როგორ დაამარცხა ასაკი ლია ჩაკვეტაძემ და რით აოცებს ის ყველას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:03
ლია ჩაკვეტაძე გახლავთ ქალბატონი, რომლის აქტიური ცხოვრების ტემპი, ენერგიულობა, განწყობა და სიცოცხლის ხალისი, ვფიქრობ, ყველასთვის სტიმულის მიმცემი და სამაგალითო იქნება. თუ რატომ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლია ჩაკვეტაძე: ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. ტანით მაღალი არ ვყოფილვარ, მაგრამ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი ყველანაირ ფიზიკურ აქტივობაში მაღებინებდა მონაწილეობას. ფრენბურთი, კალათბურთი, ხელბურთი - ყველაფერი გამომდიოდა.
ასაკში რომ შევედი, შევატყვე, სახსრებმა შემაწუხა. ბუღალტრად ვმუშაობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ვიჯექი, ამიტომ ფიტნესზე დავიწყე სიარული. ყველაფერს ისე კარგად ვაკეთებდი, მწვრთნელმა მკითხა, ძალიან კარგი მონაცემები გაქვს და სპორტსმენი იყავიო?! მე მაშინ 50 წლის ვიყავი და ჩემ გვერდით 20 წლის გოგონები რომ ვარჯიშობდნენ, მათ ეჩხუბებოდა, წუწუნს რომ დაიწყებდნენ, აღარ შეგვიძლიაო. ეს აკეთებს, თქვენზე რამდენად უფროსია და თქვენ რა დაგემართათო. გოგონები მეუბნებოდნენ, შენი კეთილი შურით გვშურსო (იცინის).
აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდი, ფიტნესის პარალელურად, ფეხითაც ბევრს ვმოძრაობდი, თან ცურვაზეც დავდიოდი. მეუღლეს ვუთხარი, ველოსიპედიც ძალიან კარგი ყოფილა-მეთქი და სამი დღე არ იყო გასული, გერმანიიდან ჩამოაყვანინა მეზობელს. ტარება არ ვიცოდი, მაგრამ ქუთაისში, ჩვენს სახლთან ახლოს, პარკია, იქ ტარებაც მასწავლა და მერე უკვე ჩემს აქტივობებს ველოსიპედით სიარულიც დაემატა.
– მეუღლე საკმაოდ გვიან გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში.
– დიახ, 55 წლის ასაკში გავთხოვდი. მანამდე არ გამეხსნა ბედი. თაყვანისმცელები მყავდა, არ ყოფილა წელი, რომ ვინმეზე არ ყოფილიყო საუბარი ან არ მყვარებოდა ვინმე, მაგრამ არ გამოვიდა. ადამიანი, რომელიც 55 წლის ასაკში ჩემი მეუღლე გახდა, ჩემს პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა. მე შორიდან მიცნობდა. დაქორწინებული იყო და მეუღლე რომ გარდაეცვალა, მარტო ცხოვრებისთვის ყველას დაენანა, რადგან ძალიან კარგი პიროვნება იყო. თურმე, ყველა ცდილობდა მისთვის ვინმე გაერიგებინა, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოლისდებიც კი. მეც და მასაც ეზოში მაღაზია გვქონდა და რადგან ერთ საქმეს ვაკეთებდით, მანამდეც გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. როგორც მერე მითხრა, ყველამ რომ ცოლის მოყვანაზე დამიწყო საუბარი, პირველი შენ გამახსენდი. ვის არ მთავაზობდნენ, მაგრამ თავის დროზე რომ შეგხვდი და დაგელაპარაკე, პიროვნულად ძალიან მომეწონე. მაშინ სხვა არაფერი მიფიქრია, ცოლი მყავდა და ოჯახი მქონდა, უბრალოდ, ჩემზე პიროვნულად მოახდინე კარგი შთაბეჭდილება. ამიტომ ვიფიქრე, თუ ის წამომყვება, მაშინ ვითხოვ ცოლს, თუ არადა – არაო. მაშვალი გამომიგზავნა, მაგრამ უარი შევუთვალე.
– სავარაუდოდ, მარტივად არ იღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, თორემ მანამდეც გადადგამდით ამ ნაბიჯს და როგორ დაგითანხმათ?
– კი, იმ პერიოდში კიდევ არსებობდა ერთი პიროვნება, რომელთანაც საუბარი მიდიოდა, მაგრამ ძალიან გაიწელა პროცესი, რადგან მას პირობები არ ჰქონდა და ვერ იღებდა გადაწყვეტილებას. საკმაოდ დიდხანს ველოდე. ამ დროს ამან მაშვალი რომ გამომიგზავნა, პირდაპირ ვუთხარი, რომ ვაპირებდი, სხვას გავყოლოდი ცოლად, მაგრამ არ დანებდა და კიდევ გამომიგზავნა. მერე ვინც ეს ამბავი გაიგო, ყველა ამ ადამიანს მიქებდა, მეუბნებოდნენ, უარი არ უთხრა, ძალიან კარგი პიროვნებააო. არ დარჩენილა ადამიანი, ვინც მასზე კარგი არ მითხრა. თვითონაც ძალიან იაქტიურა და საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი.
– როგორი იყო თქვენი ცოლქმრობა?
– ვაიმე, სიურპრიზებით სავსე. მისნაირი ადამიანი მეორე არ ვიცი. მამაც მყავდა, ძმაც და ნათესავი მამაკაცებიც, მაგრამ მისნაირი არავინ მინახავს. ერთ დღეს რამეს რომ ვიტყოდი, მეორე დღეს ის გაკეთებული იყო. ერთხელ ტელევიზორში მწვადების შეწვის კადრებს ვუყურებდი, რა კარგია-მეთქი, ვთქვი. დილით ავდექი და მაგიდაზე ხორცი დამხვდა, ხომ თქვი მწვადი კარგიაო და დილის 7 საათზე ბაზარში წასულა. ძალიან ადრე დგებოდა და ფეხაკრეფით დადიოდა, რომ არ გამღვიძებოდა. ერთ დღეს ვხედავ ეზოს ზომავს, აუზი უნდა გაგიკეთოო, რაც მე არ დავანებე, მაგრამ თვითონ სულ ასე იქცეოდა.
– სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა...
– 6 წელი გაგრძელდა. ერთ დღეს ქალაქში ვიყავით წასულები. საჭესთან იჯდა და მითხრა, ხელმა და ფეხმა დამქაჩაო და მანქანა გადააყენა. სასწრაფო გამოვიძახეთ. ისე გადაიყვანეს წნევის დამწევი არ გაუკეთეს. ისე მოხდა, რომ სასწრფოს მანქანაში გადაადგილებისას, ჯაყჯაყში ტვინში სისხლი ჩაექცა. ორი კვირა იცოცხლა და გარდაიცვალა. არადა, კაცი სასწრაფო მანქანაში თავის ფეხით გადავიდა. მე ისეთი განერვიულებული ვიყავი, არ მომსვლია აზრად, რომ დამწევი უნდა გაეკეთებინათ და რომ ამ მდგომარეობაში ადამიანის გადაადგილება საერთოდ არ შეიძლება. ექიმი მოვიდა და მას მივანდე.
ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და დაიწყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. 10 წელი და მეტიც ანტიდეპრესანტს ვსვამდი. გული ისე მქონდა, როგორც პირველ დღეს. მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ვამბობდი, სიხარულის შეგრძნება არ მინდა, ოღონდ გული მქონდეს ჩვეულებრივად-მეთქი. მხოლოდ ეს მინდოდა, მეტი არაფერი, რადგან სულ მგლოვიარის გული მქონდა. ცოტა ხნის წინ, ანტიდეპრესანტი შემიცვალეს და ახლა შედარებით უკეთ ვარ, გულიც აღარ მაქვს ძველებურად მძიმედ.
– ამ სირთულის დროს ძალიან დაგეხმარათ ცხოვრების წესი და ყველას დაუმტკიცეთ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, არა?
– ასეა, გარეთ გავედი. ისევ ფიტნესზე დავიწყე სიარული. ამანაც მიშველა. ჩემი მეუღლე თავის სოფელში, წყალტუბოს რაიონში დავკრძალეთ. მას მანქანა ჰყავდა. თავიდან მეზობელს ვთხოვდი საჭესთან დაჯდომას და მას დავყავდი საფლავზე, მაგრამ სულ სხვას ხომ ვერ ვთხოვდი.
უკვე მწვავე დეპრესიაში ვიყავი, წელიწად-ნახევრის გარდაცვლილი იყო მეუღლე, ვიფიქრე, მის საფლავზე ხომ უნდა ვიარო, ამიტომ აუცილებლად უნდა ვისწავლო ტარება, სხვებს ვერ შევაწუხებ-მეთქი. მაშინ 64 წლის ვიყავი. დავიწყე სწავლა, მაგრამ ძალიან მძიმე დეპრესია მქონდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც შევძელი. პირველ გამოცდაზე რომ გავედი, ისე ცუდად ვიყავი, დასაწყნარებლად დიაზეპამი დავლიე, ძილი მომგვარა და თეორიაში ჩავიჭრი. მეორე გამოცდაზე უკვე თეორიაც ჩავაბარე და პრაქტიკაც. იმდენად მინდოდა, რომ შევძელი. ყველა მილოცავდა, ამ ასაკში როგორ შეძელიო, გაოცებულები იყვნენ.
ახლა უკვე 73 წლის ვარ, მაგრამ ყველას უკვირის, მეუბნებიან, საერთოდ არ გეტყობა ეს ასაკიო. ვცდილობ, აქტიური ცხოვრება მქონდეს.
– ნათქვამი გაქვთ, დიდი ტკივილი განვიცადე, მაგრამ სხვას არაფერს ვაგრძნობინებდიო. დღეს ალბათ, სამაგალითო ხართ არა მხოლოდ თქვენი ასაკის, ახალგაზრდა ადამიანებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენთვის ბევრს უთქვამს.
– კი, კი, ნამდვილად ასეა და სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც ვერ ვგრძნობ ასაკს. კი, წლები მემატება, მაგრამ 40 წლის ასაკში როგორიც ვიყავი, თავი ისევ ისეთი მგონია. 80 წლისა და მობერებული ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ასე მგონია, ამ ხნისაც რომ ვიქნები, შინაგანად მაინც ახალგაზრდად დავრჩები. ისე, ყველა ამბობს, რომ ასე გრძნობს თავს. ისეთი მეგობრებიც მყავდა, 40 წლის ასაკში რომ ამბობდნენ, დავბერდითო და მე მაშინ ისევ 20 წლის გოგო მეგონა ჩემი თავი.
ადამიანი როცა გაჩერდები, მერე დაბერდები, ჯერ – სულიერად, მერე – ფიზიკურად. მთავარია, სულ მოძრაობაში ვიყოთ. ეს ვარჯიში, მოძრაობა, განწყობაზეც მოქმედებს და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. ასეთ დროს წამალი არ გჭირდება და ასე მგონია, თუ უმოძრაოდ ვიქნები, ყველაფერი მეტკინება.
– სოციალურ ქსელს თუ ადევნებთ თვალს, რა კომენტარებს გიწერენ?
– ბევრი კარგი კომენტარია, თუმცა ზოგი არასასიამოვნოც გამოერევა. ერთხელ ჩემმა ძმისშვილიშვილმა გადამიღო ფოტო საჭესთან, მეუღლის საფლავიდან მშობლების საფლავზე მივდიოდი, ქარი უბერავდა, თმა გაწეწილი მქონდა და სიმართლე გითხრათ, მეც არ მომეწონა იმ ფოტოში ჩემი თავი, მაგრამ დაუდევს ეს ფოტო სოციალურ ქსელში და დაუწერია, ბებიაჩემი ფიქრობს, სად უფრო კარგად აკეთებენ წარბებს და თმასო. ერთ კაცს დაუწერია, რა დროს ეგაა, კუბო აქვს ფეხზე გამობმულიო. ბევრი კიდევ წერდა, რა ეთხოვებოდა 55 წლის ასაკშიო. ჩემმა ბედმა მანამდე არ გაჭრა და როცა შევხვდი ამ ადამიანს, რატომ არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი? მე პატიოსნად ვიცხოვრე და ბედის ამბავი მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული?! გვიანი არასდროს არის. ახლა მარტო ვარ და ვისაც ეს არ გამოუცდია, არ იცის, რამდენად რთულია. ამასთან ერთად, დადებითი კომენტარიც ძალიან ბევრია და ეს მახარებს. თუ ვინმესთვის ჩემი აქტიური ცხოვრება სტიმულია, მიხარია, რადგან აქტიურობა ყველასთვის სასარგებლოა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





