შოუბიზნესი

ვინ ამოატრიალა სამყარო ნინუცა მაყაშვილის ირგვლივ და ვის ემუქრება ის მოკვლით

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 27.06, 2022 წელი

ნინუცა მაყაშვილი
დაკოპირებულია

ზაფხულის პერიოდი ის დროა, როცა მაქსიმალურად ცდილობ, განიტვირთო, დადებითი ემოციით აივსო და საყვარელი ადამიანების გვერდით დიდი დრო გაატარო. სწორედ, ასე გეგმავს საყვარელი სეზონის გატარებას ნინუცა მაყაშვილი ოჯახის წევრებისა და საყვარელი მამაკაცის გვერდით. როგორც თავად ამბობს, აღარ სურს პირად ამბებზე საჯაროდ საუბარი. თუმცა, „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იპოვა ადამიანი, ვინც მისი სამყარო თავდაყირა დააყენა და მის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.

ნინუცა მაყაშვილი: ჩემთვის, ზაფხულის პერიოდი წელიწადის დროებს შორის, ყველაზე საყვარელია. თუმცა, წინასწარ არ ვემზადები, რადგან კაცმა არ იცის, სად აღმოვჩნდები. ძირითადად, ბოდიალი მიწევს. მაქსიმალურად ვცდილობ, შვებულება ისე ამოვწურო, რომ დადებითი შთაბეჭდილებებითა და ენერგეტიკით ავივსო. არასოდეს დამავიწყდება განსხვავებული ზაფხული, რომელიც პარიზში გავატარე. „ქოლდფლეის“ კონცერტზე წავედი მარტო. დავადე თავი და წავედი. ზოგადად, ორიენტაციასთან „ნაჩხუბარი“ ვარ და ყველგან ვიკარგები, მაგრამ მაინც ისე ჩავედი პარიზში, არ დავკარგულვარ (იცინის). ძირითადად, აეროპორტებში ვიკარგები. ვარშავაში დავიკარგე. იმხელა აეროპორტი იყო, სხვა რეისს მივადექი და ვიდექი სამი საათი. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ჩემი რეისის ჩაჯდომაზე მაგვიანდებოდა და ისე გავრბოდი ერთი ბოლოდან მეორეში, თვითმფრინავიც კი ვერ დამეწეოდა (იცინის). მოკლედ, მეგობარი ცხოვრობს პარიზში და მან დამათვალიერებინა ყველაფერი. მერე კი, კონცერტისთვის, ჩემი მეგობრებიც ჩამოვიდნენ და მართლა მაგარი დრო გავატარეთ.

– მოგზაურობის დროს რით გირჩევნია გადაადგილება?

– ისე მიყვარს მოგზაურობა, სულერთია, რით გადავადგილდები და სად წავალ. შეიძლება, უცებ თავში დამარტყას, ჩავბარგდე და სადმე წავიდე. თუ საქართველოში მიწევს მოგზაურობა, მომზადებას სულ 10-15 წუთი ვუნდები. შეიძლება, დღეს სვანეთში ვიყო, ხვალ – ბათუმში და ზეგ – კახეთში და ძირითადად, სულ ექსტრემალურ სიტუაციებში ვარ (იცინის).

– ზღვა გირჩევნია თუ მთა?

– ზღვასაც და მთასაც თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, ზოდიაქოთი წლით „დრაკონი“ ვარ, ამიტომ მიყვარს სულ გადაადგილებები და ექსტრემები. თვით კი „თევზები“ ვარ და წყალი და ცურვა ჩემი სტიქიაა. საჯომარდოდაც ხშირად დავდიოდი. რასაკვირველია, იყო გაუთვალისწინებელი მოვლენებიც, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს და მიყვარს ექსტრემი, არ მაქვს შიში, რომ რამე მომივა. რუჯზეც ვგიჟდები და მინდა, მოვკლა ყველა, ვისაც არ უყვარს ზაფხულის პერიოდი (იცინის). ყველას მოკვლით ვემუქრები, ვისაც მზე, სიცხე და ზაფხული არ უყვარს (იცინის). ასე რომ, მთელი წელი ველოდები როდის მოვა ზაფხული. აგვისტოს თვეში მაქვს შვებულება და მინდა, ეს ზაფხულიც ისე გავატარო, აქტიურ დასვენებასთან ერთად, ბევრი კარგი მოგონება და შთაბეჭდილება დამრჩეს.

– წელს ნამდვილად განსხვავებული ზაფხული გექნება, რადგან შენს ცხოვრებაში სიახლეა – გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავს და ყველგან ერთად დადიხართ. რა შეიცვალა, რაც ედუ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა?

– რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. რვა თვეა, ერთად ვართ და ეს ადამიანი, მართლა ენერგეტიკულად ჩემია. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა. მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა. გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი არის პირადი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ, მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს ვერაფერს. სხვათა შორის, ესეც ისეთივე ბოდიალაა, როგორიც მე, ასე რომ, ამ ზაფხულს ოჯახთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გავატარებ. ზოგადად, დახურული მაქვს პირად თემებზე საუბარი. მე ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ედუს – თავისი, თუმცა ორივეს ერთნაირი ინტერესები გვამოძრავებს, მაგალითად, მოგზაურობა, სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, ბოდიალი... თუ მას გადაღებები არ აქვს და შესაბამისად, მეც მცალია, დავადებთ თავს და ვმოგზაურობთ. მინდა, ეს ზაფხული აქტიურად გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად და ჯერ არც ის დამიგეგმებს, სად დავისვენებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა