შოუბიზნესი

აჩიკო მეფარიძე: ათდღიანი გატაცების შემდეგ გამქურდეს, მესროლეს

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 58 წუთის წინ

აჩიკო მეფარიძე
დაკოპირებულია

წლებია, აჩიკო მეფარიძის გამოჩენა სცენაზე დიდ ემოციას იწვევს, მისი სიმღერების ტექსტები კი ყველა თაობის წარმომადგენლებმა ზეპირად იციან. ამბობს, რომ მიუხედავად სასცენო კარიერისა, არასდროს მიუტოვებია თავისი პროფესია – ექიმობა, რადგან გარშემო ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, რისთვისაც სულ მზადაა.

აჩიკო მეფარიძე: უკან რომ ვიყურები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და კარგი გზა გამოვირე. არაჩვეულებრივად კარგი, სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა, სკოლის პერიოდი და თინეიჯერობა – სავსე ბედნიერებით, სწავლით, შემეცნებითაც. ამას მოჰყვა საინტერესო წლები სამედიცინო ინსტიტუტში და გავხდი ქირურგი, მივიღე მუსიკალური განათლება, ვისწავლე დაკვრა ფორტეპიანოზე და ის მუსიკა, რომელიც მე მავსებდა, ჩემთვის იყო უდიდესი სულიერი საზრდო, დიდი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით, ბავშვობის, სკოლისა და ინსტიტუტის პერიოდი მაინც ძალიან ბედნიერად მახსენდება, სავსე სასიხარულო მომენტებით. სიამოვნებით და დიდი ინეტრესით ვიხსენებ იმ წლებს.

– წლების მატება და დროის სწრაფად გასვლა თუ მოქმედებს?

– შეგრძნებები იგივე მაქვს, ენერგია და შემართება, თუმცა, უკან რომ ვიხედები, ძალიან მალე გავიდა წლები და ცხოვრება მიდის. ზოგი ადამიანი მიდის შენი ცხოვრებიდან, მათ შორის ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაცნობები, მაგრამ იბადება ახალი ცხოვრება. ჩემი დიდი ოჯახი ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა, ვგულისხმობ დის და ძმის ოჯახებს და კიდევ უფრო საინტერესო გახდა იმ ახალ თაობასთან ერთად ცხოვრება, მათი ინტერესების გაზიარება. ჩემს გარემოცვაში ყველა ასაკის ადამიანია და ვცხოვრობთ ერთად. ჩვენი სახლები გვერდიგვერდ არის, ამიტომ არ მაქვს მარტოობისა და მოწყენის შეგრძნება. მთავარია, აღქმა იგივეა და არ მაქვს ის მომენტი, დავიღალე, სადმე ვერ წამოვალ, არ მინდა-მეთქი. რაც შეეხება წლების მატებას, ვერ ვიტყვი, სასიამოვნო პროცესია-მეთქი. მაგრამ არანაირი შიში არ მაქვს. ადამიანმა ყველა ასაკი უნდა მიიღო. ჩემი თვალით ვუყურებდი ჩემი მშობლების ასაკის მატებას, მახსოვს, როცა ახალგაზრდები იყვნენ და კიბეზე არბოდნენ, ეჯიბრებოდნენ, რომელი აასწრებდა – დედაჩემი თუ მამაჩემი. მერე მათი ასაკში შესვლაც მახსოვს, ღრმა ასაკიც, როცა ვეღარ არბოდნენ და ნელ-ნელა ადიოდნენ, თუმცა არცერთს არ დაუწუწუნია. არც დაუწუწუნიათ და არც შიში ჰქონიათ, ამიტომ არც მე მაქვს წლების მატების შიში.

– იყო ისეთი შანსი, რაც ხელიდან გაუშვი და ახლა ნანობ?

– მიუხედავად იმ მძიმე სიტუაციებისა, აბსოლუტურად არაფერს ვნანობ. რამდენჯერმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც ვიყავი, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მომცა საშუალება, ამდენი წელი გავატარე ჩემს მშობლებთან ერთად. ჩემს უფროს თაობასთან ერთად, დიდხანს ვიყავი და ეს ღმერთის უდიდესი საჩუქარია. ღმერთმა დამიბერა და ის ჩემი საყვარელი ადამიანები ადრე არ წამართვა.

– ვიცი, არაერთი ქვეყანა იყო დაინტერესებული შენი შემოქმედებით და გქონდა მიწვევები, იქ გაგეგრძელებინა კარიერა. ბევრი გასტროლი გქონდა, თუმცა, არცერთ ქვეყანაში არ დარჩი დიდი ხნით. რატომ არ არჩიე კარიერის გაგრძელება უცხოეთში?

– მოვსინჯე, მაგრამ ვერ შევძელი უცხოეთში დიდხანს ცხოვრება. ამერიკა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რადგან მუსიკა, კერძოდ ჯაზი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, იქ დაიბადა. პირველად ამერიკაში 1995 წელს ჩავედი სასწავლებლად, ორი თვე ვიყავი, დიდი სურვილი მქონდა და ვფიქრობდი, აქ გავაგრძელებ და ავაწყობ ჩემს ცხოვრებას-მეთქი. მას შემდეგ 37-ჯერ ვიყავი ამერიკაში გასტროლზე, ორი-სამი თვით მიწევდა იქ ყოფნა, მაგრამ დავრწმუნდი, მე იქ ვერ ვიცხოვრებდი. ამერიკა არ არის ჩემი ქვეყანა, ის ქვეყანა, სადაც მე ვიქნებოდი ბედნიერი. საქართველო არის ის ადგილი, სადაც ენერგეტიკულად კარგად ვგრძნობ თავს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, არის ის, სადაც ახლა ვარ. ენერგეტიკულად ვხვდები, საქართველო ჩემი ადგილია. სადაც არ უნდა წავიდე და რამდენი ხნითაც, სულ ჩემი სახლი, ეზო და გარემო მენატრება, ყველა კუთხე და კუნჭული მიყვარს. ალბათ, ჩემი ბუნება გენეტიკურად ასეა მოწყობილი, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში უნდა ვიყო.

– თქვი, არაერთხელ ვყოფილვარ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეო და რა მომენტებს გულისხმობდი, ანუ სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავს?

– რამდენიმეჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ერთხელ, 1993 წელს, 10 დღის განმავლობაში ვიყავი გატაცებული, როცა გამოსასყიდი მოითხოვეს და ჩემებს მოუწიათ ყველაფრის გაყიდვა, რომ ჩემი თავი დაეხსნათ. საკმაოდ სოლიდური თანხა მოითხოვეს ჩემს გასათვისუფლებლად. მაგრამ ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი, რაც ფასეული ჰქონდათ, გაყიდეს და დამიხსნეს. მაშინდელი ძალიან მაღალი ჩინოსნების ორგანიზებული მაფია იყო. არც მინდა იმ პერიოდის გახსენება, თვალებახვეული, ხელებშეკრული რომ ელოდები, როდის მოგკლავენ. იმ ათდღიანი გატაცების მერე, გამქურდეს, მესროლეს... მოკლედ მძიმე მომენტები მქონდა ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერი გავიარე, ყველაფერი კარგადაა. ცხოვრებაში არის მძიმე მომენტები, მაგრამ ადამიანი ძლიერი უნდა იყო და არ უნდა მიეცე პანიკას, არ უნდა გადაიყვანო ტრაგედიაში, მომავალს ოპტიმისტურად უნდა შეხედო. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს და თავად უნდა იყო მზად, უნდა იყო ძლიერი და გაუმკლავდე სირთულეებს, თორემ ცხოვრება კარაქივით რბილი და თაფლივით ტკბილი ნამდვილად არ არის.

– მიგაჩნია, რომ შენს ქვეყანაში, რომელზეც ამბობ, ენერგეტიკულად კარგად ვგრძნობ თავს და სხვა ქვეყნებში ცხოვრებაზე უარი ვთქვიო, შენი ნიჭი და შემოქმედება სათანადოდ დააფასეს?

– მე ერთ-ერთი იმ იშვიათი და იმ მცირე ადამიანთაგანი ვარ, ვისაც ცხოვრებამ და ღმერთმა მისცა საშუალება, დაინახოს და იგრძნოს ის, რა გააკეთა და რამხელა სიყვარული დათესა.

მე ამის საშუალება ღმერთმა მომცა და როცა კონცერტს ვატარებ ან ქუჩაში უცხო ადამიანები მხვდებიან, ისეთ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მარტო ამისთვის ღირს ცხოვრება. ხალხისა და ღმერთის სიყვარული ყველაზე დიდი სიმდიდრეა. მიმაჩნია, რომ მე, ამ მხრივ, მდიდარი ადამიანი ვარ. ახალმა თაობამ ზეპირად იცის ჩემი სიმღერები. კონცერტის მერე, პატარა ბავშვები მოდიან, ფოტოებს იღებენ, მესიყვარულებიან და მეუბნებიან, რომ ყველა ჩემი სიმღერის ტექსტი ზეპირად იციან. ამ ადამიანურ, გულწრფელად გამოხატულ სითბოს, ვერანაირი სიმდიდრე და ფული ვერ შეცვლის. ახლა რომ ვფიქრდები, გამიმართლა – იღბლიანი ადამიანი ვარ, კიდევ ვამბობ, უდიდესი მადლობა ღმერთს, იმისთვის, როგორიც ვარ. 27 წელია, ამდენ ქვეყანაში რომ დადიხარ, შენი შემოქმედება მოსწონთ და უყვართ, ეს იღბლიანობაცაა და გამართლებაც.

– აჩიკო, თეთრი ხალათი არ გენატრება?

– ვერ ვიტყვი, თეთრი ხალათი მენატრება-მეთქი, რადგან ყოველდღე მიწევს ექიმობა. ჩემ გარშემო ბევრს სჭირდება დახმარება – მეგობარს, მეზობელს, ნაცნობს, უცნობს და მათთვის სულ მზად ვარ. ხან ტელეფონით, ხან უშუალოდ მიწევს ხალხის დახმარება და თავისთავად გამოვიდა, რომ სამედიცინო სფერო არ მიმიტოვებია. ბუნებით ექიმი ვარ, მაგრამ, რომ ვთქვა, საავადმყოფოში ყოფნა, მორიგეობა და ოპერაციების ჩატარება მენატრება-მეთქი, მოგატყუებთ. ბევრს ვეხმარები. მიყვარს და მომწონს ადამიანების დახმარება და ურთიერთდამხმარე ადამიანებიც მიყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი