შოუბიზნესი

თიკო ჩხეიძე: ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ, ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 58 წუთის წინ

თიკო ჩხეიძე
დაკოპირებულია

მოდელი თიკო ჩხეიძე ზოდიაქოთი თხის რქაა და როგორც ჩანს, ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელიცაა. მისი თვისებების შესახებ დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თიკო ჩხეიძე: 6 იანვარს მაქვს დაბადების დღე, შესაბამისად, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. ჩემს ნიშანთან დამთხვევებს ვხედავ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებს თვალს ვადევნებ და ყოველდღიურობაში ვითვალისწინებ.

– თხის რქები საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან.

– ვეთანხმები, მეც ასეთი ვარ. ასევე, ამ ზოდიაქოს ახასიათებს შრომისმოყვარეობა და ეს თვისებაც მაქვს, მიზანდასახულიც ვარ, გზიდან გადახვევა არ მახასიათებს და ჩანაფიქრის განხორციელებაც შემიძლია.

– ძალიან ერთგულები არიან და სხვისგანაც იმავეს მოითხოვენ.

– ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ზოგადად, თხის რქა ძალიან მომთხოვნი ნიშანია. თვითონ იმდენად პრინციპულია, იმდენად მაღალი სტანდარტები აქვს თავისი თავისთვის დაწესებული, რომ თუ სხვაც იგივენაირად არ იქცევა, დისბალანსს განიცდის. ურთიერთობაში მუდმივად მოითხოვს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ისეც ხდება, სხვას არ შეუძლია იგივეს გაკეთება, მაგრამ თხის რქა მაინც ჯიუტად მოითხოვს. ბევრჯერ მიცდია საკუთარ თავზე მუშაობა ამის გამო, ვცდილობ, სხვა ადამიანების მიმართ არ ვიყო ისეთი მომთხოვნი, როგორიც საკუთარი თავის მიმართ ვარ, მაგრამ არ გამომდის. ეს ართულებს ურთიერთობას, იმიტომ, რომ ვერავინ გააკეთებს ისე, როგორც შენ გინდა. შენ ბუნებრივად გაქვს შესაბამისი რესურსი, სხვას – არა, თუმცა, თხის რქას ამის გაგება უჭირს (იცინის).

– მის ცხოვრებაში ორგული ადამიანების ადგილი არ არის...

– ბუნებრივია, რომ არ არის. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანები არიან ზუსტად ამ თვისების გამო. ვისაც შევატყობ, რომ არ არის ისეთი, როგორიც ჩემ გვერდით უნდა იყოს, ვემშვიდობები. ეს დამშვიდობება ხდება ერთხელ და სამუდამოდ.

– უხეში არ არის, მაგრამ ბევრმა შეიძლება, ასეთად ჩათვალოს, რადგან ძალიან პირდაპირია.

– კი, ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ჩემი გადმოსახედიდან, ის, რასაც ვინმეს ვეუბნები, შეიძლება, ჩემი აზრით, ძალიან რბილი იყო, მაგრამ მესამე პირს უთქვამს, რომ ძალიან პირდაპირი და ხისტი ვარ. მე ამას ვერ ვგრძნობ. თუმცა, ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი და მკვეთრი რეაქცია აღარ აქვთ. ზოგადად, ამ ნიშანს ვიზუალიც აკადემიური და მკაცრი აქვს.

– შეიძლება გეგონოს, რომ თხის რქას ატყუებ, ის კი ამ დროს უბრალოდ, გაკვირდება სადამდე დახვალ.

– კიდევ ამბობენ, რომ თხის რქები ჯოჯოხეთში არ ხვდებიან, მათ ყველგან ნაცნობები ჰყავთო (იცინის). რაც შეეხება ტყუილს, თხის რქა თავიდან არ იხსნება ადამიანთან, აკვირდება. თუმცა ამას გამიზნულად არ აკეთებს, ის ასეთია. ბუნებრივად სწავლობს სხვა ადამიანის თვისებებს და მერე უკვე იცის მისი მოქმედების კანონზომიერება, შესაბამისად ისიც, როგორ უნდა ეურთიერთოს მას.

– ნუ გეგონება, რომ თხის რქის სიჩუმე სისუსტეს ნიშნავს, მისი დუმილი მოახლოებული ქარიშხლის ნიშანია. ასეა?

– ამით არ ვგავარ ჩემს ნიშანს. მე წყნარად ყოფნა არ შემიძლია. სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებ, მაშინვე ვფეთქდები (იცინის). რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი გარემოებაა, თუმცა უცხოებს სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ ჩემ შესახებ, ალბათ, შორიდან მშვიდი და გაწონასწორებული ვჩანვარ.

მე არ მიყვარს ცუდი განწყობის შიგნით შენახვა. მირჩევნია, იქვე გამოვხატო, დაველაპარაკო ადამიანს და გადავწყვიტო, მინდა თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

– სიხარულის შემთხვევაშიც ასეა?

– არა, სიხარულის გამოხატვა დიდად არ მახასიათებს. უფრო თავშეკავებული ვარ. იმდენად ვერ გამოვხატავ სიხარულს, როგორც სხვა ნიშნები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მიხარია. ვიღაცას ეგონება, რომ სულერთია, რას აჩუქებ თხის რქას ან როგორ მოექცევი და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, უბრალოდ, ემოციის გამოხატვა გვიჭირს.

– თუ საკუთარი ცხოვრებიდან ამოგშალა, ჩათვალე, რომ ყველაფერი დამთავრდა...

– ვინც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, მე არავისთვის მიპატიებია და მეორე შანსი არ მიმიცია. თხის რქა ძალიან ადრე გრძნობს ადამიანს, აკვირდება, შანსს აძლევს. მშვიდად და წყნარადაა და ფიქრობს, იქნებ მე მომეჩვენა, იქნებ ვცდები. როცა ადამიანს მთელ გულსა და სულს ჩუქნი, მეგობარი იქნება, ახლობელი თუ სხვა, თუ მისგან საპასუხოდ ცუდს იღებ, ყველაფერს ასრულებ. მშვიდად, წყნარად და სამუდამოდ ვემშვიდობები, თუმცა მანამდე ბევრი შანსის მიცემა შემიძლია.

– შურისძიება არ ახასიათებს, უბრალოდ, თავის გზას გააგრძელებს და გაყურებინებს, როგორ მიაღწევს დიდ წარმატებას...

– სხვათა შორის, მიყვარს ეს თვისება (იცინის). ადამიანზე შური რატომ უნდა იძიო ან ცუდი რატომ უნდა უსურვო? უბრალოდ, მისი შენ მიმართ არასწორი საქციელი შენთვის მოტივაცია უნდა გახდეს, რაც მთელი ცხოვრება დაგეხმარება, მიაღწიო იმ მიზნებს, რომელსაც სხვა ვერ მიაღწევს. შურიანი და ბოღმიანი არ ხარ და შესაბამისად, ხელი გემართება კარგ საქმეებში.

– თხის რქა ქალი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. შეუძლიათ, ქვა გახეთქონ და გაიფურჩქნონ ნებისმიერ გარემოებაში...

– ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ალბათ, ასეა. ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება, მაგრამ გრძელდება. არის წუთები, როცა მიხარია, რომ ვცხოვრობ. ეს ძლიერების გამომხატველიც არის, მაგრამ ამის უკან დიდი ტკივილია. თხის რქები ცოტა მელანქოლიურები არიან და ძალასა და სევდას ერთმანეთს აფარებენ. სიცოცხლისუნარიანობა და ბრძოლისუნარიანობა კი ჩვენში დიდი დოზით არის. თხის რქა არასდროს ნებდება და არც არსებულ რეალობას ემალება.

– ძალიან პუნქტუალურია, იცის დროის ფასი.

– ამას ვერ ვესადაგები, ბოლო დროს – განსაკუთრებით. სულ რაღაცას ვერ ვასწრებ, ვაგვიანებ და ასე შემდეგ. საქმეში ვცდილობ, მაქსიმალურად პუნქტუალური ვიყო, მაგრამ არაოფიციალურ გარემოში ეს ნაკლებად გამომდის.

როცა აქტიური მოდელი ვიყავი, ქასთინგები და შეხვედრები მქონდა, მაშინ ვსწავლობდი დაგვიანებას. ოთახში დაგვიანებით შესვლა კიდევ სხვა ეფექტს გძენდა მომლოდინე მხარესთან. ჩვენ, როგორც მოდელები, ბევრ ასეთ ხრიკს ვსწავლობდით (იცინის). მერე ისე კარგად ვისწავლე, რომ ჩვევაში გადამივიდა (იცინის).

– შრომისმოყვარეობა რამდენად გახასიათებთ?

– ნებისმიერ საქმეში ერთნაირად შრომისმოყვარე ვარ: სამსახურში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ადამიანების გვერდში დგომის მხრივ. შეიძლება, ძალიან ცოტა დრო გქონდეს და მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ახერხებდე, თხის რქას კი ყველასთვის აქვს დრო გადანაწილებული. სამაგალითო მეგობარია და თუკი მისგან რამე დაგჭირდა, შეგიძლია, მისი იმედი გქონდეს, შეუძლებელს გაგიკეთებს. ზუსტად ამიტომაც სტკივათ და ამიტომაც ემშვიდობებიან სამუდამოდ იმ ადამიანებს, ვინც შესაბამისად არ იქცევა.

– ძალიან ორგანიზებული ნიშანია, პანიკის გარეშე, თანმიმდევრულად მიჰყვება ყოველდღიურობას და ცხოვრებას...

– კი, არ გვიყვარს სიურპრიზები. უნდა ვიცოდეთ, რას რა ნაბიჯი მოყვება. ვცდილობ, ყველაფერი ისე დავალაგო, რომ მშვიდად ვიცხროვრო.

– ჯანსაღად ამბიციურია და სხვებსაც აძლევს მოტივაციას.

– კი, ზოგადად, თხის რქები მოტივატორები ვართ, ნებისმიერ საქმეში. არაფერი რომ არ იყოს გასაკეთებელი, თხის რქა მაინც გამონახავს რამეს და გარშემო მყოფებსაც აიყოლიებს, ოღონდ ისე, რომ თან გაერთონ და თან საქმე გააკეთონ. შეუძლია, ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად გადაგიქციოს. შედეგად თვითონაც კმაყოფილია და სხვებიც.

– ცოტა იდუმალი ნიშანია, მის ფიქრებს ვერასდროს გაიგებ.

– ცოტა კი არა, ძალიან (იცინის). შეიძლება, გეგონოს, რომ იცი, რაზე ვფიქრობთ, რით ვართ დაკავებული, მაგრამ ამ დროს საერთოდ სხვაგან ვიყოთ (იცინის).

– ვერასდროს დაამარცხებ...

– თხის რქა მუდმივად ბრძოლაშია, მუდმივ კონკურენციაშია და ამიტომ აღწევს ყველაფერს. ეს არ ხდება გამიზნულად და არც ბოროტული ზრახვებით არის გამოწვეული, უბრალოდ, ცხოვრების ასეთი სტილი აქვს, ჯანსაღი კონკურენცია ეხმარება მიზნების მიღწევაში – ეს არის მისი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა.

– არასდროს ფიქრობს, რომ სხვა მოუგვარებს პრობლემებს.

– პირიქით, ეგ ჩვენ ვართ – სხვას უნდა ეგონოს, რომ ჩვენ მოვუგვარეთ პრობლემებს და ჩვენ მართლა ვუგვარებთ (იცინის). ყოველთვის შეგიძლია, თხის რქა მეგობრის იმედი გქონდეს. რასაც სხვა ვერ შეძლებს, ის აუცილებლად მოგიგვარებს (იცინის).

– როცა თვითონ გიჭირთ?

– როცა თვითონ გვიჭირს, ძალიან გვირთულდება აღიარება. ამიტომაცაა, რომ მას უყვარს ლიდერული თვისებების მქონე ადამიანებთან ახლოს ყოფნა, რადგან მათთან ურთიერთობა არ უჭირთ. იცის, რომ ძლიერი ძლიერს თქმის გარეშე გაგიგებს და დაგეხმარება.

– რა თვისებებს გამოასწორებდით საკუთარ თავში და რა მოგწონთ?

– სიჯიუტე არ მომწონს, თუმცა ზოგჯერ მომწონს კიდეც. ზედმეტად ჯიუტები, მკაცრები ვართ, ასევე მომთხოვნები, რაც საერთოდ არ მინდა. მირჩევნია, სხვებივით ვიყო, მაშინ უფრო რბილი ვიქნები ურთიერთობაში, არც ვაწყენინებ ვინმეს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვანაირად არ გამომდის. მომწონს ის, რომ ერთგულება გვახასიათებს და ისიც, რომ ძლიერები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი