ვის გამო გაიარა ჯოჯოხეთი ირმა არავიაშვილმა და შეეძინა თუ არა ბაბუამისს 102 წლის ასაკში შვილი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 03.11
მომღერალ ირმა არავიაშვილის ოჯახის ისტორია მართლაც გამორჩეული და ემოციურია - მამა 70 წლის იყო, როდესაც ის დაიბადა. ბავშვობის მძიმე გაჭირვებამ, თანაკლასელების მხრიდან ბულინგმა და კომპლექსების დაძლევამ მისი პიროვნება და შემოქმედება სრულიად განსხვავებულად ჩამოაყალიბა.
– ირმა, თქვენი ოჯახის ისტორია მართლაც გამორჩეულია – მამა 70 წლის იყო, როდესაც თქვენ დაიბადეთ. როგორ გახსენდებათ ის გარემო, სადაც იზრდებოდით და როგორი იყო მამასთან ურთიერთობა?
– დიახ, ჩემი ოჯახის ისტორია, როგორც ჩანს, მართლაც გამორჩეულია, თუმცა ამას მე მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მივხვდი. ბავშვობაში საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი იმას, რომ სხვებისგან განსხვავებით ასაკით დიდი მამა მყავდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე სხვა ბავშვების მამები არც კი მინახავს. არც სკოლაში დაჰყვებოდნენ ბავშვებს, ამიტომ ბავშვობაში ვერავის მამას ვერ შევადარებდი ჩემსას. არც ერთხელ მიგრძნია, რომ მისი ასაკი რაიმე პრობლემას ქმნიდა ჩვენს ურთიერთობაში. მამაჩემთან მეც ისეთივე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, როგორიც სხვა ბავშვები იყვნენ თავიანთ მამებთან. როცა გავიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, რომ მართლა მოხუცდა. და სწორედ მაშინ დავიწყე იმის გაცნობიერება, რამდენად განსაკუთრებული იყო ჩემი ცხოვრება და რამდენად განსაკუთრებული ადამიანი მყავდა გვერდით. სულ მეშინოდა მისი დაკარგვის. მინდოდა, იმდენისთვის მიმეღწია, რომ მას ეამაყა ჩემით. კი, ამაყობდა, მაგრამ რაც დღეს შევქმენი, ეს დავაგვიანე, ვერ მოვასწარი ის, რომ მისთვის ყველაფერი მეყიდა, რასაც თავისთვის ვერ იმეტებდა, რადგან ჩვენ პატარები ვყავდით.
ჩემი ცხოვრება მართლაც გარკვეულწილად ზღაპარს ჰგავს, ზღაპარს, რომელშიც მთავარი როლი მამაჩემმა შეასრულა და შემდეგ მე გადმოვიბარე.
მე ბავშვობიდანვე სხვაგვარად ვაზროვნებდი. არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე სხვისი აზრი ჰქონდა გადმოღებული. ყველაფერზე საკუთარი შეხედულება მქონდა – იქნებოდა ის სწორი თუ მცდარი, ეს იყო ჩემი აზრი. ხშირად ჩემი შეხედულებები არც თანაკლასელებს მოსწონდათ და არც მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, წლების შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერში მართალი აღმოვჩნდი. აი, რას ნიშნავს 1927 წელს დაბადებული ადამიანის შვილობა! ვერცერთი მასწავლებელი ვერ შეედრებოდა მამაჩემის ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მისი ნასწავლი, მისი შეხედულებები და მისი ცხოვრებისეული გაკვეთილები ბევრად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ. მან ისეთი გამოცდილება გაიარა, რომლის წიგნში წაკითხვაც შეუძლებელია.
და სიმართლე რომ გითხრათ, მამაჩემის ასაკის გამო ვინმე რამეს ამბობდა თუ არა, ეს ნამდვილად არ მაინტერესებდა. იმდენ რამეზე დამცინოდნენ თანაკლასელები, რომ მამაჩემის ასაკზე ფიქრისთვის არც კი მცხელოდა. დამცინოდნენ ჩვენი გაჭირვების გამო. ჩემი წონის გამო. ჩემი სიმაღლის გამო. ჩემი გარეგნობის გამო… იმდენად დამაკომპლექსეს, რომ ეს ჩემს ცხოვრებაზე ძალიან მძიმედ აისახა. ყოფილა შემთხვევა, როცა გაკვეთილი რეალურად ვიცოდი, მაგრამ კლასის წინ ვერ ვყვებოდი. ავდგებოდი და სიტყვას ვეღარ ვამბობდი. არ მინდოდა, ჩემი ხმა ვინმეს გაეგონა.
ერთ პერიოდში გარეთ პირბადით სიარულსაც კი მივეჩვიე, რადგან არ მინდოდა, ვინმეს ჩემი სახე დაენახა. მაშინ მართლა ვფიქრობდი, რომ ძალიან მახინჯი ვიყავი. ეს კომპლექსები საკმაოდ გვიან გადავლახე – მაშინ, როდესაც ჩემი ნამღერი პირველად სხვამ ატვირთა და ხალხს ისიც კი არ სჯეროდა, რომ ეს ხმა ჩემი იყო.
დღესაც უცნაურად მეჩვენება, რამდენად დიდი გზა გამოვიარე იმ პატარა გოგოდან, რომელსაც საკუთარი ხმის გაგონებაც კი არ უნდოდა, იმ ადამიანამდე, რომლის მთავარი საქმე და სიყვარული დღეს სწორედ სიმღერაა.
ჩვენ ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობდით. მე, ჩემი და და მამაჩემი ნაგავსაყრელზე დავდიოდით, რათა ჯართი შეგვეგროვებინა. ხანდახან იქ ტანსაცმელს ან სათამაშოებსაც ვეძებდით. ეს იყო ჩვენი რეალობა, მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემი ბავშვობის ჯოჯოხეთი არც მამაჩემის ასაკი ყოფილა და არც ნაგავსაყრელებზე სიარული. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ჩემი კლასი იყო. არავის გასჩენია სურვილი, ყოფილიყო ჩემი დამცველი, ჩემი დამხმარე. არავის უფიქრია, რას გრძნობდა ის ბავშვი, რომელსაც ყოველდღიურად დასცინოდნენ და ამცირებდნენ. საბოლოოდ, ალბათ, მეც გავბოროტდი. ეს იყო თავდაცვის ფორმა. როცა მუდმივად გტკენენ, ერთ დღეს ან გატყდები, ან იძულებული ხდები, საკუთარი თავის დასაცავად გამკაცრდე. რამაც უფრო შეაძულა ჩემი თავი თანაკლასელებს, თუმცა ვცდილობდი, მაინც არ შემემჩნია და ვყოფილიყავი ირონიული. ძალიან რთულად, მაგრამ საბოლოოდ მათ თავი დავაღწიე. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც კოშმარი მესიზმრება, თითქმის ყოველთვის ის ჩემს სკოლაში ვითარდება. მაგრამ ნეტავ ვინმემ დღეს ისევ დამაბრუნოს იმ წლებში, თუნდაც, ისევ ნაგავსაყრელზე მომიწიოს სიარული, თუნდაც ისევ იმავე კლასში მოვხვდე... იმ წლებში მამაჩემი ცოცხალი იყო და ეს ყველაფერს გადაწონის. ჩემი მამა იყო ადამიანი, რომელსაც მე ლეგენდად მივიჩნევ. ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების იმედი იყო, პატრიოტი, თავის დროზე დაფასებული ადამიანი. დიდი ადამიანი, რომელიც ღარიბი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ სახელმწიფოსგან არაფერი მოიპარა. მან საკუთარი თანამდებობა და კარიერა ოჯახის გადასარჩენად დატოვა.
– რას ნიშნავდა თქვენთვის ასეთი დიდი ასაკობრივი განსხვავება მშობლებთან? რა მთავარი ღირებულებები ან ცხოვრებისეული გაკვეთილები ჩაგინერგათ მამამ?
– მასზე ცხოვრების ჯაფამ იმოქმედა. დაიღალა მუდმივი ბრძოლით, გაჭირვებით, იმ ფიქრით, რომ არაფერი გვქონდა და მაინც ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მე და ჩემს დას განათლება მიგვეღო. მამამ მასწავლა, რომ არასდროს გავითქვიფო სხვა ადამიანებში. რომ ადამიანს ყველაფერზე საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეს. იქნება ეს აზრი სწორი თუ მცდარი – ის უნდა იყოს შენი. მხოლოდ მაშინ შეგიძლია, ისწავლო, გაიზარდო და საკუთარი გზა იპოვო. მან მასწავლა, რომ არ უნდა ირბინო ყველას ნათქვამზე. არ უნდა იცხოვრო იმის მიხედვით, რას იტყვის ხალხი, რას მოიწონებს უმრავლესობა და რა არის სხვებისთვის მისაღები. ადამიანს უნდა შეეძლოს თქვას „არა“ იქ, სადაც ამის თქმა აუცილებელია. უნდა შეეძლოს მარტო დარჩენაც, თუ იცის, რომ მართალი არის. ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის მხარეს.
სხვებს კარგად ეცვათ, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩვენს სახლში იატაკიც კი არ იყო – საწოლები პირდაპირ მიწაზე გვედგა. ტალახით აშენებულ სახლში ვცხოვრობდით, სადაც წვიმის დროს წყალი თითქმის ყველა მხრიდან შემოდიოდა. ამიტომ, როდესაც ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ყველაზე მეტად მშობლების ასაკი კი არ მახსენდება, არამედ ის გაჭირვება, რომელშიც ვიზრდებოდით. მაგრამ დღეს ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად ვუყურებ. რადგან ის ბავშვობა, რაც მაშინ ძალიან მძიმე იყო, ჩემი ცხოვრების ნაწილია. იმ სიღარიბემ ვერ დაგვამარცხა და ვერ შეგვიშალა ხელი, რომ ცხოვრება გაგვეგრძელებინა.
ხშირად ვფიქრობ: ნაგავსაყრელიდან როგორ აღმოვჩნდი იქ, სადაც ყოფნას დღეს ბევრი ადამიანი ოცნებობს? ახლა რომ უკან ვიყურები, ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ამ გზაზე არავინ დამხმარებია. არავინ მოსულა და ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით მოვიპოვე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ეს გზა პატიოსნად გავიარე. ამიტომ, როდესაც მამაჩემისგან მიღებულ გაკვეთილებზე მეკითხებიან, შემიძლია ვთქვა, რომ მან ჩემთვის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა დატოვა.
– დედაზეც რომ გვიამბოთ – როგორი იყო მისი და მამას თანაცხოვრება და სიყვარულის ამბავი, როგორც ვიცი, მათ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო.
– დიახ, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, მაგრამ ისინი თანატოლებივით ცხოვრობდნენ. ჩემთვის არასდროს ყოფილა მათი ასაკობრივი განსხვავება რაღაც განსაკუთრებული ან შესამჩნევი. ერთ რამეს ნამდვილად ვიტყვი: ღმერთმა არავის გამოატაროს ის, რაც დედამ და მამამ ცხოვრებაში გადაიტანეს. განსაკუთრებით კი დედაჩემმა. ისინი 28 წელი იყვნენ ერთად, სანამ სიკვდილმა არ დააშორა. ამით კი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია. და კიდევ ერთი – მამაჩემი იმიტომ მიყვარს ყველაზე მეტად, რომ მას დედაჩემი უყვარდა ყველაზე მეტად.
– თქვენ ღიად ისაუბრეთ 1994 წელს მომხდარ ტრაგედიაზე, როდესაც სამშობიაროდან თქვენი ახალშობილი ძმის გაყიდვის ეჭვი გაჩნდა, ძმის, რომელიც გარდაცვლილად გამოგიცხადეს. როდის გაგიჩნდათ პირველად ეს ეჭვი და რა ინფორმაცია გაქვთ დღეს?
– ჩემმა მშობლებმა, დაახლოებით, ორი წლის შემდეგ, გაიგეს, რომ პირველ სამშობიაროში ბავშვებს ყიდდნენ და ამ ამბავში მაია მდივანსა და გორელიკს ასახელებდნენ. ისინი მაშინვე მივიდნენ სამშობიაროში და გარკვევა სცადეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. იმ პერიოდში არც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ და არც ისეთი რესურსი, რომ ბავშვის მოძიება სხვა გზით დაეწყოთ. ამიტომ, რამდენადაც არ უნდა სდომებოდათ, ვერ შეძლეს იმ პატარა ბიჭის ძებნა და საქმის ბოლომდე მიყვანა. დღესაც არ გვაქვს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვაზე – მართლა გარდაიცვალა თუ არა ჩემი ძმა. ახლა გენეტიკური ტესტი გავიკეთე და ველოდებით პასუხებს. იმედი მაქვს, რომ ეს ტესტი რაღაცას მაინც გაგვარკვევს. ვიპოვით თუ ვერა, არ ვიცი.
– როგორ უმკლავდებოდა დედა და მთელი ოჯახი ამ განცდას წლების განმავლობაში?
– არ ვიცი, რადგან მე შედარებით გვიან დავიბადე. დედაჩემმა მომიყვა, რომ როცა დავიბადე, არავის ატანდა ჩემს თავს. გვერდიდან არ მიშორებდა, რათა მეც არ წავეყვანე ვინმეს. ალბათ, ჩემმა დაბადებამ გადაატანინა ეს ტკივილი. თუმცა, როცა ვუთხარი, რომ იმ ბავშვის ძებნა დავიწყე და გენეტიკური ტესტიც გავიკეთე, სიხარულისგან ცას ეწია.
მამაჩემმაც 89 წლის ასაკში ჯაჯანიძის შოუში გააჟღერა ამ ბავშვის შესახებ, იქნებ ვინმე შეგვეხმიანოსო, თუმცა – უშედეგოდ. ის ბიჭი ახლა 32 წლის უნდა იყოს. იმედია, ცოცხალია და შევხვდებით.
– როგორც ვიცი, 70 წელს გადაცილებული და-ძმაც გყავთ, ალბათ, მამის პირველი ქორწინებიდან. როგორია ამდენად განსხვავებული ასაკის და-ძმასთან ურთიერთობა?
– დიახ, მყავს, თუმცა ჩემთვის ასაკობრივი სხვაობა ადამიანთან ურთიერთობაში არასდროს ყოფილა ბარიერი. ალბათ, სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩემს მოსწავლეებთანაც ძალიან მარტივად ვპოულობ საერთო ენას. ბავშვებთან ბავშვივით ვარ, უფროს ადამიანებთან კი ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებით ვურთიერთობ. ჩემთვის ასაკი, უბრალოდ, ციფრია. მე ასე ვფიქრობ: ადამიანი 15 წლის ასაკში ისეთივე ადამიანია, როგორიც 40 ან 60 წლის ასაკში. უბრალოდ, წლების მატებასთან ერთად მეტი გამოცდილება ემატება. ხასიათის ძირითადი ნაწილი, შეხედულებები, ადამიანებთან დამოკიდებულება – ეს ყველაფერი ასაკთან ერთად შეიძლება, დაიხვეწოს, მაგრამ ადამიანი თავისი არსით იგივე რჩება.
– ირმა, თქვენს ოჯახში ხანდაზმულ ასაკში შვილების შეძენა თითქოს საგვარეულო ტრადიციასავით არის – ერთ-ერთ პოსტში აღნიშნეთ, რომ ბაბუათქვენს 102 წლის ასაკში შეეძინა შვილი. თუ ეს სიმართლეა, ვფიქრობ, მისი ამბავი ძალიან საინტერესო ისტორია იქნება ჩვენი მკითხველისთვის…
– ამას ბედისწერა უფრო ჰქვია, ვიდრე ტრადიცია. ყველა ადამიანის დაბადება უფლის ნებაა. ზუსტად ასაკი არ ვიცი, მაგრამ მამაჩემის დიდი ბაბუა მამაჩემზე დიდი იყო, როცა შვილი შეეძინა. ეს ამბავი გადმოცემით ვიცი და ინტერვიუში ვერ გეტყვით ტყუილს, 102 წლის იყო თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. მამაჩემს აქვს მოყოლილი, თუმცა, დეტალები არ მახსოვს. ამიტომ, არ მინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო.
– რამდენად სასიამოვნოა დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნა?
– საკმაოდ სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები გცნობენ, შენს სიმღერებს უსმენენ, მოდიან შენთან, გეფერებიან, გეხუტებიან. განსაკუთრებით მაშინ მიხარია, როდესაც ჩემზე პატარა ბავშვები და ჩემზე უფროსი ადამიანები მცნობენ და სითბოთი მხვდებიან.
სიმართლე რომ გითხრათ, ამ ყველაფრის პარალელურად, ბავშვობის შიშები მაინც გამომყვა. დღესაც ხშირად სათვალითა და პირბადით დავდივარ, რადგან არ მინდა ვინმემ მიცნოს. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა. ალბათ, სადღაც ჩემში ისევ ის ძველი შიშია – რომ ვინმე შემომხედავს და იტყვის: „რა მახინჯია“, ,,რა მსუქანია” და ასე შემდეგ. ზუსტად ის შიში, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ალბათ, ამაში ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში ეს კომპლექსები შემიქმნეს, დღეს საერთოდ არაფერს წარმოადგენენ. ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ, უფალმა სწორედ ამიტომ დამაყენა მათზე მაღლა, არა იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონო ან ვინმეს რამე დავუმტკიცო, არამედ იმისთვის, რომ თავად დამენახა: ადამიანის დაცინვა და სხვისი სიტყვა ვერ განსაზღვრავს იმას, თუ სად შეიძლება, მოხვიდე ცხოვრებაში. მე კი იმ ადგილას ვარ, სადაც მაშინ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აღმოვჩნდებოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





