შოუბიზნესი

მარიკა თხელიძე: ოცი წელი ველოდი ამ დღეს და დადგა

№43

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:21

მარიკა თხელიძე
დაკოპირებულია

მომღერალი მარიკა თხელიძე, ისევ ისეთი პატარა გოგონას ასოციაციას ტოვებს, როგორიც წლების წინ გვახსოვს. არადა, დღეს ის 38 წლისაა, ორი შვილის დედა, საოცრად გამოიყურება და როგორც თავად ამბობს, ბოლო ორი წელია, საკმაოდ შეიცვალა და გაიზარდა. მის სასცენო კარიერაში მთელი ოცი წელი პაუზა იყო, თუმცა, ახლახან ახალი სიმღერა ჩაწერა, კლიპიც გადაიღო და სულ მალე მის გრანდიოზულ პრეზენტაციას გეგმავს.

მარიკა თხელიძე: წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი გადაფასებაც მოხდა. ამ ბოლო პერიოდში თვითონ ჩემშიც ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა – დავდექი პიროვნული განვითარების გზაზე, ანუ ცნობიერების ამაღლების გზაზე და ამ თემაზე ბევრ წიგნს ვკითხულობ. არსად მითქვამს და ახლა თქვენ გეტყვით, რომ დავდივარ ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპიებზე, რომელსაც ლევან რამიშვილი ატარებს. ეს არის საოცრება, რადგან სუნთქვის საშუალებით გეხმარება ქვეცნობიერთან ისეთ სიღრმეში შეხვიდე, რომ თუ რამე ბლოკები, ტკივილი ან ტრამვები გაქვს, განიდევნოს შენგან, უფრო სხვანაირად და მარტივად შეხედო რაღაცებს. თან, წავიკითხე სასწაული წიგნი – „რადიკალური პატიება“, რომელმაც ჰოლოტროპულ სუნთქვით თერაპიასთან ერთად, ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ბოლო ხუთი წელია, ძალიან ძლიერ ემოციურ ტკივილს ვებრძოდი, რომელსაც ვერაფერი მიშუშებდა. მყავს მამაო და ლოცვით მინდოდა, გულით მიმეტევებინა იმ ადამიანებისთვის, ვისგანაც გული მქონდა ნატკენი. სხვათა შორის, ვამბობდი: არასოდეს ჩემს არაკეთილისმსურველს სანთელს არ დავუნთებ-მეთქი და ღვთის წყალობით, ღმერთმა მომცა ის ძალა, არაერთხელ დამენთო მათთვის სანთელი. მოკლედ, სხვანაირად, სხვა ჭრილში შევხედე მოვლენებს, ურთიერთობებს, მოვლენათა განვითარებას და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს მსოფლმხედველობაში. და, დამიჯერეთ, ყველა იმ ადამიანს, ვისზეც წყენა მქონდა ან გულის ტკივილი და ვერ ვპატიობდი, იმ წიგნის წაკითხვის მერე და ჰოლოტროპულ თერაპიებს რომ დავესწარი, ვცდილობ, მათ ვაპატიო. ახლახან, ყაზახი ბიჭის, ამ საუკუნის ნამდვილი მოვლენის, ტრენინგებზეც ჩავეწერე, რომელიც ცხოვრებისეულ რაღაცებს ისე ხსნის და საუბრობს, თუ გინდა, არ ტკეპნო ერთი ადგილი, ერთ წრეზე არ იარო, განვითარდე და წინ წახვიდე, ძალიან კარგია მისი მოსმენა. სულ მქონდა კითხვა: რატომ მემართება ასე, სულ ერთი და იგივე წრეზე რომ დავდივარ-მეთქი. მოკლედ, ამ ყველაფერმა დამაფიქრა, გავთავისუფლდი და მივხვდი: რაღაცების მიმართ მიმღებლობა არ მქონდა. მე მეგონა, მქონდა და რომ დავაკვირდი – თურმე, არა. ალბათ, ხშირად გვითქვამს: მიყვარს და ვაპატიე, მართალი ვარ და ვაპატიე... ამას ფსევდოპატიება ჰქვია, თორემ შინაგანად ხომ ილექება – პატიობ, მაგრამ იქ, შიგნით რჩება და გაწუხებს კითხვები: რატომ გამიკეთა, არ ვიყავი ღირსი... ამაზე აღარ ვფიქრობ, რადგან ჩემს თავსაც ვაპატიე, თუ რამეს ვერ ვპატიობდი და იმ ადამიანებსაც და საერთოდ, სხვანაირად შევხედე ყველაფერს. დღეს, მართლა გულწრფელად ვამბობ, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გული მატკინა, მიღალატა და ასე შემდეგ... რომ არა ეს ადამიანები, მე დღეს ჩემი თავის ასეთი ვერსია ვერ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. ვერც პიროვნულად გავიზრდებოდი, ვერც ამ გზაზე დავდგებოდი, ვერც ამ თვალით შევხედავდი მოვლენებს და ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებდი. იმ წიგნის წაკითხვის მერე, ძალიან ბევრ კითხვაზე გამეცა პასუხი, იმდენად სხვა რაკურსით შემახედა ცხოვრების, ადამიანების, ურთიერთობების მიმართ. სხვანაირად დავფიქრდი და ჩემი ცნობიერებაც ნელ-ნელა შეიცვალა.

– როგორც მივხვდი, ეს ყოველივე ემოციების მართვის სწავლაში დაგეხმარა.

– თავისთავად, ემოციის მართვაც არის და თან, სხვანაირად ხედავ შენს ცხოვრებაში მოსულ ადამიანებს, ხვდები, რა დანიშნულება აქვთ, რატომ მოვიდნენ. ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებ და ყველა ის ადამიანი უნდა მიიღო, როგორც შენი გაკვეთილი, გამოცდილება. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მეორე წიგნმა – „გაბედე იყო მიუღებელი“, რომელიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ადამიანმა თეორიულად, თითქოს, იცი ეს ყველაფერი, მაგრამ დეტალებს არ უღრმავდები. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ კი, ძალიან ბევრ დეტალს ჩავუღრმავდი, და კიდევ ვამბობ, ამ ყველაფერთან ერთად, ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიაც ძალიან დამეხმარა. ბოლო პერიოდში, სულ განვიცდიდი და ვამბობდი: როგორ შეიძლება, ვეზიარო, ვილოცო და ადამიანს ვერ ვაპატიო-მეთქი. სულ ვევედრებოდი ღმერთს: ძალა მომეცი, ადამიანებს წყენა ვაპატიო. არ აქვს მნიშვნელობა, იმ კონკრეტულ ადამიანებთან აღვადგენ თუ არა ურთიერთობას, ჩემთვის მთავარი ჩემი მხრიდან პატიება იყო და ეს გამომივიდა. ცხოვრებას სხვანაირი თვალით შევხედე, ნაკლებად ვღიზიანდები სხვაზე, უფრო გაცნობიერებულად ვეკიდები რაღაცებს და აღარ მწყინს. ადრე არაფრის გატარება არ შემეძლო, ყველა დეტალზე მტკიოდა გული, იმდენად, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მექმნებოდა.

– საამაყოა, როცა გმირი მამის შვილი ხარ, მაგრამ ძალიან რთულია 5 წლიდან ატარო ობლის სტატუსი. როგორ ფიქრობ, მამა რომ შენ გვერდით ყოფილიყო, დღეს როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?

– არ ვიცი, მამამ 27 წლის ასაკამდე როგორ შეძლო ამდენი სითბოს, სიყვარულისა და სახელის დატოვება. ბევრი მეგობარი ჰყავდა და დღემდე უდიდეს პატივს სცემენ. სად უნდა წავიდე, რომ არ გამოჩნდეს მისი ნაცნობი და მამა არ მოიგონოს: იცი, ნიკუშა როგორი ადამიანი იყოო. მართლა სიკეთის ადამიანი იყო მამა, მეგობრობისა და გვერდით დგომის მაგალითი. გული მწყდება, რომ დღეს მამა გვერდით არ მყავს, რადგან ჩემი და დედას ცხოვრებაც ბევრად სხვანაირი იქნებოდა, ბევრი რამ აგვცდებოდა, დიდი ძალა იქნებოდა. რა თქმა უნდა, მამაჩემისნაირი კაცის შვილობა დღესაც დიდი ძალაა ჩემთვის, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, უფრო დიდი ძალა იქნებოდა და ბევრ იმ განსაცდელს შემიმსუბუქებდა ან ამარიდებდა, რაც დედასთან ერთად გამოვიარე.

– ბავშვობის მეგობრები ყველაზე სანდო ადამიანები არიან. ისეთები, მათთან ურთიერთობამ დროს რომ გაუძლო, სულ გვერდით არიან და შენს ტკივილს, დარდს თუ სიხარულს იზიარებენ. რამდენად შემოგრჩნენ ბავშვობის ასეთი მეგობრები?

– სხვათა შორის, ვინც შემომრჩა, ყველა ბავშვობის მეგობარია და მადლობა ღმერთს მათი არსებობისთვის. ერთგული, სანდო, გვერდით მდგომი, საოცარი ადამიანები არიან და რაც თავი მახსოვს, ისინი სულ ჩემ გვერდით არიან. რა თქმა უნდა, რომ იზრდებიან ადამიანები, ცხოვრებისეული შეხედულებებიც იცვლება, დამოკიდებულებაც, აღარ ხვდება აზრების თანხვედრა და გზები იყოფა. ზოგადად, ასეთი ხასიათი მაქვს, რომ ადამიანს ჩხუბში არ ავყვები, კონფლიქტის მომხრე არ ვარ.

ბევრჯერ ადამიანი თავის თავთან, თავის ბრაზთან და თავის დამოკიდებულებაში მარტო დამიტოვებია და ყურმილი არ ამიღია მასთან სასაუბროდ და არც კომენტარი გამიკეთებია. რა თქმა უნდა, თუ ის ადამიანი მიღირს, ყოველთვის ვარკვევ ურთიერთობას, მაგრამ თუ არ იცვლება და დამოკიდებულებასაც არ ცვლის, ვთვლი, რომ არასწორია და ჩხუბის და კამათის გარეშე ვასრულებ ურთიერთობას.

– ნინი ქარსელაძე და თიკა ჯამბურია შენი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ვიცი, აღარ მეგობრობთ და რა მოხდა თქვენ შორის?

– ვისაც ბავშვობის მეგობრად მივიჩნევდი, ყველა გვერდით მყავს. მე, ნინი და თიკა სცენამ დაგვაკავშირა, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენი აზრები გაიყო, სხვადასხვა მსოფლმხედველობა ჩამოგვიყალიბდა, ცხოვრების მიმართ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. მე არ ვამბობ, რომელიმე ცუდი ვართ-მეთქი, უბრალოდ, შეხედულებები გაიყო და შესაბამისად, მოხდა ისე, როგორც მოხდა, მე ჩემს გზაზე ვარ, ნინი და თიკა კი – თავისაზე. რა თქმა უნდა, მათ მხოლოდ სიკეთეს, ბედნიერებას, განვითარებას, პიროვნულ ზრდას და ყველაფერ კარგს ვუსურვებ.

– მარიკა, მეორე კლიპი რომ გადაიღე, 15 წლის იყავი, მას შემდეგ პაუზა გქონდა და ახლა, ოცი წლის შემდეგ ახალი სიმღერითა და კლიპით ბრუნდები შოუ-ბიზნესში. ამდენი ხნის შემდეგ, რას უკავშირდება ეს გააქტიურება და რატომ გქონდა ამდენხნიანი პაუზა სასცენო კარიერაში?

– მართლა ოცი წელი ველოდი ამ დღეს. ისეთი ნიუანსები იყო ჩემს ცხოვრებაში, ერთი პერიოდი, საერთოდ აღარ მინდოდა სიმღერა, ერთი პერიოდი ხმაც დამეკარგა, სერიოზული პრობლემა მქონდა და ვიმკურნალე. სხვათა შორის, ერთი წლის წინ რომ ხმაზე პრობლემა შემექმნა, ვიფიქრე, აქ დასრულდა ჩემი სასიმღერო კარიერა-მეთქი და გული ჩაწყვეტილი მქონდა. კეთილთვისებიანი წანაზარდები აღმომაჩნდა. ვიმკურნალე მაგრამ არ ეშველა, ვიცოდი საოპერაციო ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, რადგან ვიცოდი სიმღერას სამუდამოდ დავემშვიდობებოდი. მოკლედ, მივედი ტაძარში, მამა გაბრიელისა და წმიდა ნექტარიოსის სარტყელი შემოვიხვიე ყელზე, რამდენიმე ტაძარი მოვილოცე. გავიდა დრო, მივედი ექიმთან და რომ ჩამხედა ყელში, არცერთი წანაზარდი აღარ მქონდა, გამქრალი იყო. მართლა სასწაული მოხდა ჩემს თავს – სასწაული მოახდინა მამა გაბრიელისა და წმიდა ნექტარიოსის სარტყელის ყელზე მოხვევამ. ერთი სიტყვით, ექიმთან ვიზიტის მერე, მომეცა სტიმული, პატარა მკურნალობა ჩავიტარე და ისევ დამიბრუნდა ჩემი ბავშვობის ხმა. დავიწყე სიმღერა საოცარ მომღერალ გოგოსთან, მარიამ ლიკლიკაძესთან და ამ ადამიანმა, თუ რამე შესაძლებლობა მაქვს, თითქოს „გახსნა“, ისეთი ხმა ამომაღებინა, რომელიც საერთოდ არ მეგონა, თუ მქონდა. ამისთვის უდიდესი მადლობა მას. შემდეგ, გავიცანი ზაზა ხუბუკელაშვილი, კომპოზიტორი ჩემი ახალი სიმღერის ავტორი. ვუთხარი, დაახლოებით, როგორი სიმღერა მინდოდა. ზუსტად მიხვდა და მალე დამიწერა. ირინა სანიკიძემ კი საოცარი ლექსი მოარგო. ჩავწერე სიმღერა და იმდენად მომეწონა, ვთქვი: მე ამაზე კლიპს გადავიღებ! სხვათა შორის, სულ ველოდებოდი ისეთ სიმღერას, საკუთარ თავს რომ იპოვი, კლიპის გადაღება რომ მოგინდება და ეს დღეს დადგა. მართლა ჩემზე მორგებული სიმღერაა და რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, პირველად დამემართა ასე, ჩავწერე სიმღერა, კლიპი გადავიღე და ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება ერქვას მას (იცინის). კლიპი აჭარაშია გადაღებული, მწვანე კონცხზე და ბათუმში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სასტუმრო „კასტელო მარეს“, რომელმაც მოგვცა საშუალება, კადრები მის ტერიტორიაზე გადაგვეღო. კლიპის რეჟისორია საოცრად ნიჭიერი ადამიანი, ლევან გაბაძე და სულ ორი დღე დაგვჭირდა მის გადასაღებად. ახლა კლიპი მონტაჟის პროცესშია და სულ მალე დიდი პრეზენტაციაც მექნება, სადაც ამ კლიპს წარვადგენ. მოვიწვევ ჩემს საყვარელ ადამიანებს და რომ მეუბნებოდნენ, ოცი წელი სად ხარო, ვეტყვი: აი, აქ ვარ! (იცინის). მეუბნებოდნენ: პატარა მარიკა, პატარა მარიკაო და ახლა გაზრდილ მარიკას შეხედავენ და მოისმენენ. მის ვოკალურ მონაცემებსაც შეაფასებენ, რადგან ბევრს ჰქონდა კითხვა ისევ ვმღერი თუ არა, ვაგრძელებ თუ არა სასცენო კარიერას და, საერთოდ, ბოლო ორი წელი იმდენად ტრანსფორმაციული იყო ჩემთვის, იმდენად შევიცვალე და შევცვალე ჩემს თავში, ცხოვრებაში სხვანაირ ჭრილში, უფრო განსხვავებული და გაზრდილი მარიკა დავბრუნდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი