ნუცა ხელაძე: 22-წლიანი სხვაობა გვაქვს, მაგრამ ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი ჩვენი ურთიერთობისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
სიყვარული, რომელიც საერთო ინტერესებითა და ინტელექტუალური სიახლოვით დაიწყო, დროთა განმავლობაში ღრმა და მყარ ოჯახურ ჰარმონიად იქცა. ნუცა ხელაძე გულწრფელად გვესაუბრა კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად გავლილ გზასა და ოჯახურ სიმყუდროვეზე.
ნუცა ხელაძე: ჩვენ უკვე სამი წელია, ერთად ვართ, უბრალოდ, ჯვარი ახლა დავიწერეთ. ერთმანეთი ოთხი წლის წინ, საერთო მეგობრების წრეში გავიცანით და მერე, როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდა დაკავშირება. თავიდან ლიტერატურისა და ისტორიის სიყვარული გვაერთიანებდა, მერე ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა და სამი წლის წინ ერთად დავიწყეთ ცხოვრება.
– სანამ პირადად გაიცნობდით, შორიდან მანამდეც გეცოდინებოდათ მის შესახებ. როგორი წარმოდგენა გქონდათ და რეალურად როგორი ადამიანი აღმოჩნდა?
– შორიდან ცოტა კუშტი და მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირია. პირად ურთიერთობაში ბევრად რბილი, თბილი, პოზიტიური და კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან კარგი იუმორი აქვს. მკაცრი იმიჯი აქვს, მაგრამ ახლობლების წრეში ასეთი ნამდვილად არ არის.
– სამეგობრო წრეში, თუმცა საფრანგეთში დაიწყო თქვენი ამბავი, არა?
– არა, ეს არასწორია. ერთმანეთი თბილისში გავიცანით. არ ვიცი, საფრანგეთის შესახებ ინფორმაცია საიდან გავრცელდა, ასე ნამდვილად არ ყოფილა.
– როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, რა იყო მთავარი, რაც თქვენი ურთიერთობის საფუძველი გახდა?
– თავიდან – ინტელექტუალური სიახლოვე, შემდეგ – მეგობრობა, საერთო ინტერესები. ის პერიოდი ცოტა უცნაურად მახსენდება. თავიდან მხოლოდ ინტელექტუალური საუბრები იყო და მერე ცოტა გამიკვირდა, რომ წავიდა ურთიერთობა სხვა მიმართულებით, მაგრამ ასე მოხდა.
– ბატონმა კონსტანტინემ ხელი როგორ გთხოვათ?
– ჩემთან მოვიდა სახლში ყვავილებითა და ნიშნობის ბეჭდით. სტანდარტულად და ტრადიციულად – კონსტანტინე ქართული ტრადიციული რიტუალების მოყვარული, დარბაისელი ადამიანია და ყველაფერი შესაბამისად იყო.
– როგორი აღმოჩნდა თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ოჯახური ცხოვრება ძალიან მშვიდი და სტაბილურია. ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი შვილი ცხოვრობს ჩვენთან ერთად, ასევე – ორი კატა და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ჩემს შვილს და კონსტანტინეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მეც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კონსტანტინეს შვილებთან. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.
– ეს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ფიქრობ.
– ვერა. ჩემი შვილი 17 წლის არის, აბიტურიენტია. ძალიან უპრობლემო ბავშვია, კონტაქტური, თბილი, კეთილი. კონსტანტინესთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რაც შეეხება კონსტანტინეს შვილებს, კონსტანტინესნაირი განათლებულები, კულტურულები და კარგი ადამიანები არიან. მეც ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. თავიდანვე ასე იყო, არცერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვქონია.
– თუმცა, ისინი ძირითადად, საქართველოში არ არიან.
– ზვიადი ფილოსოფოსია, გერმანიაში ცხოვრობს. დემეტრე აქ არის, ჩამოვიდა, კონსერვატორიაში კითხულობს ლექციებს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ურთიერთობა ყოველდღიური გვაქვს.
– თქვენი მეუღლე როგორი მეოჯახეა, როგორია სახლში?
– სახლში ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. მეოჯახეობაში თუ პრაქტიკულ საქმეებს ვიგულისხმებთ, ამასაც მშვენივრად ახერხებს, მაგრამ ძირითად დროს მაინც უფრო წიგნებთან ატარებს, თარგმნის, პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობს. როცა სახლშია, მაღაზიებშიც ერთად გავდივართ, ყველაფერში იღებს მონაწილეობას. სახლის საქმეებში ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ თუ რამეში დახმარებას ვთხოვ, სიამოვნებით მეხმარება. რა დოზითაც არის საჭირო, იმ დოზითაა ჩართული.
– ოჯახურმა თანაცხოვრებამ რა სიახლეები აღმოგაჩენინათ ერთმანეთში?
– აღმოჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ბევრად უფრო კარგი და პოზიტიურია, ვიდრე ცალ-ცალკე. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და ნამდვილად ასე ჯობს. ცალ-ცალკე უფრო ძნელი იყო. კონსტანტინე ძალიან კარგი ადამიანია, სახლში მართლა ძალიან პოზიტიურია, თბილი, კარგი მეოჯახე, კარგი ქმარი და ჩემი შვილისთვის კარგი მეგობარია.
– თქვენი მეუღლე და მთელი მისი ოჯახი, საზოგადოების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, რაც ბუნებრივია. ამ ოჯახისთვის ბედის დაკავშირება, ვფიქრობ, კიდევ რაღაც სხვა მნიშვნელობისაა. როგორი განწყობა გქონდათ, როცა თქვენმა ურთიერთობამ მიმართულება შეიცვალა?
– ძალიან ამაღლებული განწყობა მქონდა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ზვიადი განსაკუთრებულად მიყვარს. დედაჩემი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პატრიოტია, მან მე და ჩემი ძმა ზვიადისა და დიდი კონსტანტინეს განსაკუთრებული სიყვარულით გაგვზარდა. ზვიადის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, თუმცა ვფიქრობ, ეს არ გამომარჩევს, მგონი, ყველა ნორმალური ქართველისთვის ასეა, ზვიადის სიყვარულს განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ყველა პატრიოტ ქართველს, ვისაც უყვარს საქართველო, უყვარს ზვიადი, მერაბი, ილია ჭავჭავაძე... ეს ჩემთვის ისეა, როგორც ორჯერ ორი – ოთხი. გარდა ამისა, მე ძალიან მიყვარს კითხვა და ამ ოჯახს როგორც ლიტერატურათმცოდნე, ისეც ვაფასებდი, ეს ჩემი პროფესიაა. აქედან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, მისი ბიოგრაფია მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ რამე განსაკუთრებული სირთულე ამაში არ დამინახავს.
– თუმცა, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, თუ ამ ოჯახის რძალი გახდებოდით…
– კი, არის ეს მომენტი… საერთოდ მჯერა, რომ შემთხვევით ცხოვრებაში არაფერი ხდება. ალბათ, რაღაც მხრივ დავიმსახურე. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ბედისწერამ მომიყვანა აქამდე. ალბათ, არის ამაში თავისებური საზრისი, რასაც მოგვიანებით უკეთ დავინახავ და გავიაზრებ.
– ასაკობრივ სხვაობაზე მინდა გკითხოვთ, როგორც ვიცი, 22-წლიანი სხვაობა გაქვთ, როგორ მოქმედებს ეს ურთიერთობაზე?
– კი, 22-წლიანი სხვაობა გვაქვს: მე 43 წლის ვარ, კონსტანტინე — 65-ის. ამ სხვაობის გამო განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს ვგრძნობ. თავიდან, როცა რიცხვები გავიაზრე, ცოტა ძნელი იყო, მაგრამ რიცხვები რიცხვებად დარჩა, მეტი არაფერი. ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი ჩვენი ურთიერთობისთვის. უბრალოდ, გამიკვირდა, რომ საერთოდ წამოვიდა ეს ინიციატივა. სხვანაირად მეგონა, ვფიქრობდი, მეგობრებად დავრჩებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა.
– როგორც ვხვდები, მოულოდნელი იყო ეს ინიციატივა თქვენთვის.
– ძალიან მოულოდნელიც არ იყო, მაგრამ მაინც რომ ვერ იჯერებ... ჩემგანაც იყო რაღაც, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი… მერე ჩვენი მეგობრობა უცებ გადაიზარდა სიყვარულში.
– თქვენ როგორ გაარღვიეთ გარკვეული ბარიერი?
– მან რომ მითხრა, მეც ავყევი ემოციებს და დიდი ბარიერი აღარ მქონია. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. თითქმის ერთდროულად. ფიქრისა და ანალიზისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. უფრო ემოციური იყო და ვფიქრობ, სწორიც. თავისთავად განვითარდა მოვლენები. პირად ურთიერთობებში ყველაფერს ახსნა არ აქვს და ალბათ, არც არის საჭირო.
– თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებაც მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს…
– ამჟამად ფინანსთა სამინისტროში ვმუშაობ, სახაზინო დეპარტამენტში. პროფესიით ლიტერატურათმცოდნე და ფინანსისტი ვარ, ორივეში მაგისტრის ხარისხი მაქვს და ამჟამად სადოქტოროზე ვმუშაობ ორივე სფეროში. ზოგადად, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს საბანკო და საფინანსო საქმიანობაში. ვფლობ ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს – ძირითადად, ეს არის.
– როგორც თქვით, თავიდან ინტელექტუალური საუბრები გქონდათ. რა იყო თქვენი საერთო ინტერესი?
– ლიტერატურა, რაც როგორც გითხარით, ჩემი პროფესიაა და საქართველოს ისტორია, რაც ძალიან კარგად ვიცი. აღმოჩნდა, რომ კონსტანტინე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსია. ეს საუბრები ჩვენი ურთიერთობის ძალიან საინტერესო მხარე იყო. თავიდან ჩემთვის ეს იყო ინტერესის სფერო. როგორც იცით, კონსტანტინე ძალიან ინტელექტუალურია და მას საოცრად საინტერესო დიალოგები ახასიათებს. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილების, ცოდნისა და ღრმა ანალიზის საშუალება იყო. ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი საუბრები გვქონდა. კონსტანტინესთან ნამდვილად არ მოიწყენ.
– რამდენად რომანტიკული ადამიანია?
– ძალიან რომანტიკულია. უყვარს ლექსების წაკითხვა, მოძღვნა. ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე ყვავილებს მჩუქნის, მაგრამ ხანდახან ესეც არის – ზომიერად. ზოგადად, კონსტანტინე ძალიან ზომიერი ადამიანია, გრძნობების გამოხატვაშიც, ურთიერთობაშიც, კითხვა-პასუხშიც, რაც ვფიქრობ, რომ ურთიერთობას უხდება.
– რა არის თქვენი საყვარელი აქტივობა?
– მოგზაურობა. რაც შეიძლება, მეტი ქვეყნის მონახულება. კონსტანტინესთან ერთად ეს განსაკუთრებით მიყვარს.
– და ბოლოს, რამდენად კომფორტული აღმოჩნდა თქვენთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა?
– ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. გააზრებული მაქვს, რომ შეიძლება, ვინმემ რამე უარყოფითიც დაწეროს. საერთოდ, ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





