თამუნა მუსერიძე: ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს დღე დადგებოდა და ჩემზე ფილმს გადაიღებდნენ
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მართალია, დეტალებზე ჯერ ხმამაღლა საუბარს ერიდება, თუმცა, მოლაპარაკებებს აწარმოებს უცხო ქვეყნის ერთ-ერთ ქვეყანასთან, საიდანაც დაინტერესება წამოვიდა და სულ მალე, მხატვრული ფილმის გადაღებას დაიწყებენ, სადაც თამუნას ცხოვრება იქნება აღბეჭდილი. როგორც თავად ამბობს, ეს ამბავი მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ამერიკაში მისი დოკუმენტური ფილმის ექვს ნომინაციაში გამარჯვების მერე ჰქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ქვეყნის რეჟისორი აუცილებლად დაინტერესდებოდა და გაუჩნდებოდა იდეა, მის ცხოვრებაზე ფილმი გადაეღო.
თამუნა მუსერიძე: მგონი, მე ვარ ადამიანი, ვისაც საერთოდ არანაირი ინტუიცია არ აქვს, რადგან სამწუხაროდ, წინასწარ ვერაფერს ვგრძნობ და ვხვდები (იცინის). ვაქცევ ყურადღებას და ვცდილობ, ვისწავლო, განსაკუთრებით, ადამიანების ამოცნობა, მაგრამ ეს არის ის, რაც არაფრით არ გამომდის. ასე რომ, მინდა მქონდეს განვითარებული ინტუიცია, მაგრამ – არა. ძალიან მიმნდობი ადამიანი ვარ და დაქალები ხშირად მეუბნებიან, იმ ადამიანს არ ენდოო, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვენდო და მერე ვიგებ, მათი ინტუიცია ამართლებს. კიდევ ვამბობ, ვარ მიმნდობი ადამიანი და არ ვარ ბოროტი და რადგან სხვებს სიბოროტეს არ ვუკეთებ, მგონია, ის ადამიანებიც არ ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ ცუდი გამიკეთონ, თუმცა, სამწუხაროდ, არ ხდება ასე. ზუსტად ის ადამიანები მიკეთებდნენ ცუდს, ვიზეც დაქალები მაფრთხილებდნენ, ამასთან არანაირი ურთიერთობა არ გქონდესო. ბევრჯერ მინანია ასეთი ხასიათი რომ მაქვს. ასე რომ, ამ ჩემი ხასიათის გამო მეგობრებისგან ხშირად გავმხდარვარ ღალატის მსხვერპლი. ადრე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ცხოვრებას, ამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ხედვა და მივხვდი, გული არ უნდა მეტკინოს და არ უნდა მეწყინოს. რადგან, რეალურად ადამიანების მიმართ ეს მოლოდინები ჩვენი ბრალია. მე თავად ვიქმნი ილუზიებს ადამიანთან დაკავშირებით, მე თვითონ ვიქმნი მასზე შეხედულებებს და მაქვს მათი მხრიდან რაღაცების გაკეთების ილუზია. თუმცა, რეალურად ეს ადამიანები არ აჩვენებენ, რისი გამკეთებლები არიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ილუზიაა. და მივხვდი, თუ ადამიანისგან ბევრის მიღების მოლოდინი არ გექნება და არ შეიქმნი ფუჭ ილუზიებს, ნაკლებად გეტკინება გული. ასე რომ, რეალურად ის, რომ მე გული მტკივა, ჩემი ბრალია და არა იმ ადამიანების.
– ეს ფუჭი ილუზიები შენს ყოფილ ქმრებსაც ეხება?
– ჩემი ილუზიები, ყოფილ ქმრებს არ ეხებათ.
– ვიცი, ემოციური ადამიანი ხარ, მაგრამ რამდენად გიყვარს ოცნება?
– მეოცნებე ადამიანი არ ვარ, უფრო მყარად ვდგავარ დედამიწაზე. ვოცნებობ ისეთ რაღაცებზე, რაც ასრულებადია. არასდროს ვოცნებობ ისეთ რაღაცაზე, რაც ვიცი, არ შესრულდება. როცა რაღაც მიზანს ვისახავ და ვოცნებობ ამ მიზნის მიღწევაზე, ვისახავ ისეთს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამომივა. სხვათა შორის, ბავშვობიდანვე ასეთი ვარ.
– ცხოვრებაში, ყველაზე მეტად როდის გეტკინა და როდის მიხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ხარ?
– ცხოვრებაში ბევრჯერ მეტკინა, მაგრამ ძლიერი ადამიანი ვარ თუ არა, ჯერ არ ვიცი. კი, ბევრჯერ მტკენია, მაგრამ ყოველი დაცემის მერე ვხვდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება. არ ვიცი, ეს შინაგანი სიძლიერეა თუ არა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, მე თვითონ თუ არ ავდექი ფეხზე და არ შემოვუძახე ჩემს თავს, სხვა ვერავინ გადამარჩენს. ჩემი მიზნები ხშირად იცვლება. რაც რვა წლის განმავლობაში იყო ჩემი მიზანი, ვგულისხმობ ბიოლოგიური ოჯახის მოძიებას, მე ამ მიზანს მივაღწიე და რაც მქონდა დასახული, გავაკეთე. ახლანდელი მიზანი არის, რომ ბავშვებს მივცე კარგი განათლება და პრიორიტეტში მყავს უფროსი შვილი, რადგან მომავალ წელს უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. ახლა, ჩემი მიზანი მიმართულია იმისკენ, რომ ჩემმა შვილმა კარგი პროფესია აირჩიოს, კარგად ჩააბაროს და მიიღოს კარგი განათლება.
– თუ ეთანხმები აზრს, სტიმულისა და წარმატებისთვის აუცილებელია, ქალს გვერდში ძლიერი მამაკაცი ედგესო და შენს შემთხვევაში როგორ არის?
– გვერდით მყოფი მამაკაცის სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული ქალის წარმატება და სიძლიერე. მივხვდი, რომ ქალისთვის სტიმული უნდა იყოს საკუთარი თავი, დაისახოს პატარ-პატარა მიზნები და თავად მიჰყვეს მის ასახდენად გზას. მაგალითად, ოთხი თვის წინ ჩემი მიზანი იყო, ჩავმდგარიყავი ფორმაში და სამი ბავშვის გაჩენის მერე, სხეული რომ ვეღარ იყო ისეთი, როგორიც მე მინდოდა ან მიახლოებული მაინც ყოფილიყო, რაც მანამდე მქონდა. ახლა ნელ-ნელა ვაღწევ ამ მიზანს. იმის თქმა მინდა, რომ პატარ-პატარა მიზნების მიღწევებით ძალიან ვბედნიერდები და საკუთარი თავის გარდა ამ მიზანს ვერავინ მიმაღწევინებდა. რასაკვირველია, ამაში ჩემი მწვრთნელიც მეხმარება. მოკლედ, ოთხი თვის წინ გადავწყვიტე, ვარჯიში დამეწყო დარბაზში, ზედმეტი კილოგრამები დამეკლო და ფორმაში ჩავმდგარიყავი, სულ, ჯამში, რვა კილო დავიკელი, ორიღა დამრჩა დასაკლები და ამასაც მალე დავიკლებ. არაჩვეულებრივი ინსტრუქტორ-მწვრთნელი მყავს, კვებითაც ვუწყობ ხელს, მარტო ვარჯიშით ვერ მივაღწევდი იმ შედეგს, რაც მაქვს. ჩემთვის, ფორმაში ჩადგომასთან ერთად, ასევე მთავარი იყო, ჩემში დაგროვილი ნეგატიური ენერგიის „გამოსროლა“, რაც ვარჯიშით მოვახერხე. ჩვეულებრივად დამოკიდებული გავხდი ვარჯიშზე და ყველას ვურჩევ, ივარჯიშონ, სწორად იკვებონ და იცხოვრონ ჯანსაღი წესით. ვერაფერმა რომ ვერ მიშველა, ტრენაჟორებზე ვარჯიშმა არა მარტო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც დამეხმარა. სხვათა შორის, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, ეს ჩემთვის ახალი და უცხო არ არის. უბრალოდ, ბოლო წლები ბავშვების გამო ვერ ვიცლიდი და ახლა რომ დავუბრუნდი, უბედნიერესი ვარ.
– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ყველაზე მეტად შვილებსა და მეგობრებში გამიმართლა. ჩემმა მეგობრებმა, წარმოუდგენელი გააკეთეს ჩემთვის. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რიგრიგობით მითენებდნენ ღამეებს და წარმოიდგინეთ ამას რამხელა ნებისყოფა სჭირდება. ძალიან დამეხმარნენ.
– გავიგე, სასიამოვნო სიახლე გაქვს, ვგულისხმობ შენს ცხოვრებაზე მხატვრული ფილმის გადაღებას, რომლითაც უცხოური მხარეა დაინტრესებული. იქნებ ამაზეც ვისაუბროთ, რა ეტაპზეა მისული მოლაპარაკებები?
– შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი ქვეყნიდან მხატვრული ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით. ახლა ფინანსურ მხარეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ფილმი ჩემზე იქნება და როგორც კი შევთანხმდებით, სულ მალე გადაღებებიც დაიწყება. სხვათა შორის, ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკაში ჩემმა დოკუმენტურმა ფილმმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. ასე რომ, თუ შევთანხმდით ფინანსურ დეტალებზე და მოლაპარაკება შედგა, ცოტა ხნით საქართველოდან გამგზავრება მომიწევს. რომ გითხრათ, ამ ამბავს არ ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ, ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს დღე დადგებოდა და ჩემზე ფილმს გადაიღებდნენ. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მქონდა მოლოდინი, დოკუმენტური ფილმის ექვს ნომინაციაში გამარჯვების მერე კი ვიცოდი, რომ რომელიმე ქვეყანა დაინტერესდებოდა და დოკუმენტურს გაამხატვრულებდნენ. ეს მოლოდინი არ იყო ინტუიცია, ეს იყო მოლოდინი, რომელიც თავად შევუქმენი საკუთარ თავს და რა ემოციაც გავუშვი, ზუსტად ის დამიბრუნდა. იცით, ახლა რომ სარკეში ვიყურები, ვხვდები, ბრუნდება ის თამუნა, რომელიც ბევრი წელი იყო სადღაც კუთხეში მიმალული და ძალიან მომწონს ეს ამბავი, ძალიან... ის, რომ ნელ-ნელა დავიწყე ჩემი თავის მოწონება და შეყვარება, ძალიან მაგარია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





