შოუბიზნესი

ია დუდაშვილი: თუ უფალი ინებებს, სამი შვილის შემდეგ სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები

№42

ავტორი: ნონა დათეშიძე 59 წუთის წინ

ია დუდაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი, ნამდვილად ბედნიერი ქალია და ამას, თავადაც ხშირად აღნიშნავს. ჰყავს არაჩვეულებრივი სამი შვილი. ია სპეციალობით ფსიქოლოგია, ცხოვრების რთულ გამოცდებსაც გაუმკლავდა და დღეს იდილიური და მშვიდი ოჯახი აქვს. ამისთვის კი, წლების წინ, როცა წყვილს ახალი დაწყებული ჰქონდა ოჯახური თანაცხოვრება, მათ ბევრი რამის გადაფასება და მთელ რიგ დათმობებზე წასვლა მოუწიათ.

ია დუდაშვილი: არ მახსოვს, ვიყავი თუ არა მეოცნებე ბავშვი და არც ის მახსენდება, განსაკუთრებული ოცნება მქონოდა. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, სამი შვილის დედა რომ ვიქნებოდი. ზოგადად, ბავშვები სულ მიყვარდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რა მაგარი იქნება, მე რომ შვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ სამი შვილის დედობით ამ დოზით თუ ვისიამოვნებდი, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. პირველად დედა 26 წლის ასაკში გავხდი და ეს ყველაზე დიდი ემოცია იყო. ნიაკომ გამხადა დედა. ეს იყო სრული შოკი. ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. დაბნეული ვიყავი ამ სიახლით და მერე მოხდა ბევრი რამის გადაფასება. ნიაკოს ამ სამყაროში მოვლენამ ჩემსა და ირაკლის ცხოვრებაში ყველაფერი გადააფასა, გადააწყო და დაალაგა. ფაქტობრივად, სამყარო ამოატრიალა ჩვენთვის. შემდეგ გაჩნდა მეორე შვილი, მესამე და ამ სამი ბედნიერებით ვსუნთაქვთ მეც და ირაკლიც.

– სამი შვილის დედა, როგორ ასწრებ, იყო ფორმაში, მიხედო ოჯახს, შვილებს, მეუღლეს და თან, პარალელურად, იმუშაო?

– გარდა ამ ყველაფრისა, რომ ვარ სამი შვილის დედა, მიწევს ოჯახის მიხედვა და მუშაობა, თან ვსწავლობ (იცინის). პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ათწლიანი ოჯახური ცხოვრება ჩემთვის, შეიძლება ითქვას, რეალური პრაქტიკა იყო – შვილების გვერდით უფრო კარგად შევიგრძენი ჩემი პროფესია. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემს პროფესიას დავბრუნებულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა. მუდმივად ფორმაში ვარ, მუდმივად მშვიდი და გაწონასწორებული-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მაინც მიწევს ყოველდღიურ სტრესებთან გამკლავება, მაგრამ ჩემთვის დედობა იმდენად დიდი ბედნიერებაა, მონდომების შემთხვევაში, მართლა ყველაფერია შესაძლებელი. გამოცდილება რომ გემატება, რაღაცების დაბალანსება ხდება, პროცესებს უკეთ მართავ და შეიძლება, სამი შვილით უფრო მეტი მოასწრო, ვიდრე ერთით.

– 36 წლის ხარ და იმედია, სამი შვილის დედობას არ დასჯერდები. შენ და ირაკლი კიდევ ხომ არ გეგმავთ შვილის ყოლას?

– მე და ირაკლის ძალიან გვინდა ტყუპები და იმედია, გვეყოლება (იცინის). მგონი, გენეტიკაშიც გვაქვს და თუ უფალი ინებებს, სამი შვილის მერე სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები.

– ათი წელია, შენ და ირაკლი დაოჯახებულები ხართ. ამბობენ, შემოქმედი ადამიანის მეუღლეობა ძალიან რთულიაო. ვგულისხმობ გასტროლებს, ჩაწერებს, კონცერტებს, სახლიდან დიდხნიან გასვლებს. ამის ფონზე თუ იყო ეჭვიანობა, ჩხუბი და განშორებები?

– თავიდან ძალიან რთული და ძნელად გასააზრებელი და შესაჩვევი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენი რამ გავიარეთ ერთად და იმდენი რამ დავაბალანსეთ, ამასაც შევეგუე და ვფიქრობ, ასე უნდა იყოს და სხვანაირად – არა. რა თქმა უნდა, ეჭვიანობაც იყო, ჩხუბიც და განშორებაც და არა პატარა, არამედ ხანგრძლივი. პირველი წელი განსაკუთრებულად რთული გასავლელია, ზოგი უძლებს, ზოგი – ვერა. თუმცა, მე და ირაკლიმ ვარჩიეთ, ჩვენთვის ოჯახი ყოფილიყო პრიორიტეტი და ასეც მოხდა. თითქმის ორი წელი დაგვჭირდა, ყველაფერი გადაგვეფასებინა, მივმხვდარიყავით, სამომავლოდ როგორ დაგვეგეგმა ჩვენი თანაცხოვრება და ამ ყველაფერში ბავშვმაც დიდი როლი ითამაშა. მაშინ, მხოლოდ ნიაკო გვყავდა.

– კონკრეტულად, რისი გადაფასება მოგიწიათ ცოლ-ქმარს იმ რთულ ორ წელში?

– იმ ორ რთულ წელში ძალიან ბევრი რამ გადავაფასეთ. მეც და ირაკლიც ძალიან ეგოისტები ვიყავით და მივხვდით, რომ თუ ოჯახი გინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ იფიქრებ, რაღაცები უნდა დათმო და გაატარო. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, საყვარელ ადამიანზეც უნდა იზრუნო და თავისთავად, შვილზეც. ამის გააზრება ცოტა რთული აღმოჩნდა, თუმცა, როცა გავიაზრეთ და ორივემ მოვინდომეთ, ყველაფერი დალაგდა. ამაყი ვიყავი, ეგოისტი, მხოლოდ ჩემს თავზე ორიენტირებული და ამის დათმობა მომიწია. თუმცა, ვფიქრობ, ასე უნდა მომხდარიყო და ძალიან კარგია, რომ მოხდა. თუ შენთვის მხოლოდ საკუთარი სურვილები იქნება პრიორიტეტი, ოჯახს ვერ შეინარჩუნებ.

– შვილების დაბადებამ ირაკლი შეცვალა?

– ირაკლი ოთხი შვილის მამაა, წინა ქორწინებიდან ჰყავს ლუკა – არაჩვეულებრივი ბიჭი. რა თქმა უნდა, ირაკლი ძალიან შეცვალა შვილების დაბადებამაც და ოჯახმაც, თუმცა, ვფიქრობ, მასში ყოველთვის იყო ეს ადამიანი, როგორიც ახლაა. უბრალოდ, თავის კომფორტის ზონა ახლა იპოვა, სადაც შეუძლია, ის სიყვარული და სითბო, რაც მასშია, გამოავლინოს. სხვათა შორის, როცა დრო აქვს, მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდა-განვითარებაში.

– შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ლუკასთან?

– ლუკასთან მეც და ბავშვებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან უყვართ ბავშვებს და სხვათა შორის, პირველად ლუკათი მოვიხიბლე და მერე აღმომაჩინა მამამისმა და ასე გავიცანი ირაკლი (იცინის). ლუკა ხუთი წლის იყო, როცა გავიცანი, ახლა პირველი კურსის სტუდენტია, ამერიკაში სწავლობს. არ დამავიწყდება, ლაგოდეხში ვიყავით უნივერსიტეტიდან და იქ იყვნენ „ქუჩის ბიჭებიც“. ირაკლის ლუკა ჰყავდა წამოყვანილი. ძალიან მიყვარს ბავშვები და მე და ლუკა ძალიან კარგად გავერთეთ. ირაკლიმ კი, სწორედ მაშინ შემნიშნა, როცა მის შვილთან აქტიურად ვერთობოდით. ირაკლი სულ აღნიშნავს: ჩემი შვილი გახდა ჩემი და შენი დაახლოების მიზეზიო (იცინის).

– იმასაც ხომ ამბობენ, ცოლ-ქმრისთვის პატარ-პატარა განშორებებიც აუცილებელია, რომ მერე ერთმანეთის სიახლოვე მეტად შეიგრძნონო?

– ზოგჯერ ყველა ადამიანს გვჭირდება საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, საკუთარი თავისთვის დროის დათმობა და საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანისგან დასვენება გჭირდება. მე, პირადად, ეს მომენტი არ მაქვს, პირიქით, რაც უფრო შორსაა ირაკლი, მით მეტად ცუდად ვგრძნობ თავს. მაგრამ, თვითშემეცნების კუთხით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ვფიქრობ, აუცილებელია. ამ რაკურსით თუ შევხედავთ – კი, მაგრამ სხვანაირად, ირაკლის გარეშე არცერთი წამით არ მინდა, ყოფნა.

– თუ ახერხებთ შენ და ირაკლი ბავშვების გარეშე განმარტოებასა და რომანტიკული დღეების მოწყობას?

– დიდი ხანია, ასეთი დღეები მე და ირაკლის არ გვქონია (იცინის). იმედია, მალე გვექნება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ნებისმიერ ოცნებაში შეიძლებოდა წარმომედგინა. სხვათა შორის, არასდროს მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი, მაგრამ დღეს ჩემ მიმართ რომ სითბოს გამოხატავენ, ძალიან მსიამოვნებს. ირაკლის ცოლად რომ გავყევი, გადაცემებში რომ გვიწვევდნენ, არ მივყვებოდი, შემდეგ კი, მივხვდი, ცნობადი ადამიანის ცოლობა არც ისე მარტივია, ერთხელ შემიტყუეს სტუდიაში და მას მერე ბევრჯერ მომიწია მისვლა (იცინის). არც ბულინგის მსხვერპლი გავმხდარვარ და არც ჭორების სამიზნე, მე ჩემი ცხოვრება მაქვს. არც ის მომენტი მახსენდება, რომ ვნანობდე და უკან თუ დამაბრუნებთ, იმავე გზას გამოვივლი, რომ ისევ იქ მოვიდე, სადაც ახლა ვარ. კიდევ ვამბობ, ძალიან რთულად მახსენდება ჩემი და ირაკლის ის დროებითი განშორება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, თუ მას სურვილი ექნებოდა, მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ერთად ვყოფილიყავით. ასე რომ, არც იმ ცხოვრებისეულ გამოცდას ვნანობ, რომელიც მე და ირაკლიმ გავიარეთ, რადგან ამით უფრო გავძლიერდით, მეტად გადავაფასეთ ცხოვრება და ათი წელია, ერთად ვართ. ირაკლის რომ არ გავყოლოდი ცოლად, სხვა მამაკაცი ჩემ გვერდით ვერც წარმომიდგენია. საკუთარი ცხოვრებითა და მდგომარეობით კმაყოფილი ვარ და სულ თან დამდევს მადლიერების გრძნობა. ირაკლი ჩემი მთავარი საყრდენია. იმაზეც მიფიქრია, წლები რომ გავა და შვილები თავიანთ ოჯახებს შექმნიან, ჩვენი ცხოვრება, კიდევ უფრო გალამაზდება, რადგან ჩვენ არ შევწყვეტთ თვითგანვითარებას და ეს დაგვეხმარება შვილების ბუდიდან გაფრენის პერიოდი მარტივად გადავლახოთ და ჩვენ გვქონდეს ჩვენი საქმე, რითიც დაკავებული ვიქნებით.

– ირაკლი რამდენად რომანტიკულია და სიურპრიზებს თუ უკეთებთ ერთმანეთს?

– ირაკლი საერთოდ არ არის რომანტიკული (იცინის). მახსოვს, ორსულად ვიყავი, ჩვენი ქორწინების იუბილე იყო და დავხვდი სიურპრიზად ლამაზი კაბითა და მაგიდაზე დანთებული ლამაზი სანთლებით. ირაკლის კი იმდენად უცნაური რეაქცია ჰქონდა, მას შემდეგ სურვილიც არ გამჩენია, მსგავსი რომანტიკული საღამო მომეწყო (იცინის). სიურპრიზებით – არა, უფრო ქცევებით, ყოველდღიური მომენტებითა და ურთიერთობით გამოხატავს ჩემ მიმართ სიყვარულს. ყვავილების ჩუქება რომ ქალისთვის მნიშვნელოვანია, ძლივს გავაგებინე (იცინის). მისგან სამი შვილი მყავს და ამაზე ძვირფასს ირაკლი, ნამდვილად ვერაფერს მაჩუქებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი