შოუბიზნესი

ანა ქურთუბაძე: ჯერ არ გამოჩენილა ენერგეტიკულად ჩემი ადამიანი, რომ ავენთო

№21

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:01

ანა ქუთათელაძე
დაკოპირებულია

მსახიობი ანა ქურთუბაძე ფართო აუდიტორიამ სატელევიზიო მუსიკალური პროექტიდან გაიცნო და მისი განსხვავებული ხმის ტემბრისა და სიმღერის შესრულების მანერით შეიყვარა. ანა, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობი და მომღერალია, საკმაოდ კარგი ტელეწამყვანიცაა. მისი გურული გენეტიკის წყალობით კი არც სხარტი აზროვნება უჭირს და იუმორიც განსხვავებული აქვს.

ანა ქურთუბაძე: ოცნებად მქონდა, რომ გავიზრდებოდი, გამყიდველი ვყოფილიყავი. ერთ დღესაც, ეზოში ჩავიტანე ჩემი „ქინდერის“ სათამაშოები, დავაწყვე შუა ვერაზე, დავჯექი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა მყიდველი. გავიხედე, დედაჩემი მოდის სამსახურიდან და დაინახა სკამი მაქვს ჩატანილი, გაშლილი ჩემი „ქინდერები“ და ველოდები, როდის გაიყიდება (იცინის). მომკიდა ხელი და სასწრაფოდ ამიყვანა სახლში... არ ამიხდინა ოცნება, გამოვსულიყავი გამყიდველი. არ ვიცი, ოთხი წლის ბავშვს რატომ უნდა გადამეწყვიტა, გამყიდველი ვყოფილიყავი, მაგრამ მართლა ძალიან მინდოდა ქუჩაში სათამაშოების გაყიდვა. რომ წამოვიზარდე, ოცნება შევიცვალე და გადავწყვიტე, მსახიობი გამოვსულიყავი. დედას ხშირად დავყავდი თეატრში და სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში. სპექტაკლზე მეტად, ის მაინტერესებდა. სულ ვფიქრობდი: ღმერთო, მე რომ კულისებში აღმოვჩნდე, რა მოხდება-მეთქი. სხვათა შორის, დღემდე, როცა სპექტაკლი ან რეპეტიცია ტარდება, ყოველთვის მაქვს მადლიერების შეგრძნება სამყაროსთან, რომ იქ ვარ, სად მოხვედრაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ხომ ამბობენ, ბავშვური ოცნება რომ ხდება, ის შეგრძნებაც თავისთავად ქრებაო. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის, სულ განვიცდი, როცა კულისებში შევდივარ და დღემდე ბავშვობაში ვბრუნდები.

– როდესაც სკოლა დაამთავრე და გადაწყვიტე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, შენს არჩევანში ოჯახის წევრები ჩაერივნენ თუ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე?

– სხვათა შორის, არ ჩამაბარებინეს თეატრალურში. ამბობდნენ: ამ პროფესიის ხალხს, მსახიობებს, ფული არ აქვთ. სჯობს სხვა პროფესია აირჩიოო. ჩემდა სამწუხაროდ (იცინის), მაშინ კარგად მესმოდა მათემატიკური და ტექნიკური საგნები და „საბანკო საქმე და ფინანსებზე“ ჩავაბარე. ასპროცენტიანი დაფინანსება მოვიპოვე, მაგრამ სულ ძალისძალით დავდიოდი. ფილოსოფიაზე და ფსიქოლოგიაზე სიხარულით მივდიოდი, დანარჩენ საგნებზე – ეკომონიკაზე და უმაღლეს მათემატიკაზე ძალით ვიარე. მოკლედ, ერთი წელი რომ ჩავამთავრე და პირველი კურსი დავხურე, გადავწყვიტე, ოჯახში რომ არ გაეგოთ, ჩუმად ჩამებარებინა თეატრალურში, სამსახიობოზე. მივედი დეკანატში და ვთხოვე ჩემი სკოლის ატესტატი მათხოვეთ–მეთქი. მითხრეს, ერთ თვეში უნდა დააბრუნო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მოკლედ, გავედი ტურებზე და მესამე ტურზე, სახლში დამრჩა პირადობა და გიტარა. სხვა გზა არ მქონდა, დავრეკე სახლში და მამიდას ვთხოვე, მოეტანა. მამიდამ არ გათქვა ჩემი საიდუმლო, მაგრამ მარკეტის გამყიდველს წამოსცდა და „ჩამიშვა“ დედაჩემთან (იცინის). ბოლო გამოცდა რომ მქონდა, მარკეტში შევედი და გამყიდველს ვუთხარი, დღეს გამოცდა მაქვს თეატრალურში-მეთქი, მან კი დედაჩემს უთხრა და ასე გაიგო ოჯახმა. მერე კი, მგულშემატკივორბდნენ და უფრო მეტიც, დედა გამომიტყდა: ჩემი ოცნება იყო სამსახიობო და შენ ეს ოცნება ამიხდინეთ. ასე რომ, მე ავუხდინე დედას ეს ოცნება.

– საბანკო საქმე და ფინანსები არ დაამთავრე?

– სხვათა შორის, წლები მირეკავდნენ, რატომ არ დადიხარ, გამოცდები გაქვს ჩასაბარებელი, რა ხდებაო, მაგრამ აღარ მივსულვარ. ალბათ, რომ არ მივედი, ბოლოს გამრიცხეს. ყოველ შემთხვევაში, მესამე კურსამდე რეკავდნენ.

– ანა, არის ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც ნანობ? თუნდაც, შანსი, რაც ხელიდან გაუშვი?

– რომ ამბობენ, ცხოვრებაში არაფერს ვნანობო, არ მესმის. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემს ცხოვრებაში კი იყო მომენტები, როცა რაღაცებს ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი, ჭკვიანურად მოვიქცეოდი და ამას ვნანობ. ალბათ, იმ ასაკს, როცა არ გადავდგი სწორი ნაბიჯები, თავისი ხიბლი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, გავამართლო ჩემი პატარა ანა ახლანდელ ანასთან. ზოგადად, მე ნამდვილად გამიმართლა, რადგან საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. რაც თეატრს შეეხება. ისე დაემთხვა, მუსიკალურ პროექტ „ჯეოსტარში“ გამოვედი, სადაც გასვლას არ ვაპირებდი და მეგობრების დაჟინებული თხოვნით წავედი და სწორედ იქ შემამჩნია მანანა ბერიკაშვილმა. სპექტაკლს აკეთებდა მუსიკისა და დრამის თეატრში, გაიკითხა ჩემი ვინაობა და რომ გაირკვა სამსახიობოზე ვსწავლობდი, თავის სპექტაკლში დამაკავა. საბოლოო ჯამში, სპექტაკლი არ გამოვიდა, მაგრამ კარგი ის მოხდა, რომ რეპეტიციებზე შემოვიდა დათო დოიაშვილი და მერე მან მომკიდა ხელი. ახლა რომ ვფიქრობ, საზოგადოებისთვის რომ ცნობადი გავხდი, სწორედ მეგობრების დამსახურებაა. მორიდებული ვიყავი, ჩრდილში ყოფნა მერჩივნა და მეგობრებმა ხელი წამკრეს, წამაქეზეს და კი გავხდი ცნობადი.

– თქვი, მორიდებული ვიყავი, ჩრდილში ყოფნა მიყვარდაო და ახლა რომ ყველგან ყურადღების ცენტრში ხარ, ეს დისკომფორტს არ გიქმნის?

– ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და იმავდროულად, საპასუხისმგებლოა. მგონია, მეტი მომეთხოვება, არ შეიძლება, ცუდად მოვიქცე (იცინის). ზოგადად, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ არის მარტივი, მაგრამ როცა მაყურებლის სიყვარულს გრძნობ, იმდენად სასიამოვნო და კარგია, რთულია ამის გადმოცემა. როცა სადმე მიდიხარ, ხედავ ანთებული თვალებით როგორ გიყურებენ, მოდიან, გეფერებიან და გიზიარებენ სიყვარულს, ეს უდიდესი სიამოვნებაა. ამ მხრივ, იღბლიანი ვარ, გამიმართლა.

– პროფესიით კი მსახიობი ხარ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ მაინც სატელევიზიო მუსიკალური პროექტიდან როგორც მომღერალი, ისე გაგიცნო და შეგიყვარა. რამდენიმე წელია, ტელეწამყვანიც გახდი. როგორ ფიქრობ, ვინ უფროა ანა – მსახიობი, მომღერალი თუ ტელეწამყვანი?

– რა თქმა უნდა, მე ჯერ მსახიობი ვარ და მერე მომღერალი და წამყვანი. ჩემი პროფესია მეხმარება იმაში, რომ ვიმღერო, ისე როგორც მსახიობმა და სიმღერით მოვყვე ისტორია, გადმოვცე ამბავი. ყველა სიმღერას, რასაც და სადაც ვმღერი, ვუყურებ როგორც მონოლოგს სპექტაკლში. ვცდილობ, ამბავი გადმოვცე და არა უბრალოდ ვიმღერო, რაც შეეხება ტელეწამყვანობას, ჩემი პროფესია, მსახიობობა, აქაც დამეხმარა, ისე, როგორც სიმღერაში. პირდაპირ ეთერში ვზივარ და აუცილებელი და საჭიროა სისხარტე, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გააკეთო კონცენტრაცია ყველაფერზე, შესაბამისად, სცენაზე დგომამ მომცა ამის დიდი გამოცდილება. და, პირიქითაც, ტელეწამყვანობაც დამეხმარა სცენაზე დგომისას. თუმცა, კიდევ ვამბობ, მე, პირველ რიგში, ვარ მსახიობი, რომელსაც შეუძლია სიმღერა და ასევე, შეუძლია წაიყვანოს გადაცემა.

– სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დაგყვა?

– მუსიკალური ნიჭი მართლაც გენეტიკურად დამყვა. დედის მამა, ბაბუა, ტრისტან სიხარულიძე მომღერალია, თავისი ანსამბლიც ჰყავს და უცხოელებსაც ასწავლის გურულ სიმღერებს. მთელი ბავშვობა, როცა არდადეგებზე გურიაში ჩავდიოდი, ამ სიმღერებს ვუსმენდი. მამაც მღეროდა და ასე რომ, სიმღერის ნიჭი ორივე მშობლის მხრიდან დამყვა. ასე რომ, დედის და მამის მხრიდან გურული ვარ და ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა.

– გარდა მუსიკალური ნიჭისა, გურული გენეტიკიდან კიდევ რა დაგყვა დიდი დოზით?

– სისხარტე, იუმორი, რასაც ყველა აღნიშნავს და სიმსუბუქე, რაც ყველა გურულს ახასიათებს. ზოგადად, გურულები არ არიან „მძიმე“ ადამიანები, უფრო მსუბუქად და იუმორით უყურებენ ყველაფერს. მეც ასე ვარ და რთულ სიტუაციაშიც კი ჩემი იუმორი მეხმარება ადვილად გამოვიდე და დეპრესიაში არ ჩავვარდე.

– ტკბილეული გიყვარს და ვიცი გურმანიც ხარ, თუმცა, შენს გარეგნობას ეს არ ემჩნევა და როგორ ინარჩუნებ ასეთ შესაშურ წონას?

– გემრიელად ჭამა მიყვარს, არც ჯანსაღი კვების წესებს ვიცავ და არც დიეტას. ღამე ვიღვიძებ, ვდგები, ვაღებ მაცივარს და მივირთმევ, რის გამოც მეგობრები დამციანიან: ერთხელაც ისე გასუქდები, ვეღარ გიცნობთო (იცინის). ალბათ, ამაშიც გენეტიკა მშველის – ვჭამ და არ ვსუქდები.

– პროფესიული კუთხით გამართლებული ცხოვრება გაქვს. პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი ხდება, ვარ მშვიდად და წყნარად, ჩემთვის, ჩემს შვილთან ერთად, სხვა სიახლე არ მაქვს. ჩემი შვილი, თინა, რვა წლისაა და ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო მის გვერდით გავატარო. სულ გადარბენა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, ჩემს გოგონას ყოველდღიურად დავუთმო გარკვეული დრო. და, როცა ერთად ვართ, უბრალოდ დროს კი არ ვატარებთ - ესაა თამაში, მეცადინეობა, კითხვა, სეირნობა... მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს შვილთან გატარებული საათები პროდუქტიული იყოს. დედაც ძალიან მეხმარება, დიდ დროს ატარებს მასთან. რაც შეეხება საყვარელ ადამიანს, ვეთანხმები, რომ ყველას სჭირდება გვერდით ასეთი ადამიანი. არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. ვიღაც თუ გამოჩნდა ისეთი, რომ ავენთო, დავფიქრდები. თუმცა, ჩემი ანთება ცოტა რთულია, იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს, არა. უბრალოდ, ის ადამიანი უნდა იყოს ენერგეტიკულად ჩემი, გულთან ახლოს მოვიდეს და ჯერჯერობით ასეთი არ გამოჩენილა. როცა გამოჩნდება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორედ გავთხოვდე. კიდევ ვამბობ, ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით საყვარელი ადამიანი და არც მე ვარ გამონაკლისი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი