კახაბერ კუხიანიძე: მიმიღია სარფიანი შემოთავაზება, მაგრამ მილიონს რომ დამპირდე, თუ შინაგანად მწვანე შუქი არ ვიგრძენი, ხელს არ მოვკიდებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
ცნობილ მომღერალ კახაბერ კუხიანიძეს ფინანსებზე, ბავშვობის წლებში მიღებულ პირველ ჰონორარებსა და ფულისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ვესაუბრეთ.
კახაბერ კუხიანიძე: ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფულის შეგროვება. საკუთარი ფული სულ მქონდა, მშობლები მაძლევდნენ და ვაგროვებდი. საკუთარი შემოსავალიც ძალიან ადრეულ ასაკში გამიჩნდა. როდესაც პირველი ჰონორარი ავიღე, 13 წლის ვიყავი. გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ, რადგან სრული სიმართლეა – ბავშვობიდან ვმღერი და როცა უკვე სერიოზული ნაბიჯები გადავდგი, ანუ, ფართო მასების წინაშე მომიწია სიმღერა 13 წლის ვიყავი. პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე. ასეთ ასაკში შეიძლება, საკუთარმა ფულმა ადამიანი „გაგაფუჭოს“. ხშირად ასე ხდება, ეს ერთგვარი საფრთხეა, რადგან ცხოვრება არ გესმის. საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ალბათ, ოჯახის დამსახურებაა ის, რომ გზას არ ავცდი. სხვათა შორის, ჩემი ძმაც ძალიან პატარა იყო, როდესაც საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა მუსიკის დამსახურებით. ეს ძალიან კარგია, პატარა ასაკიდანვე ეჩვევი, რომ საკუთარი შემოსავლები გაქვს და მერე მთელი ცხოვრება დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვი, სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული ვეღარ იქნები.
– სრული ფინანსური დამოუკიდებლობა როდის მოიპოვეთ?
– კონკრეტული ასაკი არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ადრე იყო. ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მხარჯველი ვარ. რომ იტყვიან ხოლმე, ფუქსავატიაო – ეს ჩემი ბავშვობისდროინდელი სიტყვაა და ზუსტად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას ფულისადმი. შემიძლია, ფული ვფანტო. ფული იმიტომ მიყვარს, რომ ვხარჯო. კი, მართალია, ბავშვობიდან მიყვარდა დაგროვება, მაგრამ მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც ფულის მოგროვება უფრო უყვართ და ვიდრე ხარჯვა. რომ აქვთ, ეს ანიჭებთ სიამოვნებას. ვიღაცას ყავა უყვარს, ვიღაცას – ჩაი. ფულთან მიმართებით კი – ვიღაცას ხარჯვა, ვიღაცას მისი შენახვა. მე ხარჯვა მანიჭებს სიამოვნებას (იცინის).
– თუ გახსოვთ, პირველი ჰონორარი რაში დახარჯეთ?
– რა თქმა უნდა, ტანსაცმელი იქნებოდა (იცინის). ბევრი კონცერტი მქონდა და ფიზიკურად არ შემეძლო შოპინგისთვის დიდი დროის დათმობა, სულ გადარბენაზე ვიყავი. ამიტომ მაღაზიაში რომ შევიდოდი, პირდაპირ ავიღებდი და ვიყიდდი, რაც მომეწონებოდა, გასინჯვის გარეშე. მერე სახლში მომქონდა, არ მომწონდა და აღარ ვიცვამდი. იმ ასაკში ბევრი ფული გადავყარე ასე (იცინის).
– დღეს რა არის ფულთან დაკავშირებით მთავარი სიამოვნების წყარო, რაში გიყვართ დახარჯვა?
– ზოგადად, კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ. მიყვარს, როდესაც კომფორტს ვქმნი არა მხოლოდ ჩემთვის, ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვისაც. ამაში თანხის დახარჯვა არ მენანება. ერთხელ ვცხოვრობთ და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი სიცოცხლე. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, კომფორტულად გავატაროთ დრო. ასევე, მიყვარს თანხის დახარჯვა მოგზაურობაში, ტანსაცმელში, აქსესუარებში. რისი სურვილებიც მაქვს, მათი დაკმაყოფილება უნდა შევძლო.
გეტყვით, რომ არ მინდა იმდენი ფული მქონდეს, რომელსაც ზედმეტი „თავის ტკივილი“ მოჰყვება. დაცვა რომ გჭირდება ადამიანს, ამდენი ფული საერთოდ არ მხიბლავს. ეს თავისუფლებას გიზღუდავს და ვფიქრობ, რომ მერე ისე გემრიელად ვეღარ ვიცხოვრებ, როგორც ნაკლები ფულით. მე ჩემს გემოზე უნდა ვიყო, არ უნდა მეშინოდეს, რომ შეიძლება, სახლში ვინმე შემომივარდეს. საერთოდ, ოქროს შუალედი ყველაფერში კარგია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე კარგ დაბანდებად?
– ალბათ, უძრავი ქონება და საკუთარ თავში ჩადებული ფული, იმისთვის, რომ რეალიზებული იყო. ეს მგონია საუკეთესო.
– ყოფილა შემთხვევა, რომ გინანიათ თანხის გადახდა რამეში?
– უამრავი ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა არაფერზე არ უნდა იდარდოს. ამას აზრი არ აქვს. დროს ვერ გადაახვევ და გზას თავიდან ვერ გაივლი. უბრალოდ, სამომავლოდ უნდა გაითვალისწინო და იგივე არ გააკეთო. კიდევ ერთი – როცა რაღაც მომენტში რაღაცის გაკეთება მინდა და ვაკეთებ, ეს ჩემთვის გამართლებულია. ერთი საათის მერე თუ აღარ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა ვინერვიულო. მინდოდა და გავაკეთე, ერთ საათში რომ აზრი შევიცვალო, მერე რა, როცა მინდოდა, მაშინ გავაკეთე. ამის გამო რატომ უნდა ვინერვიულო?!
– თუ გამოგდით არსებული ჰონორარის პრაგმატულად გადანაწილება თვიდან თვემდე?
– ვაიმე, ძალიან რთული კითხვაა, ამას ვერ ვაკეთებ. ზოგადად, არ მიყვარს ფულის დათვლა. შეიძლება ცრურწმენაში ჩამითვალოთ, მაგრამ როდესაც ფულს გადავანაწილებ, გავყოფ, გავამრავლებ... მოკლედ, გაწერილი გეგმით არაფერი გამოდის. როცა ამას არ ვაკეთებ, უფრო კარგად ვცხოვრობ. ამიტომ არ შემიძლია რაღაცების გათვლა.
– თქვენი დაკვირვებით, რა იზიდავს ფულს?
– ადამიანმა არ უნდა იწუწუნოს, პირველ რიგში გონება უნდა გაანძრიოს და იმოქმედოს. ჯეკპოტი რომ მოიგო, ამისთვის რაღაც უნდა გააკეთო, ბილეთი უნდა იყიდო. თავისით არაფერი მოდის. ნებისმიერ საქმეში შრომა და ქმედებაა საჭირო. სწორი მიდგომები თუ გექნება, ფინანსებიც აუცილებლად მოვა. ასევე, ბოროტი არ უნდა იყო, თუმცა ბოროტებსაც ბევრი ფული აქვთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ როცა სწორად ცხოვრობ, სამყარო ბევრ რამეში გეხმარება.
– მოგიგიათ ან დაგიკარგავთ თანხა?
– სხვათა შორის, ბავშვობაში სულ ვიგებდი ლატარიაში (იცინის). კიდევ მიპოვია თანხა საკუთარ ჯიბეში (იცინის). ას ლარს არ ვგულისხმობ, ერთხელ ქურთუკის ჯიბეში 1 500 ლარი ვიპოვე, ერთხელ – 800. ჩემივე ჩადებული. არ ვიცი, რატომ ამომივარდა თავიდან, ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის არ ვითვლი თანხას. ასეა თუ ისე, ძალიან სასიამოვნო იყო (იცინის). დაკარგვა არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა მცდელობები. მაგალითად, ამ ზამთარში ჩემი ტექნიკა დაჰაკეს, ჩემს ბანკირთან ირეკებოდა. „ფეისბუქის“ მონეტიზაციის თანხა გადარიცხეს, მაგრამ ისიც კი ჩემს ანგარიშზე დაჯდა, ვერ მოახერხეს, მაგრამ ცდილობდნენ.
– თქვენი დაკვირვებით, ფული ცვლის ადამიანებს?
– კი, უმრავლესობა იცვლება. ფული მართავს ადამიანს, მაგრამ ყველას ეს არ ეხება. მე მყავს ისეთი მეგობარი, რომელზეც სანამ გავიგებდი, რომ კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, უნახავმა რა ნახა, რომ არ დაემართოს. მთავარია, ხამობაში არ გადაუვიდეს და ცუდი კუთხით არ შეიცვალოს, თორემ ფული, რა თქმა უნდა, ცვლის ადამიანებს. ცხოვრება იცვლება, კარგი სახლი გაქვს, კარგი სამოსი, ავტომობილი... მზერაც კი სხვანაირი გიხდება. კარგი ცხოვრება შეგცვლის, მაგრამ მთავარია, ადამიანობა არ დაიკარგოს.
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ რთულ პერიოდთან დაკავშირებით. შეიძლება სხვა ადამიანი ჩემს მდგომარეობაში რომ აღმოჩენილიყო, ძალიან ცუდი გზა აერჩია, რადგან ვერ გაეძლო იმ სირთულეებისთვის, რის წინაშეც მე ვიდექი. მაშინ აბსოლუტურად სხვა თვალით ვუყურებდი რეალობას. ბავშვობიდან კარგი ცხოვრება მქონდა, მეგონა, ყოველთვის ასე იქნებოდა, რომ მთელი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ ისეთ პერიოდში აღმოვჩნდი სირთულეების წინაშე, როცა საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. დღეს ამ პერიოდის ძალიან მადლიერი ვარ. მაშინ ბევრ რამეს მივხვდი, ცხოვრებას აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე. მივხვდი, რა არის გაჭირვება. ეს იყო 2010-2012 წლები. არ მიწუწუნია, ეს არ მიყვარს. მაშინ გავზარდე ჩემი თავი. მივხვდი, რომ შემიძლია, ჭაობიდან ამოვძვრე. ცხოვრება სხვანაირად დავაფასე. იმ ორმა წელიწადმა ძალიან გამზარდა და შემცვალა, მას შემდეგ მე არაფრის მეშინია. რთული პერიოდები მერეც ყოფილა, მაგრამ მაშინ იმდენად გავზარდე ჩემი თავი, რომ აღარ შემშინებია. მერე უკვე ძალიან ჩვეულებრივად გავართვი თავი გამოწვევებს. მთავარი მოქმედებაა. აუცილებლად ღმერთისა და სამყაროს სიყვარული, ცუდი აზრების დაბლოკვა და მხოლოდ კარგზე ფიქრი. როგორი ფიქრებიც გვაქვს, ისე მიდის ჩვენი ცხოვრება. მე ის პერიოდი რომ არ გამევლო, არ ვიქნებოდი ისეთი ძლიერი შინაგანად, როგორიც დღეს ვარ. ამ ასაკში რომ დამმართნოდა ეს, ძალიან რთულად გადავიტანდი. მაშინაც ურთულესი იყო, მაგრამ კიდევ სხვა ენერგია მქონდა. მთავარია არ მოეშვა და იმედი არ დაკარგო. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. იმ მოცემულობას გამოუვალი მდგომარეობა ერქვა, მაგრამ მე ასეთი ფორმულირება არ მივეცი. როგორ შეიძლება, მდგომარეობა გამოუვალად დავისახოთ, თუ შრომისუნარიანები ვართ. ადამიანს შეუძლია, საკუთარი ცხოვრება კარგისკენაც მიმართოს და პირიქითაც, ყველაფერი მონდომებაა.
– ფულთან დაკავშირებით დაშვებულმა შეცდომებმა რა გასწავლათ?
– უამრავი შეცდომა დამიშვია. სხვათა შორის, მე ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია და ეს ბევრ რამეში მეხმარება. მიმიღია სარფიანი შემოთავაზება, მაგრამ თუ შინაგანად მწვანე შუქი არ ვიგრძენი, იმ საქმეს ხელს არ მოვკიდებ. მილიონი რომ დამპირდე, მაინც უარს ვიტყვი, რადგან ჩემს ინტუიციას ძალიან ვენდობი. ეს მეხმარება რისკის შემცირებაში, მაგრამ შეცდომები მაინც მქონია. კი, მე ამ შეცდომებმა მასწავლა და გამზარდა. ის რთული პერიოდიც ჩემი შეცდომების დამსახურებაა, მაგრამ საჭირო იყო და როგორც წეღანაც აღვნიშნე, კარგია რომ მე ეს გამოცდილება მივიღე. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, დღეს არ გაგიმართლებს? ხვალ გაგიმართლებს! მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო. თუ ადამიანი მოინდომებს, საბოლოო ჯამში, მას აუცილებლად გაუმართლებს – ეს სამყაროს კანონია!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





