შოუბიზნესი

ლაშა ონიანი: მეორე-მესამე კლასში უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00

ლაშა ონიანი
დაკოპირებულია

მსახიობი და რეჟისორი ლაშა ონიანი ადრეულ ასაკში დაწყებულ კარიერაზე, პირველ ჰონორარებსა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე გვესაუბრა. რატომ არ უნდა შეცვალოს ფულმა ადამიანის ხასიათი, როგორი მხარჯველია ის და რა არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლაშა ონიანი: 5 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ქუთაისში დავიბადე და 6 კლასის დამთავრების შემდეგ ოჯახით თბილისში გადმოვსახლდით. იმ წლებში, როცა ქუთაისში ვიზრდებოდი, ქუთაისის ოპერის თეატრში იყო ასეთი სპექტაკლი – „მთების გული“, რომელშიც მეორე კლასში სწავლისას, მეც ვმონაწილეობდი და ხელფასი მქონდა – სპექტაკლში 4 მანეთს ვიღებდი (იცინის). პარალელურად, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ვთამაშობდი სპექტაკლში – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და აქ სპექტაკლში 6 მანეთს ვიღებდი. ეს სპექტაკლები თვეში 4-5-ჯერ იდგმებოდა და მეორე-მესამე კლასში უკვე ასეთი შემოსავლები მქონდა (იცინის).

– გახსოვთ, რაში იყენებდით თანხას?

– მაშინ ყველაზე კარგი სასმელი ლიმონათი იყო – სკოლის მეგობრებთან ერთად მივდიოდით ლიმონათის დასალევად და ჩებურეკის საჭმელად ან საღეჭ რეზინას ვყიდულობდი სამეგობროსთვის. სხვათა შორის, მაშინ 4 მანეთი არ იყო პატარა თანხა, ასანთის კოლოფი 1 კაპიკი ღირდა. „დათუნია“ შოკოლადები, ორცხობილები... მოკლედ, ყველაფრის საშუალება მქონდა (იცინის).

სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ჩავაბარე. პირველ კურსზე ვიყავი, როცა შალიკაშვილის თეატრში აგვიყვანეს და ცოტა ხანში ნახევარ განაკვეთზე ხელფასი დაგვინიშნეს. რაც შეეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას – სტიპენდიანტი ვიყავი და ამ ნახევარგანაკვეთიან ხელფასთან ერთად, ჯამში 110 მანეთი გამომდიოდა. ეს კარგი შემოსავალი იყო – ბევრ სამსახურში 70 მანეთი ჰქონდათ ხელფასი. იმ ეპოქაში ყველაზე დიდი ხელფასი 240-300 მანეთამდე მერყეობდა, ეგეც თუ დიდი ორგანიზაციის დირექტორი იყავი. მე 110 მანეთით გავატარე სტუდენტობა.

– რადგან პატარა ასაკშივე გქონდათ შემოსავალი, მშობლები რას გასწავლიდნენ ფულთან მიმართებით?

– მე და ჩემი და-ძმა ისე გავიზარდეთ, რომ მშობლებს მაგიდაზეც რომ დაეტოვებინათ ფული, ხელს არ მოვკიდებდით – დაუკითხავად არაფრით ავიღებდით და თუ რამის შეძენა გვინდოდა, მათ პირდაპირ ვეუბნებოდით.

ერთხელ, მეხუთე კლასში ვიქნებოდი, სკოლიდან მომავალმა გზაზე დაგდებული გადაკეცილი კუპიურები დავინახე. ავიღე, 35 მანეთი აღმოჩნდა. ავიღე, პირდაპირ სახლში წავიღე და მაგიდაზე დავდე. მშობლებმა გაოცებულებმა შემომხედეს – საიდან ამდენი ფულიო. რომ ვუთხარი, ცოტა დაეჭვდნენ და იმის შიშით, სადმე „ხელი ხომ არ წამიცდა“, ათასნაირი გამოკითხვა ჩამიტარეს (იცინის).

საერთო ჯამში, ჩვენს ოჯახში ფულთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტები არ კეთდებოდა. დანიშნულებისა და საჭიროების მიხედვით გვაძლევდნენ, სხვა შეხება არ გვქონია თანხასთან. ბავშვობიდან ვცეკვავდი და, ბუნებრივია, გასტროლზე რომ მივდიოდი, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, მშობლები მატანდნენ თანხას და მერე ამით საჩუქრებს ვყიდულობდი ხოლმე ოჯახის წევრებისთვის. რომ წამოვიზარდე, უკვე ჩემი შემოსავლით დავიწყე ყველაფრის ყიდვა. გამიზნულად ფულის მოგროვება რამის საყიდლად ჩემი მიზანი არ ყოფილა.

– საერთოდ, როგორი მხარჯველი ხართ?

– მხარჯველი როგორ არ ვარ (იცინის)! მთელი ცხოვრება გზაზე ვარ. ხან რომელი მეგობარი შემხვდება, ხან რომელი – ხან თბილისში, ხანაც ევროპასა თუ ამერიკაში, სადაც ვარ. ვხარჯავ შეძლებისდაგვარად. მსახიობი ვარ, ბიზნესმენი არა, რომ უთვალავი ფული მქონდეს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვხარჯავ – ხან მე და ხან ისინი, ერთმანეთისა და ახლობლების პატივისცემა გვიყვარს. ხან პატარა ბანკეტია, სუფრა... და ახლობელი ადამიანები რომ მოგენატრება, ასეთ დროს დახარჯვა ღირს კიდეც.

– შეგიძლიათ, შემოსავალი თვიდან თვემდე ზუსტად გადაანაწილოთ თუ სიამოვნებისთვის ბოლო თეთრსაც არ დაინანებთ?

– არა, ბოლო თეთრი არ მენანება ხოლმე, მაგრამ მთლად ბოლო თეთრამდე აღარ მივდივარ – დროც თავისას შვრება (იცინის). შვილები გყავს... ოჯახი და ბუნებრივია, პასუხისმგებლობები გაკისრია ადამიანს, ამიტომ თანხის ნაწილს აუცილებლად ვდებ შესაბამისი ხარჯებისთვის. არის თანხა, რომელიც ჯიბეშია – ის ვერ გადარჩება დახარჯვას (იცინის).

ასევე, არსებობს თანხები დახმარებისთვის. ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც ფინანსური თანადგომა სჭირდება. სამკურნალო თანხას ვერ გაიღებ – ათასები ჯდება, მაგრამ ყოველდღიური ხარჯი იქნება, ექიმთან მისასვლელი, გამოკვლევისთვის და ასე შემდეგ... ასეთი ყულაბაც არსებობს, რომ შეგეძლოს ვინმეს ხელი გაუწოდო. როცა დიდი ბიზნესმენი ხარ და შესაძლებლობები გაქვს, შენი ამ დანიშნულების ყულაბა დიდი უნდა იყოს.

– რა არის თქვენი ყველაზე კარგი დაბანდება და ისეთიც, რაზეც მერე გიფიქრიათ, რომ „ფული გადაყარეთ“?

– ჩვენს ქვეყანაში არ არის დიდი ჰონორარი. ევროპასა და ამერიკაში, როცა კარგად იხდიან, ვერ ვიტყვი, რომ არასწორად ვხარჯავ. ევროპაში ვცხოვრობ და საკუთარი სახლი მაქვს. არის პერიოდები, როდესაც შემიძლია, სრულად დავფარო ბანკის ვალი – ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. 35 წელია, იქ ვცხოვრობთ და ოჯახისთვის საკუთარი სახლი მნიშვნელოვანია. შვილებიც წამოიზარდნენ: ერთი დაოჯახდა, ცალკე ცხოვრობს, თავისი სახლი აქვს; მეორე ჯერ 24 წლის არის და ალბათ, მოიფიქრებს რამე სასიკეთოს. იქ არის ამის საშუალება – შეგიძლია სესხიც აიღო და მერე ნორმალურად გაისტუმრო, ვალში არ ჩაგაგდებს არც ბანკი და არც სახელმწიფო. საქართველოში ეს თემა საწვალებელია – სესხი რომ აიღო და საქმე გაგიჩერდეს, ვერ ხარ დაზღვეული, არაპროგნოზირებად ქვეყანაში ვართ. საქართველოში ჩემი სახლი მაქვს ქალაქგარეთ, სადაც ვცხოვრობ, როცა ჩამოვდივარ, და იმ სახლის შენახვაც გარკვეული თანხა ჯდება. საკუთარ სახლსა და ეზოს მუდმივად მოვლა სჭირდება, რაც ხარჯების გარეშე არ გამოდის: ხან რა არის მისახედი, ხან – რა. ეს არის, თორემ თანხის დაბანდება ნაკლებადაა საჩემო.

რაც შეეხება „ფულის გადაყრას“, პირადად მე – არა, მაგრამ მეგობარს დავეხმარე და ცუდად დამთავრდა ის საქმე. ახლა საქართველოში მშენებარე კორპუსში ბინის შეძენის ტენდენციაა: ჯერ საძირკველიც არ არის გაჭრილი, როცა შენ უკვე მეშვიდე სართულზე ყიდულობ ბინას და ფულის გადახდას იწყებ. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია, მაგრამ ჩემმა მეგობარმა იყიდა ასე და რაღაც მონაკვეთში მივეხმარე ფინანსურად. თან სულ ყველას ვეუბნები, ჰაერში რატომ იხდით თანხას-მეთქი. გეუბნებიან, აუცილებლად დამთავრდებაო, მაგრამ ის ერთი ფრაგმენტი არ დამთავრდა და საქმის შემსრულებელი საერთოდ აღარ არის საქართველოში. რა თქმა უნდა, უკან არაფერი მომითხოვია მეგობრისთვის – თვითონ ისეთ მდგომარეობაში იყო, თავში ირტყამდა ხელს. ნამდვილად გულდასაწყვეტია, ასეთი რამეები რომ ხდება. მხოლოდ ის კი არა, უამრავი ადამიანი იყო იმავე დღეში.

– თქვენი დაკვირვებით, ფული ცვლის ადამიანებს?

– კი, თან ძალიან ცვლის. შეიძლება, მასაზე არ თქვა, რომ „კაცობაში ეშლებათ“, მაგრამ ბევრს შეეშალა. როცა ადამიანი ბიზნესით არის დაკავებული, იმას, უნდა თუ არა, ფულზე უნდა იფიქროს, მხოლოდ დახარჯვასა და სიამოვნებაზე კი არა, ბიზნესის გამართულ ფუნქციონირებაზე. სანამ კარგ სახლამდე და მანქანამდე მიხვალ, ძალიან ბევრი სანერვიულო და საშრომია. „ფულის მეტი რა აქვს და რა ენაღვლება“ – ასე ადვილი არ არის, როგორც იციან ხოლმე შეფასება, მაგრამ რაც შეეხება მიუღებელ ცვლილებას, შემოსავლის გაზრდასთან ერთად ხასიათი და თვისებები არ უნდა შეიცვალო ოჯახის, სამეგობროს და, ზოგადად, არავის მიმართ. ფულმა კისერი არ უნდა გაგიზარდოს სიგრძეში. ადამიანს ისეთი განცდა არ უნდა ჰქონდეს, იმდენი იშოვა, რომ მიუწვდომელი და უკარება გახდაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი