თათა ვარდანაშვილი: სიცოცხლეს მონასტერში დავასრულებდი შეცვლილი სახელითა და გვარით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 59 წუთის წინ
თათა ვარდანაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თათა ვარდანაშვილი?
თათა ვარდანაშვილი: თათა ვარდანაშვილი თუ ანა მარია ხოდელი? სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე ხშირად მეკითხებიან ხოლმე. იდენტობის კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩათვალეთ, ეს ლიტერატურული ფსევდონიმია და, იმავდროულად, გამოწვევა საკუთარი თავის მიმართ ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოვრების ახლიდან დაწყებას ვცდილობ, მაგრამ ამჯერად, 55 წლის ასაკში, არ არის პატარა ამბავი. 48 წლის ვიყავი, როდესაც სახელი და გვარი შევიცვალე და მასთან ერთად ვიზრდები. შედეგად დავუბრუნდი საწყის ეტაპს, საიდანაც დაიწყო ჩემი შემოქმედებითი კარიერა.
– დღევანდელი შინაგანი მდგომარეობა როგორია?
– ძალიან წააგავს ჩემს იმდროინდელ შინაგან მდგომარეობას, როდესაც ჩემი შვილი, დემეტრე, ახალი დაბადებული იყო, როგორი გამოწვევის წინაც ვიდექი ცხოვრებაში, დაახლოებით, 30 წლის წინ. მახარებს ერთი რამ: მიუხედავად მძიმე და ავადგასახსენებელი ტკივილებისა, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, გულში იოტისოდენა შურისძიების განწყობა არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, არის ჩემს შემოქმედებით კარიერაში განვლილი გზა. ამ გზას თან ახლავს აღმავლობის, დაცემის, უნუგეშობისა და სულიერი შიმშილის პერიოდები. ყველა შემოქმედის ცხოვრებაში ასე ხდება.
შემოქმედება არის საშუალება ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ტკივილების ჩახშობისთვის. რასაც ენით ვერ გადმოსცემ, შემოქმედებაში ამუშავებ და ტკივილის სანაცვლოდ აღმოაცენებ მშვენიერებას. სიცოცხლე, რომელიც დედამიწაზე გარკვეული დროით მოგეცა, უკვალოდ არ უნდა გაქრეს. კვალი უნდა დატოვო, რომ თაობებს ახსოვდეს შენი გაკეთებული სიკეთე, რომელშიც დაღრეჯილობა არ უნდა იყოს. შესაბამისად, მე, როგორც პიროვნებამ, თუ ავირჩიე შემოქმედის გზა, უფლებაც არ მაქვს სხვაგვარად მოვიქცე და აუცილებლად უნდა მივემსგავსო შემოქმედების მთავარ და ერთადერთ წყაროს, რაც არის სიყვარული და აბსოლუტური სიკეთე.
– როდის გიტირიათ ბედნიერებისა და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით, რაც განსაკუთრებულად გახსოვთ?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წამი დემეტრეს დაბადებას უკავშირდება. წინა პერიოდი ძალიან რთული იყო, ჩემი სიცოცხლე სასწორზე იდო. რომ გავაცნობიერე, ცოცხალი ვარ და ერთი კი არა, უკვე ორი ვიყავით, არა მხოლოდ ვიტირე ბედნიერებისგან, ეს იყო საოცარი მადლიერების გრძნობა ღმერთისადმი. ამ მადლიერებას მარტივად ვერ გამოხატავ. მდუღარე ცრემლი მომდიოდა თვალებიდან, მაგრამ გული სავსე მქონდა მანამდე უცხო მადლით, რისი მნიშვნელობაც მოგვიანებით გავაცნობიერე, მაშინ მე ამის ახსნა არ შემეძლო. ეს მდგომარეობა ბედნიერებაზე მეტია.
ტკივილი სხვადასხვანაირი არსებობს: გარდაცვალებით, ადამიანის დაკარგვით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული, მაგრამ ყველაზე მდუღარე ცრემლებით ვიტირე მაშინ, როდესაც წარმოებიდან წამოვედი და ჩემს მანქანას ძაღლი გამოეკიდა. ძაღლი, რომელიც არც ჩემი იყო და არც ჩემი გაზრდილი. წარმოებიდან გამოსულმა ზურგს უკან მოვიტოვე 500 თანამშრომელი და რამდენიმე ასეული მოსწავლე, ერთადერთი არსება კი, რომელიც უკან გამომყვა, იყო ჩემი მძღოლის მიერ მოყვანილი, უპატრონოდ მიტოვებული ძაღლი, რომელსაც ვუვლიდი. ჩემს თავს ვკითხე, შემეძლო თუ არა მე მსგავსი ერთგულება.
მე არ ვტიროდი იმის გამო, რომ ჩემი შექმნილი წარმოება მივატოვე, არც იმის გამო, რომ კარიერაში უკან დასაბრუნებლად გრძელი გზის გავლა მომიხდებოდა, არც იმის გამო, რომ გამოვედი საკუთარი კაბინეტიდან, სადაც საქარგავი მანქანები დამრჩა, რაზეც უწმიდესის შესამოსელს ვქარგავდი... ერთადერთი რამ მაფიქრებდა: შევძლებდი თუ არა ისევ მეერთგულა ღმერთისთვის, რა ძალითაც ეს ძაღლი მოსდევდა უკან ჩემს მანქანას. ამ მდგომარეობამ ჩემი არსება სრულიად შეძრა და გარდაქმნა.
წლების შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი ისევ ამ ძაღლმა გამცა. 7 წლის შემდეგ, ჩემგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ამ შენობა-ნაგებობაში შესვლა მომიხდა. ადამიანი, რომლის ოთახშიც ეს ძაღლი იყო, ისევ იქ დამხვდა და მითხრა: ძაღლს ახლოს არ მიეკარო, ძალიან ცუდად არის, თვალებიდანაც ვეღარ ხედავსო. ძაღლმა ჩემი ხმა რომ გაიგო, გაბმული ყმუილი მორთო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემი ერთ-ერთი მანქანის ქვეშ შევიდა, რომელიც წარმოების ტერიტორიაზე დარჩა და იმ ღამეს დაიღუპა – ჩანს, რომ მელოდებოდა...
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– ცხოვრების მთავარ და გარდამტეხ ეტაპზე მამის რჩევა-დარიგება არ გავითვალისწინე და მისი ნების წინააღმდეგ წავედი – ჩემი შემოქმედებითი სახელოსნო გადავაქციე სახელობო-საგანმანათლებლო ცენტრად. დროს უსწრებდა ის, რაც მაშინ შევქმენი და რის გამოც ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე, ასევე, დავშორდი ჩემს შემოქმედებას. მერე კი, უკან რომ დავბრუნებულიყავი, ძალიან რთული გზა გავიარე. აქ მამის გარდაცვალებამ გადამარჩინა. მამა რომ გარდაიცვალა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. გადავწყვიტე, ფეხზე წამოვმდგარიყავი და დარჩენილი ცხოვრება მიმეძღვნა იმ აღთქმებისთვის, რომლებიც ბავშვობაში მას მივეცი.
– რა მიგაჩნიათ, თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– დავმარცხდი იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. უფრო მეტიც, მარცხი არის ის, რომ ადამიანზე ძალიან დიდ დროსა და ამაგს გაიღებ, მაგრამ ხედავ, რომ უკეთესობისკენ მასში არაფერი შეიცვალა. ხვდები, რომ დრო ტყუილად დახარჯე და ღმერთი არცერთ ტყუილად გაცდენილ წამს არ გაპატიებს. ეს ყველაფერი აკლდება იმ მთავარს, რაც რეალურად უნდა გაგეკეთებინა.
კარგი ფეხსაცმელი რომ შემეკერა ისე, როგორც ამას ღმერთისთვის გავაკეთებდი და მიმეძღვნა რიგითი ადამიანისთვის, გამარჯვებული ვიქნებოდი, მაგრამ სხვა ადამიანისთვის რომ დავხარჯე დრო ფუჭად და ვერც მას გავაგებინე, რომ სიკეთე დასჯადი კი არა, გამრავლებადია, მიმაჩნია, რომ ეს არის მარცხი. სჯობდა, საერთოდ არ მიმექცია ყურადღება და ჩემს თავზე მუშაობა გამეგრძელებინა – მეკეთებინა საქმე საუკეთესოდ, ზუსტად ისე, როგორც გავაკეთებდი ღმერთისთვის, გარემოებებისთვის კი ანგარიში არ გამეწია.
გამარჯვება არის ის, რომ გამუდმებით ვეხვეწები ჩემს თავსა და ღმერთს, რომ არცერთმა გარემოებამ ბოროტება არ ჩამიდოს გულში. როდესაც საკუთარ თავს ზემოდან ვუყურებ, ყოველ ჯერზე, როცა ყველაფერს ახლიდან ვიწყებ, ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე მთავარი მონაპოვარია. ეს უნარი ბავშვობაში შევიძინე ჩოგბურთისა და ჭადრაკის თამაშისას. მაგალითად, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომელშიც ყოველი შემდეგი მიწოდებისას წინა ყველაფერი უნდა დაივიწყო, თორემ დამარცხდები. როდესაც ყოველი ახალი დილა თენდება და მე საქმის კეთებას ვიწყებ, ვცდილობ, დავივიწყო ყველაფერი, რაც წარსულიდან მომყვება და დღე მთლიანად შემოქმედებას მივუძღვნა. ამ გზაზე ხელახლა მამის გარდაცვალებამ დამაყენა, მაგრამ შემოქმედ ადამიანს იმისთვის, რომ შემოქმედების წყარო და უნარი საკუთარ თავში მოიძიოს, ძალიან დიდი ძალისხმევა და, პირველ რიგში, საკუთარ პიროვნულ „მეში“ ჩაღრმავება სჭირდება.
– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– ჩემი ნება რომ იყოს, სიცოცხლეს მონასტერში დავასრულებდი. შეცვლილი სახელითა და გვარით, საერთოდ რომ არ ეცოდინებოდათ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. ასე, შიშველი ხელებით მივიდოდი ღმერთთან. თუ გარდაცვალების შემდეგ გადმოვხედავდი ჩემს პიროვნულ ღირსებას, ვიტყოდი, მინდა, ჩემზე თქვან: „ეს არის ადამიანი, რომელიც დააკლდა ქალაქს“.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ბავშვობაში, ძალიან პატარა რომ ვიყავი (ალბათ, 4 წლამდე ასაკის), ვერ ვიტყვი, რომ მშიშარა, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვიყავი. ერთხელ ბიძამ ბნელ ოთახში ჩამკეტა და გარედან რაღაც ხმებს გამოსცემდა. მაშინ მან ჩემთვის გასაგებ ენაზე ამიხსნა: ადამიანის შიში სიცოცხლის დათმობის შიშიდან გამომდინარეობს. გახსოვდეს, სიცოცხლეში სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც მოკვდები, ცოცხალი აღარ იქნები და შიშსაც ვეღარ მოასწრებ, ამიტომ არაფრის შიში არ უნდა გქონდესო. მან ეს იმდენად კარგად ამიხსნა, რომ ჩემში შიშის გრძნობა ჩაკლა.
თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი წუთი, როდესაც შემეშინდა ისე გარდაცვალების, რომ ღმერთისთვის არ მეთქვა მადლობა. ამ განცდამ მთელი ჩემი არსება შეცვალა და ის, რომ ვცდილობ შემოქმედებით კარიერაში უკან დავუბრუნდე, სწორედ ამ განცდის შედეგია. ოდესღაც საზოგადოებას დავპირდი, რომ მინდა, ჩემი ცხოვრების გარკვეული დრო ღვთის დიდებას მივუძღვნა, მაგრამ არამც და არამც არ ვისურვებდი ამ ცხოვრებიდან ისე გასვლას, ღვთის წინაშე ისე წარდგომას, რომ ღმერთისთვის სიცოცხლისათვის მადლობის თქმა ვერ შევძლო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





