რატომ აღარ უშვებს თორნიკე ჯგერნაია მარტივად ადამიანებს თავისი ცხოვრებიდან და როგორ დაკარგა მან მეგობარი საჩუქრის გამო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
დაბადების დღე ყველასთვის განსაკუთრებული დღეა, თუმცა სტიგმატი და ყოფილი ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ამ დღეს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავს და დაუვიწყარ მოგონებებს აგროვებს.
თორნიკე ჯგერნაია: დაბადების დღე 12 ივნისს მაქვს და ეს დღე არანორმალურად მიყვარს. მიყვარს, როგორც ჩემი, ისე სხვისი დაბადების დღეები. ხშირად სხვისი დაბადების დღის აღნიშვნასაც მე ვთაობ ხოლმე და ჩემსას, თავისთავად, ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ.
წელს იყო პირველი დაბადების დღე, როცა ტრადიცია დავარღვიე. აქამდე იმდენად გრანდიოზულად აღვნიშნავდი ხოლმე ამ დღეს, რომ ყველა მეგობარს გაუკვირდა. რას ვიზამთ, წელს მინდოდა, ეს დღე უბრალოდ და მშვიდად გამეტარებინა. ეს არ არის დეპრესიის ბრალი, მინდოდა, სიმშვიდით დავმტკბარიყავი. ძალიან ვიწრო წრე შეიკრიბა – მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი მესტუმრა და ჩემი მომზადებული ტორტი მივირთვით. საერთოდ, ჩემი დაბადების დღის ტორტს ყოველთვის თვითონ ვამზადებ, ეს წმიდათაწმიდა რიტუალია (იცინის). ეს რიტუალი არც წელს დავარღვიე. ტორტის თანხლებით, მეგობრები გვიანობამდე ვისხედით და შამპანურს ვწრუპავდით.
– რამე შეიცვალა?
– ყველაფერს ფილოსოფიურად ვუყურებ და გულისთქმას მივყვები. ახლა ასეთი განწყობა მქონდა. ცოტა ეგოისტურად მომინდა, ჩემი დღე ასე გამეტარებინა და ამით მაქსიმალურად ვისიამოვნე. ერთხელ ჩემს თავს მსგავსი ახალი წელი მოვუწყვე. ზოგადად, მე მიყვარს მხიარულება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, მაგრამ წელს, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, უცნაური დაბადების დღე მქონდა. ოღონდ, როგორც ყოველთვის, გავიპრანჭე. პიჟამათი არ გამიტარებია ეს დღე და ამით მიხვდნენ მეგობრები, რომ დეპრესიაში ნამდვილად არ ვყოფილვარ (იცინის).
აქამდე სულ სიგიჟეები ხდებოდა: ჯერ – სუფრა, მერე – კლუბი. 11-ში ღამის 12 საათიდან ვიწყებდი ხოლმე აღნიშვნას. ბოლო წლებში ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ ღამის 12 საათზე ლელა წურწუმია მოდიოდა ტორტით ხელში და სიმღერით.
– რომელ დაბადების დღეს გაიხსენებ განსაკუთრებულად?
– ყველაზე გამორჩეული იყო დაბადების დღე, როცა პერფორმანსისთვის ვემზადებოდი, 241 დღე დუმილში გავატარე. ამ პერიოდში გადავიხადე დაბადების დღე. ეს იყო ყველაზე უცნაური დაბადების დღე. ყველაფერი წერილობითი ფორმით დავაორგანიზე, თან საკმაოდ დიდი დაბადების დღე მქონდა სათაფლიის ნაკრძალში. ხვდებით ხომ, როგორ მიყვარს ამ დღის აღნიშვნა – როცა პერფორმანსისთვის ვემზადებოდი, დუმილის აღთქმა მქონდა დადებული და შესაბამისად, უამრავი გამოწვევაც, მაშინაც კი აღვნიშნე. მოსაწვევები რომ მიიღეს, ყველა გაოცებული იყო, ვერ წარმოედგინათ, თუ ამას გავაკეთებდი. მდუმარე ვიყავი მთელი დაბადების დღის განმავლობაში, ხალხი კი ერთობოდა.
საერთოდ, ყველა დაბადების დღე ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. კოვიდის დროს ღია ცის ქვეშ აღვნიშნე. საკმაოდ ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ აკრძალვები მოქმედებდა და სტუმრები ქუთაისში საკუთარ სახლსა და ეზოში გაერთნენ. ყველა წესი პატიოსნად დავიცავი, ყველას, ვინც მოვიდოდა, იმ დღეს უნდა აეღო ტესტი და პასუხი უარყოფითი ჰქონოდა. ძალიან უცნაური და სპეციფიკური წესების მქონე, მაგრამ გრანდიოზული დაბადების დღე იყო.
განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა ამერიკაში წამოსვლის წინაც. ეს იყო დიდზე დიდი დაბადების დღე. შევკრიბე ყველა ადამიანი, ვისზეც ვფიქრობდი, რომ მომენატრებოდა. უფრო გამოსამშვიდობებელ საღამოს ჰგავდა. მე მიყვარს დალევა. თუ ვსვამ, ბევრს ვსვამ. იმ დღესაც დავლიე და ყველას განვუცხადე, რომ ბევრჯერ მაწყენინეს, ბევრჯერ გამაბრაზეს – ყველაფერი მახსოვს, არავის არაფერს ვპატიობ, მაგრამ არც ვიბოღმები, რომ ეს გადატვირთვის დღეა. მათ ჩემი გეგმების შესახებ არ იცოდნენ და იმ დღეს ვთქვი, რომ ვიზა და ბილეთები აღებული მქონდა და ამერიკაში მოვდიოდი. მანამდე, ოჯახის გარდა, არავინ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
მე დედაჩემსაც კი ვულოცავ, რომ დავიბადე. ძალიან მომწონს ეს ფაქტი და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი დღეა. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარი დაბადების დღე არ უყვართ. თუ საკუთარი დაბადების დღე არ მიყვარს, ესე იგი, ჩემი არსებობის აზრსაც ვერ ვხედავ. მაშინ რა აზრი აქვს რაიმეს?! ემპათიის საოცარი გრძნობა მაქვს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ეს გამოგონილი პოზაა, თითიდან გამოწოვილი ამბავია. ჩემ გარშემოც უთქვამთ ასეთი რამ, მაგრამ პარალელურად, ეს ადამიანები შრომობენ, მიზნები აქვთ, არ არიან ძალიან თავმდაბალი ხალხი. ეს რომ ძალიან მონასტრული ცხოვრების მქონე ადამიანმა თქვას, კიდევ გავიგებდი, მაგრამ არა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვეულებრივი მიზნებით, ბრძოლებით და ეს კატასტროფულ წინააღმდეგობაში მოდის მათ სიტყვებთან. გაგეცინებათ, მაგრამ ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, ადამიანს შეყვარებული რომ არ ჰყავს და ამბობს, არც მინდა, რომ მყავდესო. თითქოს, შეყვარებული „პოდნოსზე“ დევს, თუ მოგინდება, შეუკვეთავ და მოგიტანენ. თუ შენი დაბადების დღე არ გიყვარს, აბა, ვისი გიყვარს?! მე არ მჯერა ხალხის, ვინც ამას ამბობს.
– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდება?
– ჩემს დაბადების დღეებს ხალხი აკლდება ან ემატება. მეზიზღება საჩუქარი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ მის მჩუქებელს ჩემზე არ უფიქრია. რომ უბრალოდ, ვალდებულება მოიხადა. ძალიან ახლო მეგობართან დავასრულე ურთიერთობა ჩემი დაბადების დღის შემდეგ. მან ამის შესახებ არ იცის და თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიზეზს მიხვდება. ყველა ჩემიანმა კი არა, მგონი, მთელმა საქართველომ იცის, რომ 16-17 წლიდან წვერს ვატარებ. ამ მეგობარმა დაბადების დღეზე წვერის საპარსი და ქაფი მაჩუქა. მან ან საერთოდ არ იფიქრა ჩემზე და ზეპირად შეარჩია საჩუქარი, რაც ვფიქრობ გულისამრევია ან ძალიან ბევრი იფიქრა და მაინც გულისამრევია. ეს აღმოჩნდა მიზეზი, რომ მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, იქნებ, მეტის შესაძლებლობა არ ჰქონდაო. მე ხომ ვიცი, ვისზე ვსაუბრობ. აქ საფასურზე არ არის საუბარი, ეს დამოკიდებულების ამბავია. ყველაზე სულელური საჩუქარიც კი პატარა ბავშვივით მიხარია.
გინდ ძალიან ძვირად ღირებული იყოს, თუ ჩემზე ნაფიქრი არ არის, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, თორემ ის საპარსი საშუალება და ქაფიც საკმაოდ პრესტიჟული ბრენდის გახლდათ. ასევე, არ უნდა მაჩუქო ხატი, რადგან თვითონ ვარ ხატმწერი.
შეიძლება, ადამიანმა ფურცელზე ნახატი დამიჯღაბნოს მთელი გულით და ეს უდიდესი სიხარულით მივიღო. გამოცნობილი საჩუქრები მიყვარს. ჩემი სუსტი წერტილია ფეხსაცმელი, კოლექციონერი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.
– როგორ შეიცვალა შენი პიროვნება დროსთან და გამოცდილებებთან ერთად?
– მე ვფიქრობ, რომ წლების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ გამოცდილებებს. თუ მთელი ცხოვრება რუტინულად ერთსა და იმავე კარს ანგრევ, მხოლოდ ეს გამოცდილება გაქვს. მე ძალიან ბევრნაირი ქარტეხილი გამოვიარე და დღეს უკვე რთულად ვკარგავ ადამიანებს. თუ მათ ადრე ძალიან მარტივად ვუშვებდი ჩემი ცხოვრებიდან, შემეძლო, ურთიერთობა ერთ დღეში დამესრულებინა, ახლა ვცდილობ, შანსი და დრო მივცე. ადრე ძალიან ხისტი ვიყავი. ახლაც ვფიქრობ, რომ ვინც დასაკარგია, უნდა დაიკარგოს, მაგრამ თუ ადრე ერთ წუთში დავასრულებდი, ახლა შეიძლება, ერთ თვემდე გავწელო დრო, ადამიანს გამართლება მოვუძებნო. სხვა შემთხვევაში, არავინ დაგრჩება. შეიძლება, ვინმემ მკითხოს, თუ ასეთი სრულყოფილი ხარ, მაშინ რაღად გინდა სხვაო და ასე არ არის, შენ ამ ადამიანებზე ამაგი გაქვს და გენანება, გული შეგტკივა. ვიცი, რომ ასეთი ადამიანების გარეშეც მეშველება, მაგრამ ჩემი და მისი სიყვარულის გადარჩენას ვცდილობ. ეს არ ეხება იმ შემთხვევას, მე რომ წვერს ვატარებ და ის საპარსს მჩუქნის (იცინის). უბრალოდ, ახლა უფრო დიდ დროს ვაძლევ ადამიანებს და ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცები გულთან ახლოს აღარ მიმაქვს. შედარებით მარტივად ვუყურებ იმას, რაზეც შეიძლება ადრე გავგიჟებულიყავი.
– წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია სასურველი სიბერე?
– ამაზე ბევრი მიფიქრია და მგონია, რომ ამისკენ მივდივარ. ეს არის ხის სახლში, მარტო და არა ბევრ ადამიანთან ერთად. ჩემ გვერდით მხოლოდ ისინი იქნებიან, ვინც წლებს გაუძლებს. მე მაინც ინტროვერტი ვიქნები. მექნება სახელოსონო და ჩემი შემოქმედებით ვიქნები დაკავებული. ეს იქნება ადგილი, სადაც ხშირად თოვს, ალბათ მთებში. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში დავიბადე, ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა თოვს. მეყოლება ბევრი შინაური ცხოველი, ძაღლები და კატები. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამერიკაში ცხოვრების დროს არანორმალური კავშირი გამიჩნდა კატების მიმართ. შეიძლება, იმიტომ, რომ ჩუმად არიან და უსიტყვო მეგობრობა გვაკავშირებს (იცინის). ჩემს სახლში დროდადრო უცხო ადამიანები მოვლენ. მინდა, მათთვის ღია ვიყო, ჩემი გამოცდილება გავუზიარო. არ გამოვიყენებ გაჯეტებს, შეხვედრებს გავმართავ ბავშვებთან და მათ ჩემს გამოცდილებებზე მოვუყვები. ბოლო სერიაში ამ სახლში ერთი ან ორი ადამიანი ვიქნებით – ეს არის ჩემი იდეალური ყოფა. არასდროს მიოცნებია დიდ სახლსა და მანქანების პარკზე. პირიქით, მინდა, ჩემი სიბერე ამ ყველაფრისგან თავისუფალი იყოს და გარე სამყაროს ჩემი ინიციატივით ნაკლებად ვეურთიერთო. პირიქთ, მათ ჰქონდეთ ჩემთან კომუნიკაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





