რატომ არ ენდობა თინათინ ჯოხაძე საკუთარ ინტუიციას და ვისთან წყვეტს ის ურთიერთობას უყოყმანოდ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ვინ არის ზოდიაქოთი ტელეწამყვანი თინათინ ჯოხაძე, რა თვისებებია მასში დომინანტური და სჯერა თუ არა მას ასტროლოგიური პროგნოზების, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თინათინ ჯოხაძე: 24 აპრილს დავიბადე, შესაბამისად, ზოდიაქოთი კურო ვარ. ასტროლოგიის მჯერა და ასტროლოგიური პროგნოზების მოსმენაც მიყვარს. ჩვენს გადაცემაში, როცა მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებზე საუბრობს, ყოველთვის ინტერესით ვუსმენ, მაშინაც, როცა სხვა ნიშნებს ეხება, ხოლო როცა ჩემს ან ჩემი შვილის ზოდიაქოს განიხილავს – მით უმეტეს. ვერ ვიტყვი, რომ პროგნოზები ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რაც მოვისმინე, გავითვალისწინო.
– კურო ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ ნიშნად მიიჩნევა. ასევე ამბობენ, რომ ისეთი თვისებები აქვს, რის გამოც ადამიანები ადვილად ენდობიან...
– ერთგულება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა როგორც ჩემი მხრიდან, ისე სხვებისგან. მიმაჩნია, რომ ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია. ეს დამოკიდებულება ბავშვობიდან მომყვება. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ადამიანებს ჩემი ნდობა უნდა შეძლებოდათ. ვფიქრობ, ამ პასუხისმგებლობას ვამართლებ და იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება.
ძალიან მიყვარს, როცა ადამიანები მენდობიან და გულწრფელად მიყვებიან თავიანთ პრობლემებზე. თუ ვინმე თავის საიდუმლოს გამანდობს, გამორიცხულია, ის სხვასთან გავამხილო. შეიძლება, თვითონ იმ ადამიანმა უთხრას სხვას ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე სხვის ნდობას არასოდეს ვუღალატებ. საიდუმლოს შენახვა ნამდვილად შემიძლია.
– კურო საიმედო ადამიანია. ამბობენ, რომ მისი იმედი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, გქონდეს...
– სადაც და როგორც შემიძლია, ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს გვერდით დავუდგე. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში არიან. დედაჩემიც მიწის სტიქიის ნიშანია და ჩვენს ცხოვრებაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ერთად დავხმარებივართ სხვებს პრობლემების მოგვარებაში.
– კურო ვერ იტანს მოღალატე და მატყუარა ადამიანებს...
– დიახ, იმიტომ რომ თავად არც ტყუილი შემიძლია და არც ღალატი. ამიტომ სხვებისგანაც იმავეს მოველი. იქნება ეს მეორე ნახევარი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი, ღალატი ჩემთვის მიუღებელია. ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ სხვას კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავსაც ღალატობს. თან, ცხოვრებამ არაერთხელ დამანახვა, რომ ვინც არ უნდა მომატყუოს, საბოლოოდ სიმართლე მაინც მოდის ჩემამდე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ტყუილს აზრი არ აქვს.
– როგორ რეაგირებ, როცა იგებ, რომ მოგატყუეს?
– გააჩნია სიტუაციას. ყოფილა შემთხვევა, როცა ისეთი ტყუილი გამიგია, რომლის გამხელაც სხვა ადამიანის ნდობის ღალატი იქნებოდა. ასეთ დროს არაფერი მითქვამს, უბრალოდ, იმ ადამიანისგან ნელ-ნელა დისტანცირება ამირჩევია. თუ ტყუილი პირადად მე მეხება და პირდაპირ ჩემთვის არის ნათქვამი, მაშინ რეაქცია გაცილებით მძაფრი მაქვს. (იცინის)
– ამბობენ, რომ კუროები გარეგნულად ცივი ადამიანები ჩანან, თუმცა, თუ სიყვარულს გამოხატავენ, ეს ნამდვილად გულწრფელია...
– თუ ადამიანი გულწრფელად არ მიყვარს, ვერ შევძლებ, ხელოვნურად თბილად მოვექცე. ძალიან ახლობელი უნდა იყოს, რომ გული გავუხსნა და დავანახვო, რამდენად თბილი და მზრუნველი შემიძლია, ვიყო.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც ყველას მეგობრად მიიჩნევენ, ყველას ეფერებიან, კომპლიმენტებს ურიგებენ და ყველასთან ერთნაირად ახლობლობენ. მირჩევნია, ვინმეს ხისტი ვეჩვენო, მაგრამ ნამდვილი ვიყო, ვიდრე ყალბი როლები ვითამაშო.
ვინც ნამდვილად მიყვარს, მათთან სრულიად სხვა ადამიანი ვარ. ბევრს უთქვამს: შორიდან ცივი მეგონე, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირი ყოფილხარო. მეც მქონია შემთხვევა, როცა ადამიანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ახლო ურთიერთობის შემდეგ მთლიანად შემცვლია და ეს სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია.
– კუროებს პირდაპირობა ახასიათებთ...
– ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ნამდვილად პირდაპირი ვარ. თუ რაღაც არ მომწონს, მირჩევნია, გულწრფელად ვუთხრა. მაგალითად, თუ ვხედავ, რომ ჩემს ახლო მეგობარს რაღაც არ უხდება, აუცილებლად ვეტყვი. ეს ჩემი ხედვაა, მაგრამ მირჩევნია, ჩემგან გაიგოს, ვიდრე სხვამ დასცინოს ან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, არასოდეს ვეტყვი ისე, რომ გული ვატკინო. ყოველთვის საკუთარ თავზე ვიფიქრებ – მე როგორ მესიამოვნებოდა მსგავსი შენიშვნის მოსმენა. თუ სათქმელი მგრძნობიარეა, აუცილებლად პირისპირ ვეტყვი და არა სხვების თანდასწრებით. ეს ელემენტარული პატივისცემაა.
– კუროებს ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ – ბუნებით, სილამაზით, გემრიელი კერძებით...
– ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს. მიყვარს ტყეც, მაგრამ ზღვაზე საერთოდ ვგიჟდები. ბუნება შინაგან სიმშვიდეს მანიჭებს და მახსენებს, რომ მეც ამ საოცარი სამყაროს ნაწილი ვარ. ბუნების სიყვარული იმაშიც გამოიხატება, რომ ძალიან მიყვარს სახლის მცენარეები. მათ ადამიანებივით ველაპარაკები და დიდი სიყვარულით ვუვლი. (იცინის)
რაც შეეხება კულინარიას, გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. გამიმართლა, რომ ეს გარეგნობაზე დიდად არ მეტყობა, თორემ დიეტების დაცვა ნამდვილად გამიჭირდებოდა. როცა მშია, ძალიან მიჭირს თავის შეკავება და ყოველთვის იმას ვირჩევ, რაც ყველაზე მეტად მინდა. (იცინის) მომზადებაც ძალიან მიყვარს. არის პერიოდები, როცა თითქმის სულ სამზარეულოში ვარ და სხვადასხვა კერძს ვამზადებ, შემდეგ კი შეიძლება, დიდხანს აღარ შევიდე. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ვიღებ, როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ვამზადებ და მათ კმაყოფილებას ვხედავ.
– წესით, ძალიან კარგი ინტუიცია უნდა გქონდეს...
– ინტუიცია მართლაც ძალიან კარგი მაქვს, თუმცა, ყოველთვის არ ვენდობი. ხშირად მგონია, რომ რაღაცები მეჩვენება ან ზედმეტად ვაანალიზებ. ბევრჯერ მომხდარა, რომ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ წინასწარ მიგრძნია და მერე მითქვამს – „ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა“, მაგრამ მაინც მიჭირს საკუთარი ინტუიციის ბოლომდე დაჯერება. ალბათ, იმიტომ, რომ ზოგჯერ არ მინდა, ის ცუდი მოლოდინი გამართლდეს, რასაც შინაგანად ვგრძნობ. თუმცა არაერთხელ სწორედ ინტუიცია დამხმარებია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ასეთ დროს მიხარია, რომ საკუთარ თავს მოვუსმინე.
– მიუხედავად ძლიერი ინტუიციისა, ამბობენ, რომ კუროს ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე სჭირდება. თუ ვინმე თქვენს სტაბილურობას ანგრევს, უნდა გაუშვათ, რამდენადაც არ უნდა იყოთ მასზე მიჯაჭვული. გქონია ასეთი გამოცდილება?
– დიახ, და ეს ძალიან რთულია. ჩემთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანს, გარემოს ან თუნდაც კომფორტს ეჩვევი, მასზე უარის თქმა მარტივი არ არის, მაშინაც კი, როცა ხვდები, რომ ეს ურთიერთობა უფრო განგრევს, ვიდრე გაძლიერებს. ასეთ დროს დიდხანს ფიქრობ, იქნებ კიდევ სცადო, იქნებ რამე შეიცვალოს, მაგრამ თუ საბოლოოდ ხვდები, რომ ცოტა ხნით დისკომფორტი მომავალში სიმშვიდეს მოგიტანს, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგა. მეც გადამიდგამს.
– ამბობენ, რომ კურო კარგი მეგობარია, მაგრამ თუ მის კომფორტის ზონას დაარღვევ, ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება. როგორია შენი გაბრაზება?
– სტაბილურობა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სპონტანურობა ცუდი არ არის, მაგრამ მიყვარს, როცა ჩემი ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაგეგმილია – იქნება ეს სამსახურთან, მეგობრებთან თუ ყოველდღიურ რეჟიმთან კავშირში – ეს სიმშვიდის განცდას მაძლევს. თუ მე სხვის კომფორტსა და სტაბილურობას პატივს ვცემ, სხვებისგანაც ისეთივე დამოკიდებულებას ველოდები.
რაც შეეხება გაბრაზებას, ძალიან რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. ადამიანმა ამისთვის ბევრი უნდა ეცადოს. თუმცა თუ ვინმე განმეორებით მაყენებს ტკივილს და ჩემს გაფრთხილებებს არ ითვალისწინებს, მერე მეც აღარ ვუთმობ. ერთხელ და ორჯერ შეიძლება, ბევრი რამ აპატიო, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს.
– სილამაზე და კომფორტი სახლში – კუროს ესეც ძალიან უყვარს...
– სახლის ინტერიერი ძალიან მიყვარს. შემიძლია, ლამაზ ნივთებში მთელი ხელფასი დავხარჯო. ჩვენი სახლი მთლიანად ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი და მისით ტკბობა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. ახლობლებმაც კარგად იციან, რა მომწონს, ამიტომ საჩუქრებიც თითქმის ყოველთვის ზუსტად ჩემს გემოვნებაში ჯდება.
– კუროს ძალიან უყვარს ფული, თუმცა არ ფლანგავს...
– ვერ ვიტყვი, რომ ფულზე ვგიჟდები. უფრო სწორად, არ მომწონს, რომ ძალიან დამოკიდებული ვარ მასზე, თუმცა რეალობა ასეთია. ამიტომ ვცდილობ, ჯანსაღი დამოკიდებულება მქონდეს – ფული იმისთვის უნდა გამოიმუშაო, რომ ღირსეულად იცხოვრო. დახარჯვაც მიყვარს. ძუნწი არ ვარ და არც მიყვარს ასეთი ადამიანები. ზოგჯერ შეიძლება ემოციებს ავყვე და იმაზე მეტი დავხარჯო, ვიდრე მქონდა დაგეგმილი, თუმცა, სისულელეებში ფულს ნამდვილად არ ვფლანგავ. საერთო ჯამში, მირჩევნია, გულუხვი ვიყო, ვიდრე ზედმეტად მომჭირნე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





