შოუბიზნესი

მაია კაჭკაჭიშვილი: ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, მაგრამ თვითმფრინავში ვერ ვჯდები და ამის გამო უარი ვთქვი

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:23

მაიკო კაჭკსჭიშვილი
დაკოპირებულია

ეს ზაფხული კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილისთვის სასიამოვნოდ დატვირთული და ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში სულ სამი ზებედნიერი მომენტი იყო და მათ შორის ერთ-ერთი, სწორედ წლევანდელ ზაფხულს უკავშირდება.

მაია კაჭკაჭიშვილი: ამ ზაფხულს ჩემი სტუდიის ბავშვების ორი კონცერტი მქონდა. პირველი – ვახტანგ სარალიძის საკონცერტო დარბაზში, რომელიც სამ კონცერტად ჩავატარეთ, რადგან ბევრი ბავშვი გვყავს და მეორე – ბათუმის საზაფხულო თეატრში. ბავშვებთან ერთად, ჩემმა პედაგოგებმაც იმღერეს და მეც. ყველა პედაგოგმა წარმოაჩინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. ჩემთან ასეთი მოთხოვნაა – პედაგოგიც უნდა მღეროდეს. კონცერტები, წარმატებით კი არა, ზეწარმატებით ჩატარდა და თან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ბავშვებს ცოცხლად უნდა ემღერათ და ძალიან ვნერვიულობდი. ჩათვალეთ, ეს იყო ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდა. ბევრი იყო ჩასაფრებული, აინტერესებდათ, რა შედეგს დავდებდი. ბავშვების შემართებამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, ყველაფერმა, რაც სტუდიაში გავაკეთეთ, შედეგი გამოიღო და ცხრა თვის მომზადებული ბავშვებით ორი უნიკალურად კარგი კონცერტი ჩავატარეთ. ასე რომ, ჩემი მთავარი გამოცდა, რა შედეგს დავდებდი, წარმატებით ჩაბარებულია. გავიგე, რომ ჩვენს კონცერტს სხვადასხვა, ცნობილი სტუდიის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, ისე, რომ მე არ ვიცოდი. ყველას აინტერესებდა, რას გავაკეთებდი.

– როცა ცხრა თვის წინ, სტუდიას ხსნიდი, წარმოგედგინა, რომ ასეთ უმოკლეს დროში, ასეთ რთულ გამოცდას წარმატებით ჩააბარებდი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ამიტომაც გავხსენი სტუდია, რომ ზუსტად ეს შედეგი წარმომედგინა. მუსიკოსებისა და პედაგოგების ისეთი გუნდი ავიყვანე, რომ რაც მე მსურს, იმას პირნათლად ასრულებენ. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი ბექა ბროლაძეს. მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მომცეს ჩემი ამდენი წლის გამოცდილება გადავცე ჯერ პედაგოგებს და მერე უკვე – მოსწავლეებს. ახლა ჩემი გეგმებია ჩემმა სტუდიამ გადაინაცვლოს ჩემს საკუთარ სიმღერებზე, ჩემს დაწერილ რეპერტუარზე, რომ გვქონდეს ექსკლუზივი. ამით მინდა, გამოვირჩეოდეთ სხვა დანარჩენი სტუდიებისგან, ჩვენ საკუთარი რეპერტუარი გვექნება. რასაც ადრე ვუწერდი სხვა მომღერლებს, ახლა ამას უკვე ჩემი მოსწავლეებისთვის გავაკეთებ. ამით უფრო დავფასდებით, უფრო ღირებულები ვიქნებით. ქოვერებს კი არ ვიმღერებთ, ვიმღერებთ ჩვენს სიმღერებს, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს.

– ახალი სიმღერების დაწერას, ბავშვებთან ურთიერთობას და სტუდიის წარმატებული გეგმების დასახვას კოლოსალური ენერგია და დრო სჭირდება. ამ ზაფხულს, კონცერტების პარალელურად, თუ მოახერხე დასვენება?

– მე მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. ჩემს ბავშვებს ისეთი მშობლები ჰყავთ... ამასაც გამართლება სჭირდება. მშობლების, პედაგოგებისა და ჩვენი ურთიერთობა არის მაგალითი, ეს არის ძალიან შეგნებული, დახვეწილი და გემოვნებიანი ურთიერთობა და ამიტომ, ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა. სექტემბრიდან ახალი ნაკადის მიღებას ვგეგმავთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ბავშვი მოვა ჩვენთან, სტუდიაში. მოკლედ, ამ ზაფხულს დასვენება ვერ მოვასწარი, ახლაც ჩვენი სტუდიის მეორე სართულის რემონტი მიმდინარეობს, რომ ჩვენს ბავშვებს ახალთახალი დავახვედროთ. თუმცა, ერთი კვირით აბასთუმანში, ბებია-ბაბუას სახლში წავალ და დავისვენებ. ეს აუცილებელია, რადგან ამ წელს უდიდესი ენერგია დამჭირდება, ეს გააზრებული მაქვს. წელს უფრო დიდი ფურორი უნდა მოვახდინო – ეს არის ჩემი მიზანი და პირობა საკუთარ თავთან. რომ ვფიქრობ, ცხოვრებაში სულ სამჯერ ვიყავი უზომოდ ბედნიერი, თავს რომ ვეღარ იჭერ და სიხარულით დაფრინავ. პირველად – როცა გამიჩნდა შვილები. მეორედ – როცა დათუნამ „X ფაქტორზე“ ფურორი მოახდინა და მესამედ – როცა ჩემმა სტუდიის მოსწავლეებმა ისე იმღერეს, ცრემლები თავისით მომდიოდა. ახლა კი მაქვს იმის საფუძველი, რომ კიდევ ბევრჯერ გამხდიან ჩემი მოსწავლეები ასეთ ბედნიერს. ამ ბედნიერებისთვის კი ჩემს ენერგიასა და შრომას არ ვიშურებ და ნამდვილად დამიფასდა. მადლობა ღმერთს და მადლობა სამყაროს, რომ ის ყველაფერი გავიარე და დღეს აქ მოვედი. არაფერს ვნანობ, რაც გამოვიარე, ყველაფერი იქ უნდა დარჩეს და იყოს, რადგან ყველა დეტალმა გამომბრძმედა და ახალი რაღაც მასწავლა. ყველა ჩავარდნამ და დავარდნამ უფრო მყარად დამაყენა ფეხზე. არ ვემორჩილებოდი ცხოვრების წინაღობებს, ვცდილობდი, მებრძოლა და 45 წელი ბრძოლაში გავატარე.

– 45 წლის ასაკამდე ძალიან ბევრჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება. როდის მიხვდი, რომ ძალიან ძლიერი ქალი ხარ?

– ძლიერი რომ ვიყავი, პატარაობიდან მივხვდი – როცა მამა დაუმსახურებლად გამიბრაზდა, წავედი და მანდარინების ტყეში დავიმალე, სადაც დიდი საფრთხე იყო, შეიძლება დარაჯს კისტის თოფი ესროლა. იმ დარაჯს მევლუდი ერქვა და ვინც კი შევიდოდა ტყეში, იარაღს ესროდა. მე კი ამისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდ მამაჩემი დამესაჯა უსაფუძვლოდ გაბრაზების გამო. ფაქტობრივად, უსამართლოდ დასჯის გამო შვიდი წლისა მზად ვიყავი, საკუთარი სიცოცხლე გამეწირა. მთელ სამ კორპუსს ვაძებნინე თავი. შეიძლება, ჯიუტი ხასიათი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში უდანაშაულო ვიყავი და ასე დავსაჯე მშობლები (იცინის). სამაგიეროდ, მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და როცა ასეთი ხარ, ამას ბავშვობიდანვე თავადვე გრძნობ და სხვებიც ხვდებიან, ეს ყველაფერი ენერგეტიკულად ჩანს.

– ვინც ახლოს გიცნობს, იცის როგორი თბილი, გვერდში მდგომი ადამიანი ხარ და სხვისი გაჭირვება თუ სიხარული რამდენად ახლოს მიგაქვს გულთან. თუმცა, იმავდროულად, შენს ხასიათში დათმობასთან ერთად, პირდაპირობაც ზის. თავმდაბლობამ, დათმობამ ან პირდაპირობამ ზიანი მოგაყენა?

– ჩემმა პირდაპირობამ დამაკარგვინა ადამიანები, რომლებიც როგორც ახლა ვფიქრობ, სულაც არ იყვნენ საჭიროები. ანუ, პირიქით, მომწონს ეს ჩემი ხასიათი, ჩემი პირდაპირობა, რომელიც უზრდელობას არ ნიშნავს და მირჩევნია, ის იყოს ჩემ გვერდით, ვისაც ასეთი ნამდვილი და გულწრფელი ვუყვარვარ. იმიტომაცაა, რომ დღეს არცერთი კონკურსის ჟიურიში არ მიწვევენ და ნუთუ იმდენი არ დამიმსახურებია, რომელიმე კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილიყავი?

მაგრამ, არ უყვართ ჩემნაირი პირდაპირი ადამიანები, ისეთები, მათ რომ არ ემორჩილებიან, აქვთ საკუთარი ხედვა და 26 წელია, ამიტომაც ვერ დავიმსახურე, თუნდაც, ერთი კონკურსის ჟიურის წევრობა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ღმერთს მადლობა, რომ არ მიმიწვიეს. სხვათა შორის, სულ მინდოდა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, კარგია, რადგან კონკურსიდან გავარდნილი ამდენი ადამიანის ცუდი ენერგია და წყენა ამცდა.

– რამდენად გაქვს განვითარებული ინტუიცია და რისკიანი ადამიანი თუ ხარ?

– ინტუიცია ისეთი მაქვს, ცოტა მაშინებს. ფაქტობრივად, წინასწარ ვგრძნობ ყველაფერს. რაც შეეხება რისკს, ექვსი წელი რომ ვიწექი ლოგინში, ღრმა დეპრესიაში, უცბად ვეუბნები ბექა ბროლაძეს, არ გახსნა სალონი, დამიჯერე, გახსენი ჩემი სტუდია და ნახავ, რამხელა წარმატებას მივაღწევთ-მეთქი. წარმოიდგინეთ, ექვსი წელი რომ მუსიკოსი წევს, როგორ უნდა იყო დარწმუნებული, რომ ვინმე შენთან მოვა. ბექამ კი ლოგინში მწოლიარეს დამიჯერა, 600 ბავშვი მოვისმინეთ მიღებაზე, ეს ხომ რისკია. ინტუიცია მკარნახობდა, გავრისკე და გამოვიდა. ვიცოდი, ხალხს რომ ვუყვარდი, მაგრამ ეს სიყვარული ამხელა დოზით თუ იყო, არ მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი. უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ და უზომოდ იღბლიანი. ყველაზე მეტად კი შვილებში გამიმართლა. ქალისთვის ეს ყველაზე დიდი გამართლებაა!

– არასოდეს გიფიქრია უცხოეთში კარიერის აწყობა ან შემოთავაზება თუ ყოფილა?

– ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, მაგრამ თვითმფრინავში ვერ ვჯდები და ამის გამო ვერ წავედი ვერსად და უარი ვთქვი. მე, მარტო სიზმრებში ვმოგზაურობ, ხან – სად, ხან – სად (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი