შოუბიზნესი

ვინ არის ნინუცა მაყაშვილის პირადი დაცვა და ვინ გახდა მისი დილის ელექსირი

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 14.09, 2021 წელი

ნინუცა მაყაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი არასდროს ერიდება იმიჯის დაუგეგმავ ცვლილებას. პირიქით, ამბობს, რომ ეს მის განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ახალ სატელევიზიო სეზონზეც ახალი იმიჯი მოირგო და ამ ექსპერიმენტით ძალიან კმაყოფილია. გენეტიკის წყალობით, არც წონის მომატებას უჩივის, თუმცა, ცდილობს, ვარჯიშითა და ყოველდღიურად კილომეტრების ფეხით გავლით ტონუსში იყოს.

ნინუცა მაყაშვილი: ძალიან მიყვარს ზაფხული. ჩემთვის ეს სეზონი ზღვასთან, მზესთან, არაფრის კეთებასთან და კარგ დასვენებასთან ასოცირდება და არაფრის კეთებისა და გარუჯვის დრო ასე მალე რომ გავიდა, ძალიან დამწყდა გული და მოვიწყინე. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მაგრამ „არაფრის კეთების“ სეზონზე ვგიჟდები, ვის არ უყვარს? (იცინის) ძალიან მალე გაირბინა ამ ზაფხულმა, არ მეყო. მთელი წელი სულ ზაფხულს ველოდები და ახლა რომ მახსენდება, სულ მალე მზიან დღეებს უნდა გამოვემშვიდობო და ზამთარი გაიწელოს, ცუდ განწყობაზე ვდგები.

– მალე გაირბინაო და დასვენება თუ მოასწარი?

– განსაკუთრებულად განსხვავებული ზაფხული ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი „ცხენი“ ძაღლის გამო ზაფხულის პირველ თვეებში ვერსად წავედი, რადგან მისი ტრანსპორტირება ადვილი თემა არ არის, არც უყვარს. რთულია ამხელა ძაღლით მოგზაურობა. ასე რომ, აფლას გამო, შვებულების პირველი ნაწილი თბილისში ყოფნა მომიწია, მეორე ნაწილი კი გრიგოლეთში, მეგობრებთან, ბავშვებთან და ჩემს ცხენ-ძაღლთან ერთად დავისვენე. თუმცა, წელს ეს ზაფხული იმით იყო განსხვავებული, რომ ოჯახის ახალ წევრთან პირველად დავისვენე ზღვაზე. ჩემი „დილის ყავა“ და ელექსირი ჩემი დისშვილი, 3 თვის კატო იყო. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს რუჯი, რადგან გარუჯულს ყველაფერი გიხდება, სხეული უფრო ლამაზი ჩანს, საკუთარი თავი მოგწონს და ტანსაცმელსაც მარტივად იხდენ. ჩემთვის ზაფხულში რუჯი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თუმცა, წელს დამაკლდა, მაგრამ დავამატებ, ჯერ კიდევ მაქვს დრო.

– ახლახან ზღვიდან დაბრუნებულმა იმიჯიც შეიცვალე. რატომ გადაწყვიტე ეს და ზოგადად, რამდენად ხშირად გიყვარს დაუგეგმავი ცვლილებები გარეგნობაში?

– წაბლისფერი თმა გადავიღებე ჟღალად და ძალიან მომწონს. ზოგადად, მიყვარს ცვლილებები, რაც თმას ეხება. ყველანაირი ვარცხნილობა მქონია, გადაპარსვიდან დაწყებული და ყველა ფერად შეღებილი. მიყვარს ექსპერიმენტები და არასოდეს ვნანობ შედეგს. თუ ფერი არ მომეწონა, რა პრობლემაა? გადავიღებავ და, თუ შეჭრილი ან გადაპარსული მომბეზრდა ან აღარ მინდა, გაიზრდება, სად წავა? (იცინის).

– ამდენი ექსპერიმენტი თმის ხარისხს არ აზიანებს?

– სხვათა შორის, თმის ისეთი ხარისხი მაქვს, სულ რომ გადავბუგო, არ ზიანდება. თხელი თმა კი მაქვს, მაგრამ არ ფუჭდება და არც პრიალა ეფექტს კარგავს. ახლაც სალონში შვიდი საათი ვიჯექი, ჯერ გამიღიავეს, მერე შემიღებეს და თმის ხარისხს არც დამჩნევია. სამაგიეროდ, მოვიხდინე და მომწონს. არავის ურჩევია, ჟღალი თმა მოგიხდებაო. მე მოვინდომე. მინდა გითხრათ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მით უმეტეს, იმიჯთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვიჯექი სალონში, დამარტყა თავში, მომინდა ცვლილება, ჩამოვყევი ტელეფონში ფოტოებს, უცებ ავარჩიე ფერი და გავლამაზდი (იცინის). ასე რომ, თავი დაუგეგმავად გადავიხალისე და კმაყოფილი ვარ.

– ასეთი თავის გადახალისებები წელიწადში რამდენჯერ ხდება და როგორ მოქმედებს ის შენზე?

– შეიძლება, წელიწადში ექვსჯერ მომინდეს თავის გადახალისება ან არცერთხელ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. სხვათა შორის, იმიჯის ცვლილება ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. რაც მეტად მოგწონს შენი თავი, რაც მეტ კომპლიმენტს იღებ და სარკეშიც განსხვავებულად ჩანხარ, განწყობაზეც აისახება. მთავარია, შენი თავი შენ თავად მოგწონდეს, მეორეხარისხოვანია იქ მეორე ადამიანის აზრი. ყველას ვერ მოეწონები. კიდევ ვამბობ, მთავარია, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში და თმაზე გინდა მწვანე საღებავი დაიდე და გინდა იასამნისფერი.

– ფანტასტიკურ ფორმაში ხარ. ვიცი, გენეტიკის დამსახურებით გამოიყურები ასე კარგად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვარჯიშითა და სწორი კვებითაც უწყობ ხელს...

– მართალია, წონაში რომ არ ვიმატებ, გენეტიკა მიწყობს ხელს. კილოგრამებს არასოდეს ვითვლი და არც დიეტა დამიცავს არასდროს. თუმცა, ფორმაში ყოფნას ვარჯიშითა და ყოველდღიური ფეხით სიარულითაც ვუწყობ ხელს. ექვსი თვის წინ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე და ამიტომ ვარჯიშს დროებით ვეღარ ვახერხებ, თუმცა მალე დავიწყებ, ორგანიზმიც მთხოვს. ზოგადად, ახლა რომ ვარ, ამაზე დიდი წონაც მქონია და ნაკლებიც, მაგრამ არასოდეს ვუჩივი ზედმეტ თუ ნაკლებ კილოგრამებს. ვფიქრობ, რომ თუ შენი წონა არ მოგწონს, მარტივად შეგიძლია შეცვალო, უბრალოდ, მონდომებაა საჭირო. მთავარია, წონა არ გაგექცეს, თორემ ორი-სამი კილოს მომატება არაფერია, მარტივად შეგიძლია, დაიკლო. სიმართლე გითხრათ, გარდა გენეტიკისა, არც დიდად მჭამელი ვარ. ხანდახან, არც კი მახსენდება, რომ უნდა ვჭამო, შიმშილის გრძნობა არ მაქვს. არც ცხიმიანი მიყვარს, ხილს მივირთმევ, წყალი კი, ჩემი ელექსირია. იმავდროულად, ყოველ დილა-საღამოს მიწევს ძაღლის გასეირნება და დაახლოებით, თექვსმეტ კილომეტრს ფეხით გავდივარ. თან, ასეთი მძიმე წონის ძაღლის დაჭერა არ არის მარტივი და თან ჩემზე სწრაფად დადის და მე მივდევ. ასე რომ, ჩემი პირადი დაცვაცაა და ტონუსშიც ვყავარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი