ვისთან შეხვედრამ განსაზღვრა დოდონა ნამორაძის გზა და რა ოცნება აუსრულა მან საკუთარ თავს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელმა განსაზღვრა მომღერალ დოდონა ნამორაძის წარმატება, რა მომენტმა შეცვალა მისი ცხოვრება და როგორ ზრუნავს ის საკუთარ პიროვნებაზე, ამას მისგან შეიტყობთ.
დოდონა ნამორაძე: თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. მათ ყველანაირად შემიწყვეს ხელი როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ განვითარებაში. გამიმართლა იმაშიც, რომ მუსიკალურ ოჯახში დავიბადე: მამა კლარნეტისტია, ბებია, ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, ბაბუა ოპერის ორკესტრში უკრავდა ალტზე და ბავშვობიდან ახლო შეხება მაქვს მუსიკასთან, რაც ძალიან დამეხმარა.
საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასიამოვნო დამთხვევა მოხდა. სწორ დროს სწორ ადამიანს შევხვედრილვარ, თითქოს, იმისთვის, რომ ჩემთვის გზა გაეკაფათ. როდესაც ბერძნულ „ვოისში“ ვმონაწილეობდი, ავთანდილ მიქაბერიძემ, იქაური „კავკასიის ემიგრანტთა ცენტრის“ თავმჯდომარემ, გია ბაღაშვილი გამაცნო და ამის შემდეგ აღმოვჩნდი „იუმორინაში“. ასე დაიწყო ჩემი კარიერა საქართველოში. რომ არა ეს შეხვედრა, არ მოხდებოდა ის ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა. ესეც დიდი იღბალია, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა სასიკეთოდ შეცვალა.
– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ, მაგრამ ლიმიტირებულად, ანუ, მანამ, სანამ შრომა სიამოვნებას მანიჭებს. თავის ძალიან გადაღლა არ მიყვარს. სანამ მუსიკალურ სფეროში გადმოვიდოდი, ბიზნესვუმენი ვიყავი, ჩემი ტურისტული სააგენტო მქონდა. იმ პერიოდში 4 საათი მეძინა და 20 საათი ვმუშაობდი იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია წინ წამეწია.
რაც შეეხება მუსიკას, ხალხს ჰგონია, რომ მუსიკოსობა ძალიან მარტივია, მხოლოდ სიამოვნებასთან ასოცირდება და ამას დამღლელი შრომა არ სჭირდება. ასე ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი შრომა გვიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემს კარიერას არ ვუყურებ, როგორც სამუშაოს. ეს მე იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ შემიძლია, მთელი დღე ვიმღერო და ეს მივიღო, როგორც ცხოვრების წესი, თუმცა, თან ძალიანაც არ გადავიღალო თავი.
– სიზარმაცის გამო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თუ დაგიკარგავთ?
– ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ფილიპინებზე ცხოვრებისას მოცემული შანსი არ გამოვიყენე. მე ორენოვანი ვარ, ინგლისურად ისე ვსაუბრობ, როგორც ქართულად. ასევე, ვიცოდი ფილიპინური ენაც. იქ ექვსწლიანი ცხოვრებისას, ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან 66 სხვადასხვა ქვეყნიდან. შემეძლო, კიდევ ორი ენა მაინც მესწავლა, მით უმეტეს, რომ ენების სწავლაში საკმაოდ ნიჭიერი ვარ. სამწუხაროდ, დამეზარა, მაშინ, როცა მამაჩემმა 8 ენა იცის და ეს ჩვენი ოჯახური ნიჭია.
– გქონიათ მომენტი, როცა ძალიან ბევრი იშრომეთ, მაგრამ ის არ გამოვიდა, რაც საჭირო იყო?
– სამწუხაროდ, კი. ეს ცოტა ადრე მოხდა, მაგრამ ამაზე საუბარი დიდად არ მიყვარს. ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ გამოცდილებამ. ისე რომ გამოსულიყო, როგორც მაშინ მინდოდა, დარწმუნებული ვარ, დღეს უფრო პატარა სცენაზე ვიდგებოდი. ამიტომ ყველაფერი მაინც კარგად წავიდა. შრომის მიუხედავად, რაღაც რომ არ გამოგვდის, ესეც იღბალია, რადგან ამას სხვა, მაგრამ უკეთეს გზაზე მიჰყავხარ. არის მომენტები, რომლებიც შენ უიღბლობა გგონია, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად მაშინ ვლინდება შენი იღბლიანობა.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ საკუთარი თავის მოტივირებაში?
– ჩემი მშობლები რომ მიყვებიან ჩემი ძალიან პატარაობის ისტორიებს, ვხვდები, რომ თუ რამე არ გამომდიოდა, არ ვნერვიულობდი. ზედმეტად ემოციურად არ ვუყურებ ასეთ მომენტებს და ამ მიზეზით დეპრესიაც არასდროს მქონია. ამიტომაც ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ მშობლების გამო. ბავშვობიდან მოყოლებული, თუ რამე არ გამომივიდოდა, ისე არ იქცეოდნენ, თითქოს, რაღაც საშინელება მოხდა, მაგრძნობინებდნენ, რომ არა უშავდა, რომ ძალიან მაგარი იყო, რადგან მე მეორე შანსი კიდევ მქონდა. მამა მეუბნებოდა, ხოლმე, წარმოიდგინე, რა მაგარია, როცა მეორედ უკეთესად გაკეთების შანსი გაქვსო. იმასაც მეუბნებოდა, როცა სცენაზე გადიხარ, წარმოიდგინე, რომ პირველად ისე არ გამოგივიდა, როგორც გინდოდა და ახლა უნდა აჩვენო შენი საუკეთესო ვერსიაო. მე დღემდე ამ პრინციპით გამოვდივარ სცენაზე და ეს ძალიან მეხმარება.
– თქვენთვის ვინ არის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– პირველ რიგში, ჩემი თავი. საშინლად თვითკრიტიკული ვარ, წარმოუდგენლად. შემიძლია, დავჯდე და თავიდან ბოლომდე ვუსმინო გადაცემას, რომელშიც ვმღერი ან ვსაუბრობ, 30-ჯერ მოვუსმინო და თუნდაც ერთი ნოტი თუ არ მომეწონა ან საუბრის მანერა, ყველაფერი გავაკეთო მის გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, ოჯახი – ჩემი ორი ბებო და პაპა, რომლებიც მინდა, რომ ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს, არიან ჩემი უდიდესი მოტივატორები. ტელევიზორში რომ ვჩანვარ, ყოველ ჯერზე ისე უხარიათ, თითქოს პირველად მხედავენ ეკრანზე და ყოველთვის ისე ახარებთ ჩემი წარმატება, მათი ემოციები ჩემთვის შეუცვლელია.
– რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?
– ძალიან. განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები. ვცდილობ, გარშემოც ისეთი ადამიანები მყავდნენ, როგორიც მინდა, რომ მე ვიყო მენტალური თვალსაზრისით. საყვარელი ადამიანი შეიძლება, ცუდად გრძნობდეს თავს და დახმარება დასჭირდეს, ესეც ბუნებრივია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო მათ ბედნიერებაში, რადგან როდესაც შენ გარშემო ადამიანები ბედნიერები არიან, გინდა – არ გინდა, შენც ბედნიერდები. პირიქითაცაა, გაფუჭებულ ვაშლს, თუ გვერდით საღს მიუდებ, საღსაც დაალპობს. იმას არ ვგულისხმობ, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს არ უნდა დაეხმარო, მაგრამ რაც უფრო ეცდები, გარშემო მყოფი ადამიანები გააბედნიერო, შენც უფრო ბედნიერი იქნები.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, არ მიყვარს პრობლემებზე ზედმეტად ჩაციკვლა. მაგალითად, ახალი შეძენილი ტელეფონი გამიტყდა, ამაზე წამის მეასიდი თუ ვინერვიულებ და ამით მორჩება ყველაფერი. როგორც ებრაელები ამბობენ, თუ შეიძლება, შენი პრობლემა ფულით გადაიჭრას, ეს პრობლემა კი არა, ხარჯია (იცინის). რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანსაღი კვება ბავშვობიდან მომდევს. ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ძალიან იშვიათად თუ მივიღებდით არაჯანსაღ საკვებს, შესაბამისად, მათ მიმართ მოთხოვნილება არც დღეს მაქვს. ალკოჰოლსაც ვერიდები. საკვებს ყოველთვის სახლში ვამზადებ, მაქსიმალურად ჯანსაღად.
– გარეგნობაზე ზრუნვა რამდენად გიყვართ?
– ყველა ქალს უნდა, კარგად გამოიყურებოდეს, განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ტანჯვაა სალონში ყოფნა. დღე, რომელსაც სალონში ვატარებ, ჩემთვის ჯოჯოხეთურია. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ყველა პროცედურა, რაც მჭირდება ერთ დღეში ჩავატიო, ბარემ ერთიანად დავიტანჯო (იცინის). სხვათა შორის, ადრე შოპინგის მიმართაც იგივე განწყობა მქონდა. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა, შემიძლია, საათობით ვიშოპინგო და იმედია, სილამაზის სალონისადმიც შემეცვლება განწყობა.
– რამდენად კარიერისტი ხართ?
– ძალიან კარიერისტი ვარ, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. 10 წლის ვიქნებოდი, ჩემი ძმა კი – 6-ის და დედა თუ მეტყოდა, ჭურჭელი გარეცხეო, „იმიტომ, რომ გოგო ვარ?“ – ეს იყო ჩემი პირველი კითხვა. ბავშვობიდან ფემინისტი ვარ (იცინის). ამ კითხვას აუცილებლად მოვაყოლებდი ხოლმე: დედა, მე სამეცადინო მაქვს და შენ გინდა, დრო ჭურჭლის გასარეცხად დამაკარგვინო?! დღემდე ვცდილობ, ჩემი დრო კარიერას დავუთმო. ნაკლებად დავდივარ გასართობად. ამის გამო მეგობრები მეჩხუბებიან ხოლმე, არსად დაგვყვებიო, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ასეა საჭირო.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და ის, რაც საკუთარი თავისთვის შექმენით, რამდენად არის ახლოს იმ ოცნებებთან?
– ველოდი, რომ ამ კითხვას ოდესმე დამისვამდნენ. ძალიან ემოციურია – როცა დიდ სცენაზე ვდგავარ ან სერიოზული გადაცემის ჩაწერაზე ვარ, ასეთ დროს წარმოვიდგენ ხოლმე პატარა დოდონას, რომელიც მომღერლობაზე ოცნებობდა. 5-6 წლიდან ვოცნებობდი დიდ სცენასა და ვარსკვლავობაზე. ამიტომ ასეთ მომენტებში, ვხედავ პატარა დოდონას სიხარულისგან აცრემლებული თვალებით, რომელსაც ძალიან უხარია, რომ ამას მიაღწია. ჯერჯერობით კმაყოფილია და იმედია, უფრო და უფრო კმაყოფილი იქნება. წეღან მთავარ მოტივატორზე მკითხეთ და ახლა ვიტყვი, რომ ის პატარა დოდონაა ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





