გია დავითიანი: არ მაქვს იმის დრო, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 52 წუთის წინ
როგორია ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გია დავითიანის დაბადების დღეები, სად აღნიშნავს ის ამ დღეს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და როგორ ხვდება ასაკის მატებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია დავითიანი: 9 მაისს ვარ დაბადებული. ვგიჟდები გაზაფხულსა და მაისის თვეზე. მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ვარდთან, სუროსთან, მარადმწვანე მცენარეებთან... აზალია, პიონი, ზამბახები, ჟასმინები, ბროწეულებთან და ბროწეულასთან. გაზაფხული ხომ მცენარეების აფეთქების სეზონია და ამას დაუმატეთ, რომ ჩემი დაბადების დღეც მაისშია. მხოლოდ ესეც არ არის მიზეზი, 18 მაისს იყო მამაჩემის დაბადების დღე, მის სულს ვენაცვალე. ძალიან უყვარდა თავის დაბადების დღე. მამა აპრილში გარდაიცვალა. მე და დედაჩემმა მისი პიჯაკის ჯიბეში ფურცელზე ჩამოწერილი სია ვიპოვეთ: ორი დედალი, ერთი გოჭი, თევზეული და ასე შემდეგ... ყოველთვის ასე აკეთებდა. ოცი დღით ადრე ემზადებოდა ხოლმე თავისი დაბადების დღისთვის, მეგობრებსა და ახლობლებს ეძახდა და ძალიან კარგი შეკრებები იმართებოდა.
მამა 2011 წელს გარდაიცვალა. 2010 წელს გადავწყვიტე, 9 მაისს არ გადამეხადა ჩემი დაბადების დღე და 18-ში, მამაჩემის დაბადების დღეზე ერთად გადამეხადა. დიდი პურმარილი გავაკეთე და მამას რომ ვუთხარი, შენი და ჩემი საძმაკაცოა დაპატიჟებული, ერთ დღეს აღვნიშნოთ ჩვენი დაბადების დღეები-მეთქი, ძალიან გაუხარდა. მაშინაც ბროწეულაში გავშალეთ დიდი სუფრა და ფანტასტიკური დრო ვატარეთ. სამწუხაროდ, 2011 წლის დაბადების დღეს ვეღარ მოესწრო. ტრაგიკული ამბავი გამოვიდა, თუ ვინმე ძმაკაცი ჰყავდა დასაპატიჟებელი, ამ წელს უკვე ყველა გარდაცვლილი იყო. მეც წინა წელს თითქოს გულმა მიგრძნო და ძალიან ლამაზი დღე გავატარეთ ორივეს საძმაკაცოსთან ერთად. მადლობა ღმერთს ამისთვის!
ასე, რომ მაისიც მიყვარს, რიცხვი 9 და 18-იც.
ხუმრობით ვკითხე მეგობარს, ამდენი ხანია, გიცნობ, შენს დაბადების დღეზე ერთხელ არ ვარ ნამყოფი, არადა, წესით, უნდა ვიყო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ იხდის დაბადების დღეებს. გადახდაში გრანდიოზული ქეიფი არ მაქვს მხედველობაში, ეს საშუალებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაღაც დოზით აღნიშვნაზეა აქ საუბარი. მითხრა, მე არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეო. გამიკვირდა, შენი დაბადების დღე თუ არ გიყვარს, სხვისას როგორ შეიყვარებ-მეთქი. მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის გადავიხდი, სანამ ცოცხალი ვარ.
– როგორ გიყვართ ამ დღის აღნიშვნა?
– ჩემს პურმარილს არავის ვანდობ. დილის ექვს საათზე ბაზარში ვარ, სადაც ჩემი სეხნია გია მყავს, რომელიც ხორცეულის მამაა. ვიცი, რომ მისგან ძალიან კარგ პროდუქტს წამოვიღებ. ზოოვეტი მაქვს დამთავრებული და ამ ამბავში, ასე თუ ისე, ვერკვევი. მერე მთელი კვირა მეუბნებიან ხოლმე, ეს რა სასწაული პურმარილი იყოო. მინდა, ჩემი ჯგუფის, „ალილოს“, წევრს, მიშა ჭონიშვილს გადავუხადო დიდი მადლობა. მიშა მეღვინე კაცია, თელავში ფანტასტიკური მარანი აქვს. 9 მაისს თავისი წარმოების არაჩვეულებრივი ღვინო მოიტანა. კაი პურმარილი, კაი ღვინის გარეშე რა იქნებოდა. ამიტომ ახლა უკვე მირეკავენ და მეუბნებიან, ეს რა ღვინო და პურმარილი იყოო?!
– ალბათ, ისევ და ისევ თქვენს საოცარ ბროწეულაში აღნიშნეთ...
– ორმოცი წელია, აქაურობას ვაკეთებ და მართლა საოცრად ლამაზია. აქ ჩვენი საკუთარი სცენა გვაქვს, საკუთარი ნაძვნარი, სადაც თითოეული ნაძვი ჩემი ხელით არის დარგული 38 წლის წინ. დღეს უკვე ტყეა. ეს ნაძვნარი უერთდება სცენას და აქ იშლება ხოლმე ულამაზესი სუფრა, სადაც ჩემი საახლობლო იკრიბება. ისეც მომხდარა, რომ 120 სტუმარი გვყოლია. წელს ცოტა შევამცირე, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და 60 კაცი მოვგროვდით.
ამ ყველაფერში ძალიან მეხმარებიან ჩემი მეუღლე და შვილები. 2 000 კვადრატული ეზო მაქვს და წარმოიდგინეთ, დილის ექვს საათზე დგებიან და შრომობენ, რომ ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, როგორც დღესასწაულს შეეფერება. ძალიან შრომატევადი საქმეა და მერე სამი დღე სძინავთ (იცინის).
– თქვენი მეუღლე როგორ ცდილობს, რომ ეს დღე გაგილამაზოთ?
– ჩემი მეუღლე ბუნებით საოცარი ადამიანია. უკვე 6 წელია, ჩვენ ერთად ვართ. ეს დრო ძალიან მალე გაფრინდა. დრო კი მაშინ გადის სწრაფად, როცა საინტერესო ცხოვრება გაქვს.
მეუღლე ექიმია, დაბადების დღის შემდეგ დილით აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამსახურში. მე ბროწეულაში ვიმყოფები, იარებს ვიშუშებ. ის დილის 4 საათზე წავიდა, რომ მოწესრიგებულიყო და სამსახურში წასულიყო. ეს უძილო ღამეები, ამდენი შრომა და გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის მას თქვენი ჟურნალის მეშვეობით უდიდეს მადლობას ვუხდი. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრისთვის!
67 წელი არ არის პატარა ასაკი. ბავშვობაში რომ გავიგებდი, 60 წლის კაცი გარდაიცვალა და ხალხი ძალიან წუხდა, ცოტა მიკვირდა. როცა ახლობელი მიდის, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, გულსატკენია, მაგრამ მახსოვს, ბავშვობაში ვიფიქრებდი ხოლმე, ამ კაცს მთელი ცხოვრება გაუვლია-მეთქი, თურმე, არ არის ასე...
– როგორ ხვდებით ასაკის მატებას?
– ასაკის მატებას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ახლავს სევდა – ჩემი მშობლების გამო, რომელიც ჩემს გვერდით აღარ არიან. დედაჩემს ძალიან უყვარდა ბროწეულა და აქ ერთად ვიყავით ხოლმე, როცა ამ სილამაზეს ვქმნიდი. ძალიან მტკივა გული, უკვე ხუთი წელია, ჩემი დედიკო ამქვეყნიდან წავიდა. ის ჩემთვის ყველაზე მაგარი მეგობარი იყო. არ მახსოვს, მას ტონი აეწიოს ჩემთვის ან უხეშად მოემართოს. ზაფხულის პერიოდშიც აქ ვიყავით – შვილები, შვილიშვილები, აუზში ჭყუმპალაობა და რომ შემოგეხედათ, ბედნიერ ოჯახს დაინახავდით. იჯდა აივანზე და მის სახეზე ბედნიერებას ვხედავდი. მოესწრო წარმატებულ შვილებს, შვილიშვილებს და მინდოდა, ამ ყველაფრისთვის დიდხანს ეყურებინა... სამწუხაროდ, გამიფრინდა ჩემი უსაყვარლესი დედა, რომელმაც მე აბსოლუტურად ყველაფერი შემაძლებინა თავის გვერდში დგომით. დედა იყო ნამდვილი ქართველი დედის განსახიერება.
მისი არყოფნის გამო განვიცდი სევდას, თორემ, სხვა მხრივ, მე ბედნიერი კაცი ვარ. კარგი ოჯახი მაქვს, მაგარი ძმაკაცები მყავს. ცხოვრებაში უმუშევრობის პერიოდშიც კი არ გამჭირვებია მათი გვერდში დგომის დამსახურებით და ეს მხოლოდ მატერიალურ მხარდაჭერაში არ გამოიხატებოდა.
– მიღებულმა გამოცდილებებმა როგორ შეგცვალათ?
– შეიძლება ითქვას, რომ არაფერი შეცვლილა, 15-20 წლის ასაკში რა გიაც ვიყავი, დღესაც ზუსტად ის ვარ. რასაკვირველია, ამ წლებმა გამოცდილება მოიტანა. მაქვს უნარი ადამიანები შევაფასო და ერთმანეთისგან გავარჩიო, რა თქმა უნდა, წლები თავისას შვება, მაგრამ ცხოვრების წესი, რომელიც ჩემმა მშობლებმა და მეგობრებმა მასწავლეს, ჩემთვის წესად რჩება და ამ გზიდან არ გადამიხვევია. რაც არ უნდა წარმატებული ვიყო, ეს ასე იქნება, იმიჯი არასდროს შემეცვლება და ჩემი გზაც ასეთივედ დარჩება.
– რამდენად უფრთხილდებით თავს?
– მე კი არ ვუფრთხილდები საკუთარ თავს, ჩემი მეგობრები მიფრთხილდებიან. მივედი კვლევაზე, კატე გადავიღე და ატყდა ერთი ამბავი, საოპერაციო ვიყავი. ჩემმა ერთმა მეგობარმა გაიგო ამის შესახებ. ღმერთმა მისცეს საშუალება, სიკეთის მკეთებელი კაცია და იმსახურებს ისე იყოს, როგორც არის. ყოვლისშემძლე ბიჭია. შეიძლება, ტელეფონში ნახოს ინფორმაცია გაჭირვებული ადამიანის შესახებ, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და ყველანაირი ხარჯი თავის თავზე აიღოს, რომ ადამიანი სახლში ჯანმრთელი დააბრუნოს. რამდენი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანისთვის გაუკეთებია ასე, ვინ მოთვლის. ასე ნამდვილი კაცები და დიდი ადამიანები იქცევიან, თორემ საშუალება ძალიან ბევრს აქვს.
ასეთი გვერდში დგომა გაფრთხილებაა, აბა რაა?! მე, სამწუხაროდ, არ მაქვს იმის დრო, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდე. საქმე ძალიან ბევრია – ჩემი საქმიანობა, ჯგუფი „ალილო“, „ქუჩის მუსიკოსები“, ჩემი ბაღი, რომელიც ყოვლდღიურ საქმიანობას მოითხოვს... აქ უამრავი ნარგავი დამიგროვდა, მაგრამ გასაყიდ მცენარეებს რომ ვხედავ, გულგრილად ვერ ჩავუვლი, მიუხედავად იმისა, რომ ეზოში ადგილი აღარ მაქვს. ვგიჟდები ჩემს მცენარეებზე, მათ მოვლას კი დიდი დრო სჭირდება. არ ვტრაბახობ, მაგრამ ულამაზესი ბაღი მაქვს. გავალ ხოლმე ოთახიდან და დავდივარ ეზოში, რადგან ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის, თან ენერგიით მავსებს. რამდენიმე დღე თუ ვერ ჩამოვედი და რომელიმე მცენარეს წყალი სჭირდება, რომ მოვალ და ამას ვატყობ, მაშინვე დავუსხამ და თითქოს, ფოთლები თავს მიხრიან. შეიძლება, მათი სიყვარულით გავგიჟდი უკვე და მეჩვენება, მაგრამ ცოცხალ ორგანიზმს რომ წყალს უსხამ, ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს...
ამგვარად, საკუთარი თავის მოსავლელად დრო აღარ მრჩება. მგონია, რომ ამას ჩემნაირად ვერავინ გააკეთებს. წარმოიდგინეთ, 40 და 30 წელი, რომ უვლი მცენარეებს, მაგრამ რამენაირად ისე უნდა გავაკეთო, რომ ჩემს ჯანმრთელობასაც მოვუფრთხილდე... ახლაც მისასვლელი ვარ, ექიმები მეუბნებიან, რაღაცები უნდა შევამოწმოთო. ზუსტად ამ ბაღის გამო უნდა წავიდე, რომ კარგად ვიყო და ეს ბაღიც დიდხანს იდგეს ასე ლამაზად.
– დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, რამეს შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯების. სანანებელი არაფერი მაქვს. როცა შენი ახლობელი ან მეგობარი ნაადრევად მიდის ამქვეყნიდან, მხოლოდ ეს არის სინანულისა და ტკივილის მომგვრელი. ხანდახან მიფიქრია, დამაძინა, გამაღვიძა და აქ, ჩემს ეზოში ჩემი მშობლები ან ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცები მანახვა... სხვა არაფერზე მაქვს პრეტენზია. მადლობელი ვარ უფლის, თუ რამის გაკეთება გადავწყვიტე, ხელი მემართება და გამომდის. მე ვფიქრობ, გამოვიყენე შესაძლებლობები, რომელიც მომეცა და ამ ასაკისთვის კომფორტი მოვიწყვე. მით უმეტეს, ზოდიაქოთი კურო ვარ და კუროს უყვარს კომფორტი, სიმშვიდე და საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული. ამ ყველაფრისთვის უფლის მადლიერი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





