შოუბიზნესი

ვინ აჩუქა დაბადების დღეზე თათა გიორგობიანს „დანგრატი“ და რისთვის აგროვებდა ის ფულს წლების განმავლობაში

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 04.05, 2022 წელი

თათა გიორგობიანი
დაკოპირებულია

მომღერალი თათა გიორგობიანი ცოტა ხნის წინ 29 წლის გახდა და მეგობრების გარემოცვაში ეს დღე ძალიან ლამაზად აღნიშნა.

თათა გიორგობიანი: ჩემმა მეგობრებმა და ჩემმა ტელევიზიამ სიურპრიზი გამიკეთეს – დაბადების დღე გადამიხადეს. ოქროს დაბადების დღე იყო, მაგრამ აღსანიშნავად ხალისი არ მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან განვიცდი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მაგრამ კოლეგებმა და მეგობრებმა ძალიან გამახარეს, ეს დღე გამილამაზეს. ზოგადად, დაბადების დღე არასდროს გადამიხდია, ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს არ მიყვარს, მაგრამ უფრო დიდ სიამოვნებას სხვაზე ზრუნვა და სხვისთვის საჩუქრის ჩუქება მანიჭებს, ვიდრე მიმღების როლში ყოფნა. მირჩევნია ხოლმე, დაბადების დღე საკუთარ თავზე ფიქრში, განვლილი ცხოვრების შეჯამებაში, თვითგადააზრებასა და მედიტაციაში გავატარო.

– 29-ში 29 წლის გახდი. განსაკუთრებულ თარიღების თუ აქცევ ყურადღებას?

– ნუმეროლოგია, როგორც მეცნიერება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინცდამაინც იმ კუთხით ჩაციკვლა, რომ კონკრეტული ასაკი რაღაცას მოითხოვს ან მოიცავს, არ არის სწორი ადამიანური ბედნიერებისა და პროდუქტიულობის მხრივ. ყველა ასაკში ბედნიერები და საკუთარი თავით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, არც განსაკუთრებულ თარიღებს. იმისთვის, რომ წინ წახვიდე, რა ასაკისაც უნდა იყო, ყოველთვის უნდა ეცადო, განვითარდე ზოგადად და კონკრეტულად იმ საქმეში, რომლითაც დაკავებული ხარ.

– საჩუქრები ამ დღეს განსაკუთრებით გვიხალისებს. შეგიძლია, გაიხსენო ის, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა?

– საჩუქრებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ახლობელი ადამიანები იყვნენ ჩემ გვერდით, ზურგს უკან ცუდი არ თქვან და ცუდი არ გააკეთონ. ჩემთვის კარგი უნდოდეთ, ნამდვილი ახლობლები იყვნენ – ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი. უშუალოდ საჩუქრებს რაც შეეხება, მათგან ყველაზე გამორჩეული „დანგრატი“ იყო (იცინის). საკუთარი შრომით და ოფლით წლები ვაგროვებდი ფულს და ცოტა ხნის წინ მანქანა შევიძინე. (იცინის). გამოვიდა, რომ საკუთარ თავს თვითონ გავუკეთე საჩუქარი. თუმცა, მანქანას არ მოჰყვა ხელსაწყოების ნაკრები და დანაკლისი მეგობარმა შემივსო. ძალიან ბევრი ვიცინე ამ საჩუქარზე და ალბათ, ოდესმე გამომადგება. საერთოდ, მიყვარს პრაქტიკული საჩუქრები.

– არ ხარ გოგო, რომელიც დიდი სიამოვნებით იღებს თაყვანისმცემლებისგან ლამაზ და ძვირფას საჩუქრებს?

– არა, საჩუქრებს არ ვიღებ თაყვანისმცემლებისგან და ხშირად ამის გამო ნაწყენებიც დარჩენილან. სხვადასხვანაირად იგებენ – ზოგი ფიქრობს, რომ საკმარისად ძვირად ღირებული არ არის, ზოგს ჰგონია, რომ არ ვკადრულობ. სინამდვილეში მე არ მიყვარს, როცა ადამიანი ჩემთვის იხარჯება. როცა წარმოვიდგენ, რომ მან ჩემთვის დრო და ფინანსური რესურსი დახარჯა, ეს თავს მის წინაშე ვალდებულად მაგრძნობინებს. ძალიან არ მიყვარს ვალში დარჩენა, ყოველთვის პირიქით მირჩევნია. საჩუქრები მსიამოვნებს, მაგრამ მათ მამაკაცებისგან არ ვიღებ, რომ შემდეგ უხერხულობის განცდა თავიდან ავიცილო. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს თვითონ ვუკეთებ საჩუქრებს.

– ოქროს დაბადების დღე ოქროს საჩუქართან ასოცირდება, თუ მიიღე ეს საჩუქარი ან თავად თუ გაუკეთე საკუთარ თავს?

– ამ შემთხვევაში, ჩემმა ოჯახმა შემირჩია ოქროს სამკაული და მაჩუქეს. კი, ეს თითქოს ტრადიციასავით გვაქვს და მეც მივიღე. თუმცა, ამის დემონსტრირებაც არ მიყვარს. როდესაც ადამიანს თვალში საცემად გადაჭარბებული ოდენობის სამკაულები უკეთია და გვერდით ჩაუვლის ადამიანს, რომელიც შეიძლება მშიერი იყოს, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა ჰქონდეთ ან არ უნდა ატარონ, მაგრამ მე ამაზე უსამართლობის განცდა მიჩნდება. ჩემი ხელფასიდან გარკვეულ რაოდენობას ყოველთვის ქველმოქმედებაზე ვხარჯავ და მხოლოდ ამის შემდეგ ვარ მშვიდად. ვცდილობ, რაღაცით დავეხმარო მათ, ვისი საზრუნავიც ოქრო კი არა, არსებობისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობებია. თუმცა ამის დემოსტრირება არ მიყვარს. ახლაც ეს რომ ვთქვი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ერთადერთი, რის გამოც მსგავსი რამის თქმა შემიძლია საკუთარ თავზე, არიან ის ადამიანები, თუნდაც უმცროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც მიყურებენ და შეიძლება სამაგალითოდ მთვლიან. მინდა, ამ მხრივაც ვიყო მათთვის სამაგალითო და ვუთხრა, რომ სიკეთის გაცემის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს.

– ნათქვამი გაქვს, რომ შენს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს კარგად გრძნობ. შეძლო მან ამ დღის განსაკუთრებულად ქცევა?

– სამწუხაროდ, მე და ეს ადამიანი უკვე კარგა ხანია, დავშორდით. დაბადების დღე მომილოცა, მაგრამ არა შეყვარებულის სტატუსით, მომილოცა, როგორც ახლობელმა ადამიანმა, რადგან ადამიანის ნაგავზე მოსროლა ჩემთვის მიუღებელია, პატივისცემა ყოველთვის რჩება. თუმცა, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ის ურთიერთობა არ იყო ჯანსაღი და დავასრულეთ. მძიმე იყო, სხვაგვარადაც შეიძლებოდა, მაგრამ ასე დალაგდა და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ასე რომ, ახლა ჩიტივით თავისუფალი და ბედნიერი ვარ (იცინის).

– გარდამავალი პერიოდი რთული არ აღმოჩნდა?

– ამწუთას ემოციურად რთული აღარ არის. რთული იყო მაშინ, როდესაც გადიოდა წლები და პრობლემები, ჩვენ შორის სადავო საკითხები არ გვარდებოდა. როცა რაღაცის მოლოდინი, იმედი და სურვილი

გაქვს და ეს არ ხდება, მაშინ არის უკმაყოფილება, რაც ემოციურად რთულია, მაგრამ როდესაც ამთავრებ, აღარც მოთხოვნებია, აღარც მოლოდინები. აქედან გამომდინარე, თავს კარგად ვგრძნობ და იმ ადამიანსაც საუკეთესოს ვუსურვებ. განცდას რაც შეეხება, არ შეიძლება მასთან გააიგივო საკუთარი თავი. როგორც კი მიხვდები, რომ ემოციებში ხარ ჩავარდნილი, მისგან დისტანცირება უნდა მოახდინო. შენ არ ხარ შენი ბრაზი, შეცოდება ან სხვა ემოცია, შენ ხარ მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი თავის მართვა და ემოციებზე მაღლა დადგომა. ემოციებმა კი არ უნდა დაგიმონონ, ემოციები უნდა იყოს ჩვენი მონა. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ასი პროცენტით ემოციების კონტროლი უმაღლესი ხელოვნებაა, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, ამისგან დისტანცირება უნდა მოვახდინოთ. შერეული განცდები მქონდა და ახლაც მაქვს, იმ ადამიანის ბედით შეწუხებული ვარ, მაგრამ ემოციებს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი აღქმა ბურუსით მოიცვან.

– შენი თაყვანისმცემლებისთვის სასიხარულო ამბავია, თუ შეიძლება, ამას ასე დავარქვათ. 29 წელი პასუხისმგებლიანი ასაკია. როგორ წარმოგედგინა წლების წინ საკუთარი თავი ამ ასაკში?

– ბავშვობაში წარმომედგინა, რომ კოსმოსში ვიქნებოდი, ასტრონავტობაზე ვოცნებობდი. კვანტური ფიზიკა მაშინაც მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ ადამიანების შინაგანი სამყაროს შესწავლაზე გადავერთე და ფსიქოლოგიით დავკავდი. არ ვიცი, სად ვიქნები ათი წლის შემდეგ, მხოლოდ ის ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. სასწაული გამართლებებისა და თავზე დაცემული წარმატებების არ მჯერა. ყველაფერს თავისი საფასური აქვს. გამართლებას არ უარვყოფ, მაგრამ ამ ეტაპზე, მე იმაზე მეტსაც კი ვაკეთებ, ვიდრე შემიძლია. ძალიან გადატვირთული ვარ და ზოგჯერ, მართლა მგონია, რომ ტვინი ამიფეთქდება. ღამის გათენებაა საჭირო მეცადინეობისთვის, პლუს კონცერტები, ჩაწერები, გადაღებები, პირდაპირი ეთერები, რეკლამებზეც მეძახიან და ძალიან დატვირთული რეჟიმი გამომდის. სხვანაირად არც შემიძლია, მუდმივად მოქმედებაში უნდა ვიყო, თორემ მგონია, რომ ცხოვრებას ჩამოვრჩი. ამ რეჟიმს იმდენად მივეჩვიე, როდესაც ვისვენებ, მგონია, რომ რაღაც საშინელება ხდება. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვარ, არ მეგონა, რომ ამ ასაკში ამდენად კარგად ვიქნებოდი და აქ, პირველ რიგში, ჩემი მენტალური მდგომარეობა იგულისხმება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საკუთარი თავი თავად შევქმენი და დღეს ვინც ვარ და როგორიც ვარ, აბსოლუტურად ჩემი დამსახურებაა, ბავშვობიდან კი დედის. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ხელიდან ყველაფერი რომ გამომეცალოს, ფინანსები, საყვარელი ადამიანები, ჯანმრთელობა, ყველაფრის ნულიდან დაწყებას შევძლებ. ჩემთვის ეს უნარი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ვამაყობ ამით. სიცოცხლისუნარიანობა დავაფასე და ეს არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი მდგომარეობა.

P.S. გამოყენებული ფოტო ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი