შოუბიზნესი

გია ჯაჯანიძე: მეხუთე წელია, ყოველ შაბათ-კვირას ეთერში გავდივარ - „ჩვენს ოჯახში“ და ერთი და იგივე არ მცმია

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 52 წუთის წინ

გია ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

რას ნიშნავს ტელეწამყვან გია ჯაჯანიძისთვის ფული, რისთვის დააჯილდოვა ის სამყარომ და რატომ არ უყვარს ფუფუნების საგნები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გია ჯაჯანიძე: ფული ჩემთვის მხოლოდ საარსებო წყაროა. საერთოდ არ მაქვს მოთხოვნილება, რომ მქონდეს განსაკუთრებული სიმდიდრე, ოქრო, ბრენდები, სახლები და ასე შემდეგ.

12 წლიდან მოყოლებული, ჩემი ფული მაქვს. ჩვენთან, ჭიათურაში, იყო ცეხი, სადაც ხის პატარა ფიცრებისგან ლიმონათების ყუთებს ამზადებდნენ. არდადეგებზე დავიწყე ამ ცეხში მუშაობა. ერთ ყუთში 7 კაპიკს მიხდიდნენ. მთელი სამი თვე ვიმუშავე. აზარტში ვიყავი: რაც უფრო მეტ ყუთს გავაკეთებდი, მით უფრო მეტ თანხას გამოვიმუშავებდი. ეს იყო ჩემი პირველი შემოსავალი. მახსოვს, რომ სასკოლო ფორმა ვიყიდე. მანამდე სულ გამონაცვალი მეცვა და მაშინ პირველად შევიძინე ახალი – ეს იყო ჩემი ავლა-დიდება.

ამის შემდეგ სულ ვშრომობდი, ბევრს ვმუშაობდი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა. შრომა არასდროს მერიდებოდა. შეშა დამიწყვია ვიღაცისთვის და ფული გადაუხდიათ. მერე ჟურნალებსა და გაზეთებში ვმუშაობდი, ვწერდი, ასევე, ფოტოებს ვიღებდი და ვყიდდი რედაქციებზე.

ფულის სიყვარული კი არ მაქვს, მისი გამომუშავება მიყვარს. ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ მემუშავა. 65 წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში არ მქონია მომენტი, რომ დახმარება ან ფული მეთხოვა ვინმესთვის. ბანკიდანაც კი არ გამიტანია სესხი.

– თითქოს, დღეს ეს წარმოუდგენელია.

– არ არის წარმოუდგენელი, რადგან ვმუშაობ და ისეთ რამეს არასდროს ვიყიდი, რაც ფუფუნების საგანია. მაგალითად, წყლის მადუღარაზე მახსენდება ჩემი გამოცდილება. ტრადიციული, ცეცხლის მადუღარა მაქვს, რომელსაც დრო სჭირდება წყლის გასაცხელებლად და ყოველ ჯერზე, როცა ყავას ვიმზადებდი, ვფიქრობდი, რომ სწრაფ ელექტრომადუღარას ვიყიდდი, მაგრამ მერე ვამბობდი: „სად მეჩქარება, ნელა მოდუღდეს“. ძალიან პრაქტიკული მიდგომები მაქვს. ძალიან მიყვარს ბროწეულის წვენი; 20 ლარი ღირდა საწური, მივიდოდი საყიდლად, მაგრამ მერე ვფიქრობდი, რატომ უნდა გადავაგდო 20 ლარი, როცა ხელითაც მშვენივრად ვწურავ?! არ მიყვარს ფულის გადაყრა. არ ვიყიდი ისეთ რამეს, რასაც მერე არ გამოვიყენებ.

– მაგრამ ის, რაც დიდ თანხებს საჭიროებს – მაგალითად, სახლი ან თუნდაც ავტომობილი – ერთიანი თანხით შეძენა ხომ რთულია?

– მე ძალიან მერიდება ხოლმე ადამიანების, როცა ვინმეზე მეტი მაქვს. პირველი ავტომობილი მაჩუქეს. მახსოვს, ტარება რომ ვისწავლე, ავტობუსის გაჩერებისკენ ვეღარ ვიყურებოდი, ხალხის მერიდებოდა. მაგალითად, წვიმა იყო, იქ ხალხი იდგა და მე ავტომობილით მივდიოდი. ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი. ახლაც, მე, მაგალითად, დავდივარ ლილოში, ვყიდულობ ნაჭრებს ძალიან იაფად, მაცვია ფერად-ფერადი ტანსაცმელი და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ბრენდებს. რამდენიმე დიზაინერი მეგობარი მყავს და სამოსს ისინი მიკერავენ. ერთადერთი, წიგნებში მეხარჯებოდა ფული, თუმცა წიგნიც ხშირად მინათხოვრებია.

ფულთან მისტიკურად უცნაური დამოკიდებულება მაქვს. შინაგანად უნდა მომინდეს, რომ ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვს, დავეხმარო. ზოგს არ ვაძლევ, მაგრამ მიზეზი ცოტა აუხსნელი ამბავია. ზოგისთვის იმდენიც მიმიცია, რამდენსაც ზოგადად არ აძლევენ ხოლმე. ეს ყველაფერი გულის კარნახის მიხედვით ხდება.

სხვათა შორის, მე არ მიყვარს ფულის გასესხება. მეშინია იმ ადამიანის დაკარგვის და ამიტომ – რომ ვეღარ დამიბრუნოს, მერე ხომ „გაქრება“?! ჩემებმა იციან, რომ ფული არ უნდა მთხოვონ. ურთიერთობებს ვუფრთხილდები. თან ნერვები მეშლება, როცა ფულის სესხებას მთხოვს ადამიანი, რომელსაც ათას სისულელეში აქვს ფული გადაყრილი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ღირებულ დაბანდებად?

– მთელი ქვეყანა ამბობს, რომ ოქროში უნდა დააბანდო ფული. მე ოქრო არასდროს მიყიდია, მხოლოდ უჩუქებიათ. ლამაზია, კი ბატონო, მაგრამ მე მაქვს ლამაზი სამკაულები, მაგრამ არ მინდა ოქრო და მასში ფულის გადაყრა. ბევრს მომგებიანად უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება მიაჩნია – რომ გააქირავოს. მე ძალიან მიყვარს კომფორტი. მქონდა ბინა საბურთალოზე და ერთი წელი ვაქირავებდი. წყალი ჩაუშვეს მეზობელთან, დამირეკეს, რაღაც გაფუჭდა, დამირეკეს... სად მაქვს ამის ნერვები?! ავდექი და გავყიდე ეს ბინა. მერე იმ თანხით მშენებარეში შევიძინე ფართი და ახლა ვარემონტებინებ. რად მინდა? – ისიც არ ვიცი. ვიგონებ, რომ ზამთარში აქ რომ შემცივდება, იქ წავალ, კორპუსის ბინაში უფრო სითბო იქნება.

რაც წლები მემატება, ფუფუნების საგნები უფრო და უფრო კარგავენ მნიშვნელობას. მინდა, ჰარმონიულად ვიცხოვრო, არ ვიდარდო, არ ვინერვიულო.

მე მაქვს ბათუმში ბინა, მეოთხე წელია, იმ სახლში არ ვყოფილვარ. ჩემი ახლობლები ჩადიან, ისვენებენ და ბედნიერები არიან. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ასე ვცხოვრობ.

– ბავშვობაში, მოზარდობაში იყო მატერიალურად რთული წლები... რა თვისებები დაგეხმარათ ცხოვრების ცვლილებაში?

– ბებია, ბაბუა, დედა, მამა – ოთხი ადამიანი შრომობდა ჩვენს ოჯახში და ხელფასზე ვცხოვრობდით. ვიღაცას სოფელი ჰქონდა, ვიღაცას მდიდარი ნათესავი ჰყავდა, ჩვენ მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობდით. მე არ მახსოვს მშობლებისთვის რამის ყიდვა მეთხოვოს, როგორც იციან ხოლმე ბავშვებმა. სულ ვფიქრობდი, რომ დედაჩემი დაიტანჯებოდა, რამე რომ მეთხოვა. მახსოვს, განვადებით გამოიტანა დედამ ტელევიზორი და გადახდა რომ დაამთავრა, მითხრა: „გინდა, მაგნიტაფონი გამოგიტანო?“. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა. არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერი დღე, მაგრამ თან, მერე სულ ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ დედა ყოველთვიურად ამისთვის ფულს იხდიდა. ბუფეტისთვის ფულს რომ მაძლევდნენ, ვცდილობდი, იაფფასიანი საკვები მეჭამა და თანხა დამეზოგა. ბუნებით ასეთი ვარ, ეს ჩემთვის არავის უსწავლებია. მგონია, რომ ამისთვის დავჯილდოვდი. სხვათა შორის, ახლაც მაქვს სტუდენტობისდროინდელი პერანგი, რომლის საყელოც თვითონ გადავაბრუნე, რადგან სულ გაცვეთილი იყო და მერე მშვენივრად ვატარებდი. ასეთია ჩემი სამყარო. ვერც ვხედავდი, რომ გარშემო ვიღაცებს ბევრი ჰქონდათ და მე – ცოტა. ახლა იმდენი მაქვს, რომ უცებ მომერიდა: მეხუთე წელია, ყოველ შაბათ-კვირას ეთერში გავდივარ „ჩვენს ოჯახში“ და ერთი და იგივე არ მცმია.

– სამყარომ ასეთი ხასიათის გამო დაგაჯილდოვათ?

– ძალიან უმნიშვნელოდ ვიღაცას ატკინე, რამე ცუდი გააკეთე – ამას სამყარო აუცილებლად იმახსოვრებს. მე მინახავს, ადამიანს უთქვამს: რა დავაშავე, ამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული და რატომ დამემართა ცუდი რამეო? მე ამ დროს ვიცი, რა დააშავა და რისთვის დასაჯა. ისიც ვიცი, მე რატომ ვისჯები. სამყარო ისეთი უცნაურია, სად გაგახარებს და სად ფეხს დაგიდებს, არავინ იცის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, ბედნიერი ვიყო. არ მადარდებს მილიონები და მილიარდები. ხშირად ჩემთვის ჩუმად ვაკვირდები, როგორც ლანძღავს ქირით მცხოვრები ადამიანი მას, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს და როგორ ეძახის დებილს. რატომ არის დებილი ის და რატომ ვერ ხედავ საკუთარ თავში პრობლემას? იშრომე და შენც შეძლებ. ყველაფერი შეიძლება, თუ მოინდომებ.

ძალიან კარგი მეგობრები და ძმაკაცები მყავდნენ. მე ამ დროს მუშად ვმუშაობდი კინოსტუდიაში და ფული მქონდა. არც მერიდებოდა – რისი უნდა მომრიდებოდა? ვმუშაობდი და შემოსავალი მქონდა. ამიტომ ვიღაც რომ ამბობს შრომასთან დაკავშირებით, ეგღა მაკლიაო, ცოტა ვერ ვიგებ, რატომ არიან ადამიანები ასეთი ამპარტავნები. დღევანდელი ახალგაზრდები მუშაობენ მიმტანებად, ცდილობენ დამოუკიდებლობას და ეს ძალიან მიხარია.

ახლა ხმები თუ გესმით, თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის პარალელურად, ლობიოს ვამზადებ: ვეგეტარიანელი ვარ და მიყვარს მარცვლეული და ბურღულეულობა. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა – ყველაფერი ჩემს ბოსტანში მომყავს. იცით, რა ბედნიერებაა, როცა შენს მოყვანილ, ძალიან გემრიელ პროდუქტს ჭამ?!

მე უკვე იმ ასაკში ვარ, როცა სხვა ღირებულებებს ვაქცევ ყურადღებას – ეს არის ურთიერთობები და ასე შემდეგ. ის, რომ ვინმე სასწაულ ბრილიანტს ატარებს, არ მაღელვებს. მოკვდები და დარჩება ვინმეს, რომელიც ან გაყიდის, ან ისევ ისე დადებს, როგორც მის წინა პატრონს ედო. მირჩევნია, ვიყო ბედნიერი, ვიდრე მდიდარი. იცით, რამდენი მდიდარი მინახავს უბედური?! შეირგე ის, რაც მოგეცა.

მე მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა ჭერიდან წყალი ჩამომდიოდა. რომ არ მქონოდა ჭერი, წყალი სად ჩამოვიდოდა?! მე ბედნიერი ვიყავი, რომ დიდი ქვაბი მქონდა და შემეძლო, ჭერიდან ჩამოსული წყლისთვის მიმედგა. მიხვდით, როგორ ვაზროვნებ? არ დავეძებ... არ მექნება? ვიღაც წყალობას მომცემს. არ მომცემს? ქუჩაში ვითხოვ მოწყალებას. ჩვენ ყველანი – მდიდრები თუ ღარიბები – დროებით ვართ ამქვეყნად. იყავი მდიდარი და გქონდეს ბევრი ფული, მერე რა? ბოლოს ხუთი კვადრატულია გამოყოფილი შენთვის და რას წააწერენ ქვაზე, ღმერთმა უწყის... საფლავიც კი არ მინდა, არც ქვა მინდა. ასე ვარ ბედნიერი. ვისაც ბევრი აქვს, ეშინია... შოკში ვარ, ჩემთვის, ჩუმად ამის შემხედვარე. ვიღაც რომ ამბობს, ეს მეჩვიდმეტე საუკუნის ჭიქებიაო... წარმოგიდგენიათ, სამასი წელი ამ ჭიქამ რამდენი პატრონი გამოიცვალა... ჩემთვის უჩუქებიათ ძვირფასი ნივთები, მაგრამ ყველაფერს ვიყენებ. ვიტრინებისთვის არ ვინახავ. ვგიჟებოდი, „მადონას სერვისი“ ჰქონდათ ჩემს მეზობლებს, მაგრამ არც კი იყენებდნენ (იცინის). რა ფული, მთავარია, ბედნიერი იყავი. ფულიანი უბედურებიც მინახავს. სიცოცხლეს ვერ იყიდი. სიცოცხლე მაშინ არის ტკბილი, როცა სულიერად ხარ მდიდარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი