შოუბიზნესი

როგორ დაამსხვრია მელანო პატაშურმა ჩარჩოები სილამაზის ინდუსტრიაში და გახდა „მის საბერძნეთისა“ და „მის კვიპროსის“ სილამაზის კონკურსების ფინალისტი

№21

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00

მელანო პატაშური
დაკოპირებულია

მას არ გაუვლია მარტივი გზა. ახალგაზრდა დედა უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა, არ იყო ისეთ გარემოში, სადაც მის არჩევანს მიიღებდნენ. იცოდა, რომ არ იყო ისეთ „იდეალურ ფორმაში”, რომელიც ხშირად სტანდარტად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ყოფილა მისთვის ბარიერი, პირიქით, ეს გახდა მისი ძალა! ეს გახლავთ მელანო (ლანა) პატაშური, რომელიც თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს.

– ახლახან მივიღე პასუხი Miss Greece and Miss Cyprus International სილამაზის კონკურსის ქასთინგიდან, ფინალისტი ვარ. არა მხოლოდ პარტნიორი, როგორც Content creator, მონაწილეც ვიქნები, ასევე, Limassol Fashion Week-ის მოდელი ვიქნები.

– დავიწყოთ ათვლის წერტილიდან – სად დაიბადეთ და აღიზარდეთ?

– თბილისში დავიბადე 1995 წელს. ხუთი თვის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად რუსეთში გადავედით, ხოლო სამშობლოში 5 წლის შემდეგ დავბრუნდით. განათლების მიღება საქართველოში დავიწყე და მეშვიდე კლასამდე ვისწავლე. ყოველთვის აქტიური ცხოვრება მქონდა: ბავშვობაში დავდიოდი პიანინოზე, ცეკვასა და სიმღერაზე. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ცნობადობა. ვფიქრობდი, რომ ზრდასრულობისას ვარსკვლავი გავხდებოდი.

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

– როდესაც 13 წლის ვიყავი, გადავწყვიტეთ, რომ საბერძნეთში წავსულიყავით ბებიაჩემთან დასასვენებლად, ამასთანავე გვინდოდა, საბუთი მიგვეღო, თუმცა ეს საკითხები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. საბოლოოდ მოგვიწია საბერძნეთში დავრჩენილიყავით.

– როდის და როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?

– ჩემი ცხოვრება თითქოს იმ გზით ვითარდებოდა, რომელსაც საზოგადოება სწორად მიიჩნევს. დავამთავრე სკოლა, შემდეგ – უნივერსიტეტი, შევქმენი ოჯახი, გავთხოვდი, გავაჩინე შვილი, შევიძინე სახლი და მანქანა. ვცხოვრობდი მზიან კუნძულზე, კვიპროსზე და შეიძლება ითქვას, რომ მქონდა ყველაფერი, რაც „კარგ ცხოვრებად“ მიიჩნევა. გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდა. მაგრამ ერთ მომენტში ჩემი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად შეიცვალა... გულის წასვლის ეპიზოდების გამო საავადმყოფოში მოვხვდი. თუმცა, როგორც მალე აღმოჩნდა, ეს ერთჯერადი შემთხვევა არ იყო – ასეთი ეპიზოდები დღის განმავლობაში ბევრჯერ მეორდებოდა. მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ თთქმის ერთი თვე მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ეს პერიოდი ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. პირველად ცხოვრებაში დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, შიშთან, გაურკვევლობასთან და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებთან ერთად. დავიწყე ფიქრი იმაზე, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია: ვინ ვარ მე და რა მინდა სინამდვილეში? მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მივყვებოდი გზას, რომელიც თითქოს „სწორი“ იყო, მაგრამ არ იყო ჩემი. ჩემი სურვილები, ჩემი ოცნებები ყოველთვის მეორე პლანზე რჩებოდა. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ დავიწყებდი ჩემი თავის მოსმენას. არავის აზრი აღარ იქნებოდა ჩემთვის გადამწყვეტი, მხოლოდ ჩემი შინაგანი ხმა. ამ გზამ მიმიყვანა მოდელობამდე და ბლოგერობამდე. ეს არ ყოფილა მარტივი გზა. ვიყავი ახალგაზრდა დედა, ვცხოვრობდი უცხო ქვეყანაში, არ ვიყავი ისეთ გარემოში, სადაც ჩემს არჩევანს მიიღებდნენ. ვიცოდი, რომ არ ვიყავი ისეთ „იდეალურ ფორმაში”, რომელიც ხშირად სტანდარტად მიიჩნევა, მაგრამ ეს აღარ იყო ჩემთვის ბარიერი, პირიქით – ეს გახდა ჩემი ძალა! მე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. არ დაველოდე, რომ ვინმე სხვას დაეჯერებინა ჩემი შესაძლებლობებისთვის. მე თვითონ დავიჯერე. და სწორედ ამიტომ მინდა, ჩემი ისტორია იყოს მაგალითი სხვებისთვის – რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, მდგომარეობას, გარემოს ან სირთულეებს. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, ერთხელ მაინც გაბედო და ჰკითხო საკუთარ თავს: ვინ ხარ და რა გინდა სინამდვილეში და როცა პასუხს იპოვი, აღარ შეგეშინდება ცხოვრების თავიდან დაწყების. მე შევძელი და ზუსტად ვიცი, შეგიძლია შენც!

– ფილმში მონაწილეობთ, გვიამბეთ ამის შესახებ..

– მას შემდეგ, რაც ოცნებების ახდენის გზაზე დავიწყე მოძრაობა, ჩემს ცხოვრებაში მრავალი სიახლე გამოჩნდა. გაყიდვების მენეჯერობიდან კამერების წინ აღმოვჩნდი, ეს სტიმულს უფრო და უფრო მმატებდა. მეორეხარისხოვანი როლი ვითამაშე ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორიცაა Mr Ex, I Gi tis Elias, Trikymia და Ex Wife. გარდა ამისა, მთავარი როლი შევასრულე თეატრალურ დადგმაში Oope tin Katsame. ასევე, ვიყავი არაერთ სარეკლამო კამპანიაში ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა McDonald’s, Bank of Cyprus, Green Cola, Cyta, Novi Bet და Copy Bet. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთავარი როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში – Silent tides.

ამჟამად ჩემი სურვილია, იმას მივუძღვნა თავი, რაც მე მაბედნიერებს. მინდა, მთელი ჩემი დრო და ენერგია დავუთმო ჩემს ახალ გზას. ჩემი მთავარი მიზანია, ქალებისთვის ვიქცე ინსპირაციის წყაროდ. მინდა, მათ ირწმუნონ, რომ ქალთა უფლებები და შესაძლებლობები შეზღუდული არაა. მინდა, მათთვის ცოცხალი მაგალითი იყოს ქალი, რომელსაც აწუხებდა ჭარბი წონა, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მოსაწყენი ცხოვრება, თუმცა ამასთან ერთად გააჩნდა რწმენა და მიზნები, რომლისკენ სწრაფვაც 30 წლის ასაკში დაიწყო და მან თავისი გზა ხელახლა გაკვალა, ეს მელანოა კვიპროსიდან, რომელიც გაჩერებას არ აპირებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი