შოუბიზნესი

ვინ სთხოვდა სალომე კაპანაძეს შეყვარებულთან ცხოვრების გამო „ოფიციალურ საბუთებს“ და რა სიურპრიზი მოუწყო „წუპაკამ“ თავის დედოფალს

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 20.06, 2022 წელი

სალომე კაპანაძე
დაკოპირებულია

„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ მონაწილეს, სალომე კაპანაძეს შეყვარებულმა, კახი მახარაძემ, იგივე „წუპაკამ“, ხელი საჯაროდ შოუში სთხოვა და საყვარელი გოგონასგან თანხმობაც მიიღო.

კახი მახარაძე: მე და სალიმ შარშან, 7 ივნისს ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული და ერთი წელი შესრულდა, რაც ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთ. მინდოდა, 7 ივნისი ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის განსაკუთრებულად გაგვხსენებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, უკვე სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა და ძალიან ბედნიერი ვარ – 7 ივნისს მეც მეორედ დავიბადე.

– როგორია ემოცია, როცა საყვარელი გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიხარ?

– ვერ გადმოვცემ, ეს ყველა მამაკაცმა უნდა შეიგრძნოს. შენი მეორე მე რომ შენ წინ დგას, შენ კი მის წინაშე მუხლს იდრეკ და პასუხს ელოდები, ეს არაამქვეყნიური გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. იმ წამებში საერთოდ სხვა პლანეტაზე ვიყავი, დედამიწა ასმაგად სწრაფად დატრიალდა, ვიდრე აქამდე.

– სალი, შენ ელოდი ასეთ სიურპრიზს?

სალომე კაპანაძე: ყველაფერს ველოდი, ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას – ვერა. თავი ვერ შევიკავე, ვიტირე და ემოციებისგან დავიცალე. მერე, როცა უკვე ყველაფერმა ჩაიარა, დავჯექი და ვაანალიზებდი, რა მოხდა. რატომღაც ყველას ეგონა, რომ არ გამიხარდა, რადგან დავფიქრდი. სინამდვილეში დავიწყე ფიქრი, რაც მოხდა და ამ ყველაფრის გაანალიზება. სიმართლე გითხრათ, როცა შემოვიდა, რაღაც სხვანაირად მომეჩვენა, საუბრის დროსაც ყველაფერი სხვანაირი იყო, მაგრამ მსგავსი რამ არ მიფიქრია, მერე რომ დავინახე, კამერა მარტო მე მიღებდა, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, თუმცა, კიდევ ვერ წარმოვიდგინე, რომ ხელს მთხოვდა. საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე. მაგრამ ახლა ვხვდები, რატომ ითვლიდა ერთ წლისთავამდე დარჩენილ დღეებს.

– კახი, საჯაროდ ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რთული? როგორ მოახერხე ყველაფრის ორგანიზება?

კახი: ორგანიზებაში ძალიან დამეხმარა „პრაიმ ჰაუსი“. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამას ამ შოუში გავაკეთებდი თუ სხვაგან, უბრალოდ, მე ამის გაკეთება ამ რიცხვში მინდოდა, მაგრამ სალის ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ, ჩავთვალე, რომ ეს საჭირო დროს და საჭირო ადგილას უნდა გამეკეთებინა.

– რადგან სალის უყვარს ყურადღება, სალი, მომიყევი, რა ხდება ახლა შენს თავს?

სალი: ყველაფერი ერთად დამატყდა თავს. ამ პროექტში ყოფნა ძალიან ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული, ამას რომ ხელის თხოვნა დაემატა, საერთოდ, აღარ ვიცი, რა ვთქვა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე. ისიც კი აღარ ვიცოდი, სად ვიყავი. უამრავ მოლოცვას ვიღებ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პროექტიდან გამომდინარე, ტელეფონზე წვდომა ძალიან, ძალიან მაქვს შეზღუდული. ფიზიკურად ვერ ვახერხებ, ელემენტარული მადლობა გადავუხადო ადამიანებს მოლოცვისთვის. ეგ კი არა, საყვარელმა ადამიანმა ხელი რომ მთხოვა, ვიტირეთ, გავიცინეთ და წავიდა. ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის ამ დროს მის გარეშე დარჩენა წარმოუდგენელია, მით უმეტეს, ასეთ განსაკუთრებულ დღეს.

– ერთად ცხოვრობდით აქამდეც, მაგრამ ქორწინება კიდევ სხვა ეტაპია. გისაუბრიათ ამაზე?

– ერთად ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ კახი ბათუმელია, მე თბილისში ვცხოვრობ და კრიტიკული შეუსაბამობა იყო ის – იქ და მე – აქ. ამიტომ ჩამოვიდა და ჩემთან ერთად დაიწყო ახალი ცხოვრება. რაც შეეხება, ქორწინებასა და ურთიერთობის გაოფიციალურებას, ამ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს და გული მწყდება იმ ფაქტზე, რომ, როდესაც ადამიანები ხედავენ, ერთად ვცხოვრობთ, კარგად ვართ, ერთმანეთზე ვართ შეყვარებულები, ეს არ აკმაყოფილებთ, რატომღაც; ყველა ითხოვს, ურთიერთობის გაოფიციალურებას. განა გეკითხებიან, ხომ არ აპირებო? პირდაპირ ოფიციალური ურთიერთობის დამადასტურებელ საბუთს ითხოვენ. თითქოს, ამის გარეშე ერთად ცხოვრება არ შეიძლება. ძალიან გამაკვირვა ამ დამოკიდებულებამ. თან, ისეთი ადამიანებისგან და ისეთ გარემოში მივიღე მსგავსი პრეტენზიები: რას ჰქვია დაოჯახებულები არ ხართ? რას ჰქვია საბუთის გარეშე ცხოვრობთ ერთად? შეყვარებული ოჯახის წევრი რანაირად არის? ამ ფრაზებმა ჩემში ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ვერ ვხვდები, რატომ არ არის დამაჯერებელი ის ფაქტი, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც ჩემი სურვილის მიხედვით მოვიხსენიებ, როგორც მინდა – თუ მინდა, შეყვარებულს დავუძახებ, თუ მინდა, ქმარს და. რატომ გადაწყვიტეს, რომ შეყვარებულთან ერთად ცხოვრება ჩარჩოებს გარეთ არის, არ ვიცი და ამას დღემდე ვერ ვიაზრებ. მერე, როცა იმის გაანალიზება დავიწყე, რაც მოხდა, გავაანალიზე არა მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან, სხვების დამოკიდებულებებზეც წამიყვანა ფიქრებმა. ყველაზე მეტად არ მინდოდა, იმ ადამიანებს, ვინც ასე ცდილობდა ჩემზე ზემოქმედებას და საბუთებს მოითხოვდა, ჰგონებოდათ, რომ ამის გამო ვქმნით ოჯახს. ასე არ არის, ყველაფერი მართლა ექსპრომტად მოხდა, მაგრამ ალბათ, ვერ დავაჯერებთ, რომ ეს იმიტომ არ გაგვიკეთებია, რომ ვინმესთვის რამე დაგვემტკიცებინა. ვინც მანამდე გვაქეზებდა და გვეუბნებოდა, აბა, საბუთის გარეშე არ გამოვა ცხოვრებაო, იმ ადამიანებმა ეს ნაბიჯი საკუთარ თავს მიაწერეს და ჩათვალეს, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება მათი დამსახურებაა. მართლა ძალიან არ მომწონს, ვიღაცები რომ ფიქრობენ, რომ მათი დამსახურებით ვქორწინდებით და ამით მათ დაიწერეს პლუსები.

– სალომე არის ერთ-ერთი ყველაზე ცეცხლოვანი გოგო თავისი საოცარი ფორმებით და ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. არ ეჭვიანობ?

კახი: სალი ასეთი თამამი, გამომწვევი და სექსუალური რომ არ იყოს, დამიჯერეთ, მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამიჩნდებოდა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი დედოფალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

– არ გაკომპლექსებს?

– არანაირი კომპლექსი არ მაქვს, მე ვფიქრობ, რომ ამაყი უნდა იყო ადამიანი, როცა გვერდით ასეთი გოგო გყავს. პირიქით, მე ვურჩევ ხოლმე ტანსაცმელს, ვეუბნები, ასეთი უნდა ჩაიცვა, რომ უფრო მიმზიდველი იყო და ყურადღების ცენტრში მოექცე-მეთქი.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– სალომეს პირველად ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გადაცემაში შევხვდი და გაცნობისთანავე გამიჩნდა სურვილი, ერთად ვყოფილიყავი. ერთი ნახვით კი არა, ერთ წამში შემიყვარდა. მისი დანახვა და შეყვარება ერთი იყო. მასაც იგივე გრძნობა გაუჩნდა.

– ვინ არის „წუპაკა“, ანუ შენ რას საქმიანობ?

– მე იუთუბერი ვარ და სოციალურ სივრცეში ჩემი კონტენტი მყავს. სოციალურ ქსელებში მიცნობენ, როგორც „წუპაკა“. ვარ ტაიკვანდოს მწვრთნელი, მყავს ჯგუფი, სადაც ბავშვებს ვასწავლი და კიდევ ერთი პროფესია მაქვს – სალის ბედნიერებაზე ზრუნვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი