მზია შარაშიძე: მიჭირს თუ მილხინს, ყველაფერს მე თვითონ ვუმკლავდები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12 წუთის წინ
მზია შარაშიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის მზია შარაშიძე?
მზია შარაშიძე: მზია შარაშიძე არის ძალიან ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, მრავალფეროვანი უნარების მქონე ადამიანი და, ვფიქრობ, კარგი დედა. ვთვლი, რომ სამყარომ ბევრი უნარით დამაჯილდოვა, მაგრამ თან გულისწყვეტას განვიცდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მათგანს სათანადოდ ვერ ვიყენებ.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემთვის საოცნებოა საინტერესო ცხოვრება – როდესაც გაქვს ბევრი თავგადასავალი და აკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ასევე, როცა შინაგან სიმშვიდეს გრძნობ.
– როდის გიტირიათ ბედნიერების ცრემლით, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?
– ადრეული ახალგაზრდობიდან ინტენსიურად დავდიოდი მთაში, მთის მეგობრებთან ერთად. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აღფრთოვანებისგან თვალზე ცრემლი მომადგა. ეს იყო 90-იანი წლების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი, როცა მთაში ძალიან იშვიათად შეხვდებოდით ზურგჩანთიან მოგზაურებს. მაშინ არც გზები იყო და არც სატრანსპორტო საშუალებები. ახლა ეს ადგილები უკვე პოპულარულია, მაგრამ მახსოვს, როდესაც პირველად ვნახე ხახაბო, სუნთქვა შემეკრა და ცრემლები მომადგა. იგივე ემოცია მქონდა, როცა ტობავარჩხილზე ვიყავი – ქედზე რომ გადავდექი და ეს სილამაზე დავინახე, აღფრთოვანებისგან ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლებიც ვერ შევიკავე.
– თუ გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან პოპულარული ადამიანი?
– არასდროს მიოცნებია, რომ ცნობილი ვყოფილიყავი – ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. როცა პირველად „მაესტროზე“ დავიწყე მუშაობა, მამუკა ღლონტს ძალიან დიდი ხნის ხვეწნა დასჭირდა, რომ წამყვანობაზე დავთანხმებოდი. ამის შემდეგ, როცა რაღაცნაირად ცნობილი გავხდი და ბევრი კარი გაიღო, არასდროს მქონია ვარსკვლავური მიზნები და მისწრაფება მეტი პოპულარობისკენ. ეს, ალბათ, კარგიცაა და ცუდიც. ახლაც როცა, ჩვენ გარშემო ამდენი ტიკტოკერი, ინფლუენსერი, იუთუბელი გაჩნდა, ვინც მიზანდასახულად ისწრაფვის პოპულარობისკენ, მსაყვედურობენ, შენ რატომ არ აკეთებ ამასო. მე ვაკეთებ იმას, რაც მჭირდება ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ იქამდე ჯერ არ მივსულვარ, რომ ვიდეოები ნახვებისა და პოპულარობისთვის დავდო. არ მაქვს ამის მოთხოვნილება. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში პოპულარობასთან დაკავშირებით ხდებოდა, თავისთავადი იყო. ტელევიზიებშიც სრულიად შემთხვევით ვხვდებოდი. ამდენი წლის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა, რომ სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მცნობს. ზოგისთვის ბავშვობის მოგონება ვარ, ზოგისთვის – ღრმა ბავშვობის (იცინის). ეს მთელი ცხოვრებაა, მომყვება, რაც ძალიან სასიამოვნოა და ბევრ რამეს მიმარტივებს.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად წარსულიდან?
– ძირითადად, პირადი ცხოვრებისეული შეცდომებია. მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომლებიც ამბობენ, შეცდომა არ დამიშვია ან ყველა შეცდომა საჭირო იყოო. პირიქით, წარსულს ამ ასაკიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და ახლა რომ იმ დროში დამაბრუნა, არაფერს კი არა, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, სხვანაირად მოვიქცეოდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. კი, ბევრი შეცდომა დამიშვია, ძირითადად, პირად ცხოვრებაში და ბევრ რამეს შევცვლიდი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებას ვერ დავარქმევდი, ალბათ, კარგი ის არის, რომ ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს, ცხოვრებაში ბევრ სირთულესთან მომიწია გამკლავება და ამ მდგომარეობაში ფარ-ხმალი არ დამიყრია. ადაპტაციის კარგი უნარი გამოვიმუშავე – მოხერხება, გონებრივი შესაძლებლობები, რომ მოერგო ამა თუ იმ რთულ სიტუაციას და გამოსავალი მოძებნო, რაც ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის ყველაზე საჭიროა. ხშირად ვყოფილვარ დეპრესიულ მდგომარეობაშიც, მაგრამ გამარჯვება მგონია ის, რომ ყოველთვის მომიკრებია ძალები და გამოცდილებების შედეგად მომიხერხებია გამოსავლის პოვნა. კარგია ისიც, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, წარუმატებლობასა და იმედგაცრუებას ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამ, ეს არ უნდა იყოს ხელის ჩაქნევისა და დამწუხრების მიზეზი. გამარჯვებებთან ერთად მარცხებიც ბუნებრივია – დიდი იქნება თუ პატარა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება ვერ შედგება. ამიტომ, რაც მეტი დრო გადის, წარუმატებლობებსაც მეტი სიმშვიდით ვხვდები და მგონია, რომ ეს დიდი პლუსია. უარყოფითის მიღებაც მშვიდად შემიძლია.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი და ისეთიც, რამაც გული გატკინათ ან ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით?
– პირველი, რაც მახსენდება, ის არის, რომ ხშირად მსმენია, თითქოს ძალიან გულცივი, უემოციო და გვერდზე გამდგარი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ შეიძლება, ასეთი ვჩანვარ იმის გამო, რაც დასაწყისში აღვნიშნე – ჩემს ემოციებს ხმამაღლა არასდროს გამოვხატავ. მიჭირს თუ მილხინს, მე თვითონ ვუმკლავდები ყველაფერს. ასოციალური ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მუდმივად ხალხში ვირევი, მაგრამ ადამიანებთან გარკვეული დისტანცია ყოველთვის მიჭირავს. იშვიათად ვუახლოვდები ვინმეს იმ დონეზე, რომ სრულად გულახდილი ურთიერთობა მქონდეს. ამიტომ ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ გულცივი და უემოციო ადამიანი ვარ. დისტანციური ვარ, მაგრამ გულგრილი და უემოციო – ნამდვილად არა.
მწყენია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ხშირად გამიგია, რომ ჩემ გარშემო მყოფებს ჩემი ქცევიდან გამომდინარე ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს არანაირი პრობლემა არ მაქვს, აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, დალხენილი ცხოვრება მაქვს და არაფერი მადარდებს. ესეც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. უბრალოდ, ჩემი პრობლემის, ტკივილისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვებისთვის მოყოლა დიდად არ მჩვევია. არც გამოვხატავ – ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფიც კი ვცდილობ, სახე შევინარჩუნო. ალბათ, ამიტომაც ჰგონია ყველას, რომ ძალიან ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მაქვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ხანდახან გული მწყდება. ვფიქრობ ხოლმე: ეჰ, თქვენ რომ იცოდეთ, რისი გამოვლა მიწევს (იცინის).
კარგი რაც მსმენია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დედობასთან დაკავშირებული კომპლიმენტებია. ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ძალიან კარგი დედა ვარ და ძალიან კარგი შვილი მყავს. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ის, თუ როგორია ბავშვი, დიდწილად, განსაკუთრებით პირველ წლებში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მშობელი. ამიტომაც მახარებს, როცა ჩემს შვილს აქებენ და მეც – ამ ამპლუაში. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ადამიანმა შეიძლება, გააკეთოს. მშობელი წარმავალია და მიხარია, რომ ჩემი შვილი კარგი ადამიანი იზრდება, რაშიც მე დიდი წვლილი მიმიძღვის. ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური რესურსი ჩავდე მის განვითარებაში.
ძალიან მიხარია, როცა ამბობენ ხოლმე, გამორჩეული გარეგნობა გაქვსო. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ თინეიჯერი (უკვე საშუალო ასაკის ქალი ვარ), როცა ამბობენ, რომ პატარა გოგოსავით გამოვიყურები და გამორჩეული გარეგნობის გამო მაქებენ, ეს ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს.
გარდა ამისა, მიხარია, როცა ჩემს უნარებს ამჩნევენ. როცა ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ არაჩვეულებრივად ვწერ ან შემიძლია, აზრი ისე გამოვთქვა, რომ ადამიანებში ემოციები გამოვიწვიო. ესეც ძალიან მახარებს, ვფიქრობ, ეს ბევრს არ შეუძლია.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ძალიან მამაცი ადამიანი ვარ – ხან წყალქვეშ ვყვინთავ, ხან მღვიმეებში დავძვრები, ხან პარაპლანით დავფრინავ და, მოკლედ, ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული –ხან ტყე-ღრეში, ხან კარავში ვყოფილვარ, ამ მხრივ, მშიშარა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჩემი შინაგანი შიშები მაინც მაქვს. რაც უფრო მემატება ასაკი, სულ უფრო ხშირად ვამბობ, რომ ძალიან მშიშარა ვარ. ხანდახან მიჭირს გავმიჯნო, ეს შიშია თუ სიფრთხილე. არის შიშები, რომლებიც ბავშვობიდან მომყვება. ძალიან პატარა ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უნდა მოვკვდე. სიკვდილის შიში ადამიანის ყველაზე მთავარი შიშია, რაც მე ადრეულ ბავშვობაში გამიჩნდა. გავიდა დრო და ვხვდები, რომ ეს გარდაუვალია – ყოველდღე ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, მაგრამ ეს ის შიშია, რომელიც ბევრ სხვა შიშს განაპირობებს. ასევე, ბავშვობაში ბაღში მასწავლებლები ომის შესახებ ყვებოდნენ და ეტყობა, ისე მძაფრად ჩამრჩა ცნობიერში მოსმენილი, რომ ომის შიში გამიჩნდა. მას შემდეგ ეს შიში მუდმივად მომდევს. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გასაკვირიც არ არის – ჩემი სიცოცხლის განმავლობაში სამი ომი გადავიტანეთ და სულ მაქვს შიში: ვაიმე, ომი არ დაიწყოს. ასეთი მასშტაბური შიშები მაწუხებს.
– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– ძალიან მინდა, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, არ ვთქვა, რომ ტყუილად გავფლანგე ჩემთვის მოცემული დრო, რომ ტყუილად მიცხოვრია. ყველაზე მტკივნეული, ალბათ, სიკვდილის წინ სინანულით ფიქრია: რისთვის ვიცხოვრე? რა გავაკეთე? რა იყო ჩემი ცხოვრება?! მინდა, სიკვდილის წინ მქონდეს განცდა, რომ რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. ყველაფერი გამოვცადე, მაქსიმალური სიხარული განვიცადე და ჩემმა ცხოვრებამ რაღაც კვალი დატოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





