თამარ ადამია: მგონი, დღე არ გავა, ტყუილის თქმა არ დამჭირდეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
თამარ ადამიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თამარ ადამია?
თამარ ადამია: ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული ადამიანი ვარ, რომელსაც ყოველთვის სიკეთის კეთება უნდა. რამდენად გამომდის, ეს არ ვიცი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მინდა, ყველანი ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მეტი, მართლა არაფერი მაინტერესებს.
– საჭიროების გამო გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ და გძულდათ კიდეც?
– იცით რა, სიძულვილით – არა, პირიქით, ეს საქმე მიყვარს, მაგრამ ჩემი პროფესია არ არის. როცა ძალიან მიჭირდა, ტორტებს ვაცხობდი და ვაბარებდი. საკმაოდ რთული იყო ტრანსპორტირება, თან უშუქობისა და უგაზობის პერიოდი იყო, ვწვალობდი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. საყვარელი საქმის სიამოვნებისთვის კეთება სულ სხვაა, მაგრამ იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვო, ეს ყველაფერი ყოველდღიურ ვალდებულებად გექცევა, სახალისო აღარ არის.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ, გულჩვილობაც ხომ არ გახასიათებთ?
– ძალიან ემოციური ვარ და, იმავდროულად, საოცრად გულჩვილიც. ხანდახან ისეთი რამის გამო ვტირი, მერე მე თვითონ მეცინება საკუთარ თავზე. ყოველთვის ემოციური ვიყავი.
– ლატარიაში მილიონები რომ მოიგოთ, რაში დახარჯავდით თანხას?
– რა თქმა უნდა, გაჭირვებულებსაც დავურიგებდი, მაგრამ არ მოგატყუებთ, ამით ნამდვილად არ დავიწყებდი. პირველ რიგში, ჩემს საქმეებს მივხედავდი. ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამ მინდა – სახლები და ფუფუნების საგნები-მეთქი, ასე არ არის. ელემენტარულად, სახლში რაც მაქვს მოსაგვარებელი, იმას მივხედავდი, ავტომანქანას შევიძენდი ჩემი შვილისთვის... ამ საკითხებს რომ მოვაგვარებდი, მერე ყველა ჩემს ახლობელზე ვიფიქრებდი და ვისაც რა პრობლემა აქვს, ყველას მოვუგვარებდი.
– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე გიოცნებიათ?
– ძალიან მეოცნებე ადამიანი არ ვარ. მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა კარგი იქნებოდა, რატომაც არა, მაგრამ არ ვარ მომთხოვნი ადამიანი, ამიტომ ამაზე არ მიოცნებია. საქართველოს მასშტაბით რომ ვიყო ძალიან ცნობილი და პოპულარული, აი, ამაზე კი მიოცნებია.
– არც უამისობაა...
– კი, მაგრამ ვიოცნებებდი, ვყოფილიყავი ისეთი პოპულარული, როგორიც, მაგალითად, სესილია თაყაიშვილი იყო, ვერიკო, სოფიკო... ძალიან კარგი იქნებოდა. ამ პოპულარობას უამრავი ადამიანის დასახმარებლად გამოვიყენებდი.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– თეატრიდან არ უნდა წამოვსულიყავი, მეტი უნდა გამეკეთებინა ჩემს საქმეში. ცნობილი ამბავია, რატომაც მოვიქეცი ასე: მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასში ვიყავი, მაშინ შენობასთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა გაწერელია, ჩემი პედაგოგიც გახლდათ. ის თეატრიდან წავიდა და რამდენიმე მსახიობი გაჰყვა, მათ შორის – მეც. მერე ვიყავი სხვა თეატრებში მიწვევით, მაგრამ როცა დასის წევრი ხარ და რეპერტუარი შენზე იგება, სულ სხვა პერსპექტივა გაქვს.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– როცა მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით, პაემანზე, რატომღაც, ყოველთვის მაგვიანდებოდა. არადა, საერთოდ ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ. იმიტომ კი არ ვაგვიანებდი, რომ სპეციალურად ვაკეთებდი – ასეთი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ასე გამოდიოდა. თან ვიცოდი, რომ დამელოდებოდა – ქალი მაინც რა არის?!. (იცინის). ეს ის პერიოდია, როცა შემოდგომასა და გაზაფხულზე საათს ერთი საათით ვცვლიდით. შემოდგომა იყო, საათები გადასწიეს, მე დამავიწყდა და ისე მოხდა, რომ პაემანზე ერთი საათით ადრე მივედი. რა თქმა უნდა, ალეკო არ დამხვდა. სახლში მიბრუნება აღარ მინდოდა, რადგან ვთქვი, ლექციაზე მივდივარ-მეთქი. ახლობელთან წავედი დროის გასაყვანად, მერე კიდევ სადღაც წავედი და ამასობაში ერთმანეთს ავცდით.
ალეკომ იცოდა, რომ იმ დღეს ჩემს მეგობართან ვაპირებდი წასვლას, რომელიც ახალი გათხოვილი იყო. მან მხოლოდ მისი მშობლების სახლი იცოდა და იქ მივიდა ჩემს მოსაძებნად. რა თქმა უნდა, არც იქ დავხვდი... მოკლედ, დიდი არეულობა მოხდა. მახსოვს, ჩემი მეგობრის დედას ძალიან მოეწონა ალეკო: აი, ნამდვილი შეყვარებული ადამიანი, როგორ ნერვიულობს და ეძებს თამუნასო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მობილურები არ იყო, ბოლოს მაინც ვიპოვეთ ერთმანეთი (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი მთავარი გამარჯვება ჩემი ოჯახი და ჩემი ქმარ-შვილია. მარცხს რაც შეეხება, ალბათ, ისევ და ისევ – კარიერული მდგომარეობა. მაინც მგონია, რომ შემეძლო, წარმატებულ მსახიობად შევმდგარიყავი.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ და ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით?
– ბავშვობიდან გავიხსენებ: მოსწავლეთა სასახლეში დავდიოდი სიმღერაზე, ცეკვაზე, მხატვრულ კითხვაზე. ერთხელ მხატვრული კითხვის კონკურსში გავიმარჯვე, ჟიურიში კი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. ძალიან მოვეწონე, შემაქო და სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი.
გულსატკენს ვერაფერს ვიხსენებ.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ ახერხებთ ისე ცხოვრებას, რომ არ მოიტყუოთ?
– ვინ იტყვის, ტყუილები მიყვარსო, მაგრამ მე მართლა საშინლად არ მიყვარს, მეზიზღება მატყუარა ადამიანები. ყოველთვის ვხვდები, როცა იტყუებიან – ნამდვილი დეტექტორი ვარ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მგონი, დღე არ გავა, ტყუილის თქმა რომ არ დამჭირდეს. მერე ვამბობ ხოლმე, ახლა ამან ტყუილი მათქმევინა-მეთქი ან რამე ამდაგვარს. რა ვქნათ, არის მომენტები, როცა ტყუილის თქმა უწევს ადამიანს, თუმცა ამის გამო ნერვები ძალიან მეშლება.
არიან ადამიანები, რომლებიც სულ იტყუებიან – არაფერ შუაში რომ არ არის, ისეთ ამბავს მოიგონებენ და მოგიყვებიან. ეს საერთოდ ავადმყოფობად მიმაჩნია. თუმცა არის ტყუილები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საპატიოა. მაგალითად, სადმე ხარ წასასვლელი, მაგრამ გეზარება და არ გინდა, ამის თქმით ადამიანს აწყენინო – ამიტომ რაღაც უწყინარ მიზეზს იგონებ. სულ ვფიქრობ, რატომ არ უნდა ვიყო ისეთი პირდაპირი, რომ სიმართლე ვუთხრა: დამეზარა და ვერ მოვედი-მეთქი, ხომ შეიძლება ეს გულწრფელად უთხრა? მაგრამ, ალბათ, ადამიანები ვცდილობთ, ერთმანეთს არ ვაწყენინოთ და გარკვეულ ნიღბებს ვირგებთ.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ისტორიები არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მომიპარავს – მამაჩემს ვპარავდი ხოლმე ფულს (იცინის). რუსეთში მუშაობდა, როცა ჩამოდიოდა, ბევრი ფული ჰქონდა განა არ მომცემდა, მაგრამ ჩუმად ვაცლიდი ხოლმე, როცა ბევრი ერთნაირი კუპიურა ჰქონდა და მეგობრებთან ერთად მივდიოდი აჭარულების საჭმელად. სხვათა შორის, კიდევ ნაჭრებს ვყიდულობდი და კაბებს ვიკერავდი – ესეც ძალიან მეხერხება.
– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადეთ?
– სამწუხაროდ, ერთხელ არ ყოფილა – დიდი ტკივილი რამდენჯერმე განვიცადე. პირველი ყველაზე დიდი ტრაგედია ბებოს გარდაცვალება იყო, რომელიც მშობლებზე მეტად მიყვარდა. მარტო მე კი არა, ჩემს მეგობრებსაც ისე უყვარდათ, რომ დაიღუპა, მეგობარმა მითხრა: ნეტავ მის ნაცვლად ბებიაჩემი გარდაცვლილიყოო (მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი ბებია). უსაყვარლესი და ულამაზესი ადამიანი იყო. ძალიან მინდოდა, მასნაირი ვყოფილიყავი, მაგრამ, ალბათ, მეათედიც არ ვარ. მეგონა, არასდროს გარდაიცვლებოდა. ასეთ რამეს რომ წარმოვიდგენდი, მეგონა, ცხოვრებაც დამთავრდებოდა. პირველი კურსის ბოლოს გამოცდა ჩავაბარე, სახლში მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა. ისეთ დღეში ჩავვარდი, დედაჩემი მეუბნებოდა: ახლა შენ მეორე უბედურება არ დაგვმართოო.
საერთოდ, ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას ძალიან განვიცდი, ეს ხომ ბუნებრივია. მერე ახალგაზრდა ძმა გარდამეცვალა და ესეც ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. ახალგაზრდები რომ მიდიან, ამაზე რაღა უნდა ვთქვა – ჩემი მეგობრების შვილების გარდაცვალება ისეთი ტკივილია, რომელსაც ვერ ვუძლებ…
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– დიდად მშიშარა ადამიანი არ ვარ, ახლობელი ადამიანების გარდაცვალების გარდა, არაფრის მეშინია, მაგრამ ერთი ფობია მაქვს – კატის მეშინია. ისეთები მემართება, კატა თუ მომიახლოვდა, ხალხი გაოგნებულია ხოლმე: ოთახიდან უცებ სხვა სახლში ან ჭაღზე დაკიდებული შეიძლება, აღმოვჩნდე, მე თვითონ ვერ ვხვდები, რას ვაკეთებ. რამდენიმე წლის წინ, ელეთ-მელეთი რომ დამემართა კატის დანახვისას, ერთმა ხანდაზმულმა კაცმა მითხრა: ალბათ, ბავშვობაში კატამ შეგაშინა, არ გახსოვს, მაგრამ შენს ქვეცნობიერს ახსოვსო. ძალიან მრცხვენია. არ მომწონს, ისტერიკებს რომ იმართებენ ხოლმე ადამიანები, ამიტომ ძალიან ვცდილობ, ეს შიში გადავლახო. იმას მივაღწიე, რომ ქუჩაში რომ დავინახავ, არ გავრბივარ – შემიძლია, გვერდით ჩავუარო. ისეთ სახლში ვერ მივდივარ, სადაც კატაა და მინდა, ესეც დავძლიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





