ნიკა არაბიძე: თერთმეტი თვე ვიყავი ემიგრაციაში, ვერ დავალაგე საქმე და უკან დავბრუნდი
ავტორი: ნონა დათეშიძე 44 წუთის წინ
მართალია, ნიკა არაბიძის ცხოვრების გზა არ იყო მარტივად გასავლელი, თუმცა ამბობს, რომ დღემდე იმ გამოცდილებამ და გავლილმა ბარიერებმა მოიყვანა. ყველასთვის საყვარელი იუმორისტი ბავშვობაში დადგა სცენაზე და მას შემდეგ ბევრი საკონცერტო სცენა თუ სატელევიზიო სივრცე მოიარა. ამბობს, რომ იღბლიანია, რეალურ ცხოვრებაში თამაში არ უწევს და წლების მატებასაც დიდად არ განიცდის.
ნიკა არაბიძე: სულ პატარა რომ ვიყავი, როგორც ყველა ბიჭს, მინდოდა, კოსმონავტი, მძღოლი, მეხანძრე გამოვსულიყავი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მერე შემეცვალა ოცნებები და შეხედულებები. ზოგადად, ცოტა ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მოწესრიგებული და ზომიერების ფარგლებში. ველოსიპედი მყავდა და მთელი ბავშვობა მუხლებ და იდაყვებგადატყავებული დავდიოდი (იცინის). არ დამავიწყდება, მე და ჩემი ძმა ერთად „ავილეწეთ“, სახლში არ გაგვიბრაზდნენო და გადატყავებულ ადგილებზე ლეიკოპლასტირები მივაწებეთ. რომ ვაძრობდით, იყო დიდი წივილ-კივილი და ერთი ამბავი (იცინის).
– თუ გახსოვს, სცენაზე რა ასაკში დადექი?
– ალბათ, მეექვსე კლასში ვიქნებოდი, სკოლაში დაიდგა სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე და ჩემი პირველი როლი იყო კირილე მიმინოშვილი. პლატონი არ შემესაბამებოდა და ამიტომ ხის ცხენზე ამხედრებული, სცენაზე ნამდვილი კირილესავით დავჭენაობდი. დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემმა თამაშმა. ოჯახში აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით ნიჭი მქონდა და ამბობდნენ: ნამდვილი მსახიობი გვეზრდებაო. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ 90-იანი წლები იყო და ცოტა რთული იყო ქუთაისიდან დედაქალაქში წამოსვლა. ამიტომ, იძულებული გავხდი, ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ზოგადად, ტექნიკური საგნები მიყვარდა, არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, თან დედა მასწავლებელი მყავდა და სხვაგვარად არ იქნებოდა. მოკლედ, ოჯახსაც არ უნდოდა თბილისში ჩემი მარტო გამოშვება, ჩავაბარე ქუთაისში, დავამთავრე და ავიღე ინჟინერ-პოლიგრაფისტის დიპლომი. ერთი სიტყვით, ჩემი სპეციალობაა პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგი, ინჟინერ-პოლიგრაფისტი, მაგრამ ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია. ის კი არა და, სად არ მიმუშვია და ჯერ ჩემთვის დიპლომი კი არა, დიპლომის ქსეროასლიც კი არავის მოუთხოვია (იცინის). სტუდენტობის დროს „კავეენის“ თამაში დავიწყე. მაღალ დონეზე ტარდებოდა, ჩემპიონებიც გავხდით, ჩემი გუნდის კაპიტანიც ვიყავი და მერე, უნივერსიტეტის ნაკრების კაპიტანიც. გვიწევდა თბილისში ჩამოსვლაც და იმ წლებში გამიცნო საზოგადოებამ. ერთხელ, რექტორთან შევედი კაბინეტში, უმაგრესი ადამიანი იყო – არჩილ კოსტავა, თბილი კაცი იყო და რა ხდებაო, მკითხა. ვუთხარი, თბილისში თამაში გვაქვს და ბუღალტერს ფული არ აქვს-მეთქი. ჩაიყო ჯიბეში ხელი, ამოიღო 120 ლარი და მომცა. ეს მაქვს მეტი, არა და თუ გიშველით, ა, ბატონოო. ვტაცე ფულს ხელი და კარისკენ გავიქეცი. უცებ მესმის: არაბიძე, მოიცადე, 10 ლარი მაინც დამიტოვე, სახლში წავიდეო.
– მას შემდეგ, უამრავი წელი გავიდა, შენც წლები მოგემატა. რა შეაფასე და გადააფასე, რას მიხვდი ამ წლების განმავლობაში, ამ გადასახედიდან?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თაობას რთული პერიოდის გავლა მოგვიწია და ვხუმრობ ხოლმე, ორ დღეში ერთხელ გვიწევდა ჭამა-მეთქი, სამწუხაროდ, მაშინ უფრო თბილი ურთიერთობები იყო, ვიდრე დღეს. თითქოს გაუცხოვდა ხალხი და ის დამოკიდებულებებიც წარსულს ჩაბარდა. იმის თქმა მინდა, იმ გაჭირვებულ პერიოდში ხალხი უფრო თბილი იყო, ახლა, როცა ასჯერ მეტი აქვს, ურთიერთობებმა ფასი დაკარგა. იმედია, ეს ყველაფერი გამოსწორდება. ახლა რომ მკითხოთ, შენს ცხოვრებაში რას შეცვლიდიო, შეიძლება, წვრილმანი რაღაცები შემეცვალა, მაგრამ გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, ისევ იმ გზას გავივლიდი, რაც გამოვიარე დღემდე. ჩემი აზრით, მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება მქონდა, ყველა მიმართულებით. ყველა თავად მიდის იმ მიმართულებით, საითაც უნდა იაროს. იმ დროს ძალიან მარტივი იყო, გზას ასცდენოდი, ყოველ ნაბიჯზე შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ისეთი გზა ავირჩიე, რომელმაც დღემდე მომიყვანა. გამიმართალა კიდეც. როცა უმაღლესი დავამთავრე, ჭირდა სამსახურის შოვნა, ამიტომ მომიწია უცხოეთში, კერძოდ გერმანიაში, სამუშაოდ წასვლა. თერთმეტი თვე ვიყავი, ვერ დავალაგე ჩემი საქმე ისე, როგორც მინდოდა და ემიგრაციიდან უკან მომიწია ჩამოსვლა. აქ ჩამოსული „პიკასოს ბიჭებში“ ვიყავი და უამრავი კონცერტი ჩავატარეთ, მერე ტელევიზიაში მოვხვდი და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღემდე მოვედი და ვაკეთებ საქმეს, რაც მიყვარს და რაც გამომდის.
– წლების მატება თუ გაშინებს?
– რომ გითხრათ, წლების მატება მაშინებს-მეთქი, მოგატყუებთ. როგორც ბაბუაჩემი იტყოდა: სიბერეს რა ვუთხარი, მარა, მტერი არ დაბერდა, ბაბუაო. ასაკში რომ შედიხარ, გწყდება გული – აფსუს, რა ბიჭი ვიყავიო, მაგრამ ვისაც წლები არ ემატება, იმან რა თქვას. ვცდილობ, ენერგიულად ვიყო და წლების მატებაზე არ ვიფიქრო. ზოგადად, იღბლიანი კაცი ვარ. ცხოვრების რაღაც ეტაპებზე კი იყო იმედგაცრუება და გულისწყვეტები, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ გადავხედავ, თუ იმ თავსგადახდენილ ამბავს ტრაგედია არ მოჰყოლია, ალბათ, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. იმ წუთში რომ გგონია, დედამიწა გადაბრუნდა, მერე ხვდები, თურმე, ეს უკეთესობიკენ სვლისთვის მზადება იყო. იოლი არ ყოფილა ის გზა, რომელზეც სიარული მიწევდა, რთული იყო. ბევრს ჰგონია, ტელეეკრანზე, იუმორისტულ გადაცემაში რომ მხიარულს მხედავს, სულ ასეთი ვარ. მეც მაწუხებს ყოფითი პრობლემები, როგორც ყველას და მეღიმება ხოლმე, რომ მეუბნებიან: უჰ, შენ რა გიჭირსო. რაც არ უნდა, ცუდ განწყობაზე ვიყო, ქუჩაში რომ ადამიანი გამიღიმებს, რა უფლება მაქვს, მოღუშულმა შევხედო. ის რომ ტაშს გიკრავს, ტელეეკრანზე გიყურებს, იმის წყალობით ხარ პოპულარული და როცა ქუჩაში ღიმილით გხვდება, უყვარხარ და სითბოს გამოხატავს, იქ შენი პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება, აუცილებელია, შენც პოზიტიურად დაუბრუნო ღიმილი.
– ანუ, რეალურ ცხოვრებაშიც თამაში გიწევს?
– ამ მიმართულებით თუ შევხედავთ – კი, მაგრამ ზოგადად, არ მიყვარს რეალურ ცხოვრებაში თამაში და ნაკლებად მიწევს. როგორიც ვარ ეკრანზე, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე ვარ.
– ამ ზაფხულს სად დაისვენე?
– საქმეების გადამკიდე, ამ ზაფხულს დასვენება ჯერ ვერ მოვახერხე. მოკლედ, მე, მეტრო და პატრული, სულ ვმუშაობთ, დასვენების გარეშე (იცინის). ახალ სერიალს ვიწყებთ, პროდიუსერი ვარ და ამიტომ ჯერ ქალაქიდან გასვლა ვერ მოვახერხე. დასვენება კარგია, მაგრამ ენერგიას არ ვუჩივი. სხვათა შორის, ხუთი წლის წინ, უფრო ნაკლები საქმე მქონდა, ვიდრე დღეს, მაგრამ მშვენივრად ვეჭიდები და ვართმევ თავს. ასე რომ, ამ ზაფხულს დასვენება მხოლოდ ჩრდილში მოვახერხე, სხვაგან ვერა. სადაც ჩრდილი შემხვდება, იქ ვისვენებ (იცინის).
– ახსენე, ახალ სერიალზე ვმუშაობო. ანუ, ახალ სატელევიზიო სეზონზე, ახალ სერიალს უნდა ველოდოთ იმ არხზე, სადაც მუშაობ?
– დიახ, ახალი სერიალი „რუსთავი 2-ზე“ გავა. მე ამ სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი ვარ. რეჟისორი პაატა გულიაშვილია. არაკომედიური, უფრო მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის სერიალია, თავისი ინტრიგებით და ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით, რა გამოგვივა და როგორ. პროდიუსერის ამპლუაშიც პირველად ვარ და ვხუმრობ, კარიერაში ახალ ეტაპზეც გადავედი-მეთქი.
– ახლა რომ შეიძლებოდეს ერთი სურვილის ახდენა, რას ისურვებდი?
– ბევრი რამ მინდა, ვისურვო, ერთი არ მყოფნის (იცინის). რომ ვთქვა, მინდა, ჩემი საქართველო ერთიანი, მთლიანი რომ იყოს-მეთქი, ვიღაცა იტყვის, ვაი, ისე შენ გაგიხმა თავიო... რომ ვთქვა, კარგი მანქანა მინდა, მალდივებზე „დაჩა“ და პარიზში სახლი-მეთქი, იტყვიან: ვაი, შენ გაგიხმა თავი, ხალხისთვის არაფერი გინდაო (იცინის). ასე რომ, ზოგი ისე გაიგებს ჩემს სურვილს, ზოგი – ასე და ამ კითხვაზე მოდი, ასე გიპასუხებ: მოკლედ, მერვე კლასში რომ ვიყავი, ჩემი ოცნების მანქანა იყო „07“, რომელიც ჩემს უფროს მამიდაშვილს ჰყავდა და რომ ჩამოდიოდა, ეს მანქანა რომ ჩამომეყვანა ეზოში და თავი-ბოლო 60-70 მეტრი გამევლო, ვრეცხავდი, ვაპრიალებდი და ვიყავი ერთ ამბავში. ისე გავიზარდე, საკუთარ „07-ს“ ვერ ვეღირსე, ჩემი ოცნების მანქანას და რომ დამაბრუნოთ უკან, ამ ოცნებას ავიხდენდი. ჩემი პირველი მანქანა „07“ არა, მაგრამ იყო „ოპელ ასტრა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





