ზეინაბ დვალიშვილი: შეცდომა დავუშვი და მსახიობობა ვარჩიე, რის გამოც გული მწყდებოდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 51 წუთის წინ
ზეინაბ დვალიშვილის"უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ზეინაბ დვალიშვილი?
ზეინაბ დვალიშვილი: პროფესიით მსახიობი და ცხოვრებაშიც ცოტათი მსახიობი გახლავართ (იცინის). ასევე, ვარ პედაგოგი – 30 წელი მივუძღვენი მომავალი თაობებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას და ეს საქმიანობა სულ ორი წლის წინ დავასრულე. ამასთანავე, მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბებია ვარ.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– მიუხედავად იმისა, რომ სიმკაცრეც მახასიათებს, ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ. ვფიქრობ, ეს ასაკმა მოიტანა — ქართულ ფილმებზეც კი ვტირი, თუნდაც კომედია იყოს (იცინის). იმდენად ემოციური ვარ, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, თუმცა სიტუაციის გააზრება და თავის მოთოკვაც კარგად შემიძლია.
– როდის იტირეთ ბედნიერების და ტკივილით გამოწვეული ცრემლით?
– ბედნიერებით გამოწვეული ცრემლი ცხოვრებაში ბევრი მქონდა. სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, მხატვრული კითხვის წრის პედაგოგიც სულ მეუბნებოდა, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო. მერე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველ ადგილს რომ ავიღებდი, სიხარულისგან ვბღაოდი (იცინის).
შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მსახიობის ოსტატობაში ორად ორი ხუთიანი დაიწერა: ერთი მე მივიღე, მეორე – მარინა საღარაძემ, გურამ საღარაძის შვილმა. მაშინ მართლა ბედნიერების ცრემლები მომდიოდა. წლების განმავლობაში კარიერაშიც არაერთი ბედნიერი მომენტი მქონია.
ცხოვრება დაუნდობელია და გზაზე ტკივილიც ბევრი შემხვდა. დავიწყოთ აფხაზეთის ომით – იქ ჩემი ბევრი ახლობელი და სოხუმის თეატრის არაერთი მსახიობი დაიღუპა, რაც უდიდესი ტრაგედია იყო ჩემთვის. მერე წლების განმავლობაში მეგობრები და ახლობლები დავკარგე. მშობლები, ბებია-ბაბუა – ყველა წავიდა. ეს ჩემთვის ყველაზე გულსატკენია.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად?
– ახალგაზრდობას არასწორი ნაბიჯები ახასიათებს, რადგან ბევრ რამეს სათანადოდ ვერ ზომავ. შეცდომები მქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული: თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პედაგოგმა, ბაბულია ნიკოლაიშვილმა მითხრა, დაფიქრდი, ხომ არ დარჩებოდი მეტყველების კათედრაზეო. შეცდომა დავუშვი და მსახიობობა ვარჩიე, რის გამოც მოგვიანებით გული მწყდებოდა.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.
– ასეთი ისტორია გადამხდა: ჩემს მეუღლესთან პირველი პაემანი ოპერასთან მქონდა და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ძალიან მოვინდომე. მაშინ ფეხსაცმელი ისე მარტივად არ იშოვებოდა და ცეკას ატელიეში ვაკერინებდით, სადაც უზარმაზარი რიგები იდგა. როგორღაც მოვახერხე და სანუკვარი ჩექმა შევიკერე. ჩავიცვი და ბედნიერი წავედი შალვასთან პაემანზე. მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი და ცალ ფეხზე ქუსლი მომტყდა (იცინის). წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში ჩავვარდებოდი?! საშინელი შეგრძნება იყო, ადგილზე გავშეშდი და ფეხს ვეღარ ვადგამდი. იძულებულები გავხდით, ტაქსი გამოგვეძახებინა და სახლში წამოვსულიყავი. ასე ჩაიშალა ჩვენი პირველი პაემანი (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ 70 წლის ასაკამდე ვიმუშავე სკოლაში პედაგოგად და სახლში ერთი წუთითაც არ დავმჯდარვარ. მანამდე რვა წელი სოხუმის თეატრის სცენაზე ვიდექი. ჩემს ხელში ბევრმა თაობამ გაიარა, ბევრი კარგი სპექტაკლი გავაკეთე და პრემიებიც მივიღე. ჩემი მოსწავლეების პირველი თაობა უკვე დიდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახეების ცნობა უკვე მიჭირს, ისინი ყველგან მხვდებიან და ისეთ სითბოსა და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას იჩენენ, რომ ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
რაც შეეხება მარცხს, მარცხიანი არასდროს ვყოფილვარ. მსახიობი ვიყავი – წარმატებული, პედაგოგი ვიყავი – წარმატებული, მაქვს შემდგარი ოჯახი, სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი. პირიქით, უფლის წყალობით, იღბლიანი ადამიანი ვარ.
– რისი გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას?
– მსიამოვნებს, როცა სხვას ვეხმარები. მიყვარს ქველმოქმედება, როცა ამის საშუალება მაქვს. კერძო დასახლებაში ვცხოვრობ და ძალიან კარგი სამეზობლო მყავს – ძველი მეზობლები ვართ შემორჩენილები. გვიყვარს ერთად შეკრება, გვაქვს ჩვენი რიტუალები: დილიდან ყავის დალევა, ერთმანეთის ნახელავის მიწოდება და ასე შემდეგ. შენარჩუნებული გვაქვს ძველებური ურთიერთობები, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ასევე, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ცოტა მშიშარა ვარ. ძალიან მეშინია ბუნებრივი კატაკლიზმების, ქარიშხლისა და ჭექა-ქუხილის, მაგრამ განსაკუთრებულად – მიწისძვრის. ძალიან ცუდად მახსოვს სპიტაკის მიწისძვრა, ამან დაღი დამასვა. 6 დეკემბერი არასდროს დამავიწყდება: სახლში ვიყავი, როდესაც კინაღამ ყველაფერი თავზე დამემხო. 9 თვის გოგონა ეტლში მეწვინა, უცებ გარდერობი დაიძრა და საშინელება გამოვიარე. მას შემდეგ საოცრად მეშინია მიწისძვრისა და სტიქიური უბედურებების. ბოლო დროის უჩვეულო წვიმებიც ძალიან მაშინებს, რადგან მსგავსი ძლიერი ნალექი არ მახსოვს – კლიმატი საოცრად შეიცვალა. ღამით დასაძინებლად რომ ვწვები, უფალს ვევედრები, რომ ცუდი არაფერი მოხდეს.
ასევე, ავადმყოფურად მეშინია ქვეწარმავლების. ერთხელ ამერიკაში ვიყავი ქალიშვილთან. ის და სიძე დასასვენებლად იყვნენ წასულები, მე და ძიძას კი ბავშვები გვყავდა დატოვებული. ძიძა პატარებს აძინებდა, მე კი სამზარეულოში ვფუსფუსებდი. ეზოში გავხედე და ვხედავ, როგორ მოსრიალებს ქვეწარმავალი. კივილი ვერ დავიწყე, ბავშვები რომ არ დამეფრთხო, დავიწყე აფორიაქებული სირბილი და ვამოწმებდი, კარი და ფანჯარა ღია ხომ არ იყო. ამ დროს შემთხვევით ჩემმა შვილმა დარეკა და ვუთხარი, რომ ეზოში უზარმაზარი ქვეწარმავალი იყო. სპეციალური სამსახური გამოიძახეს და აღმოჩნდა, რომ ბუდე იქვე ჰქონდათ გაკეთებული. საერთოდ, ჩემთვის სულერთია, რეზინის იქნება, ნახატი თუ ნამდვილი – ყველანაირი ქვეწარმავლის ავადმყოფურად მეშინია.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი ტკივილი?
– როდესაც დედა 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, ზუსტად ერთ წელიწადში – მამა, შემდეგ კი – 22 წლის დისშვილი... ბევრი ტკივილი მაქვს გადატანილი. ცხოვრება მაინცდამაინც ია-ვარდით მოფენილი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ შეცვლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





