ვისზე დაინიშნა კესო ბერუაშვილი და რამდენკარატიანი ბრილიანტი აჩუქა მას საყვარელმა მამაკაცმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:30 02.02
„პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთი სახე – კესო ბერუაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული გერმანელი მამაკაცია, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი განშორების შემდეგ კესოს გულის მოგება მაინც მოახერხა.
კესო ბერუაშვილი: ოფიციალურად დავინიშნე გერმანელ მამაკაცზე. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება, რამდენჯერმე დავშორდით კიდეც, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყო – ოთხკარატიანი ბრილიანტის ბეჭდით (იცინის). როცა საქართველოში აქციები დაიწყო, იმ პერიოდში არ ველაპარაკებოდი. თავს ვიფასებდი. ხან რა შემოთავაზება ჰქონდა, ხან – რა, მაგრამ უარზე ვიყავი. მაწყენინა და ვეუბნებოდი, თავი დამანებე-მეთქი. მართლა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. როდესაც აქციები დაიწყო, ვიდეოებს ვუგზავნიდი მიმდინარე მოვლენების შესახებ. უბრალოდ, როგორც მეგობარს, ისე ვეურთიერთებოდი. რომ ხედავდა, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ცალკე ნიუსებსაც უყურებდა, გაგიჟდა, ძალიან ნერვიულობდა. ერთი კვირა მეხვეწებოდა, აქ ჩამოდიო. ეგონა, ჩვენს ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. მეუბნებოდა, მერე აეროპორტები გადაიკეტება და დროულად ჩამოდიო. უარზე ვიყავი, მაგრამ ბოლოს ბილეთი მიყიდა, აუცილებლად ჩამოდიო. რომ ჩავედი, მითხრა, არ მინდა, რომ აქედან გაგიშვა, მოდი, ყველაფერი გავაოფიციალუროთო და დავთანხმდი.
– რამდენიმე თვე გაბრაზებული იყავი, რამ შეგაცვლევინა აზრი?
– უკვე სამი კვირაა, ერთად ვართ და მაქსიმალურად ცდილობს, ყველანაირად მასიამოვნოს. ყველაფრით ამტკიცებს, რომ ის ადამიანია, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს. ჩემი გულის მოსაგებად იმდენი იბრძოლა, რომ აზრი შემაცვლევინა. როცა დავშორდი, რამდენიმეჯერ ვცადე ურთიერთობის სხვასთან აწყობა, მაგრამ არავინ არ ყოფილა იმ დონის, რა დონისაც ეს ადამიანია და არავის შეუძლია ქალთან იმ დონის ურთიერთობა, რა დონეც მას აქვს. საოცრად ელეგანტური, დახვეწილი, გემოვნებიანი ადამიანია.
– ახლახან სამოგზაუროდაც ერთად იყავით.
– კი, აფრიკაში ვიმოგზაურეთ. იქ ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებდით, ეს არ გამოვიდა, მაგრამ ძალიან კარგად დავისვენეთ.
– გითქვამს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობები საშენო არ არის, ხუმრობდი კიდეც, ნახევარგანაკვეთიანი ურთიერთობები მხიბლავსო. რა შეიცვალა?
– ასეა, შეგიყვარდება ადამიანი და მერე ყველაფერი იცვლება (იცინის). მივხვდი, რომ პრობლემა ჩემშია. მგონი, ასეთ შესაძლებლობას არცერთი ქალი არ გაუშვებდა ხელიდან. მე ყოველთვის უარს ვამბობდი ბედნიერებაზე და არ ვიცი, რატომ ვუშვებდი ხელიდან. ქორწილი, თეთრი კაბა და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, მაგრამ.... ჯერ „როლექსის“ საათი მიყიდა, უკვე მეორე როლექსიც „მიყიდა“ და მისი ფასი მოგეხსენებათ (იცინის). მანდ მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულად იყო საქმე. შემდეგ – ოთკარატიანი ბრილიანტი... დავფიქრი, კი, ეს ადამიანი მართლა ძალიან სერიოზულად არის განწყობილი-მეთქი. მეც ძალიან შემიყვარდა და მივხვდი, რომ ღირდა.
– მარტო საჩუქრებითაც ვერ გადაწყვეტდი. მანამდეც გყოლია თაყვანისმცემლები, ვისაც ძვირადღირებული საჩუქრები გაუკეთებია შენთვის.
– კი, კი. როცა ადამიანი ერთწლიან ურთიერთობაში მუდმივად იბრძვის, ბევრ რამეს ხედავ. მე უფრო პასიური ვიყავი. სხვა ურთიერთობებში, ძირითადად, მე ვიბრძოდი. მუდმივ ბრძოლას რომ ხარ მიჩვეული, მუდმივად რომ ითხოვ რაღაცას, გაძლევენ, მაგრამ არ მინდა, რომ ვითხოვდე, მინდა, კაცი თვითონ ხვდებოდეს, რა მინდა. ახლა ზუსტად ასეთ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. მან ზუსტად იცის, რა მინდა. ზოგადად, ქალს კარგად იცნობს. საჩუქრებთან დაკავშირებით შეიძლება, ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, იმისთვის, რომ მამაკაცმა დაგიმტკიცოს, როგორ ზრუნავს შენზე და რამდენად იცის, როგორი ტიპაჟი ხარ. მე არ დავთანხმდებოდი ურთიერთობას, სადაც მხოლოდ სიტყვებია. საქმითაც უნდა დამანახვოს და ფინანსური კუთხითაც უნდა მაჩვენოს, რომ ჩემკენ არის და ჩემს სურვილებს იცნობს. მან ყველაფერი დაამტკიცა, უბრალოდ, მე ვიფასებდი თავს. თავის დაფასებამაც გაჭრა, მიხვდა, რომ მე ფინანსები საერთოდ არ მაინტერესებდა. მხოლოდ ფინანსები თუ გაინტერესებს, მის შეცდომებზე თვალს ხუჭავ. მე არასდროს დამიხუჭავს თვალი არაფერზე. პირდაპირ ვეუბნებოდი, რაც არ მომწონდა. ეს დააფასა, რადგან სხვა ურთიერთობებში გოგოები ყველაფერს პატიობდნენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფული აქვს. ფაქტი იყო, რომ ფული უფრო სჭირდებოდათ. მე სულ ვწუწუნებდი, რომ რაღაცები არ მომწონდა; მინდოდა, ეს ურთიერთობა გულწრფელი ყოფილიყო და ეს დააფასა. ყველაზე მეტად დააფასა ის, რომ სამი თვე საერთოდ არ ვურიგდებოდი. ცოტა მესამე ადამიანის ამბავი იყო და ამას ვერ ვპატიობდი. მეც არ ვიყავი ანგელოზი ამ სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი მას გადავაბრალე (იცინის). ბოლოს ყველაფერი გავარკვიეთ, მივხვდით, რომ ერთმანეთი გულწრფელად გვინდა.
– როგორ ერთობით, როგორ ატარებთ დროს?
– ყველაზე მეტად მოგზაურობა მოგვწონს. აფრიკიდან რომ ჩამოვფრინდით, მის ოჯახთან წავედით შობის აღსანიშნად. ეს ჩემი პირველი კათოლიკური შობა იყო და სულ სხვანაირი გამოცდილება. კაბა ვიყიდე, სალონში წავედი გასაპრანჭად და ოფიციალურად განუცხადა თავის ოჯახს, შვილს, დედას ჩვენი გეგმების შესახებ.
– ოჯახური ცხოვრება და ცოლის სტატუსი როგორ წარმოგიდგენია?
– ტრადიციული ოჯახი ვერ გვექნება. ის გერმანიაში ცხოვრობს, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. სანამ ბიუროკრატიულ საკითხებს მოვაგვარებთ დიდი დრო გავა და ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში მოგვიწევს ყოფნა. წინ რთული პროცესები გველის, მაგრამ ამიტომაც ვაფასებ კიდევ მას, რომ ამაზეც თანახმაა. ძალიან სიმპათიური მამაკაცია, ფინანსურად ძლიერი, ასაკით უფროსი, გამოცდილი, ქალთან მოქცევა იცის და ნებისმიერ ქალს მოუნდება მასთან ყოფნა.
მოსაწყენი ცოლქმრობა ნამდვილად არ გვექნება, სულ მოგზაურობაში ვიქნებით (იცინის). სახლში ჯდომა და საჭმელებიც კეთება ვერც მე წარმომიდგენია და არც მას – ჩემგან. შემდეგ წელს თუ შვილის ყოლას გადავწყვეტ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი შვილი გვეყოლება (იცინის).
– შენ როგორ ანებივრებ საყვარელ მამაკაცს?
– ჩემთან ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი აქვს. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩემთან თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან