შოუბიზნესი

ზუკა ხუციშვილი: რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.04

ზუკა ხუციშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი ზუკა ხუციშვილი შვილს ელოდება. პატარა, ქვეყანას ივნისში მოევლინება. როგორ ემზადები ზუკა მამობისთვის, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

ზუკა ხუციშვილი: რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იგებ, რომ მალე მამა გახდები. ახალი სიცოცხლის მოლოდინი საოცარია, მაგრამ თან ბოლომდეც ვერ იჯერებ. მგონია, რომ სანამ ბავშვი არ გაჩნდება, მანამდე სრულყოფილად ვერც იაზრებ ამ ბედნიერებას. თუმცა, უკვე ყველა განსხვავებულად ვგრძნობთ თავს, სულ სხვა შემართება გვაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, მეუღლე ჯანმრთელად არის და ყველაფერი კარგად მიდის.

– როგორ ემზადები მამობისთვის?

– ყველა რჩევებს გაძლევს, გამოცდილებას გიზიარებენ და ნელ-ნელა იაზრებ, რომ ეს დრო ახლოვდება. თუმცა, ისევ იმავეს ვიტყვი, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები, ალბათ, მანამდე ბოლომდე ვერ მიხვდები, რას ნიშნავს მამობა და როგორი უნდა იყო ამ ამპლუაში. გამოცდილი ადამიანების აზრს ვითვალისწინებთ, იქნება დედაჩემი თუ ჩემი მეუღლის დედა. მომავალი ბებიები უკეთ იაზრებენ რამდენად შრომატევადია მშობლობა, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, უფრო იმ ბედნიერებას შევიგრძნობ, რაც ამ მოლოდინს ახლავს.

– სახლის მზადება თუ დაიწყეთ უკვე?

– კი, რაღაცები უნდა გადავაადგილოთ, ოთახებს დანიშნულება შევუცვალოთ, მისი კუთხე მოვამზადოთ. სახლში ბევრი რამ იცვლება. ახალი სიცოცხლის შემოსვლა ყველაფერს შეავსებს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველასთვის და პირველ რიგში, ბავშვისთვის, კომფორტულად იყოს მოწყობილი.

– ურთიერთობა თუ შეცვალა პატარას მოლოდინმა?

– გარდა იმისა, რომ ადამიანი უფრო ბედნიერი ხარ, ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. როგორც გიყვარდა, ისე გიყვარს, როგორი ურთიერთობაც გქონდა, იგივე გაქვს, მაგრამ ახალი ეტაპი იწყება, ძალიან მნიშვნელოვანი და მოლოდინითა და იმედებით სავსე.

– ფეხმძიმე მეუღლეს განსაკუთრებული სურვილები აქვს, პრეტენზიული თუ გახდა?

– არა, პრეტენზიული ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ყურადღება კი ყოველთვის საჭიროა, მანამდეც და ახლაც. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა. ურთიერთობაში ყოფნის დროს, ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.

– ზამთარში რომ საზამთროს და ალუჩას ითხოვენ, ასეთი სურვილებიც არის?

– უცნაურია, მაგრამ პირიქით, ნაკლებად ჭამს. თუმცა, რაღაცების მიღება არ შეიძლება და ზუსტად ის ენატრება, რისი ჭამაც ეკრძალება. საერთოდ, როგორც წესი, რასაც გიკრძალავენ ის გინდება (იცინის). თუმცა, ისეთი განსაკუთრებული, რაც არ იშოვება, არ მონდომებია. პირიქით, მე ვაძალებ ხოლმე, რომ რამე ჭამოს ან დალიოს.

– მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?

– მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო.

– ალბათ, სქესი უკვე იცით.

– კი, კი და სახელზეც აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს ვარქმევთ. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო მის დაბადებას. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა, მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დათესს.

– შვილის მოლოდინში, ალბათ, მამასთან ურთიერთობას კიდევ სხვანაირად აფასებ.

– სრულყოფილი არავინ ვართ და ალბათ, ვერც მე ვიქნები, მაგრამ რაც გიომ გააკეთა, როგორი ოჯახიც შექმნა, როგორი მამაც იყო და როგორც ცხოვრობდა, მაგის ნახევარს თუ გავაკეთებ, მართლა საკმარისი იქნება. მეც სხვანაირად გამზარდა, ოჯახზეც სხვანაირად ზრუნავდა, ეფერებოდა თავის ქალაქს, ქვეყანას და ცხოვრებაში ბევრის გაკეთება მოასწრო. მინდა, ჩემს შვილზეც გადავიდეს მისი შემართება და კაცობა. იმედია, მეც გადავცემ იმას, რაც გიომ გადმომცა.

– შემოქმედებით ამბებზეც გკითხავ, ამ მხრივ რა ხდება?

– ხშირად ვატარებ ცოცხალ კონცერტებს. ბენდი გვყავს – ძალიან მაგარი მუსიკოსებით და ხშირად გვაქვს ძალიან კარგი საღამოები. ჩვენთან ერთად ხალხიც რომ იღიმის, ერთობა და ცეკვავს, ძალიან მიხარია. ჩემგან ცოტა უცნაურია ამის თქმა, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ოღონდ სადმე გამოვჩნდე. მიყვარს ეს საქმე და შედარებით ჩუმად ვაკეთებ, სიახლეებიც გვაქვს. სხვა მხრივაც, როგორც თითქმის ყველას ამ ქვეყანაში, რაღაც საქმეები მაქვს. სულ ვცდილობ, ვიმოძრაო, ცხოვრებაში ახალი ნაბიჯები გადავდგა და არ შევჩერდე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა