შოუბიზნესი

რა ოცნება აუსრულა ნინი ჯულაყიძემ ონკოპაციენტ ქალებს და როგორ აღმოჩნდა მისი ნამუშევრები პარიზის მოდის კვირეულზე

№21

ავტორი: ქეთი მოდებაძე 39 წუთის წინ

ნინი ჯულაყიძე
დაკოპირებულია

„ლიმას ანგელოზები“ ჯერ პატარა ისტორიის მქონე, მაგრამ დიდი შინაარსისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზნების მქონე ბრენდია, რომელზეც დიზაინერი თავად მოგვიყვება.

ნინი ჯულაყიძე: „ლიმას ანგელოზები“ 2025 წელს შეიქმნა. იდეა ძალიან მოულოდნელად დაიბადა. ერთ დღეს ონკოპაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან სივრცეს, სადაც ისინი თერაპიებს გადიან და რაც ძალიან საჭიროა ყოველდღიური ბრძოლის პარალელურად, დაფინანასება შეუწყდა. ამ დროს გადავწყვიტეთ, ჩვენი ნიჭი გვექცია შემოსავლის წყაროდ და წვლილი შეგვეტანა საჭირო თანხის მობილიზებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამ ბრენდის შექმნას მოჰყვა. ამას ნამდვილად არ ველოდი. ამ გოგონებისგან ძალიან დიდი ემოციები მოდის. ეს ის გოგონები არიან, რომლებიც სხვადასხვა სტადიის სიმსივნეებს ებრძვიან. წარმოიდგინეთ, რამდენად თავზარდამცემია, როცა ადამიანი იგებს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და არანაირი მზაობა და ცოდნა არ გააჩნია. ამ მდგომარეობაში, როცა შეგიძლია, მიხვიდე იქ, სადაც ნახავ გოგონებს, რომლებმაც ზუსტად იგივე დიაგნოზი დაამარცხეს და ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, ეს უკვე დიდი სტიმულია. ამ სივრცის არსებობა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი.

– თქვენი რა აქტივობებით ულამაზებთ მათ არა მხოლოდ ყოველდღიურობას?

– „ლიმას ანგელოზების“ დაარსებიდან ერთი წელი გავიდა და უკვე ძალიან ბევრი საინტერესო ჩვენება გვქონდა, რომელიც ამ გოგონებს ემსახურებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ შევქმნა სამოსი და მერე ის რომელიმე გოგონას მოვარგო, მე მათზე მორგებულ სამოსს ვქმნი და ეს ჩემთვის ემოციური და ძალიან საპასუხისმგებლო როლია. ზოგს მკერდი არ აქვს, სხვას ნაჭრილობები უნდა დავუფარო და ასე შემდეგ. როცა ესკიზს კონკრეტული ადამიანისთვის დავხატავ და გავუგზავნი, მათგან საოცარი ემოციები მოდის ხოლმე. მათ ხასიათს, მათ მდგომარეობას კარგად ვიგებ და მათთვის შესაბამის სამოსს ვქმნი.

– ისინი ჩვენებში მოდელების ამპლუაში მონაწილეობენ?

– კი და საერთოდ სხვა სამყაროა. ჩვენ გამოვედით საქართველოს, პარიზის, მილანის მოდის კვირეულებზე. ჩვენს ჩვენებებში, როგორც მოდელები, მონაწილეობას იღებენ ექიმები, ფსიქოლოგები და პაციენტები, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

რას ამბობენ ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ყოველივე?

– ზოგი ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა. ლიმას ანგელოზები არღვევს 60/90/60 -ზე სტანდარტებს. ჩვენ ვამბობთ, რომ სილამაზისთვის აუცილებელი არ არის, მაღალი და გამხდარი იყო. მთავარია, შენს ზომებს და ფორმებს სწორად მოარგო სამოსი. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. მთავარია, ადამიანს საკუთარი სტილი ჰქონდეს, რომელიც მისი ენერგეტიკის მატარებელია. ბევრს ავუხდინეთ ბავშვობის ოცნება. ამბობენ, რომ ვერ წარმოედგინათ, თუ ოდესმე მართლა დადგებოდნენ პოდიუმზე. ისეთი ბედნიერები არიან, ვერ გეტყვით. მაგალითად მოვიყვან ერთ ქალბატონს, რომელსაც ორივე მკერდი მოკვეთილი აქვს, ბათუმში გვქონდა ჩვენება, ჩამოვიყვანეთ, სამოსი, მეიქაფი, ინტერვიუები, პოდიუმი, აპლოდისმენტები და თითქოს, მეორე სიცოცხლე ვაჩუქეთ. – ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავს ატმოსფეროში მოვხვდებოდი. მე არ მახსოვდა, რომ ქალი ვიყავი და ამ გარემომ ეს შეგრძნება დამიბრუნა. ამ დღის შემდეგ სულ ვცდილობ, ლამაზად მეცვას, ასე მგონია, შენი სახე ვარ და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. ამან ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრებაო, – გამიზიარა საკუთარი ემოციები. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი ისტორია დაგვიგროვდა.

– მოგვიყევით თქვენი ბრენდის წარმატებებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ...

– ჩვენ საქართველოს მოდის კვირეულით დავიწყეთ. ეს ძალიან დაგვეხმარა. ორგანიზატორი ქალბატონი თინათინ მაღალაშვილია, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა ონკოპაციენტებს მსგავს ღონისძიებებზე და ახლა თითქოს მე გადმომაბარა ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც თავს დაგვფოფინებს და ყველაფერში გვერდით გვიდგას. ზუსტად საქართველოს მოდის კვირეულზე გასვლის შემდეგ მიგვიწვიეს პარიზში. ძალიან ბევრი შეტყობინება და მოწვევა მივიღე. პარიზში სიხარულის ცრემლების ზღვა იყო. მოგეხსენებათ, ბექ სთეიჯში ყველას თავისი დრო აქვს. როდესაც ჩვენი დრო მოვიდა, არ დამავიწყდება, როგორ დაავლეს ხელი ჩემს მოდელებს ფოტოგრაფებმა და სხვადასხვა ლოკაციაზე მიჰყავდათ ფოტოების გადასაღებად. „ლიმას ენჯელსი“ იყო ერთადერთი ბრენდი, რომელმაც ნაქსოვები გაიტანა პოდიუმზე. ევროპაში ხელით ნამუშევრები ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს და საოცარი ინტერესი გამოიწვია. პარიზს მოჰყვა უამრავი მოწვევა კანის კინოფესტივალიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო მილანი. ნელ-ნელა მივყვებით მოწვევებს.

სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენებიდან ჩვენებამდე ორთვიანი შუალედები მაქვს და თითოეულზე ყოველთვის ახალი კოლექცია გამაქვს, რაც არ არის მარტივი ამბავი. კერვა სხვა რამაა, ქსოვა კიდევ უფრო სხვა სპეციფიკისა და ფილოსოფიის.

– როგორია თქვენი ნიშა, რა გამოგარჩევთ, რამ მიიქცია ასეთი ყურადღება მოკლე დროში?

– არ ვიქნები თავმდაბალი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავიწყე და გზადაგზა ვსწავლობ ბევრ რამეს, ვიტყვი, რომ „ლიმას ენჯელს“ ძალიან ბევრი რამ გამოარჩევს. პირველ რიგში, ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მეორე ის, რომ ჩვენ ყველა სტერეოტიპს და ჩარჩოს ვამსხვრევთ და მესამე, ეს არის ხელნაკეთი ნამუშევრები – ქსოვა. ქსოვას ძალიან დიდი დრო სჭირდება. წარმოიდგინეთ, მთელი კაბა უნდა შექმნათ თვალიდან თვალში ამოყვანით. ამას ღამეების თენება სჭირდება. როდესაც კაბა დასრულდება, თუ რამე არ მოგვეწონა, გვიწევს, სრულად ან ნაწილობრივ დავარღვიოთ და თავიდან მოვქსოვოთ. ამ შემთხვევაში, ნაქსოვის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ დავჭრა, გადავაკერო ან რამე მსგავსი მოვიმოქმედო. დღე-ღამეში 24 საათი არ გვყოფნის, მაგრამ სიყვარულით გამოგვდის და ყოველ ორ თვეში ჩვენებებზე 13-15 ახალი ლუქი გაგვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი