შოუბიზნესი

ირინა ტორონჯაძე: დღეში 12 საათს ვკითხულობდი, ეს მთლად ნორმალური აღარ არის, სრული გაქცევაა რეალობიდან

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

ირინა ტორონჯაძე
დაკოპირებულია

იღბალი თუ დაუღალავი შრომა – რა არის წარმატებისა და თვითრეალიზაციის მთავარი ფორმულა? ტელეწამყვან ირინა ტორონჯაძესთან ინტერვიუში შინაგან რწმენას, საყვარელი საქმის მიგნებასა და იღბალთან თანხვედრას შორის არსებულ კავშირზე ვისაუბრებთ.

ირინა ტორონჯაძე: ჩემს აღქმაში, ცნობიერი ასაკიდან მოყოლებული დღემდე, პირველ ადგილზე მაინც რწმენა დგას – რწმენა იმისა, რომ ის, რაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ჩემთვის შრომისმოყვარეობა ამ რწმენის შედეგია და არა მიზეზი. როცა შინაგანი რწმენა გაქვს, სწორედ მაშინ გიჩნდება მოტივაციაც, თორემ თავისთავად შრომისმოყვარეობა საწყისი ნაბიჯი არ არის. თუ პროდუქტიულად ვმუშაობ, ესე იგი, სწორ რამეს ვაკეთებ – იმას, რისიც მჯერა. ჩემი გამოცდილებაც ასეთია: როცა ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც ჩემი შინაგანი რწმენა-წარმოდგენით ჩემი არ იყო, მაგალითად, როცა სამედიცინოზე ჩავაბარე ან, მოგვიანებით, საოფისე სამუშაოზე, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში ვმუშაობდი – ვერც შრომისმოყვარე ვიყავი და ვერც პროდუქტიული. მაგრამ როგორც კი იმ საქმეს მოვკიდე ხელი, რისიც მწამდა და რაც მართლა ჩემია – ვგულისხმობ ბლოგინგს, ჟურნალისტიკას, ქალთა უფლებებზე მუშაობას და ყველაფერს, რაც ჩემს დღევანდელ საქმიანობას უკავშირდება – შრომისმოყვარეც გავხდი.

შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი ხან იყოს შრომისმოყვარე და ხან – არა? მე ისევ ის ადამიანი ვარ, თუმცა შრომისმოყვარეობა საყვარელი საქმის კეთებამ გამოიწვია, რომლის შესაბამისი უნარებიც აღმომაჩნდა.

ვფიქრობ, იღბალიც ასეთ დროს მოდის – როცა თანხვედრაში ხარ იმასთან, რაც სამყარომ გარგუნა, ანუ საკუთარ ბედთან. ნიჭი და უნარები ხომ შემთხვევით არ მოგვეცა, თორემ ასე ძალიან რატომ უნდა იგრძნობოდეს განსხვავება ადამიანებს შორის? ესე იგი, სანამ შენ რამეს მოიფიქრებ, სამყარომ უკვე გითხრა, რა არის შენი.

გადაცემა, რომელიც დღეს მიმყავს – „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად“ TV 36-ზე – ნამდვილად იმ კალიბრის პროექტია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემთან. ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან თემას ვეხები და აუდიტორიის ჩართულობასაც მკაფიოდ ვგრძნობ.

ამ გზაზე პატარა ნაბიჯების გადადგმა 2010 წლიდან დავიწყე, უფრო აქტიურად კი – 2016 წლიდან. მას შემდეგ წლებია, რაც კონტენტზე ვმუშაობ, პარალელურად, ვიკვლევ და ვსწავლობ. ამ ყველაფერში თანმიმდევრული შრომაა ჩადებული, საქმეს დიდი სიყვარულითა და შინაგანი დაკვეთით ვაკეთებ. ეს სფერო ძალიან ჩემია და ლოგიკურია, რომ ასეთ პროდუქტს შედეგიც მოაქვს. გარანტირებული არაფერია, თუმცა შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო და რაც გამოვა, გამოვა. ფაქტია, რომ „ვერსუსმა“ თავისი აუდიტორია შემოიკრიბა, მაყურებელი მოვიზიდეთ და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა იმ შრომისა თუ გადადგმული ნაბიჯებისთვის.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრის განცდა ხშირად გქონია?

– „ვერსუსი“ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ძალიან შემთხვევით მოხდა ჩემი და იაგო ხვიჩიას დაკავშირება, რომელსაც უკვე ერთი წელია, ეს ტელევიზია აქვს და აღმოჩნდა, რომ დებატების ფორმატის გადაცემაზე ფიქრობდა. მეც სრულიად შემთხვევით დავუკავშირდი მას და გაირკვა, რომ ამ ტიპის გადაცემა ზუსტად ეხმაურებოდა ჩემს შინაგან დაკვეთას. ასე გადაიკვეთა ჩვენი მიზნები.

მიმაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევითობები არც ისე შემთხვევითია – სამყარო თავისთავად გიბიძგებს სწორ დროს სწორ ადგილას მოსახვედრად, როგორც ამჯერად გამოვიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი პროექტი, გარდა იმისა, რომ ჩემს ინტერესებს, რესურსებსა და ნიჭს უნდა პასუხობდეს, საზოგადოებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს. როცა ხალხისთვის სასარგებლო ხარ, მაყურებელი მხოლოდ კი არ ერთობა, არამედ შენგან გარკვეულ ღირებულებასაც იღებს, ეს კი, თავის მხრივ, პროექტის სიცოცხლისუნარიანობასაც უზრუნველყოფს.

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევ თავს?

– შემიძლია, ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად ვთქვა, რომ ძალიან ზარმაცი ვარ. საერთოდ, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება მაქვს. ეთერის დროს ზედმეტად, ობსესიურად ჩართული ვარ – შემიძლია, კონტენტი კონტენტზე გავაკეთო, გადაცემა ისე დავგეგმო, რომ არ შევისვენო, მაგრამ იმავდროულად, ძალიან მიყვარს ის მომენტი, როცა არაფერს ვაკეთებ. შრომისმოყვარეც ვარ და ძალიან ზარმაციც, თუმცა სიზარმაცეც უნდა დავგეგმო. თავისუფალ დღეებში შემიძლია, მართლა დავისვენო, მშვიდად ჩავუჯდე ფილმებს თუ სერიალებს.

სწორედ ამიტომ არის ჩემთან ახლოს ტელევიზია და კონტენტის კეთება – ამ საქმეში არის ამის საშუალება: შეიძლება, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან მაგრად დაიხარჯო, შედეგი სწრაფად დაინახო და მერე დაისვენო. სტაბილური საოფისე სამსახურები, რომლებიც ყოველდღიურად ასპროცენტიან ჩართულობას არ მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველდღიურ, უწყვეტ რეჟიმში უნდა იმუშაო, ჩემთვის არარელევანტურია. მე მირჩევნია, კონკრეტულ მონაკვეთში ბევრი ვიმუშაო, მერე კი ვიზარმაცო – ჩემს ტემპერამენტს ეს უფრო შეესაბამება.

– რთულ პერიოდებში როგორ ეხმარები საკუთარ თავს, რომ წინსვლა არ შეაჩერო?

– ჯერ ძალიან ცოტა ხანია გასული, რაც მამა გარდამეცვალა. მესმის, რომ ხანშიშესული იყო, ძალიან სრულფასოვნად და ნაყოფიერად იცხოვრა. ბუნების კანონია მშობლის წასვლა ხანშიშესულ ასაკში, თითქოს ამისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ მშობელი ნებისმიერ ასაკში მშობელია და ეს ძალიან დიდი ტკივილია. ასეთ დროს მორალურად ინგრევი, უსაყვარლეს ადამიანს ემშვიდობები. სად არის ჩემი შვება? ვფიქრობ ხოლმე, მას როგორ ერჩივნა, რა გაუხარდებოდა, რომ მეკეთებინა – წარმატებული ვიყო, ბედნიერი თუ როგორ?

რომ განვაზოგადო, სხვადასხვა რთულ პერიოდში ძალიან მეხმარება კითხვა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, ემოციური გაქცევაც იყოს. როცა სირთულის წინაშე ხარ, სჯობს, ის განიცადო და სხვა რამეზე გადართვა არ სცადო. მე კი ყოველთვის კითხვაში გავრბივარ და მთელი ჩემი ენერგია ამაზე მიდის. ინტელექტუალური მხარე იტვირთება და თითქოს ტკივილს ვეღარ გრძნობ.

ერთი მხრივ, ეს არ არის კარგი, ესე იგი, ბოლომდე არ განიცდი – უფრო ჯანსაღია, როცა გტკივა, არ შეგეშინდეს, იტირო და იგრძნო. ამასაც ვაკეთებ, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ემოციით გადავსებული ვარ, კითხვა, სეირნობა და შეიძლება, ცეკვაც კი ჩემი გამოსავალია.

იყო საკმაოდ რთული პერიოდი. სანამ გადავწყვეტდი, რომ მედიცინაში აღარ მინდოდა ყოფნა და სხვა სფეროში უნდა წავსულიყავი, დღეში 12 საათს ვკითხულობდი. ეს მთლად ნორმალური აღარ არის, სრული გაქცევაა, მაგრამ მერე ეს ძალიან გამომადგა წამყვანობაში, რესპონდენტობაში და ასე შემდეგ. ტვინს რომ თავდაცვითი მექანიზმი არ ჰქონდეს და სულ „აქ და ახლა“ იყოს, ძალიან რთული იქნებოდა. ჩემი თავდაცვის მექანიზმი სწორედ ფიზიკური დატვირთვა და კითხვაა.

– ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს?

– აუცილებლად. კვირაში ერთხელ, შეძლებისდაგვარად, დავდივარ ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და საგანმანათლებლო ჯგუფებში, სადაც ვაზიარებთ ჩვენს შეგრძნებებს და ვეცნობით არსებულ ინსტრუმენტებს. ეს დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებლად მიმაჩნია.

ასევე, ვიყენებ მადლიერების ტექნიკას: ყოველ დილით ვწერ ათ პუნქტს, რის გამოც ცხოვრებაში მადლიერი ვარ. როცა ამას წერ, სხვანაირი ძალა აქვს – შენს თავს ახსენებ, რამდენი მიზეზი გაქვს მადლიერებისა და ბედნიერებისთვის.

ძალიან მეხმარება ფიზიკური დატვირთვაც – ეს ჩემს დღის რუტინაში აუცილებლად უნდა იყოს, ვარჯიშის ან ცეკვის სახით. თანამედროვე ადამიანები იმდენად ჩაკეტილები ვართ საკუთარ გონებაში, რომ სხეულთან დაბრუნება აუცილებლობა მგონია. სულ გაჯეტებსა და ფიქრებში ვართ, ამიტომ თუ ფიზიკურად არ დავიტვირთე, ემოციურად თავს არაჯანსაღად ვგრძნობ. როცა ამ კუთხით ჩვეულ რუტინას ვუბრუნდები, აზრებიც უფრო ჯანსაღი და მსუბუქი ხდება.

– რამდენად იღბლიანი ხარ მეორე ნახევარში?

– შემიძლია ვთქვა, რომ ამ გაგებით მართლა იღბლიანი ვარ. კი, ეს ნამდვილი გამართლებაა. ჩემს მეუღლეს – ლევანსაც ვეუბნები და სხვებსაც, რომ იპოვო ადამიანი, რომელიც შენი მრავალსახოვანი ხასიათით მიგიღებს, ისეთს, როგორიც ხარ, არ არის მარტივი ამბავი. ნამდვილად გამართლებაა, როცა ადამიანს ასე უყვარხარ, გაფასებს და იგებს შენს რთულ მოცემულობას. ადამიანი ყოველთვის ერთ ხასიათზე ხომ არ ხარ? თან, მე ზოგჯერ საკმაოდ ჭირვეული ვარ, იმპულსური ხასიათი მაქვს. თუ მეორე ნახევარს ყველანაირი უყვარხარ, სწორედ მაშინ არის ეს ნამდვილი სიყვარული.

– რამდენად არის კარგი ინტუიცია შენი იღბალი?

– ლოგიკაზე მეტად შეიძლება, ინტუიციას ვეყრდნობოდე, მაგრამ ეს პარანოიაში არ უნდა გადავიდეს. ინტუიციური ადამიანები ძალიან ხშირად ეყრდნობიან საკუთარ შეგრძნებებს. შეიძლება, ის მართალიც იყოს, მაგრამ ამ ენერგეტიკულ ველებში ძალიან დიდი დოზით თუ გადახვედი, ძალიან მარტივია პარანოიაში დაიკარგო: „იმან ასე გამომხედა“, „იმან ეს გაიფიქრა“ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ინტუიცია ბოლომდე არ უნდა მიუშვა, მიუხედავად იმისა, რომ შენი წინათგრძნობები ხშირად მართლდება. აუცილებლად რეალობაში უნდა დარჩე. მნიშვნელოვან საკითხებში ინტუიციას უნდა ენდო, მაგრამ ყოველდღიურობაში ხშირად არ უნდა შეჰყვე, თორემ შეიძლება, მერე ადამიანებისგან დისტანცირდე. ყველაფერში ბალანსია საჭირო. ამიტომ როცა ვგრძნობ, რომ ინტუიციისკენ ზედმეტად ვიხრები, ვცდილობ, ლოგიკა ჩავრთო, რომ რომელიმე მხარეს ზედმეტად არ გადავიხარო და არ დავიკარგო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი