რა გასაჭირს ატარებდა მარიკა სამანიშვილი და როგორ განსაზღვრა მისი ცხოვრება იპოლიტე ხვიჩიამ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00
ინტელიგენტი მშობლების ოჯახი, სადაც იპოლიტე ხვიჩია, მწერლები და მსახიობები სტუმრობდნენ, კულტურით გამორჩეული ქუთაისი, 90-იანი წლების გაუსაძლისი სირთულეები და უზომო სიყვარული პროფესიისადმი – მსახიობი მარიკა სამანიშვილი ცხოვრების გზაზე, თეატრალურ წარსულსა და იმ ფასდაუდებელ კვალზე გვიყვება, რომელიც მის ცხოვრებაში სცენამ და მაყურებელმა დატოვა.
– როგორი იყო თქვენი ოჯახური გარემო ბავშვობაში?
- ჩემი ოჯახის გამო უზომოდ მადლიერი ვარ. ინტელიგენტი მშობლები მყავდა: დედა – ფსიქოლოგ-ფილოლოგი, მამა კი – აგრონომი. ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ. იმ პერიოდისთვის მართლაც გამორჩეული საზოგადოება იკრიბებოდა ჩვენთან: მსახიობები, მწერლები, პოეტები, ლექტორები... საოცრად საინტერესო და დაფასებული ხალხი. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა იპოლიტე ხვიჩიას. ის ჩვენი ნათესავი იყო და მე იმდენ რამეს მიკეთებდა, ბიოლოგიური ბაბუებისგან ვერც ვარჩევდი. იმდენი სიხარული მოუნიჭებია, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება – ეს არის ადამიანი, რომელმაც ბავშვობა და სტუდენტობა გამილამაზა. ჩვენს ოჯახებს შორის უდიდესი სიყვარული სუფევდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა საოცრებები ხდებოდა მის სპექტაკლებზე. მართალია ისიც, რომ წარმოდგენების დროს გარეთ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იდგა. ხალხი საოცრად ეფერებოდა, ეპატიჟებოდა... მთელი ოჯახი მის გარშემო ვტრიალებდით.
– ალბათ, მისი დიდი დამსახურებაა, მსახიობობა რომ აირჩიეთ.
– დიახ, რადგან, ფაქტობრივად, კულისებსა და მსახიობების გარემოცვაში გავიზარდე. სხვა სამყაროზე არც არასდროს მიოცნებია. სკოლაშიც ძალიან აქტიური ვიყავი – მეხერხებოდა სიმღერა, ცეკვა, მხატვრული კითხვა. ამ სიმარჯვესთან ერთად, საკმაოდ „ხულიგანი“ გოგოც გახლდით. დღესაც კი, 60 წლის თავზე, კლასელები რომ ვიკრიბებით, იხსენებენ ხოლმე: ეს მასწავლებლებს სამარეს უთხრიდა, მერე დაკრძალვაზე გამოდიოდა, ლექსებს კითხულობდა და ხალხს ატირებდაო (იცინის).
ძალიან მიყვარდა ქართული ენა და ისტორია. მათემატიკასა და ტექნიკურ საგნებს კი ვერ ვეგუებოდი, ჩემთვის ჩინურივით იყო და ათას რამეს ვიგონებდი, რომ როგორმე გაკვეთილზე არ მოვხვედრილიყავი ან მასწავლებელს არ გამოვეძახებინე. მიუხედავად ჩემი ახტაჯანობისა, პედაგოგებს ისე ვუყვარდი, სკოლის დასრულებისას ცრემლებით გამოგვაცილეს. საოცარი კლასი იყო, დღემდე განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს.
– ხიფათიანი გოგოც იყავით?
– ძალიან! ვაბარებდით ჯართს, მაკულატურას და შეგროვებული თანხით რომელიმესთან სახლში მივდიოდით – ჩვენივე ნაშოვნი ფულით ნაყიდი ლიმონათითა და „პონჩიკებით“ ვქეიფობდით (იცინის). გაკვეთილების გასაცდენად ფანჯრებიდან გადმოვდიოდით, კედლებზე დავძვრებოდით... ჩვენი სკოლის უკან „დინამოს“ სტადიონი იყო, გადავძვრებოდით ხოლმე და ფეხბურთს ვთამაშობდით. გოგონებიც არაჩვეულებრივად ვაგორებდით ბურთს. საკმაოდ სპორტულიც ვიყავი – ტანვარჯიშსა და ფარიკაობაზე დავდიოდი.
– მთელი ცხოვრებაა, თეატრთან ხართ დაკავშირებული. როგორ დაიწყო ეს ამბავი?
– მე და ჩემი მეუღლე თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდით, თან ერთ კურსზე. შემდეგ დავქორწინდით. ქუთაისში გოგი ქავთარაძემ წამოგვიყვანა და თავიდანვე ძალიან საპასუხისმგებლო როლები დაგვაკისრა. ქუთაისი ოდითგანვე განთქმული იყო თავისი ინტელიგენციით – ახლაც შემოინახა ეს სული მცირე დოზით, მაგრამ მაშინ განსაკუთრებული თეატრალები გვყავდა, გამოჩენილი ოჯახებიდან. მერე, დროსთან ერთად, ქალაქიდან ხალხის გადინება მოხდა. თუმცა ამ დიდი ისტორიისა და სიყვარულის ქალაქში დაბრუნება არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო. მანამდე ინსტიტუტშიც ძალზე გაგვიმართლა – ბუმბერაზი პედაგოგები გვყავდა და ძალიან დიდი სკოლაც გავიარეთ.
– თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
– ერთად ჩავაბარეთ და მთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. ერთმანეთი შეგვიყვარდა და ინსტიტუტის დამთავრების დღეს ეს გრძნობა ოჯახის შექმნით დავაგვირგვინეთ; ქუთაისში უკვე ცოლ-ქმრის ამპლუაში ჩამოვედით.
– როგორია ხელოვანების ოჯახური ცხოვრება?
– ძალიან რთულია! ვისაც ეს საკუთარ თავზე არ გამოუცდია ან მსახიობების ოჯახთან ახლო მეგობრობა არ აკავშირებს, ვერ წარმოიდგენს, რა სირთულესთანაა დაკავშირებული. ჯერ მარტო ორი შვილის გაზრდა რად ღირდა 90-იან წლებში, როცა არც დენი გვქონდა, არც წყალი, არც გაზი, არც საჭმელი და არც წამალი. ამ პირობებში ბავშვების აღზრდა როგორია?! თეატრში დაგვყავდა შვილები, უკან კი ხან ფეხით მოვდიოდით, ხანაც ვინმე წამოგვიყოლებდა. ძალიან რთული წლები გვაქვს გამოვლილი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები ვიყავით, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებდით და ეს გვეხმარებოდა სირთულეების გადატანაში. თითქოს თეატრის მეშვეობით სხვა სამყაროში გადავდიოდით, საიდანაც მერე ისევ რეალობაში ვბრუნდებოდით. ბევრჯერ ჩემი პირადი გასაჭირი გადამიტანია ისეთ როლებში, რომლებიც გაჭირვებას ეხებოდა – ის, რაც გარშემო ხდებოდა, რეალურად მრავალი პიესის მთავარი თემა იყო.
– საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მსახიობობა არ არის მაღალშემოსავლიანი პროფესია. პროფესიისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა საქმეზე არასდროს გიფიქრიათ?
– არასოდეს! ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ სარფიანი და შემოსავლიანი პროფესია არ აგვირჩევია, მაგრამ ხალხის სიყვარული ჩვენთვის იმდენად ძვირფასია, რომ ამას ფული ვერასდროს გადაწონის. მაყურებლის ტაში და აღფრთოვანებული შეძახილები ყველანაირ გასაჭირს გავიწყებს – ამას ვერანაირი მატერიალური სიმდიდრე ვერ ჩაანაცვლებს. თან, გვერდით ერთგული მეგობრები გვყავდნენ, რომლებიც გვეხმარებოდნენ. ვისაც მაშინ ჩვენზე მეტი ჰქონდა, მხარში გვედგა და ასე გადავრჩით ყოველგვარ განსაცდელს.
დღეს შვილები უკვე დიდები არიან. ბექას ოჯახი აქვს, ირლანდიაში ცხოვრობს და 46 წლისაა. თეკლა კი თბილისშია – განათლება ინგლისსა და ამერიკაში მიიღო, ქასტინგ-მენეჯერია, თან მსახიობობს, გადაღებები აქვს და ძალიან წარმატებულია. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო.
ბევრი ტრაგიკული დღე მქონია: ადრე დავკარგე მშობლები და ძმა. ეს ჩემი ცხოვრების სამუდამო დაღია, მაგრამ თეატრმა მომცა ძალა, ყველაფრისთვის გამეძლო. კოლეგები, მეგობრები და ნათესავები ყოველთვის გვერდით მედგნენ. ვამბობ ხოლმე: ღმერთი განსაცდელებს იმისთვის მიგზავნის, რომ შეამოწმოს, რამდენად გავუძლებ-მეთქი. ვუძლებდი კიდეც – არასდროს მქონია დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ჩვენი სახლი მაინც მუდამ სავსე იყო მეგობრებითა და სტუმრებით, სულ სიმღერა და ლექსი ისმოდა. ამ გარემოში გაიზარდნენ ჩემი შვილები, რომლებიც დღეს ჩვენს ტრადიციებს აგრძელებენ. ყველას გვიჭირდა, მაგრამ ჩვენს წუხილს ერთმანეთს თავს არ ვახვევდით – გულით ვატარებდით.
– „ჩემი ცოლის დაქალებმა“ რა შემატა თქვენს ცხოვრებას?
– მანამდეც ვმონაწილეობდი კინოში, სერიოზული როლებიც მქონდა ნათამაშები, მაგრამ ამ სერიალმა და თავად პერსონაჟის ხასიათმა სულ სხვა წარმატება მომიტანა. ზოგჯერ როლს ტრანსპორტში ვსწავლობდი; მარტივი არ არის სხვა ქალაქში გადაღებებზე ამდენი წლის განმავლობაში სისტემატურად სიარული.
როცა ექვსი წლის განმავლობაში გიყურებს მაყურებელი და შენი პერსონაჟი უყვარს, ეს ცოტას არ ნიშნავს – მიუხედავად იმისა, რომ მადონა მაინცდამაინც პოზიტიური და განსაკუთრებული ადამიანი არ იყო, ალბათ, ყველას საკუთარი მეზობელი ახსენდებოდა მისი ყურებისას (იცინის).
ცხოვრებაში ნამდვილად არ ვარ ასეთი! შეიძლება, წლებიც გავიდეს ისე, რომ მეზობლებთან ვერ შევიდე. როცა მეკითხებიან ხოლმე, რატომ არ შემოდიხარო, გულწრფელად ვპასუხობ, რომ ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო საწოლამდე ძლივს ვაღწევ.
ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მომიტანა, მასზე არაჩვეულებრივი ჯგუფი, ძალიან კარგი ადამიანები და პროფესიონალები მუშაობდნენ და მიხარია, რომ წლების განმავლობაში მეც მისი ნაწილი ვიყავი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





