შოუბიზნესი

გიგი პიანომენი: ის, რაც ჩემს ტვინს აქვს, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამარჯვებაა

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

გიგი პიანომენი
დაკოპირებულია

გიგი პიანომენის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიგი პიანომენი?

გიგი პიანომენი: პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე – მუსიკა და მთელი სულითა და გულით მასშია ჩაფლული. ჩემთვის მუსიკა რელიგიასთანაა კავშირში და თავიდან ბოლომდე ამ საქმისთვის მაქვს თავი მიძღვნილი.

სხვა მხრივ თუ ვიტყვით, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. არ მგონია, ცუდ საქმეს ვაკეთებდე ან ცუდი შინაგანი სამყარო მქონდეს. განსაკუთრებულს ჩემს თავს ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს გარშემო მყოფები და საქმე.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ოცნებაა ის ცოდნა, შრომა და სიყვარული, რომელიც მუსიკის მიმართ მაქვს, 50 პროცენტით მაინც მოვიდეს რეალიზაციაში. შეიძლება, ძალიან პოპულარული იყო, ყველა გიცნობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალიზებული ხარ ისე, როგორც ეს გინდა, მაშინ, როცა მარტო რჩები და საკუთარ თავს ეკითხები. ძალიან მინდა, რომ ჩემი სულიერი მუსიკალური სამყარო ნახევრად მაინც იყოს რეალიზებული.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?

– ემოციური ადამიანი ნამდვილად ვარ. თუ გავითვალისწინებთ საკონცერტო საქმიანობას და იმას, თუ რა ხდება კულისებში კონცერტისთვის მზადებისას, კომპოზიციის მომზადებისას ჩემს სიყვარულით სავსე მიდგომას, დიდ პასუხისმგებლობასა და პატივისცემას – განსაკუთრებით, თუ სხვისი პიესაა შესასრულებელი – ემოციის გარეშე ეს გამორიცხულია.

თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ ემოციებს კარგად ვაკონტროლებ, შეიძლება, საერთოდ არაფერი შემეტყოს. დაძაბულ გარემოში შემიძლია, გამოსავალი მარტივად ვიპოვო. არც კონფლიქტური ადამიანი ვარ – ემოცია არ მმართავს, შემიძლია, წყნარად და აუღელვებლად ვიმოქმედო. მუსიკალურ ნაწილს რაც შეეხება, გამორიცხულია ნოტი ისე აიღო და ადამიანს თავი მოაწონო, რომ ამას დიდი ემოცია არ სდევდეს.

– როდის გიტირიათ ბედნიერების ცრემლით?

– მახსოვს, ბავშვობაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღე მქონდა, როდესაც კონკრეტული კონკურსი მოვიგე. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. ტირილამდე მისვლა არ მახსოვს, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება და ის განცდა, რომ მე ეს შევძელი, მძაფრად მქონდა. სასურველ დარბაზში გამოვედი, ყველაფერი კარგად დაემთხვა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

მეორე, რაც ძალიან კარგად მახსოვს: 2008 წლის 22 ივნისს ჩემთვის უსაყვარლეს არტისტს, სტივ ვანდერს შევხვდი ბოსტონში. არა მარტო შევხვდი, დავუკარი და ძალიან ახლო კომუნიკაცია გვქონდა. მახსოვს, იქიდან რომ გამოვედი, დილამდე თვალი არ მომიხუჭავს. ბედნიერების საოცარი განცდა მქონდა. ამ ინდუსტრიაში ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვის კონცერტზე დასწრებაზეც ვოცნებობდი, მას შევხვდი, მისთვის დავუკარი, იმღერა... ეს მართლა საოცარი მომენტი იყო.

ეს ორი მომენტი არანორმალური ემოციით მახსოვს და ალბათ, არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან. თუმცა სხვაც ბევრი ყოფილა – მაგალითად, სოლო კონცერტის დროს ხალხის ჩართულობა ისეთ ბედნიერებას მანიჭებს, რომლის აღწერაც რთულია. არის რაღაცები, რასაც ვერ დაგეგმავ, და მაყურებელს სპონტანურად ისეთი ემოცია მოაქვს შენამდე, რომ საოცარი ბედნიერების განცდა გეუფლება.

– ტკივილით გამოწვეული ცრემლით?

– მადლობა ღმერთს, ძალიან ახლობელი არ დამიკარგავს. მამა არ მყავს, მაგრამ როცა ის გარდაიცვალა, 4 წლის ვიყავი, ეს მომენტი ნამდვილად არ მახსოვს. როცა ახლობელს ეხება საქმე, ძალიან რთულია. ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის დროს ფიქრშიც კი რომ რამეს დაუშვებ, ესეც კი ძალიან რთულია. საბედნიეროდ, ამ მხრივ, ჯერ განსაკუთრებული ტრავმა არ მიმიღია, რომ ტრაგიკულ მომენტს ცრემლებამდე მივეყვანე. ალბათ, სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები გადაწონის. ღმერთმა ქნას, დიდხანს გაგრძელდეს ასე.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– როგორც პიანისტს, შემეძლო, ბევრი რამ დამეკრა კლასიკური რეპერტუარიდან. რატომღაც დავიზარე. კლასიკური მუსიკისთვის გარკვეული ასაკი უნდა გამოიყენო – სიტყვაზე, 20-ის ნაცვლად 60 პიესა უნდა ისწავლო, ბევრი იშრომო, დაუკრა, არჩიო... ერთადერთი, რასაც განვიცდი, ესაა და დღემდე მაქვს სურვილი, დავუკრა ის, რაც 20 წლის წინ უნდა დამეკრა და გამერჩია. ახლანდელი გრაფიკი უფრო რთულია, ვიდრე მაშინდელი, ამიტომ ყველაფერი მაშინ უნდა გაკეთებულიყო.

– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მთავარი მარცხი შეიძლება, ჯერ არ დამდგარა. ადამიანი, განსაკუთრებით მუსიკოსი, ისეთია, ჰგონია, რომ რაღაც კონკრეტულით გაიმარჯვებს, სხვა რამით კი დამარცხდება. რომ გგონია, ისეთი ნოტი აიღე, რომელსაც საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევენ, ზუსტად ის მოსწონთ და ამოიჩემებენ.

მთავარ გამარჯვებაზეც მიჭირს თქმა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ის დიდი შრომა, სიყვარული, გამოცდილება, სწავლება, რაც მუსიკას მივუძღვენი, დღითიდღე მრავალფეროვანი ხდება, აუდიტორიამდე მიდის და ხმოვანება, რაც მე თავში მაქვს, მნიშვნელოვანია. სანამ ნოტს აიღებ, ის თავში უნდა გაატარო და სანამ ტვინი არ გეტყვის, რომ ეს ასაღებია, კლავიშზე არ უნდა გადმოიტანო. ამის შეგრძნება არის მუსიკოსის გამარჯვება. ეს ზოგს აქვს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მაინც კარგად უკრავს, ზოგი – ნაკლებად კარგად, მაგრამ მუსიკალური სისტემა რომ ამ განცდას მოგცემს, ნოტის აღებამდე რომ შეგიძლია გემოვნებიანის და უგემოვნოს გაანალიზება – ის, რაც ჩემს ტვინს აქვს, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ვფიქრობ, რომ ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკიდან შორს არ ვარ.

ვერანაირი პრიზი ვერ მოგიტანს გამარჯვებას. ყველაზე დიდია ხალხის სიყვარული, როცა რასაც უკრავ, 60 პროცენტს მოსწონს და არა 10-ს. ღმერთის საჩუქარი ისაა, რომ შენ მოგცა ამის უნარი. ესაა გამარჯვება!

მარცხი ყოველწამიერად შეიძლება, მოგივიდეს – ურთიერთობაში, საქმეში, საუბარში, მუსიკაში. დიდ ფსონს ვერ გავაკეთებ, ვერც გავიხსენებ, ალბათ, ძალიან ბევრი ყოფილა. ეს სიტყვა მრავალკუთხედია. როგორც ბედნიერება, სიხარული და ტკივილი, იმავე პროცენტულობით დასდევს ჩვენს ცხოვრებას და ალბათ, სულ იქნება. ჩვენი მიზანია, გამარჯვებით რაღაც პროცენტით მაინც მოვუგოთ მარცხს.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?

– მსმენია, რომ კლასიკური მუსიკა რომ დაეკრა, უფრო წარმატებული ადამიანი იქნებოდაო. ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ, მეორე მხრივ, მუსიკა, რომელსაც ვუკრავ, უფრო ჩემია. ვერ გადავწყვიტე, რომელი უფრო საჩემოა, მაგრამ ამ ეტაპზე ვგრძნობ, რომ იმპროვიზაცია, ჩემი კომპოზიციები, კინომუსიკა – ნიშა, რომელიც ახლა მაქვს, ჩემთან ძალიან ასოცირდება, თითქოს შევავსე და მე ეს მომწონს. თუმცა მუსიკოსებს უთქვამთ: რა კარგი პიანისტი იყო კლასიკური ხაზით და რატომ დაანება თავიო?! მეც მიფიქრია, იქნებ მართალია? როცა კითხვის ნიშანი რჩება, მაშინ გაწუხებს, თორემ ისე არ მივაქცევდი ყურადღებას.

რამაც გამახარა? ყველაზე ძალიან მომწონს, რომ ბევრი მეუბნება: როგორც კი გავიგეთ ორი ნოტი, ვიცოდით, რომ შენ უკრავდიო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. შენ შეიძლება, რახმანინოვი დაუკრა, შეიძლება გია ყანჩელი, მაგრამ მიხვდნენ, რომ შენ ხარ. ყველაზე სასიხარულოა, როცა შენი ხელწერა რამდენიმე წამში, ვიზუალის გარეშე იცნობა – ეს მუსიკოსისთვის დიდი ბედნიერებაა, სხვა არაფერი დარჩება. ვოკალისტისთვის ეს მარტივია, მაგრამ პიანიზმი მსგავსია, ნოტი თითქმის ყველასი ერთია და გამორჩევა ძალიან რთულია. ამიტომ ასეთმა შეფასებამ დიდი ბედნიერება მომანიჭა.

– პროფესიის მიღმა რა განიჭებთ დიდ სიამოვნებას?

– ცურვა – 15 წელია, ამით ვარ დაკავებული. ვაფრენ ცურვაზე, ისე მიყვარს. არა მარტო იმიტომ, რომ ფორმაში ვიყო, ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი.

ძალიან მიყვარს ახლობლებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა. ვინც ძალიან ახლოს მყავს და მიყვარს, ვცდილობ, გვერდში დავუდგე და რაც შემიძლია, გავუკეთო. საერთოდ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანი ორჯერ მყავს ნანახი თუ 10-ჯერ, მასთან ძალიან თბილი და უშუალო ვარ, არ ვაგრძნობინებ სიუცხოვეს. ძალიან თბილი ურთიერთობები მაქვს, რაც, ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის ძალიან საჭიროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი