ვინ გაიფორმა შვილად ქორწინების მერე გიორგი ჩუბინიძემ და როგორ გახდა „პირველი ცოლი“ მისი მეჯვარე
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 27.09, 2021 წელი
„კომედი შოუს“ გამორჩეული მსახიობი და სცენარისტი, 23 წლის გიორგი ჩუბინიძე ახლახან ულამაზეს გოგონაზე – თეონა კაპანაძეზე დაქორწინდა. თეონა პროფესიით ფილოლოგია. წყვილმა პატარა ქორწილი გადაიხადა, სრული რეგულაციების დაცვით და მომავალში, როცა კოვიდპანდემია დასრულდება, დიდ და გრანდიოზულ ქორწილსაც გეგმავს. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს გიორგისა და თეონას ოჯახის შექმნას და ერთ ჭერქვეშ ცხოვრების დაწყებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას უსურვებს.
გიორგი ჩუბინიძე: მე და თეონამ ერთმანეთი ბავშვობაში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჭიათურაში გავიცანით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ათი წელი მეგობრები ვიყავით, ექვსი წელი – შეყვარებულები, ახლა კი, უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა ქორწილით დავაგვირგვინეთ.
– როდის მიხვდი, რომ მეგობრის მიმართ გრძნობა გაჩნდა და როგორ გამოუტყდი სიყვარულში?
– თეონა ძალიან მაგარი მეგობარი იყო. ვუყვებოდი ხოლმე ჩემს შეყვარებულებზე და ისიც ჭკუას მარიგებდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, გრძნობა და სიყვარული როდის მოვიდა, ვერც კი გავიგე. ერთ დღესაც, ერთი გამოხედვით მივხვდი, რომ ეს გოგო მიყვარდა და ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო. ერთმანეთს რომ გამოვუტყდით, მეგობრული გრძნობა სიყვარულში გადავიდა, ხუთი თვე მეგობრობაც კი გავწყვიტეთ ამის გამო. ახლობლები მამჩნევდნენ ცვლილებას და მეუბნებოდნენ: ხომ ხედავ, გაშტერებული დადიხარ, მეიყვანე ის ბოვში ცოლადო (იცინის).
– რატომ გაწყვიტეთ ურთიერთობა?
– ორივესთვის მეგობრობა სხვა ფენომენია და რომ მივხვდით, სიყვარული „შემოგვეპარა“ და სხვა გრძნობა წამოვიდა, ცოტა ხნით, საკუთარ თავში დარწმუნება გვინდოდა და ამის გამო დისტანცია დავიჭირეთ. ვიგრძენით, რომ კარგ მეგობარს ვკარგავდით. 4-5 თვე, ვარიდებდით ერთმანეთს თავს, „კი იქნება, არ იქნება“ საუბარი გვქონდა და საბოლოო ჯამში, მაინც ერთმანეთი ავირჩიეთ.
– საყვარელ გოგონას ხელი ორიგინალურად სთხოვე თუ პირდაპირ ცოლობა შესთავაზე?
– ექვსი წელი მიყვარდა და მის წინ რომ მუხლებზე დავცემულიყავი, ცოლად გამომყევი-მეთქი, ფარსი იქნებოდა (იცინის). ისე, არც მუხლზე დაცემის პრობლემა მქონდა, მაგრამ უკვე „გაიასნებული“ იყო ჩვენი მომავალი და აღარ საჭიროებდა.
– სად გადაიხადეთ ქორწილი?
– ჩვენს საყვარელ ქალაქში – ბათუმში გადავიხადეთ პატარა, მინი-ქორწილი, სრული რეგულაციების დაცვით. სულ ექვსი ადამიანი ვიყავით – მე, თეონა და მეჯვარეები. სხვათა შორის, სკეტჩებიდან ჩემი პირველი ცოლი ლუიზა, იგივე „ნაპარნიკი“ ბესიკა, ანუ აკაკი დარბაიძე, გახლდათ ჩემი ერთ-ერთი მეჯვარე (იცინის). ბავშვობიდან მინდოდა, ჩემს საყვარელ დღეს, ოთხშაბათს მომეყვანა ცოლი, თეონას საყვარელი ციფრი კი 11-ია და დავამთხვიეთ – ოთხშაბათს, 11 რიცხვში დავქორწინდით. მართალია, ხელი მოვაწერეთ, მაგრამ, ჯვარი არ დაგვიწერია და გრანდიოზულ ქორწილს და ჯვრისწერას მომავალში ვგეგმავთ. სხვათა შორის, თეონა გვარად კაპანაძეა, ორივე მისი მეჯვარეც მისი მოგვარეა – კაპანაძე და ვხუმრობდი: კაპანაძეების კლანში ჩავვარდი-მეთქი (იცინის).
– შეუღლების შემდეგ, ცხოვრება ალბათ ცალკე დაიწყეთ. რომანტიკული თუ ხარ?
– დიახ, თანაცხოვრება დედაქალაქში, ნაქირავებ ბინაში ცალკე დავიწყეთ, თუმცა, ვინ გვტოვებს მარტო? (იცინის). რაც შეეხება რომანტიკას, კი, ვარ რომანტიკული, მაგრამ სასწაული საჩუქრები არ მიჩუქებია და არც რაიმე განსხვავებული ჩამიდენია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სადაც თეონა არ მელოდებოდა, იქ ვჩნდებოდი. სულ ვცდილობ, გავახარო და გავაბედნიერო. სხვათა შორის, მე და თეონას შვილიც გვყავს – აჩიკო. თეონას ძალიან უყვარს ძაღლები, ჰოდა ვიშვილე და ქორწილამდე ჩამოვუყვანე სამტრედიელი შვილი, აჩიკო. აჩიკო ჩვენს ქორწილშიც გახლდათ და უკვე რვა თვისაც გახდა. თან გავაფორმეთ, ოფიციალურად ვაღიარეთ შვილად და უკვე არჩილ ჩუბინიძეა (იცინის). მართალია, სამსახურის გამო აჩიკო, ძირითადად, მარტოა სახლში, მაგრამ იცის, რომ არ დავტოვებთ და საღამოს აუცილებლად მივალთ.
– ანუ, მიგაჩნია, რომ ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გააბედნიერო და გაახარო?
– საყვარელი ადამიანი რომ გაახარო და გააბედნიერო, მარტო სიყვარული და რომანტიკა არ კმარა, ფულიც საჭიროა, ურთიერთობაში ცოტა სხვა ფერებიც რომ შეიტანო.
– რა ფერები შემოიტანა თეონამ შენს ცხოვრებაში?
– თეონას ძალიან უყვარს იასამანი და თავადაც იასამნისფერია. მისი გულისთვის ბევრჯერ მომიპარავს და დამიგლეჯია იასამნები და მიმირთმევია. ჩემი ცხოვრება ღია ფერის იყო და ახლა თეონამ მას სხვა ფერები დაუმატა, უფრო გაახალისა და გააფერადა. ერთი თვეა, ერთად ვართ და მინდა, ჩვენი ცხოვრება სულ ასე ფერადი იყოს. გარკვეული შიშები, კომპლექსები მომეხსნა, ცოტა შევიცვალე. მინდა, არა მარტო ერთი, არამედ ბევრი თაფლობის თვე და გამონათება იყოს ცხოვრების ბოლომდე.
– „კომედი შოუს“ სკეტჩებში საკმაოდ მკაცრი და უხეში ქმარი ხარ. ლუიაზამ, პირველმა ცოლმა, როგორ მიიღო შენი დაქორწინების ამბავი?
– ხომ გითხარით, ეწყინა, მაგრამ მეჯვარედ მაინც გამომყვა (იცინის). კი მეგონა, ლუიზა პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებოდა, მაგრამ დაბერდა, მე კაცი ვარ და გვერდით თეონასნაირი ლამაზი გოგო მჭიდება (იცინის). ლუიზას სასმელს არ ვაკლებ და საჭმელს და შეეგუება ჩემს ბედნიერებას, სხვა რა გზა აქვს (იცინის). რაც შეეხება სკეტჩებში ჩემს, როგორც ქმრის სიჯიუტეს და სიუხეშეს, რეალურ ცხოვრებაშიც დიდად არ განვსხვავდები. იცით, როგორი ვარ? პირდაპირი, საუბრისას „დედაც ვატირესაც“ ხშირად ვხმარობ, თუმცა, არ მიყვარს ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება. სხვათა შორის, ცხოვრებაში, სულ სამჯერ მიყვარდა, მაგრამ ეს სულ სხვა სიყვარულია. იცით, როგორი, ღუზას რომ გადააგდებ და ოცნების ქალი ამოჰყვება. ასე რომ, გადავაგდე ღუზა, ამოჰყვა თეონა და დღეს ბედნიერი კაცი ვარ. სიყვარული სხვა რა არის, თუ არა კომფორტი და ეს კომფორტი თეონამ შემიქმნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან