როგორ შეძლო ლალიტა ლომთაძემ პოსტოპერაციული კრიტიკული პერიოდის უმოკლეს დროში გადალახვა და 48 საათი მუშაობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 9 წუთის წინ
რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ლალიტა ლომთაძემ ცხვირის ოპერაცია, როგორ გაუმკლავდა ჰეიტერების კომენტარებს და რატომ მოუწია პოსტოპერაციულ პერიოდში 48-საათიან რეჟიმში მუშაობა – მომღერალი ვრცლად ინტერვიუში ყველა დეტალს გვიყვება.
ლალიტა ლომთაძე: ბავშვობიდან მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ბოლო 3-4 თვეა, სოციალურ ქსელებში ჩემი ცხვირი განხილვის საგნად იქცა და ვერ გავიგე, რატომ, რამ შეაწუხა ხალხი. საშინელ კომენტარებს წერდნენ. ერთი ვიდეო მაქვს, რომელშიც მე და გიო ვმღერით, 6 მილიონი აქვს ნახვა. ამ ვიდეოში პროფილში ვდგავარ და უამრავი კომენტარი შემხვდა – რა მაგარი წყვილია, რა კარგად მღერიანო, და ამასთან ერთად, კომენტარების მეორე ნახევარში ნახავთ: „ვაიმე, რანაირი ცხვირი აქვს ამ გოგოს, რატომ არ იკეთებს ოპერაციას?!“ ძალიან მინდა ვთქვა, რომ ამ დროს მე უკვე დაჯავშნილი მქონდა ეს ოპერაცია, რამდენიმე თვეა, გადაწყვეტილება მივიღე და ჩავეწერე კიდეც.
ყველაზე მეტად ის არ მესიამოვნა, რომ შეიძლებოდა, ვინმეს ჰგონებოდა, რომ ამ კომენტარების გამო გადავწყვიტე ცხვირის ოპერაცია. პირიქით, ამის გამო კინაღამ გადავიფიქრე. რეალურად, მე ეს სურვილი ბავშვობიდან მქონდა. ჩემს ცხვირს კორექცია ნამდვილად სჭირდებოდა. უბედურება არ მედო სახეზე, რომ ძალიან „ეყვირა“, მაგრამ მე დისკომფორტს მიქმნიდა და ამიტომაც გავიკეთე.
ბევრი მეკითხება, საქართველოში რატომ არ გაიკეთეო. ძალიან დიდი პატივისცემა ქართველ ექიმებს, ძალიან მომწონს, თავის საქმეს ყველა იდეალურად ასრულებს, მაგრამ რატომღაც ძალიან მომწონს ბუნებრივი გადასვლისა და მომრგვალებული წვერის მქონე ცხვირები. არ მიყვარს აპრეხილი წვერი. სტამბოლში მივაგენი კლინიკას, რომელიც ზუსტად ისეთ ცხვირებს აკეთებდა, როგორიც მე მინდოდა. სხვათა შორის, ექიმს რომ ვესაუბრე, დამასწრო, ზუსტად ისეთი ცხვირი აღმიწერა, როგორიც მე მინდოდა, გამეკეთებინა.
– რამდენად ნერვიულობდი?
– ეს იყო ჩემი პირველი ოპერაცია. აქამდე ნარკოზი არასდროს გამიკეთებია. წასვლის დღეს ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი: „გიო, ბავშვები არ დავაობლო-მეთქი“ (იცინის). ოპერაციის არა, ნარკოზის მეშინოდა. ზოგადად, ვერ ვიტან სიტუაციებს, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებ. არც დალევა მიყვარს. მოდუნებული მდგომარეობაც კი დიდ დისკომფორტს მიქმნის და რომ წარმოვიდგინე, გათიშული უნდა ვყოფილიყავი, არ მომეწონა ეს ამბავი (იცინის).
– ძალიან აქტიური კარიერა გაქვს და არ იქნებოდა მარტივი დასაგეგმი ეს ოპერაცია. ახლა ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ წინასწარ ხომ არ იცოდი, პოსტოპერაციული პერიოდი როგორ წავიდოდა?
– სხვათა შორის, დაგეგმვისას შევცდი. აჯობებდა, თებერვლის თვეში გამეკეთებინა. თებერვალი და მარტი ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის თავისუფალი თვეებია. ამ გაგანია სეზონზე რატომ გადავწყვიტე გაკეთება, არ ვიცი. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. გარდა ამისა, მუსიკა რომ მესმის, ფიზიკურად ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. საცეკვაო სიმღერას რომ ვასრულებ, როგორ უნდა ვიდგე უძრავად?! თან დაკვირვებული ვარ, ხალხი ზუსტად იმ რიტმით ცეკვავს, როგორითაც მე. მსმენელს შენ კარნახობ მუხტს. როგორც კი გავჩერდები, ხალხიც უნელებს ტემპს, დავიწყებ ცეკვას – ისინიც აქტიურდებიან. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, შემიძლია ვთქვა, რომ მუხტს ვქმნი, მაგრამ ამ ოპერაციის შემდეგ ეს თვისება არ მადგება (იცინის). მხოლოდ ერთკვირიანი შესვენება მქონდა და ამ ერთ კვირაში იმდენი ქორწილიდან შემომივიდა შეკვეთა, ფიზიკურად ვეღარ ავიღებდი. ვფიქრობდი, რა მინდოდა, მერე გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ არა უშავს, რაც დაგეგმილი მაქვს, ყველაფერს ვართმევ თავს. ალბათ, მენტალურად რომ ვიცი, ძალა უნდა მქონდეს, მეძლევა კიდეც.
ოპერაციიდან 3-4 დღე მქონდა კრიტიკული. რთული იყო იმ მხრივ, რომ ძალიან მტკიოდა, თან შევშუპდი და ძალიან ვინერვიულე. ამდენი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რომელსაც ვერ გავექცევი, სცენაზე უნდა ვიდგე-მეთქი. არადა, სარკეში ვიხედებოდი და ისეთი წარმოუდგენელი სახე მქონდა, როგორ შევძლებდი ამას, ვერ ვხვდებოდი, თუმცა ყველაფერი შევძელი.
– კრიტიკულმა დღეებმა რომ ჩაიარა და საქართველოში წამოხვედი, მგონი, მის შემდეგ აღარც გაჩერებულხარ. პოსტიც გეწერა, რომ 48 საათი არც გიძინია და არც დაგისვენია – გზა, ღონისძიებები…
– დილის ოთხ საათზე ჩამოვედი, მოვწესრიგდი, ქორწილი ჩავატარე ბათუმში, დავბრუნდი თბილისში, ჩემი შვილის დაბადების დღე დადგა, 2-3 საათი დავისვენე, წავედი, ჩემს შვილს დაბადების დღე გადავუხადე და მერე პირდაპირ ქორწილში წავედი. გამოვიდა, რომ 48 საათი არ მეძინა. ვფიქრობდი, ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო-მეთქი, მაგრამ რა დაღლილი, კიდევ წავიყვანდი ერთ ქორწილს (იცინის). ეს იყო ოპერაციიდან მეექვსე დღე. ფაქტობრივად, ამ ტემპით ვაგრძელებ და ახლაც გზაში ვარ, ზესტაფონში ქორწილში მივდივარ.
– რადგან თურქეთში გაიკეთე ოპერაცია, საინტერესოა, როგორია შენი გამოცდილება?
– რადგან საქართველოში არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული, შედარება გამიჭირდება, თუმცა, მოვყვები, იქ რა გამოცდილება მივიღე. სულს მიბერავდნენ. ექიმებისგან და კლინიკისგან ასეთი თანგადაყოლა თუ შეიძლებოდა, არ მეგონა. რომ ჩავფრინდი, დამხვდა მანქანა, რომელიც მემსახურებოდა, წამიყვანა სასტუმროში, სადაც მომაკითხეს და კლინიკაში წამიყვანეს. 9 კაცი მეხვია თავს. ხალათის შეკვრაც კი არ დამჭირვებია ჩემით. კლინიკიდან მეორე დღეს გამომწერეს. ექიმმა მითხრა, გეტყობა, სენსიტიური ადამიანი ხარო. მტკიოდა და ამ ტკივილს ვერ გავუძელი. სამწუხაროდ, ტკივილგამაყუჩებელმა ტაბლეტმა არ მიშველა. დავრეკე – ღამის 12 საათი იყო – მაშინვე მომაკითხა მანქანამ, წამიყვანა კლინიკაში და სამი ექთანი ღამეს მითენებდა.
მათთვის ეს არაფერს ნიშნავდა, გადასარევად იცოდნენ, რომ საშიში არაფერი იყო, უბრალოდ მე აღმოვჩნდი ძალიან ემოციური და ტკივილს ვერ ვუძლებდი. თან გადამყვნენ, რომ ეს მომენტი ფსიქოლოგიურად გადამელახა. იმის გამოც ვნერვიულობდი, რომ 5 დღეში სცენაზე უნდა ვმდგარიყავი და ეს რა დამემართა-მეთქი, ცალკე ამაზე ვნერვიულობდი. სამი ექთანი მორიგეობით შემოდიოდა და გარდა იმისა, რომ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მეფერებოდნენ, საოცარ სიტყვებს მეუბნებოდნენ, რომ თავი კარგად მეგრძნო. პირადი თარჯიმანი მყავდა და არ ვიცი, ყველას დამსახურებით, თავს დედოფლად ვგრძნობდი. მართლა აღფრთოვანებული ვარ, ყველა გიღიმის, არავინ გებღვირება და ზრუნავენ, რომ თავი საუკეთესოდ იგრძნო. ჩემი და მახლდა თან და მასაც არაჩვეულებრივად ეპყრობოდნენ. ისე ზრუნავდნენ ჩემზე, ემოციებისგან ტირილი მინდოდა.
– და მთავარი ამბავი – როგორ მოგწონს ახალი ცხვირი და რა ემოციები გქონდა, პირველად რომ დაინახე? სახეზე ცვლილება არც ისე მარტივი მისაღებია…
– კი, ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. სახეზე ცვლილებას მართლა შეჩვევა სჭირდება, მაგრამ ფორმა პირველივე დანახვისას ძალიან მომეწონა. მე გააზრებული მაქვს, რომ თვე-ნახევარი, ორი თვე 90 პროცენტით ჩაცხრება შესიება. დარჩენილი 10 პროცენტის ჩასაცხრობად ნახევარი ან ერთი წელია საჭირო. წინა მხარე ვიცი, რომ შეშუპებულია, მაგრამ ასეც რომ დარჩეს, ძალიან მომწონს – იმდენად ბუნებრივია და ისე მინდოდა, რომ მომრგვალებული ყოფილიყო... არ მიყვარს დათხელებული და აპრეხილი „ბარბის“ ცხვირები. რომ შევხედე და ჩემს ცხვირს ზუსტად ისეთი კოკროჭინა მრგვალი ფორმები ჰქონდა, უზომოდ მომეწონა. ვიღაცამ დამიწერა, როგორი გაბუშტული აქვს ცხვირი, ნეტავ რა მოეწონაო. მე შევხედე პერსპექტივის თვალით, რადგან ვიცი, ამისგან რა დარჩება, თორემ ახლა რომ შეშუპებულია, ვხედავ. რომ ჩაცხრება, ვიცი, რომ იდეალური იქნება, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა, მქონოდა.
– საუბარში ასეთმა ფრაზამ გაიელვა: ქმრის იმედად გავიკეთეო – როგორი მხარდაჭერა გქონდა მეუღლისგან?
– რომ ვუთხარი გიორგის, ცხვირის ოპერაციის გაკეთება მინდოდა, მითხრა, შენ ჩემთვის იდეალური ხარ, მაგრამ თუ თვითონ არ მოგწონს, უნდა წახვიდე და გაიკეთო, მე შენ გვერდით ვარ და ერთი წამით არ იფიქრო ხელისშემშლელ ფაქტორებზეო.
ჩვენ ძიძა გვყავს, მაგრამ ისე, რომ ბავშვები დავუტოვოთ ვინმეს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ გვაქვს. ჩემი და მეხმარება წარმოუდგენლად, მაგრამ როგორც ასეთი, ბავშვებს სხვა არ გვიზრდის. ჩემი და მე წამომყვა თურქეთში და გიორგი დარჩა ბავშვებთან. მშვიდად მეძინა, რაც დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. გიორგიმ მართლა იდეალურად მიხედა შვილებს.
გარდა ამისა, მე ხომ ვიცოდი, რომ 5 დღეში სცენაზე უნდა ვმდგარიყავი და ამ მხრივაც იმედიანად ვიყავი, რადგან მეუღლის სახით ისეთი პარტნიორი მყავდა, რომელიც ჩემ გვერდით იქნებოდა და თუ მე ჩემს 100 პროცენტს ვერ გავაკეთებდი, ის თავის თავზე აიღებდა ამასაც და ყველაფერი იდეალურად ჩაივლიდა. შესაბამისად, ვიცოდი, რომ ჩვენს ივენთებს არაფერი დააკლდებოდა. ეს ყველაზე დიდი კომფორტი იყო. გიორგის უზომოდ მადლიერი ვარ ამ ყველაფრის გამო. მადლიერი ვარ ჩემი დის, რადგან ჩემთან ერთად წამოვიდა. ალბათ, დედმამიშვილობაც ეს არის, რომ იმედი გაქვს იმ ადამიანის, რომელსაც ისევე სტკივა შენი სატკივარი და უხარია შენი ბედნიერება, როგორც შენ და მადლობელი ვარ უფლის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





