ქეთა ციცქიშვილი: სამსახური, პირადი - ყველაფერი ერთიანად ჩამომეშალა
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
32 წლის ასაკში ქეთა ციცქიშვილმა საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო და წინ უამრავი გეგმა აქვს. ჟურნალსიტიკის სფეროში თავი მჭევრმეტყველებით, გამორჩეული ჩართვებითა და იმიჯით დაგვამახსოვრა. მაყურებლის ყურადღება ტელეეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე მიიპყრო. დღეს ის ტელევიზიაში აღარ არის, დროებითი ტაიმ-აუტი აქვს. სამაგიეროდ, „პსპ-ს“ მარკეტინგში დებს თავის ძალისხმევას და ახლახან საკუთარი წიგნიც გამოუშვა, სადაც, თავისი განცდები ჩადო და საკმაოდ ბევრ საინტერესოს ამოიკითხავთ.
ქეთა ციცქიშვილი: სკოლას რომ ვამთავრებდი და გარშემო მყოფებს ვეკითხებოდი, სად ჩავაბარო-მეთქი, ბევრი მირჩევდა, ყველა მიმართულებით ცოდნის მიღება ჟურნალისტისთვის ძალიან კარგიაო. შესაბამისად, ამიტომ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებზე და არა ჟურნალისტიკურზე, რომ ზოგადი მიმართულებით მიმეღო ცოდნა და მინდა გითხრათ, ძალიან გამომადგა. სტაჟირება კი, გაზეთ „რეზონანსში“ გავიარე, სადაც რამდენიმე თვე ვიყავი და სტატიებს ვწერდი. შემდეგ, „ტვ 3-ში“ გადავედი სტაჟიორად, მაგრამ ჩემი მისვლიდან რამდენიმე თვეში დაიხურა, თუმცა გაიხსნა „ტვ სპორტი“ და იქ მივედი სამუშაოდ. სპორტული ტელევიზია კი იყო, მაგრამ ჩევნს ქვეყანაში, ხომ მოგეხენებათ, სპორტიც პოლიტიკაა. თან, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები დაემთხვა და მაინც პოლიტიკურ თემებზე მომიწია მუშაობა. შემდეგ, მოვხვდი „ტვ პირველზე“ და ეს იყო იღბალი, როცა სრულიად შემთხვევით მოვხვდი ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა: ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, ინგა გრიგოლია, ჩემი პროდიუსერი – მათე კირვალიძე. მოკლედ, ისეთ ადამიანებთან მოვხვდი, ვინც უდიდესი გამოცდილება მომცა. შემდეგ იყო, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და ბოლოს, „ფორმულა“.
– ყოფილა მომენტი, როცა იფიქრე: მოდი თავს დავანებებ, რატომ სხვა პროფესია არ ავირჩიეო. გინანია ოდესმე მიკროფონი რომ გეჭირა ხელში?
– ალბათ, პარადოქსია, ახლა რომ ამას ვამბობ, მაგრამ არასდროს მინანია ჟურნალიტობა. პარადოქსი იმიტომ ვთქვი, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში იმდენად რთულ ვითარებაში ვიყავით და ვართ ჟურნალისტები, მათ შორის, ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფინანსური კუთხითაც – როცა თვეობით ხელფასს არ იღებ... ძალიან რთულია. თან, რომ ფიქრობ, ამხელა ასაკის ხარ, ამხელა გამოცდილება დააგროვე, ამდენი წელი იმუშვე და სტაბილურად არ ხარ, შეიძლება, ინანო ადამიანმა, ეს პროფესია რატომ ავირჩიეო, მაგრამ მე არასდროს მიფიქრია. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, სხვა არჩევანზე არც დავფიქრებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა რაღაცებს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფინანსები მქონდეს და მერე ტელევიზიაში მივიდე და ჩემი პროფესიით ვიმუშავო. დღეს, დროებითი ტაიმ-აუტი მაქვს, თუმცა, სხვადასხვა გადაღებაზე მიწევს მუშაობა, ვეხმარები მეგობრებს, ვმუშაობ მარკეტინგის კუთხით.
– ხშირად იცვლი იმიჯს. ამას სპონტანურად წყვეტ, დეპრესიისა და ცუდი განწყობის შედეგია თუ არ გიყვარს ერთფეროვნება?
– ჩემი იმიჯის ცვლილება არასდროს გათვლილი არ ყოფილა, ეს არ უკავშირდება ჩემს პროფესიას ან იმას, ყურადღება მივიქციო. ბავშვობიდან ხშირად მქონდა გადახოტრილი თმა და ძალიან მომწონდა ეს სტილი ჩემზე. სამუშაოდ „რუსთავი 2-ში“ რომ მივედი, მახსოვს, ნოდარ მელაძემ მითხრა, აღარ გადაიპარსო თმაო. მოკლედ, მისი მოთხოვნა იყო – გრძელი თმა მოსწონდა ჩემზე (იცინის). ნოდარი რომ „ტვ პირველზე“ გადავიდა, მაშინ უკვე „მთავარი არხი“ იყო და ერთი კვირა არ გასულა, ვთქვი, თმა უნდა გადავიპარსო-მეთქი. დილით მქონდა ჩართვა, კარე მქონდა შეჭრილი, შუადღისას სალონში წავედი და საღამოს გადახოტრილი თმით ვიდექი კამერის წინ. ბევრი მეკითხებოდა: დეპრესია ხომ არ გაქვს, თმა რომ გადაიპარსეო (იცინის). პირიქით, იმ დროს, როცა თმას ვიპარსავდი, ძალიან ბედნიერი პერიოდები მქონდა. უბრალოდ, მიყვარს, მომწონს და თან, თმაც მალე მეზრდება. ხუჭუჭა თმა მაქვს, ახლა ვიზრდი და არ გაგიკვირდეთ ერთ დღესაც თუ ისევ გადახოტრილი გამოგეცხადებით (იცინის).
– როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი?
– ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში 2025 წლის ზამთარში იდგა, როცა „მთავარი არხი“ დაიხურა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პირადი რაღაცებიც დაემატა. სამსახური, პირადი, ყველაფერი ერთიანად ჩამომეშალა და იმ პერიოდში მივხვდი, თურმე, მანამდე რომ ვამბობდი, დეპრესია მაქვს და ცუდად ვარ-მეთქი, არაფერი ყოფილა. ჩემი მეგობრების დახმარებით, რამდენიმე თვეში ისევ ფეხზე ვიყავი და ფანტასტიკურად ყველა მიმართულებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
– სიმართლე გითხრა, ვიფიქრე, ყველაზე რთულად იზოლატორში გატარებულ იმ ხუთ დღეს გაიხსენებდი, როცა დაგაპატიმრეს.
– შარშან, 20 ოქტომბერს დამიჭირეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხუთი დღე ვიჯექი და წესით, ყველაზე სტრესულად ეს უნდა მახსენდებოდეს, მაგრამ – არა. ჯერ ერთი, ვიცოდი ეს საშიშროება იქნებოდა იმ პერიოდში, როცა სიგიჟე კანონები მიიღეს, გზაზე პროტესტის გამოხატვა არ შეგვეძლო და როცა ამ პროცესებში აქტიურად ხარ ჩართული, სადღაც უშვებ, რომ შეიძლება, ეს მომენტი დადგეს და ჩემი ოჯახის წევრებიც წინასწარ მყავდა გაფრთხილებული. მოკლედ, შინაგანად მომზადებული ვიყავი და ჩემს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნას აბსურდად ვთვლიდი, შესაბამისად, არც განვიცდიდი. თუმცა, თავისუფლების ყველა წამი, რომელიც უკანონოდ გაქვს აღკვეთილი, საშინელებაა, შინაგანად გჭამს და უფრო ბრაზს გმატებს და არა შიშს. ცუდად კი არ ვიყავი – ვაიმე, როგორ დამიჭირეს-მეთქი, უფრო გაბრაზებული ვიყავი, რატომ დამიჭირეს და როდემდე უნდა იყოს ასე-მეთქი. თან, იზოლატორში ხუთნი ვიყავით. აქედან ერთს კარგად ვიცნობდი, დანარჩენებს კი – პროტესტის დროს რუსთაველის გამზირიდან. იმდენად კარგ ქალებთან ვიყავი, ყველამ ძალიან მხიარულად გავატარეთ ის ხუთი დღე. სხვათა შორის, იზოლატორის თანამშრომლებიც აღნიშნავდნენ: ყველაზე ხმაურიანი და ხალისიანი თქვენი საკანიაო (იცინის).
– ალბათ, სწორედ ის ხუთი დღე, ის ხალისი, განცდა, ემოცია და პროტესტი ჩადე იმ წიგნში, რომელიც დაწერე და ახლახან გამოუშვი?
– მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური და ხალისიანი ადამიანი ვარ, რადიკალურად განსხვავებულია ჩემი წიგნი და ეს ხალისი არ დევს მასში. ძალიან მძიმე ამბავია მასში მოთხრობილი და არ არის მარტივი წასაკითხი. წიგნს კი ჰქვია „მსხვრევა“.
– ადრეულ ასაკში გახდი დედა, თუმცა ოჯახი მალე დაგეგნგრა. როგორი ურთიერთობა გაქვს 13 წლის შვილთან და ხომ არ ფიქრობ, კიდევ გათხოვებასა და შვილის გაჩენაზე?
– პატარა ასაკში, 19 წლის გავხდი დედა და ერთ თვეში სამსახურში გავედი. ბავშვი, თოთოობიდან ბებიებმა და დიდმა ბებიებმა გაზარდეს. მეც რომ გავიზარდე და ლილეც წამოიზარდა, უფრო მაშინ გავითავისე, შევიგრძენი და გააზრებულად „ჩამერთო“ მშობლობა, თორემ დედის ინსტინქტები მისი გაჩენიდან მქონდა. 32 წლის ასაკში რომ 13 წლის შვილი მყავს, ძალიან მაგარია. ჩვენ არა მარტო დედა-შვილი ვართ, ეს არის ჩემი და ლილეს მეგობრობის ცალკე ისტორია. გარდა იმისა, რომ უპირობოდ მიყვარს, ის არის ცალკე, დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ, როგორც ადამიანს თავისი აზროვნებითა და ქცევით. სულ ვამბობ, კიდევ კარგი, ღმერთს მადლობა 19 წლის ასაკში რომ ლილე გავაჩინე-მეთქი. თორემ, ახლა ამ პერიოდში, ჩემი პროფესიის გათვალისწინებით, რთული იქნებოდა შვილის გაჩენაზე ფიქრი. სხვათა შორის, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ოჯახის დანგრევის შემდეგ, არ გამჩენია მეორედ დაოჯახების შიში. ოჯახი სამ წელში დამენგრა და ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მქონდა 6-წლიანი და 2-წლიანი ურთიერთობები. ანუ იმის თქმა მინდა, იყვნენ ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ასაკში რაღაცებს იაზრებ და ცხოვრებას სხვანაირად უყურებ. შიშის გამო კი არა, უფრო სურვილის ამბავი იყო, რომ არ გადავწყვიტე მეორედ დაოჯახება. თან, ამხელა შვილი რომ მყავს, კიდევ სხვა პასუხისმგებლობები ირთვება და მხოლოდ შენი თავი არ გაბარია. ადრე ვამბობდი, ალბათ, აღარ გავაჩენ მეორე შვილს, ერთიც საკმარისია-მეთქი, მაგრამ რაც ასაკი მომემატა, ვფიქრობ იმაზე, რა ბედნერი ვიქნები მეორე შვილი რომ მეყოლება. დღეს არ ვფიქრობ, რომ მაინცადამაინც ცხრა თვეში უნდა გავაჩინო შვილი, მაგრამ აუცილებლად გავაჩენ მეორე ბავშვსაც. ახლა რომ ვფიქრობ, მთელი ჩემი 32 წლის განვლილი გზა, ყველაფრის გათვალისწინებით, გიჟური იყო და ძალიან სასიამოვნო. როგორც კი მოვდუნდები, მაშინვე ცუდ ხასიათზე ვდგები, ჩემი სტილი გიჟური წესით ცხოვრებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





