შოუბიზნესი

ვისგან თავის დასაღწევად ხტებოდა მეათე სართულიდან ბაგირა და რატომ დაუტოვა მას სიყვარულმა დიდი კომპლექსები

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 09.01, 2023 წელი

ბაგირა
დაკოპირებულია

დეა ხიდეშელი, იგივე ბაგირა „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, გამორჩეული ცხოვრებით, რომლის შესახებაც ახლა ჩვენს მკითხველს უამბობს.

- რას ფიქრობ გურამთან ურთიერთობაზე - რატომ მოხდა თქვენს შორის კონფლიქტი და როგორი ურთიერთობა წარმოგიდგენია მასთან მომავალში?

- უპირველესად, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ, გამარჯვებულ საქართველოში ცხოვრებას! ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ქალბატონები ბევრად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს!

რაც შეეხება გურამს, ყველაზე გულსატკენი მისი მხრიდან იყო, როდესაც ჩვენ შორის პრობლემას ვერ მიხვდა და გარე, მესამე პირების ძებნა და მათი დადანაშაულება დაიწყო. მისი ამ ქმედებით უფრო გამიმყარდა აზრი, რომ „თამაში“ უფრო საინტერესოა მისთვის, ვიდრე ჩემი გრძნობები! დამამცირებელი იყო ის ფაქტიც, როცა თქვა, თითქოს ხმების გაყოფა მინდოდა მასთან, ეს ბევრად დამამცირებელი იყო, ვიდრე საწყენი, მაგრამ არა უშავს, არ მინდა, ხმამაღლა ვისაუბრო იმ განცდებზე, რაც მაშინ გამიჩნდა... მტკივნეული იყო დედამისის პოზიციაც. იმედი მქონდა, რომ აუხსნიდა გურამს ისეთ თემებს, რაშიც მხოლოდ ქალი გაუგებს ქალს, მაგრამ არა უშავს ... დრო გვიჩვენებს ყველაფერს. გურამის მიმართ არც ახლა ვარ გულგრილი და ვუსურვებ თავისი „სპორტული“ ჟინის დაკმაყოფილებას „პრაიმ ჰაუსის“ შოუში! რაც შეეხება მომავალს, პროექტის მსვლელობის განმავლობაში, იმედი მაქვს, შერიგებას არ მთხოვს. ეს იქნება ფაქტორი, რითაც საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ რეიტინგი ბევრად მთავარია მისთვის, ვიდრე ჩემი მისდამი გრძნობები. თუ პროექტის დასრულების შემდეგ, ბევრ რამეზე დაფიქრდება, მეც ეს დღეები დავისვენებ და გავაანალიზებ... მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება!

- როგორც გავიგეთ, თაყვანისმცემელმა ბრილიანტის ბეჭედი გამოგიგზავნა, მაგრამ უარი თქვი ამ საჩუქარზე, რატომ?

- ჩემი დაქალები მეხუმრებიან, შოუში ბინის გამო შეხვედი, ღამეები გვათენებინე, გვანერვიულე და ერთოთახიანი ბინის ფასი კი ჰქონდა იმ ბეჭედს და დაგეტოვებინა, რა იქნებოდაო. მოკლედ, არსებობს საჩუქრები, რომელსაც უკან ვალდებულებები მოჰყვება, მე კი არ მინდა ასეთ რეალობაში ცხოვრება და ასეთი საჩუქარი უცნობი პიროვნებისგან... როდესაც ბეჭედს ვუყურებდი, ნოდარ დუმბაძის ინგა გამახსენდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩემი „მურტალო“ ბევრად ჰუმანური და გაგებული აღმოჩნდა (იცინის).

- როგორ გამოხატავენ შენდამი ყურადღებას თაყვანისმცემლები და პროექტამდე და პროექტის შემდეგ თუ შეცვალა რამე პოპულარობამ?

- ასე თუ ისე, წლებია, უამრავი გამომწერი მყავს „ინსტაგრამზე“ და რაღაც გარკვეული სოციუმისთვის ვიყავი ცნობილი. „პრაიმ ჰაუსამდე“ ეს სოციუმი უფრო გამოხატავდა ყურადღებას გაცნობის მიზნით და ურთიერთობისთვის. ხოლო ამჟამად, უამრავი მიტოვებული და ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი მწერს; ასევე, ჩემი თანატოლი მამაკაცები, რომლებიც გაცნობას კი აღარ მთხოვენ, არამედ მაძლევენ მოტივაციას და მამხნევებენ, უფრო მეგობრად აღმიქვამენ და ეს ძალიან მახარებს. თითოეულ წერილს მინდა გავცე პასუხი, პირადი კონტაქტი დავამყარო ახალგაზრდა, მარტოხელა დედებთან და ვეცდები, გვერდში დავუდგე!

- ტოქსიკური სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება გაქვს. როგორ დაიწყო ეს ისტორია?

- დაიწყო მიმოწერით... მერე შეხვედრა... ისეთი დიდი ეფექტი მოახდინა... მძიმე და უშიშარი თვალები... თავაზიანობას, ყურადღებას ვგრძნობდი ყოველ წამს, ძალიან ვენდე, მეგონა, რაღაც ძალიან დიდი სიძლიერე დამიდგა გვერდით, თუმცა...

- ამ ადამიანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გამო, თვითმკვლელობის მცდელობა მართლა გქონდა?

- დიახ, დავლიე ბევრი საძილე წამალი, მეგონა, რომ ვეღარ გავიღვიძებდი, შემექმნა დიაბეტზე პრობლემა. მერე მე-10 სართულიდან ვხტებოდი, მის მუშტებს რომ გავქცეოდი და აღარ დაერტყა ჩემთვის. მძულდა სიცოცხლე და ვცდილობდი, გავქცეოდი ჩემს კოშმარს. მე არასდროს მოვიკლავ თავს, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე.

- რატომ არ დაასრულე ეს ურთიერთობა მაშინ, როცა მიხვდი, რომ ძალადობის მსხვერპლი იყავი?

- მისთვის ადამიანის გრძნობებია მანიპულირების მთავარი ბერკეტი და ის ჩემი გრძნობებით მანიპულირებდა. მე ძალიან მიყვარდა ის... წარმოვიდგენდი, როგორი შვილები გვეყოლებოდა, როგორ ბრუნდებოდა ის სამსახურიდან, როგორ მივდიოდით ერთად დასასვენებლად, როგორ ვუყურებდით ფილმებს. ეს იყო ოცნება, რომლის გაქრობისაც მეშინოდა. ამ ოცნების გამო წამოვედი ჩემი ოჯახიდან, არ ვპასუხობდი ტელეფონზე მამაჩემს, არ ვკითხულობდი მათ ამბებს. როგორ მრცხვენია ჩემი პოზიციის იმ ოჯახის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს ჩემთვის.

- საბოლოოდ, როგორ მოახერხე მისგან თავის დაღწევა?

-ძალიან მარტივად, ძალიან მარტივად... გამოსავალი ერთია, არ უნდა შეშინდე, არ იფიქრო, რომ მარტო ხარ! მამაკაცი, რომელიც ძალადობს შენზე, ამით თავის ბავშვობის კომპლექსებს შენ გახვევს თავზე. ასეთი მამაკაცი ვერასდროს იქნება თავისუფლების მოყვარული და ქალის პატივისმცემელი. ასეთი მამაკაცები ყველაფერს იტყუებიან, რომ საკუთარ თავს ანახვონ სიძლიერე, დაამტკიცონ, თუ რა კარგები არიან.

ასეთი ურთიერთობა ძილს ჰგავს, უნდა გაიღვიძო და მიხვდე, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, არასდროს იძალადებს არც ფიზიკურად და არც სექსუალურად. ასეთი ფაქტის მერე მის ახსნილ სიყვარულსა და პატიების თხოვნას აღარ უნდა ენდო! დავინდე მაშინ, იმიტომ რომ, ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად! ახლა რომ დამაბრუნა იმ დროს, იმ მომენტში - კანონითაც მოვთხოვდი პასუხს, მაშინ შემეცოდა და შევშინდი!

- დაგიტოვა ამ რთულმა გამოცდილებმა სასიყვარულო ურთიერთობის შიში და კომპლექსები?

- გავდიოდი რეაბილიტაციას ოჯახის დახმარებით, მაგრამ მაქვს შიშები და კომპლექსები, რომლის მიმართაც ბრძოლას კვლავ ვაგრძელებ. ახლა ის ეტაპია, როცა საკუთარ თავს მხოლოდ მე შემიძლია, დავეხმარო!

- როგორია შეყვარებული ბაგირა და როგორი უნდა იყოს მამაკაცი შენ გვერდით?

- ბაგირას ძალიან უყვარს თავგადასავლები. სულ ფიქრობს, რომ ურთიერთობა ლამაზ წიგნს უნდა ჰგავდეს, მოთხრობების წიგნს და არა „ანა კარენინას“. პატარა ლამაზი მოთხრობების წიგნია ჩემთვის სიყვარული, ლამაზი სათაურებითა და ახალ-ახალი თავგადასავლებით სავსე. შეიძლება, ძველმოდურად ჩამთვალოთ, მაგრამ მიყვარს, როცა მამაკაცი ქალს კარს უღებს და რაინდულ ფრაზას ამბობს: „მხოლოდ შენ შემდეგ“. მიყვარს, როდესაც კაცის თვალები უფრო მეტყველია, ვიდრე მისი მჭევრმეტყველება. მიყვარს, როდესაც გულმკერდით სუნთქავს მამაკაცი და არა მუცლით (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა