როგორ ჩაირიცხა ლიკა ქუთათელაძე ამერიკის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად და ვისგან მიიღო მან 63 000-დოლარიანი დაფინანსება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 57 წუთის წინ
საჩხერის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ლიკა ქუთათელაძე ამერიკის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად ჩაირიცხა.
ეს უნივერსიტეტები გახლავთ: Drew university; Rutgers university; George mason university; Gettysburg college; George Washington university; Illinois state university; Michigan state university; Montclair state university; Penn state university; Suffolk university; Saint Louis university.
ლიკამ სწავლის გაგრძელება Drew university-ში გადაწყვიტა.
ლიკა ქუთათელაძე: სამი წელი ვემზადებოდი Drew University-ში მოსახვედრად. მთელი ეს დრო ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, გავიარე გამოცდები და დიდი ძალისხმევის შედეგად, დაფინანსებით მოვხვდი სასურველ უნივერსიტეტში.
გარდა ამისა, კიდევ 10 უნივერსიტეტიდან მივიღე დადებითი პასუხი და პლუს დაფინანსება თითოეულ მათგანში.
Drew University-ში, ანუ, სადაც სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, ჩემ მიერ მოპოვებული წლიური დაფინანსება 63 000 დოლარია საცხოვრებლის ჩათვლით. მხოლოდ 7 ათას დოლარამდე მრჩება გადასახდელი.
დაფინანსების მოპოვებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მე, პირადად, მივიღე ფედერალური დაფინანსება და გარდა ამისა, გავლენა იქონია ჩემმა აპლიკაციამ – მასში ყურადღებას აქცევენ სტუდენტის აქტივობებს, პიროვნულ თვისებებს – ამბიციურობას, ცნობისმოყვარეობას, ლიდერულ თვისებებს და ასე შემდეგ.
– ფედერალურ დაფინანსებაში რა იგულისხმება?
– მე, როგორც ამერიკის მოქალაქეს, მაქვს უფლება, ფედერალური დაფინანსება მოვითხოვო, ანუ, სახელმწიფო თავად მიფინანსებს გადასახადის ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის ძირითადი ნაწილი მიფინანასდება, ვცდილობ, სპონსორი ვიპოვო, რადგან ჩემი ოჯახისთვის ყოველწლიურად 7 ათასი დოლარი მაინც რთული გადასახდელია. სამწუხაროდ, დედაჩემი მარტოხელა დედაა და ვერ შეძლებს ამხელა თანხის გადახდას. მეც ყველანაირად ვეცდები, დავეხმარო, თუმცა სპონსორის გამოჩენა დიდი თანადგომა იქნება ჩვენთვის.
– უნივერსიტეტებს შორის არჩევანი რის მიხედვით გააკეთე და რა გზა გაიარე ამ მიზნის მისაღწევად?
– ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად მეცხრე კლასიდან დავიწყე პორტფოლიოზე მუშაობა. ვიღებდი მონაწილეობას აქტივობებში, გაწევრიანებული ვიყავი კლუბებში, თვითმმართველობაში, ვმონაწილეობდი საქველმოქმედო საქმიანობებში. უნივერსიტეტები ეძებენ ლიდერული უნარების მქონე, ამბიციურ სტუდენტებს – შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობდი, საჭირო უნარები გამომევლინა. ასევე, ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში და ვინარჩუნებდი მაღალ ნიშნებს. გამოცდებისთვისაც მაქსიმალურად ვემზადებოდი.
Drew University ავირჩიე, რადგან ის ნიუ-იორკთან ახლოს მდებარეობს. მას მაღალი დასაქმების ინდიკატორი აქვს და ძალიან ხშირად, ამ უნივერსიტეტიდან სტუდენტებს სტაჟირებაზე უშვებენ უოლ სტრიტზე, სადაც მუშაობა ჩემს სამომავლო გეგმებში შედის.
– ასეთი უნივერსიტეტები მეტ აქცენტს პიროვნულ თვისებებზე აკეთებენ თუ სწავლასა და ნიშნებზე?
– რა თქმა უნდა, ნიშნებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ უფრო მეტად პიროვნულ თვისებებზე აკეთებენ აქცენტს. შეიძლება, მიიღონ ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დაბალი ნიშნები აქვს, თან საკმაოდ მაღალი დაფინანსებით. ეს მიდგომა აქვთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, რადგან უფრო მეტად აინტერესებთ, ვინ ხარ, რისი გაკეთება შეგიძლია და როგორ გამოადგები, არამხოლოდ უნივერსიტეტს და ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს და საკუთარ ქვეყანას.
– მხოლოდ ერთ კი არა, რამდენიმე უნივერსიტეტში მიგიღეს. ალბათ, ძალიან სასიხარულო იყო ამდენი დადებითი პასუხი.
– საერთო ჯამში, 11 უნივერსიტეტიდან მომივიდა დადებითი პასუხი. როდესაც აპლიკაციები გავგზავნე და პასუხებს ველოდი, მაშინ უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე აპლიკაციის აწყობისას. ვეღარაფერს შევცვლიდი, თუმცა გავაცნობიერე, რომ ბევრი რამის უკეთ გაკეთება შემეძლო. დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიმე დადებით პასუხს მაინც მივიღებდი, მჯეროდა, რომ მრავალწლიანი შრომა წყალში არ ჩამეყრებოდა, მაგრამ ჩამონათვალში რამდენიმე ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტი მქონდა და ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი.
პირველი დადებითი პასუხი რომ მოვიდა, მას მოჰყვა მეორე, მესამე და ასე შემდეგ, იმედით ავივსე, რომ ჩემი საოცნებო უნივერსიტეტისგანაც დადებითი პასუხი მომივიდოდა. საერთო ჯამში, 11 დადებითი პასუხი მივიღე. ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ახლაც ემოციებში ვარ და ამის სიტყვებით აღწერა საკმაოდ რთულია.
– ამერიკის მოქალაქეობა როგორ მიიღეთ? ალბათ, ამერიკაზე შემთხვევით არ შეგიჩერებიათ არჩევანი.
– მამაჩემი ჯარში მსახურობდა, „ნატოში“ საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი გახლდათ. შემდეგ ამერიკის ცენტრალურ სარდლობაში მუშაობდა. სწორედ ამიტომ, ჩემი მშობლები გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდნენ. მე და ჩემი და-ძმა იქ დავიბადეთ და ამერიკის მოქალაქეები ვართ. ამიტომ ამერიკაში სწავლის გაგრძელება ყოველთვის მინდოდა. 7 წლის ვიყავი, როცა საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად, ეს ისევ და ისევ მამას სამსახურს უკავშირდებოდა, თან, საქართველო ძალიან ენატრებოდა და უჭირდა მისგან შორს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათი წელი გავიდა, ამერიკის მიმართ ყოველთვის მქონდა ნოსტალგია. კიდევ ერთი ამბავი, რაც ძალიან მახარებს, ის არის, რომ როგორც მოქალაქეს, შემეძლება უნივერსიტეტის კამპუსს გარეთ მუშაობა, რაც ჩემთვის დიდი ბონუსია. ეს იმაზე მეტ ანაზღაურებას ნიშნავს, ვიდრე კამპუსში მუშაობის შემთხვევაში მექნებოდა, რაც საშუალებას მომცემს, დარჩენილი გადასახადის დაფარვაში მივიღო მონაწილეობა და ამით დედას დავეხმარო.
– როგორი ინტერესი გქონდათ პროფესიულად და რა არჩევანი გააკეთეთ საბოლოოდ?
– ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა გამოვსულიყავი. რადგან მამა სამხედრო იყო, თავდაპირველად, სურვილი მქონდა, მეც ჯარში წავსულიყავი. მეცხრე კლასში შესაბამისი გამოცდები ჩავაბარე და კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოვხვდი.
იქ დიდი ხანი არ მისწავლია, მალევე წამოვედი, მაგრამ გავიგე, რას ნიშნავს, იყო სამხედრო პირი. მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მსურდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი პილოტობაც ძალიან მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, გადავწყვიტე, ფინანსებზე ჩამებარებინა. ახლა დიდი სურვილი მაქვს, რომ ნიუ-იორკში, კერძოდ უოლ სტრიტზე შევძლო ამ პროფესიით მუშაობა.
– ამერიკიდან თბილისში, შემდეგ კი საჩხერეში გადახვედით საცხოვრებლად, არა?
– დიახ, ამერიკიდან 2016 წელს ჩამოვედით. მესამე კლასის ჩათვლით, თბილისში ვსწავლობდი, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი საჩხერეში გადმოვედით საცხოვრებლად. მცირე დროით ქუთაისშიც ვსწავლობდი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. ამჟამად ისევ საჩხერეში ვცხოვრობ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მესამე საჯარო სკოლას და მასწავლებლებს. რომ არა მათი დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა.
– ზოგადად, როგორია სკოლისა და ოჯახის როლი ამ პროცესში?
– ჩემი სკოლა, დამრიგებელი, დირექტორი, ინგლისურის მასწავლებელი – ყველა დაუზარებლად მეხმარებოდა. სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში. თუ მასწავლებელი მოტივაციას არ აძლევს მოსწავლეს, რომ სკოლის გარეთ აქტივობებში ჩაერთოს, მოსწავლეებსაც ნაკლებად აქვთ ამის სურვილი. მე, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი სკოლა და მასწავლებლები ნამდვილად დიდ მოტივაციას მაძლევდნენ.
ამ გზაზე, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს. მე დედა ყველაფერში გვერდით მედგა და შემიძლია ვთქვა, რომ თუ ოჯახი მხარს არ გიჭერს, ძალიან რთულია რამეს მიაღწიო.
– ყოველთვის კარგად სწავლობდით?
– კი, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, სკოლა ათებზე დავამთავრე. მეცხრე კლასი რომ დავასრულე, ლეპტოპი მაჩუქეს, ახლა კი ოქროს მედლის კანდიდატი ვარ. მართალია, მაღალი ქულები სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას არ განსაზღვრავს, მაგრამ დიდი ბონუსია.
– რა იყო კარგად სწავლისთვის მოტივაცია თქვენს შემთხვევაში?
– ყოველთვის ძალიან მეუხერხულებოდა იმის წარმოდგენა, რომ მასწავლებლის წინაშე მოუმზადებელი ვყოფილიყავი, რამე არ მცოდნოდა და დაბალი ნიშანი მიმეღო. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ და არ მინდოდა, მშობლებს ან მასწავლებლებს ჩემ შესახებ ეფიქრათ, რომ ზარმაცი ვიყავი. გარდა ამისა, მაღალ ნიშნებს რომ ვიღებდი, შემდეგ უკვე მათი შენარჩუნების მოტვაციაც მქონდა. ათიანზე დაბალი ნიშნის მიღება არასდროს მსიამოვნებდა. შესაბამისად, ჩემს თავს ვაძლევდი მოტივაციას, რომ კარგად მესწავლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





