შოუბიზნესი

ემა ტუხიაშვილი: ქალს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის გვერდში მამაკაცი არ სჭირდება

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 51 წუთის წინ

ემა ტუხიაშვილი
დაკოპირებულია

ემა ტუხიაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ემა ტუხიაშვილი?

ემა ტუხიაშვილი: პირველ რიგში – ორი შვილის დედა, შემდეგ კი – სამი წლის არაჩვეულებრივი შვილიშვილის ბებია. დამოუკიდებელი, ძლიერი და შემდგარი ქალი; საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ჟურნალისტი. უკვე 25 წელია, ამ პროფესიას ვემსახურები და ჩემი ცხოვრება სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი შვილები და ყველა ძვირფასი ადამიანი ჯანმრთელად მყავდეს – ეს არის მთავარი. ამის შემდეგ ჩემი ოცნებაა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება; ქვეყანაში, რომელიც იამაყებდა იმით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი და წელგამართული სახელმწიფოა. ეს არის ჩემი მთავარი სურვილები.

დანარჩენს რაც შეეხება – ყველა ქალს უნდა, ზოგჯერ თავი სუსტ არსებად იგრძნოს, მე კი თითქმის არასდროს მქონია ამის შესაძლებლობა. ყოველთვის იმაზე მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, ვიდრე ერთ ადამიანს უნდა ჰქონდეს. მთელი ჩემი ცხოვრება ასეა. უკვე 49 წლის ვხდები და არასდროს არავის გაუნაწილებია ეს პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად.

თუ მატერიალური კუთხით განვიხილავთ, ვისურვებდი, რომ მომავალში ჩემი ცხოვრება განსხვავდებოდეს ახლანდელისგან: მქონდეს საკუთარი სახლი, ეზოთი და ბოსტნით, სადაც სიამოვნებით ვიმუშავებ მიწასთან და ფერმერული საქმიანობით ვიქნები დაკავებული. არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ სენტიმენტების დამსახურება, მაგრამ მიწასთან მუშაობის დიდი სურვილი მაქვს, ამიტომაც მინდა საკუთარი სახლი. მინდა, ამ სახლში ჩემს ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო – ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ ოჯახურ სიმყუდროვესთან ასოცირდება.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?

– ძალიან ემოციური ვარ, უზომოდ. 28 წლის ქალიშვილი და 19 წლის ბიჭი მყავს; მეუბნებიან, მგონი, მხოლოდ შენ ხარ ასეთი დედაო. ბუნებრივია, ისინი საკუთარი გადმოსახედიდან საუბრობენ – დარწმუნებული ვარ, ყველა დედა ემოციურია, მაგრამ საქმე ისაა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მძაფრად ვრეაგირებ. მათ შორის ისეთ ისტორიებზეც, რომლებიც არც მე მეხება და არც ჩემს ახლობლებს. სრულიად უცხო ადამიანების ტრაგედიის შესახებ რომ გავიგებ ხოლმე, რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთ ტკივილს განვიცდი, როგორც ახლობლის წუხილსა და გასაჭირს. იგივენაირად ვრეაგირებ კარგ ამბებზეც – უცნობი ადამიანების სიხარულსაც მთელი სისავსით განვიცდი. სრულიად უცხო ადამიანის ბედნიერების გამოც მიტირია სიხარულისგან, ისევე, როგორც უცნობის ტკივილის გამო. ვფიქრობ, ეს ადამიანობაზე მიუთითებს.

ძალიან მიყვარს ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება, ზოგჯერ ეს ყველაფერი ზღვარგადასულიც კი არის. მაგალითად, ადამიანი შეიძლება, არც საჭიროებდეს ჩემს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, მაგრამ მე მაინც ვაკეთებ ამას, რადგან ეს პროცესი თავად მანიჭებს სიამოვნებას. მინდა, ადამიანებს რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოცია ვაჩუქო და თუ შესაძლებლობა მაქვს, ამისთვის არასდროს ვიშურებ ძალ-ღონეს. თუ ეს მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი იქნება, კიდევ უფრო მაბედნიერებს.

– როდის იტირეთ ბედნიერების ცრემლებით – რაც ყველაზე განსაკუთრებულად გახსოვთ?

– ალბათ, ქალისთვის შვილების დაბადება მთავარი მოვლენაა და ამ დროს მიტირია ბედნიერებისგან. შვილიშვილის დაბადება კიდევ სულ სხვა განცდა იყო – საოცრად ემოციური მომენტი.

ცოტა ხნის წინ გადაცემა მიმყავდა და ჩემი შვილიშვილი სახლიდან მიყურებდა ტელევიზორში. ჩემს შვილს გადაუღია ვიდეო, სადაც პატარა მთელი ხმით მეძახდა: „ბებო, სახლში მოდიო“ (იცინის). ამას რომ ვუყურე, მართლა ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი.

ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი მქონია. ვისგანაც არ ველოდი, ისეთმა ადამიანებმა აღმომიჩინეს მხარდაჭერა და ამის გააზრებაზეც მართლაც მიტირია ბედნიერებისგან.

სოციალურ ქსელებში სრულიად უცხო ადამიანების წარმატებებს რომ ვხედავ, ამაზეც არაერთხელ მიტირია. ვტიროდი მაშინაც, როცა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

– ტკივილით გამოწვეული ცრემლის გახსენებაც მინდა, გთხოვოთ...

– ყოველთვის ვტირი, როცა დედა მახსენდება. სამწუხაროდ, დედა და მამა ძალიან ადრეულ ასაკში დავკარგე. სოციალურ ქსელში ვიღაცები დედებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რომ დებენ მათთვის დაბადების დღის მისალოცად, ამ დროსაც ვტირი, მაგრამ მაშინ მათი ბედნიერების გამო ვტირი – მათ სიხარულს მთელი შეგნებით განვიცდი.

როცა მარტო ვარ და დედაზე ვფიქრობ, დღემდე მეტირება. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი იმუნიტეტი ჩამომიყალიბდა და რთულია ჩემი ატირება – იქით ავატირებ ნებისმიერს (იცინის).

– რას უთვლით საკუთარ თავს მცდარ ნაბიჯად?

– ბევრი რამ შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. დღევანდელი გადასახედიდან, ბევრ რამეს შეიძლება, ვუწოდო არასწორი, თუნდაც ნაადრევად ოჯახის შექმნას. ვფიქრობ, 18 წლის ასაკში ეს ძალიან დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან. ვერ ვხვდები, მაშინ რა მამოძრავებდა, მაგრამ ყოველ მცდარ ნაბიჯს მოაქვს რაღაც სასიკეთო.

დღეს მყავს შვილები, რომლებითაც ძალიან ვამაყობ. ქუჩაში „დედათი“ რომ მომმართავენ – მით უმეტეს, ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისაა, გოგო კი 28-ის. ბიჭები, ხომ იცით, ადრე ვაჟკაცდებიან, თან კალათბურთელია, მაღალია – ისე გაკვირვებულები შემოგვხედავენ ხოლმე, უჭირთ იმის დაჯერება, რომ დედა-შვილი ვართ (იცინის). ჩემი შვილიშვილი „ბებოთი“ რომ მომმართავს, ფიქრობენ ხოლმე, რომ რაღაც შეცდომაა (იცინის). ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ის „მცდარი ნაბიჯი“.

ზრდასრულ ასაკშიც დამიშვია შეცდომები. რამდენიმე წლის წინაც მივენდე ადამიანს, რომელიც რეალურად ნდობას არაფრით იმსახურებდა და ძალიან იმედგაცრუებული და მოტყუებული დავრჩი. ამანაც დიდი გამოცდილება შემძინა – მივხვდი, რომ არ შეიძლება იყო ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი; არ შეიძლება, ადამიანები ასე ახლოს შემოუშვა შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, რომ ტკივილი არ განიცადო. მას შემდეგ ძალიან შევიცვალე და თანაც, ძალიან სწორი მიმართულებით. სრულიად შეუვალი გავხდი ასეთი ურთიერთობების მიმართ, მსგავსი საფრთხე აღარ მემუქრება. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და ეს გზა ჩვენი გასავლელია. გარკვეული მომენტები რთული იქნება, მარტივი, კარგი თუ ცუდი – ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩემი ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა, ყველაფერი დიდი შრომისა და ძალისხმევის ფასად მოვიპოვე და, როგორიც არ უნდა იყოს ის, მე მიყვარს ჩემი ცხოვრება.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– სამი წლის წინ საკუთარი ჭერი არ მქონდა. ვიღაცისთვის შეიძლება, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ დღეს უკვე საკუთარი სახლი მაქვს. არ არის დიდი, მაგრამ მოიცავს იმ ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება და, რაც მთავარია, ჩემია – ჩემი შრომით მოპოვებული. თითქოს უპერსპექტივო იყო ამ ამოცანის შესრულება ჩემთვის, არანაირი იმედი არ არსებობდა (იცით, რომ ეს დღეს მარტივი არ არის), მაგრამ შევძელი.

რაც შეეხება მარცხს, ზურგზე ჯერ არ დავცემულვარ. იმედია, არასდროს მივცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. ალბათ, ჩემს მარცხად ყველაზე ძვირფას ადამიანებში იმედგაცრუება მიმაჩნია – ეს ძალიან რთული გადასატანია. წლები დამჭირდა, რომ ამაზე ფიქრი მტკივნეული აღარ ყოფილიყო, თორემ დავიწყებით არ მავიწყდება. მკლავს იმედგაცრუება და ტყუილი.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიიდან გამომდინარე, რესპონდენტების ნათქვამს უპირობოდ არ ვიჯერებ, ცხოვრებაში ელემენტარულიც რომ მითხრას ვინმემ, მჯერა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ურთიერთობაში ძალიან მიმნდობი და მიამიტი ვარ. ქართლელი ვარ და გარშემო მყოფებს სულ ვაფრთხილებ, რომ არ მახასიათებს ისეთი დიპლომატია, როგორიც, მაგალითად, მეგრელებს, ან ისეთი მოქარგული საუბარი, როგორიც – იმერლებს. ამიტომ ყველაფერს პირდაპირ ვამბობ და სხვისგანაც იმავეს ვითხოვ.

სხვა მხრივ, მარცხი არ განმიცდია, ბოლომდე ვიბრძვი. ჩემთვის მთავარია, უფრო ძლიერი ნაბიჯები გადავდგა და დასახულ მიზანს მივაღწიო პირველივე გზით თუ არა, ალტერნატიულით მაინც. სამწუხაროდ, ეს ვერ გაიგეს ჩემ გარშემო იმ ადამიანებმა, ვინც ცდილობს ხოლმე, ტკივილი მომაყენოს.

– ყველაზე დიდი ტკივილი და შიში როდის განიცადეთ?

– ერთი წლის შუალედში დავკარგე ორივე მშობელი. გულწრფელი ვარ და ჩემმა ახლობლებმაც იციან, რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მამას უფრო ვგავარ. ორივეს წასვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ დედის – მაინც სრულიად წარმოუდგენელი. ეს ჩემთვის სრულიად შოკური მდგომარეობა იყო. გვიან გავაცნობიერე, რომ ამან ფიზიკურ დონეზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მომიტანა. დაახლოებით, ერთ წელიწადში დაიწყო ეს ყველაფერი და დღემდე ვებრძვი უკვე ქრონიკულად ქცეულ პრობლემებს.

რაც შეეხება შიშს – მეშინოდა მარტო დარჩენის. მამაკაცის გარეშე დარჩენას არ ვგულისხმობ – ახლა, ამ გადმოსახედიდან, ეგ სისულელედ მიმაჩნია. 3-4 წლის წინ შეიძლება; სხვა პასუხი გამეცა. დღეს მგონია, რომ ქალს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის მამაკაცი არ სჭირდება გვერდით. ამის გამო არ შემშინებია, მაგრამ შემეშინდა მაშინ, როცა ორი შვილით აბსოლუტურად მარტო, უსახლკაროდ დავრჩი. საერთოდ არაფერი გამაჩნდა. სამი წელი ქირით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვიცხოვრე. ჩემი გოგონასი უზომოდ მადლიერი ვარ – თითქოს ძალიან მალე გაიზარდა და გვერდით დამიდგა. განსაკუთრებით რთულია პასუხისმგებლობის აღება ვაჟზე, რომ მისგან კარგი ადამიანი აღზარდო ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში; რომ დაიცვა ის ჩვენ გარშემო არსებული საფრთხეებისგან და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგად გამოვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი