რა გამოცდილება დააგროვა თათა ოქრუაშვილმა წლების განმავლობაში და რა მნიშვნელოვანი სიახლისთვის ემზადება ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 48 წუთის წინ
თათა ოქრუაშვილის პროფესიული გზა მრავალწლიან გამოცდილებას, სხვადასხვა მუსიკალურ პროექტსა და მუდმივ განვითარებას აერთიანებს. ამ წლების განმავლობაში მან საკუთარი ადგილი ქართულ მუსიკალურ სივრცეში დაიმკვიდრა, როგორც შემსრულებელმა და პროფესიონალმა მუსიკოსმა. სცენა მისთვის არის ადგილი, სადაც ის ყველაზე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს. თათა ამ ინტერვიუში გვიყვება მუსიკაზე, კარიერასა და იმ გამოცდილებაზე, რომელმაც მისი პროფესიული გზა ჩამოაყალიბა.
– თქვენი მუსიკალური კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორ ფიქრობთ, რამ ჩამოგაყალიბათ იმ არტისტად, ვინც ხართ დღეს?
– ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამოცდილებამ. წლების განმავლობაში სხვადასხვა სცენაზე, სხვადასხვა მუსიკოსთან და სხვადასხვა ფორმატში მუშაობამ მასწავლა, რომ ამ პროფესიაში მუდმივი განვითარება აუცილებელია. ყოველი ახალი პროექტი და თანამშრომლობა ჩემთვის ახალი გამოცდილება და პასუხისმგებლობა იყო.
– რამდენიმე წლის განმავლობაში ლელა წურწუმიას ბექ-ვოკალისტი იყავით. რას ნიშნავდა ეს პერიოდი თქვენთვის?
– ლელასთან მუშაობა ჩემთვის უბრალოდ თანამშრომლობა არ ყოფილა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი. ამ პერიოდში უამრავი კონცერტი ჩავატარეთ ერთად და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. როდესაც ყოველდღიურად ასეთ პროფესიონალ არტისტთან მუშაობ, ბევრ რამეს სწავლობ არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ სცენის მიღმაც.
– The Quintessence თქვენი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. რას გახსენებთ ყველაზე ხშირად ეს პერიოდი?
– ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. „ქუინთესენსთან“ ერთად არაერთ პროექტსა და კონცერტში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისო სცენებზე და ფესტივალებზე. ძალიან ბევრ ცნობილ ქართველ და უცხოელ არტისტთან ვითანამშრომლეთ, რაც ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ინდივიდუალობა ჰქონდა, მაგრამ სცენაზე ერთი მთლიანობა ვიყავით. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ იქმნებოდა ისეთი ენერგია, რომელსაც მაყურებელიც გრძნობდა.
– თქვენ არაერთხელ გიმღერიათ უცხოელი მსმენელის წინაშე. რას გრძნობთ, როცა ქართულ მუსიკას საერთაშორისო აუდიტორიას აცნობთ?
– ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო შეგრძნებაა, როდესაც უცხოელ მსმენელს აცნობ ქართულ მუსიკას. მიხარია, როდესაც ქართული მუსიკა, მისი ემოცია და უნიკალური ჟღერადობა ადამიანებამდე ენის გარეშეც აღწევს. ასეთ დროს კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ კარგ მუსიკას საზღვრები არ აქვს და ვფიქრობ, ასეთი კულტურული გაცვლა ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო და ღირებულია.
– თქვენ, ასევე, მონაწილეობდით ისეთი პროექტების კონკურსანტთა შერჩევაში, როგორიცაა The Voice, „ნიჭიერი“, „საქართველოს ვარსკვლავი“. მოგვიყევით ამის შესახებ?
– ამ პროექტებთან ჩემი ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ვიყავი ბექ-ვოკალისტი და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე შიდა ქასტინგებზე კონკურსანტების შეფასებაც მომიწია. ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, რადგან ორივე მხარე გამოვიარე და კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს ერთი შანსი ახალგაზრდა არტისტისთვის, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, შეფასება მაქსიმალურად სამართლიანი და პროფესიული ყოფილიყო. ამის შედეგად ავარჩიეთ უნიჭიერესი მონაწილეები, რომლებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი ამ პროექტებში და ძალიან მიხარია, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ნაწილი.
– და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
– წინ ძალიან საინტერესო პერიოდი მელის. ვმუშაობ საავტორო სიმღერაზე ჩემს დასთან ერთად და ასევე, ვემზადები სოლო კონცერტისთვის. მინდა, რომ ეს საღამო იყოს დასამახსოვრებელი როგორც ჩემთვის, ასევე მსმენელისთვის. დანარჩენ გეგმებსაც ნელ-ნელა აუცილებლად გავუზიარებ მსმენელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





