შოუბიზნესი

ვინ არ აძლევს ზურაბ ცინცქილაძეს ფულის ხარჯვის საშუალებას და როგორ დაკარგა მან სახლი სიკეთის გამო

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 27.08

ზურაბ ცინცქილაძე
დაკოპირებულია

რას ნიშნავს ფული ზურაბ ცინცქილაძისთვის, რატომ აღარ სჭირდება მას ფულის დახარჯვა და ვინ ანებივრებს საჩუქრებით, ამაზე თავად მოგვიყვება.

ზურაბ ცინცქილაძე: პირველად მუშაობა რადიოში, საქართველოს პირველ არხზე დავიწყე, ჩაწერაზე. 11 მანეთი და 50 კაპიკი იყო ჩემი პირველი ხელფასი და მაშინ ეს დიდი ფული იყო. შემდეგ თეატრი გაიხსნა და 70 მანეთი დაგვენიშნა. ჩემი პირველი ხელფასით ბინის ქირა გადავიხადე (იცინის).

– რას ნიშნავს თქვენთვის ფული?

– ფული ნიშნავს ძალას, ის ღმერთისგან ბოძებულად მიმაჩნია იმისთვის, რომ სიკეთე აკეთო. როცა ფული გაქვს, შეგიძლია, მოწყალება გაიღო, ბევრს დაეხმარო, მაგრამ ერთი ფსიქოლოგიური მომენტიცაა – მქონია მეტი ფული და მოწყალების გაცემა დამნანებია. როცა ცოტა მაქვს, უფრო ადვილად გავცემ.

– ალბათ, ეს მარტო თქვენ არ დაგმართნიათ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?

– ალბათ, დაგროვების მომენტი გერთვება, ფიქრობ, რომ გასცე, შეიძლება, რაღაც აღარ გამოგივიდეს. ეს გამომიცდია და გაცნობირებულიც მაქვს, ამიტომ რადგან ვიცი ამ მდგომარეობის შესახებ, ვცდილობ, დავძლიო და საკმაოდ ხელგაშლილი ვარ. ხელგაშლილი ვარ, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისადმი, შემდეგ ქუჩაში შემხვედრის მიმართ. ჩვენ, ყველანი, მათხოვრები ვართ. ღმერთს ვთხოვთ, ოჯახის წევრს ვთხოვთ, სახელმწიფოს ვთხოვთ და ასე შემდეგ, სულ თხოვნაში ვართ. ქუჩაში ვინც დგას, ის ორ კაპიკს ითხოვს, მე – ცოტა მეტს, ვინც ჩემს ზემოთ არის – ის კიდევ მეტს და ასე უსასრულოდ. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული, ვიცი, რომ ქუჩაში რომ მათხოვარი დგას, მეც ზუსტად მისნაირი ვარ. უფრო მეტიც, ის მცირედს ითხოვს, მე უფრო მეტს, სახელმწიფო კიდევ – მილიარდებს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც გავცემთ, ის არის ჩვენი დოვლათი და არა ის, რასაც ჯიბეში ჩავიდებთ.

– ფულში ცდუნება არ არის?

– არა, ბევრი ფული რომ მქონოდა, ჩემი შვილიშვილი ფეხბურთზე დადის, წავიყვანდი ნაკრების თამაშზე და უფრო გავლაღდებოდით. თუმცა, როცა ფული გაქვს, შეიძლება, ბევრს ინდომებ და ამ დროს რისკიცაა, ამიტომ თუ გაქვს, ჭკვიანურად უნდა გამოიყენო. მე მაგალითად, სიკეთის გამო შემემთხვა ძალიან ცუდი რამ. მეგობარს ბინა ვანდე, მთხოვა, ერთი კვირით ჩამიდე ბანკშიო და მორჩა, დავკარგე ყველაფერი. ფული კი არა, სახლი გავეცი, ფულის გაცემა რა ბედენაა. თუმცა, ფულიც ბევრჯერ გამიცია. რამდენს აქვს ჩემი ვალი, დარჩათ და დარჩათ. რომ გავიხსენო, ნერვები უნდა მომეშალოს და რატომ ავიშალო ნერვები?! ღმერთმა შეარგოთ-მეთქი, ამის თქმამდე ჯერ ვერ მივედი. შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, როცა უნამუსოდ გართმევენ, შენს გულუბრყვილობას იყენებენ და მერე, დღეს იქნება, ხვალ იქნებაო, მსგავსი დაპირებებით გატყუებენ, რომ მოგბეზრდეს და ბოლოს უთხრა, კარგი, აღარ მინდაო, მაგრამ როცა დიდ თანხას ეხება საქმე, ამასაც ვერ იტყვი.

ვისაც ჩემი ვალი აქვს ლოცვაში ვიხსენიებ ხოლმე: ღმერთო, მიეცი, რომ მარტო მე კი არა, ყველას გაუსტუმროს, ვისიც მართებს-მეთქი. ვალი კი არა, ვინმემ რამე თუ გაჩუქა, წესით ადამიანს მისიც გერიდება.

– მოგიგიათ ან გიპოვიათ რამე?

– ერთი ლარიც რომ მოვიგო, ძალიან მიხარია და ყოფილა ასეთი შემთხვევა. უამრავი გასართობი თამაში არსებობს, მაგრამ წაგებას იმდენად ვერ ვიტან, შეიძლება, გული გამისკდეს, ამიტომ არც მოგება მინდა, მირჩევნია, ახლოს არ გავეკარო. ხომ ვიცი, რომ იმ მოგებას აუცილებლად მოჰყვება წაგება.

ახლა შეიძლება, ითქვას, ბათუმში რესტორანი იქნება, გავლა-გამოვლა თუ უცხოეთში დასვენება, ამისთვის ფულის დახარჯვა არ მჭირდება. ყველგან მეპატიჟებიან. თუ რამე, უკვე პენსიაც დიდი მაქვს. მე ხომ პარლამენტის წევრი ვიყავი და მთელი ათასი ლარი მაქვს (იცინის). შვილებსა და შვილიშვილებს თუ დავეხმარები, თორემ მე თვითონ ფულის ხარჯვა არაფერში აღარ მჭირდება. ამას წინათ სერგო ხიმშიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, გააკეთა ორგანიზება ისე, რომ მანქანა მაჩუქეს. ძველი მანქანა მყავდა და როგორც ჩანს, მათთან ჩემი მანქანით რომ მივდიოდი, რცხვენოდათ (იცინის). ადგნენ და კარგი თეთრი „ჯიპი“ მაჩუქეს. ძალიან მოულოდნელი იყო. თან კარგი სცენა გაითამაშეს. დამიძახეს, ეს მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე მიიყვანე და მერე უკან წამოიყვანეო, ბენზინის ფული მომცეს, მერე რომ ვკითხე, სად დავტოვო ეს მანქანა-მეთქი, მიპასუხეს, სადაც გინდაო, სახლში მიიყვანეო. კიდევ არ მეუბნებიან არაფერს. მეორე დღე გათენდა და მეუბნებიან, მოიყვანე ერთი ეს შენი მანქანა, ვნახოთ, როგორ დადისო. რა ჩემი მანქანა-მეთქი? (იცინის)

– კარგი მეგობრები გყოლიათ, მაგრამ დამსახურება უნდა ამ ყველაფერს.

– როგორც ჩანს. ეს ნიშანია, რომ ამაოდ არ მიცხოვრია ქვეყანაზე. სულ ახალი ამბავია. ახლა დავაზღვიე კიდეც, სხვათა შორის, ამის ფულიც თვითონ ჩამირიცხეს. მოკლედ, ფულის დახარჯვის საშუალებას არ მაძლევენ (იცინის). თან, ფული უკვე დიდი ხანია, არც მინახავს, პენსია ხომ ბარათზე მერიცხება (იცინის).

ზოგადად, რამდენად პრაგმატული მხარჯველი ხართ ან იყავით?

– სულ მეშინოდა, რომ ფული არ მექნებოდა და უბედური ვიქნებოდი. ბავშვობიდან ძლიერ ოჯახში ვიზრდებოდი. დიდი მანდარინების ბაღი გვქონდა და ფული არ გვიჭირდა, თბილისში ყველაზე მდიდარი სტუდენტი მე ვიყავი. რესტორნებში მეგობრებთან ერთად დავდიოდი, შესაძლებლობა არ მაკლდა. მაგრამ ეს ბიზნესი სამუდამო ხომ არ არის და ყოველთვის ძალიან მეშინოდა. უქონლობა ძალიან რთულია. ვიღაც რომ გთხოვს და ვერ აძლევ, ეს ცუდად მოქმედებს. არ მაქვსო, ამის თქმა საშინელებაა და ამას რომ თავი დავანებოთ, ადამიანს უამრავი პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ, სულ ვცდილობდი, დამეგროვებინა, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის საჭირო, შიშიც მოხსნილი მაქვს.

ამას წინათ თამადა ვიყავი. ძალიან მოეწონათ ჩემი თამადობა, სუფრაზე ლექცია ჩავატარე ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ახლა მე ამ თემაზე ვარ გადართული, არტისტობას დავანებე თავი. ტოპონიმიკაზე ვმუშაობ, ბევრს ვშრომობ და დაგროვილი ცოდნის საზოგადოებისთვის მიწოდებას ვცდილობ. მინდა, ყველას გადავცე ჩემი ცოდნა. ასე მოხდა იმ სუფრაზეც. სახლში რომ მოვედი, მეგობარმა დამირეკა, შენი პირადი ნომერი მითხარი, რაღაც საბუთისთვის გვჭირდებაო. აქაც გაითამაშეს. უცებ ათასი დოლარი დამერიცხა ანგარიშზე და მითხრეს, ეს ჩვენი გუშინდელი დაფასებისთვისო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა