როგორია ხატია ბურდულის ერთი ნახვით სიყვარულის ისტორია და რა დათმობაზე შეუძლია მას წასვლა მეუღლის გამო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
მოდელ ხატია ბურდულის ცხოვრებაში ახალი, ყველაზე ბედნიერი ეტაპი დაიწყო – სიყვარული, ოჯახი და მთავარი მოლოდინი. ეს არის გულწრფელი ინტერვიუ იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ერთმა ადამიანმა მთელი მისი ცხოვრება.
ხატია ბურდული: ჩვენი ისტორია ერთ-ერთი პროექტიდან დაიწყო, სადაც ორივე ვმუშაობდით. ერთმანეთი იქ გავეცანით, მაგრამ შორიდან, კომუნიკაცია არ გვიწევდა. მერე ერთ-ერთ გადაღებაზე გადავიკვეთეთ და ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი. ამის შემდეგ რამდენჯერმე შემომთავაზა შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გარკვეული სიმპათიები მქონდა, თავიდან რამდენჯერმე მაინც უარი ვუთხარი. მესამედ რომ მითხრა, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. მიმაჩნია, რომ ფაქტობრივად, პირველივე დღიდან შეყვარებულები ვართ. მთელი დღე ერთად გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან გულწრფელები და ბუნებრივები ვიყავი. იმ დღესვე ძალიან კარგად დავინახეთ ერთმანეთის ნამდვილი სახეები. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთი დღე დაგვჭირდა ერთმანეთის გასაცნობად და დასაახლოებლად. იმ დღიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველდღე ერთად ვართ. დაახლოებით, ორ-სამ კვირაში უკვე ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდით.
– რა იყო ისეთი მასში, რამაც საერთოდ შეგიცვალა ცხოვრება და გადაწყვეტილება ასე მოკლე დროში მიგაღებინა?
– საერთოდ, მე არ ვყოფილვარ ოჯახის ტიპაჟი. არასდროს მდომებია გათხოვება, შვილი, ოჯახზე არ მიოცნებია. მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობდი და შესაბამისად, გადაღებები და ჩემი საქმე იყო ერთადერთი, რაც მაინტერესებდა. ამ ადამიანმა საერთოდ შემიცვალა წარმოდგენები. მეც არ ვიცი, ეს როგორ მოახერხა. თვითონაც მეკითხება ხოლმე, რა მოგეწონა ჩემში, რატომ შეგიყვარდიო. ალბათ, ამის ახსნა გამიჭირდება და ასე დარჩება, მაგრამ იმდენად კომფორტული, მშვიდი ადამიანია, რომ საოცრად კარგად მაგრძნობინებს თავს. მან საკუთარი თავი უკეთ გამაცნო და უფრო მეტად შემაყვარა.
– გულისხმობ, რომ მასთან ურთიერთობაში საკუთარი თავი უკეთ გაიცანი და შეიყვარე?
– კი, ზუსტად ასე მოხდა. მასთან თამაში არ მიწევდა, ის ვიყავი, ვინც რეალურად ვარ. ორივე ძალიან გულწრფელები ვიყავით და ვფიქრობ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ერთმანეთი შეგვიყვარდა. ყველაფერი დანარჩენი ურთიერთობამ მოიტანა. უზომოდ კომფორტული ადამიანია, ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებს. ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით პრობლემას საერთოდ არ მიქმნის, არასდროს აქვს პრობლემა ჩემს გადაღებებთან მიმართებით და ასე შემდეგ. არადა, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია: მანამდე ურთიერთობაში ეს პრობლემა ყოველთვის მქონდა, ყველა ეჭვიანი იყო. ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ კიდეც, რომ ერთ-ერთი ადამიანი თანხასაც კი მთავაზობდა ამ პროფესიაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ჩემი მეუღლე, პირიქით, ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს და წინ წამწიოს როგორც საქმიანობის მხრივ, ისე სხვა საკითხებში. ჩვენ დასაწყისში ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა და ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მალე გაგვაცნო ერთმანეთი, კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერებულიყო.
– მართლა ორ-სამ კვირაში დაიწყეთ დაქორწინებაზე საუბარი?
– კი, ქორწინებაზე, ბავშვზე... ორ-სამ კვირაში უკვე განვიხილავდით, რა და როგორ გვინდოდა. ქორწილი სექტემბერში გვქონდა, თუმცა შეყვარებულები აპრილიდან ვართ. ხუთი თვე ვიყავით შეყვარებულები და მთელი ეს დროც სულ ერთად ვიყავით.
– ვინ არის შენი მეუღლე, რას საქმიანობს – გავაცნოთ ჩვენს მკითხველს…
– ჩემი მეუღლე ჩემზე 11 წლით უფროსია – ლადუკა დაუშვილი. ოპერატორია, პროფესიით – მხატვარი. ჩემსავით ძალიან აქტიურია და ბევრ სფეროშია ჩართული. ძალიან შრომისმოყვარე და ბევრი კარგი თვისების მქონე ადამიანია. მისი სახით ნამდვილი სიყვარული ვიპოვე.
– ნუკა კაციტაძის, პირველი „მის თბილისის“ შვილია?
– კი, ნუკა ჩემი დედამთილია. ის უსაყვარლესი ადამიანი და უკარგესი პიროვნებაა. ძალიან შემაყვარა თავი მოკლე დროში. ვგრძნობ, რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ.
– როგორი რეაქცია გქონდა, როცა გაიგე შენი პროფესიის დედამთილი გეყოლებოდა?
– ძალიან გამიხარდა. რატომღაც, საქართველოში დღემდე ცოტა სხვანაირად უყურებენ მოდელ რძალს. ვიფიქრე, რომ ნუკა სიამოვნებით მიმიღებდა, რადგან თვითონაც ამ პროფესიის ადამიანია. მართლაც, ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყო. ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ფაქტობრივად, დაქალებივით ვართ. ძალიან მოკლე დროში შეგვიყვარდა ერთმანეთი. რატომ არ უნდა შემყვარებოდა, როცა ასეთი კარგი მეუღლე მყავს, რომელიც მან გააჩინა და გაზარდა? ამის გამო ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს.
– რამდენად რომანტიკული წყვილი ხართ შენ და შენი მეუღლე?
– სიურპრიზები დიდად არცერთს არ გვიხიბლავს, მაგრამ ორივე ერთმანეთზე თბილები და რომანტიკულები ვართ. სადაც არ უნდა ვიყოთ, სულ ჩახუტებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, დილით სამსახურში რომ მიდის, ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ – მინდა, სულ ჩემ გვერდით იყოს (იცინის). რამდენიმესაათიანი განშორებაც კი მიჭირს. როცა ვერ ვხედავ, ძალიან მაკლია. სხვათა შორის, დილით სამსახურში ისე არ წავა, რომ საუზმე არ მომართვას ლოგინში (იცინის).
– ასაკობრივი სხვაობა თუ იგრძნობა თქვენ შორის?
– საერთოდ არ იგრძნობა. მე სულ მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც გვერდით მეყოლებოდა, ასაკით ჩემზე ბევრად დიდი ყოფილიყო. ვფიქრობდი, რომ უკეთ გამიგებდა, რადგან ჩამოყალიბებული იქნებოდა საკუთარ თავშიც. საბედნიეროდ, ზუსტად ასეთი ადამიანი შემხვდა. ეს სხვაობა ჩვენს ურთიერთობაში საერთოდ არ იგრძნობა. მე 25 წლის ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტოლები ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს – აზროვნებით, ქმედებებით ძალიან ვემთხვევით. ამას პირველივე საუბრისას მივხვდით. თავიდანვე ძალიან მოგვეწონა ერთმანეთის დამოკიდებულებები და ბევრი დამთხვევა აღმოვაჩინეთ. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რასაც ვფიქრობდი – არავის და არანაირი თანხის გამო არ ვიტყვი უარს ჩემს პროფესიასა და გადაღებებზე-მეთქი. ლადუკასთან ერთ-ერთი საუბრის დროს ამ თემას განვიხილავდით. მე ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემს საქმეზე უარის თქმას არასდროს მომთხოვს, მაგრამ რომ მითხრას, ასე მოიქეცი, შენი პროფესია აღარ მომწონს და იქნებ, თავი დაანებოო, თავს დავანებებ. მაშინ ეს მასაც ვუთხარი და ძალიან გაუხარდა. მერე მეუბნებოდა, მაშინ მივხვდი, რომ უკვე ჩემი ცოლი იყავიო. ეს არის სიყვარული – ერთმანეთის გამო რაღაცების დათმობა, ერთმანეთის პატივისცემა და გათვალისწინება. ასეთი რამ რომ ვთქვი, ჩემი თავისგანაც გამიკვირდა. მანამდე საერთოდ სხვანაირად ვფიქრობდი. დღეს ასე ვფიქრობ, თუმცა ლადუკას საერთოდ არ აქვს პრობლემა ჩემს გადაღებებზე, პირიქით, ხელს მიწყობს.
– სამოდელო კარიერას აქტიურად აგრძელებ?
– ისე აქტიურად – ვეღარ, რასაც თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ კი, ვაგრძელებ და მომავალშიც გავაგრძელებ. ეს, უბრალოდ, მე ვიფიქრე: რომ მითხრას, აღარ მომწონს ეს საქმეო, მე უარს ვიტყვი პროფესიაზე, იმიტომ, რომ მირჩევნია, ეს ადამიანი მყავდეს, ვიდრე კარიერა მქონდეს. რეალურად, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემზე საერთოდ არ ეჭვიანობს. ხანდახან ვბრაზდები კიდეც ამის გამო, რატომ არ ეჭვიანობ-მეთქი, ვეუბნები (იცინის).
– უკვე თქვი, რომ ისეთი აქტიური ვეღარ ხარ კარიერაში, რადგან შენს ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდი, ამაზე მოვყვეთ.
– ფეხმძიმედ ვარ, მარტში პატარას ველოდებით – ბიჭი გვეყოლება. ძალიან გახარებულები ვართ მეც და ლადუკაც. საერთოდ, ყველას უხარია, მით უმეტეს, ჩემი მშობლებისთვის ჩვენი შვილი პირველი შვილიშვილი იქნება და ყველა საოცარ მოლოდინშია.
– როგორ გრძნობ თავს, როგორი ფეხმძიმობა გაქვს?
– ხან კარგად ვარ, ხან – ცოტა ცუდად. აქტიურ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული, ამ მხრივ, ცოტა მიჭირს, რადგან ახლა ცოტა სუსტად ვარ, ძველებურად ვეღარ ვაქტიურობ. გარეთ რომ გავდივარ, მაგალითად, გადაღებებზე, თავს უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე სახლში მწოლიარე მდგომარეობაში – წოლა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლე მეუბნება, თუ უკეთ იქნები, იწექი, რასაც გინდა, მოგიტან და მაქსიმალურ ყურადღებას მოგაქცევ, შენ დაისვენეო, მაგრამ დასვენება, პირიქით, ცუდად მხდის. ამიტომ ვცდილობ, სახლის საქმეები გავაკეთო და ცოტა ხნით მაინც გავიდე გარეთ. მანამდე ძალიან აქტიურ ტემპს ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ახლა გადაღლა არ შეიძლება.
– ხასიათი შეგეცვალა?
– კი, ხასიათი შემეცვალა. ორსულობის დროს ცოტა რთულად ასატანი გავხდი. ლადუკა ამას არასდროს მეტყვის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასეა (იცინის). მე თვითონ ვეღარ ვცნობ ჩემს თავს და მინდა, ეს დრო მალე გავიდეს. დრო მალე გადის. ყველაზე მეტად მაინც ის მოქმედებს, რომ ძველებურად აქტიური ვეღარ ვარ.
– პატარასთვის სახელი უკვე შეარჩიეთ?
– კი, ლუკა უნდა დავარქვათ. ნელ-ნელა უკვე საჭირო ნივთებსაც ვამზადებთ. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა, რადგან მე კომპანიებთან ვთანამშრომლობ, ამ მხრივ, უკვე დავიწყეთ აქტიურობა. იმედი მაქვს, რომ კარგი დედა ვიქნები. ჩემს დას ვეხუმრებოდი, ჩემი დამსახურებით, ჩემს შვილს უზრუნველი ცხოვრება ექნება, კომპანიებთან ვთანამშრომლობ და ყველაფერი უფასოდ მოუვა-მეთქი (იცინის). მინდა ვთქვა, რომ ჩემი და ლადუკას საერთო ვიდეოები ძალიან აქტიური გახდა – TikTok-ზე ნახევარ მილიონამდე ავიდა ნახვები. როგორც ჩანს, ხალხს ჩვენი წყვილი მოეწონა, რაც ძალიან სასიამოვნოა და ვეცდებით, კიდევ შევთავაზოთ შესაბამისი კონტენტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





