე დედამიწაზე ჩემი პატარა სამოთხე. როცა ძაღლი გყავს, ვენახი გაქვს, ათასი საქმეა მიწასთან დაკავშირებული, ერთი კვირა წავალ თბილისში და მერე ჩამოვალ, არ გამოდის. ვხუმრობ ხოლმე, მე და ჩემი მეუღლე მიწამ მიგვიზიდა, მიგვიჯაჭვა და თვითონ დაგვიტოვა-მეთქი (იცინის). ძალიან ბევრი საქმეა, არასოდეს ილევა, სულ რაღაც არის გასაკეთებელი, სულ პროცესში ხარ. არასოდეს არის დასვენების პერიოდი, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაჯდე, აგარაკზე რომ ცხოვრობ, ასე არ ხდება. ამ რუტინაში ვართ მე და ჩემი მეუღლე ჩართული, რომელიც არასოდეს მთავრდება (იცინის). თუმცა, აქ ყველა სეზონი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე თბილისში და სასწაული ენერგეტიკა აქვს. სრულიად მარტო ვეძებდი ადგილს, რომელიც ახლოს იქნებოდა ქალაქთან, იქნებოდა სიმშვიდე, სიწყნარე და სუფთა ჰაერის საგრძნობი ენერგეტიკა, ასეთი ადგილი აქ ვიპოვე. თან, ფინანსურად შეზღუდული ვიყავი და რაშიც ჩემი ბიუჯეტით ჩავეტიე, ის აგარაკი ვიყიდე. მაშინ ცოტა მივარდნილი ადგილი იყო, ახლა კი, საკმაოდ ბევრი სახლი აშენდა. სხვათა შორის, მეუბნებოდნენ: აქ რა გინდოდა, ამ მივარდნილშიო. მე კი ვეუბნებოდი: მაცადეთ, ხალხნო, გავა წლები და მეტყვით, ეს როგორი მაგარი ადგილი აღმოაჩინეო და ასეც მოხდა.
– ყოველთვის ფულიანი გოგოს იმიჯი გქონდა. გიფიქრია, რატომ?
– შეიძლება, სერიალში თამაშმა განაპირობა ჩემი ფულიანი გოგოს იმიჯი, მაგრამ ბევრმა დღესაც არ იცის, რომ ქართველი მსახიობები რეალურად მათხოვრები ვართ. თუ სოციალურ ქსელში უყურებენ აგარაკის ვიდეოებს და ამის გამო ვგონივარ ვინმეს ფულიანი, კიდევ ვამბობ, ეს ბებიის მოცემული ფულით ვიყიდე, არც ჩემი ნაგროვები ფულით და არც ბანკის სესხით.
– რადგან ფინანსებს შევეხეთ, ყველაზე დიდი თანხა რაში გეხარჯება?
– ყველაზე დიდი თანხა კომუნალურებში, კვებასა და ბენზინში მეხარჯება, როგორც ყველას. თან, ჩემი მანქანა 30 წლისაა, საყვარელი და მოხუცი, ბევრი ბენზინი სჭირდება, მაგრამ ვერ ველევი. 19 წელია, ჩემთანაა, სასწაულად მიერთგულა. ჯერ არ მაქვს პერსპექტივა ახალი მანქანა ვიყიდო და ჩემს ძველ მანქანას შრომა შევუმსუბუქო (იცინის). რაც შეეხება ხარჯვას, რაც კი ფინანსები გაგავაჩნდა მე და ჩემმა მეუღლემ ვაზის გაშენებას მოვახმარეთ, ჯერ ისევ მიაქვს და მიაქვს ამ საქმეს თანხები და იმედია, ოდესმე უკან მოიტანს (იცინის).
– მაკა, ყოფილა მომენტი, სამსახიობო კარიერის გამო საკუთარი პირადი სასწორზე დაგიდევს?
– მხოლოდ ერთი მომენტი იყო ასეთი. სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ დროს ორსულად ვიყავი და სასწორზე დავდე ჩემი პირადი. არ ვიცი, როგორ გაიგებს მკითხველი, მაგრამ თითქოს იყო მომენტი, როცა ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე საფრთხეს ვერ აცნობიერებ. თუმცა, რა საშიშროება შეიძლება, მოჰყოლოდა ამას და ბომბზე რომ ვიჯექი, ვიაზრებდი, უბრალოდ, იმ მომენტში იმდენ პასუხისმგებლობას ვერ გავექეცი. ახლა რომ უკან ვიხედები, 46 წელმა უსწრაფესად გაიარა და მგონია, ისევ 25-26 წლის ასაკში ჩავრჩი. მერე რომ მახსენდება, ჩემი პირველი შვილია მაგხელა, მაშინ ვხვდები, რომ მე ვეღარ ვიქნები 26 წლის (იცინის). რომ ვფიქრობ, ძალიან მრავალფერიოვანი იყო ჩემი ცხოვრება. იყო ტკივილი, ცუდი პერიოდი, მტკივნეული მომენტები, მაგრამ მაინც ღია ფერები სჭარბობს და ვთვლი, მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ბედნიერი ცხოვრება გავიარე და იმედი მაქვს აწიც ასე იქნება.
– ყველაზე რთული პერიოდი როდის იდგა შენს ცხოვრებაში?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი მაშინ იდგა, როცა მამა გარდამეცვალა და დედა და მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მარტო დავრჩით. დედას შევყურებდი ხელებში, ის იყო ჩემი ერთადერთი ზურგი და საყრდენი. მას დავაწექი ზურგზე ჩემი შვილიანად და ძალიან განვიცდიდი. დედა იმდენად ძლიერია და იმდენად გაუძღვა ამ ყველაფერს და გაგვატანინა მე და ჩემს შვილს ის რთული პერიოდი, გადაგვარჩინა და მისი წყალობით, ის პერიოდიც კი მძაფრ და ცუდ ფერებში არ ჩანს. დედა რთულ პერიოდს ძალიან მიმსუბუქებდა. მე დედა პირველად 19 წლის ასაკში გავხდი, ძალიან პატარა ვიყავი. მეორე შვილი კი 34 წლის ასაკში გავაჩინე.
– მეორედ შექმენი ოჯახი. ერთი წამით გიფიქრია იმაზე, რომ შეგშინებოდა მეორედ ოჯახის შექმნის, არ აგერჩია და ეს ადამიანი არ ყოფილიყო დღეს შენ გვერდით?
– არ ვფიქრობ და არც მინდა, ვიფიქრო იმაზე, რომ დღეს ჩემი მეორე ნახევარი ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში და ის არ მექნებოდა, რაც ახლა მაქვს და მინდა. ეს ის ადამიანია, ვისაც უსიტყვოდ თავს დავადებ მხარზე და გამიგებს.
ვთვლი, იღბლიანიც ვარ, ბედნიერიც და იმ ვარსკვლავზეც დაბადებული, სადაც რაღაცები ისე ხდება, როგორც ადამიანს მოუნდება. ბედნიერი ვარ, რადგან მყავს უსაყვარლესი ოჯახის წევრები, ჯანმრთელები და კარიერაშიც გამიმართლა, რადგან ბევრ ნიჭიერ ადამიანს არ უმართლებს. შეიძლება, წარმატებამ ისე ჩაგიაროს გვერდით, ვერც შეგამჩნიოს, მე კი მომცა სამყარომ ეს შესაძლებლობა. გარეთ რომ გავდივარ, ღიმილით და სიყვარულით სავსე ადამიანებს ვსედავ. მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი სამყაროსგან.
– გავიგე, ახალ გადაცემას იწყებთ შენ და შენი მეუღლე „იუთუბ“ არხზე და სულ მალე სოციალურ სივრცეში საინტერესო პროექტს გეგმავთ.
– დიახ, მე და ჩემი მეუღლე „იუთუბზე“ ახალ პროექტს ვგეგმავთ, რომელიც „პოტკასტ პოინტის“ იდეაა. სხვადასხვა, საინტერესო ადამიანებთან მივალთ და ბინის ერთ პატარა ნაწილს მოვაწყობთ. წინასწარ მეტს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, გვინდა, ასეთი საინტერესო პროექტი წამოვიწყოთ. ჯერჯერობით წამოწყების პროცესში ვართ, სპონსორების ძიებაში და ვნახოთ, რა გამოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





