პანჩო: რომ არ დავბერდე, ეს არის სასურველი სიბერე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:47
ყველასთვის საყვარელი მომღერალი პანჩო ცოტა ხნის წინ 60 წლის გახდა. რამდენად უყვარს მას საკუთარ დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე მას და განიცდის თუ არა ასაკის მატებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
პანჩო: 1966 წლის 8 მაისს ვარ დაბადებული. ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. ეს არის დღე, როცა ჩემი ახლობლები და მეგობრები, ყველა, ერთად ვიკრიბებით და აღვნიშნავთ.
წლევანდელი დაბადების დღეც გადასარევი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი გადახდას, ბოლო მომენტში აზრი შევიცვალე. ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა გადავწყვიტე, ერთ არაჩვეულებრივ ადგილას გამემართა კონცერტი. ასეც მოვიქეცი და ძალიან კარგი დრო გავატარე ჩემს სტუმრებთან ერთად.
– საერთოდ, როგორ გიყვართ ამ დღის აღნიშვნა?
– თუ ჩემ გვერდით ის ხალხია, ვინც მიყვარს და ვისთან ერთად ყოფნაც მიხარია, გინდ სუფრაზე ვისხდეთ და გინდ ბუნებაში ვერთობოდით, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, მწვადი შევწვათ ტბასთან ან სულ ერთი ბოთლი შამპანური გვქონდეს, მთავარია, გვერდით ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მყავდეს.
– გამორჩეულად თუ გახსენდებათ რომელიმე დაბადების დღე?
– ყველა დაბადების დღე კარგია, გამორჩევა მიჭირს, თუმცა ერთს გავიხსენებ: მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. კახეთისკენ ტყეში, ღია სივრცეში, მდინარის პირას გადავიწყვიტე დაბადების დღის გადახდა და ძალიან კარგი გამოვიდა. წელსაც ძალიან კარგი იყო. თან უკვე 60 წლის გავხდი. ეს იმას ნიშნავს, რომ სიბერეში შევაბიჯე (იცინის).
– ასეთი განწყობა გაქვთ?
– რომ დავბერდი? ადამიანი გარეგნულად ბერდები, მაგრამ შინაგანად ისევ პატარა ბიჭი ვარ – მე ასე მგონია (იცინის). კარგია, სულ ახალგაზრდა რომ იყო, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ესეც რომ არა, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ახალგაზრდობაც კარგია და სიბერეც. რაც მეტი დრო გადის, გამოცდილება გემატება, უფრო ბრძენდები... სიბერეს თავისი სიტკბო აქვს. მთავარია, ჯანმრთელი იყო.
– რამდენად გიყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა?
– რაღაც დოზით ვზრუნავ საკუთარ თავზე, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. ალბათ, უფრო შესაძლებლობის მიხედვით. ახალგაზრდობისას კბილი რომ ამტკივდებოდა, ამოვიღებდი და გასაკეთებლად აღარ მივდიოდი. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს კბილი თავისით აღარ ამომივიდოდა. მოფრთხილება იმას ნიშნავს, რომ 6 თვეში ერთხელ გამოკვლევებს უნდა ვიტარებდეთ, ვიგებდეთ, როგორია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ჯერჯერობით ასეთ რამეს არ ვაკეთებ. ეს ნიშნავს, რომ არ ვუფრთხლდები.
– როგორ შეგცვალათ დრომ, გამოცდილებებმა?
– ალბათ, შემცვალა. ადამიანს ეტყობა, როგორ პირობებში ცხოვრობს, რამდენად სტრესულია მისი ყოველდღიურობა. როგორც ყვავილებს ეტყობა, აქვს თუ არა, შესაბამისი პირობები, ასეა ადამიანიც. უფრო მეტი სიყვარული და სილაღე რომ გვქონდეს, უკეთ ვიქნებით. ამისთვის, ალბათ, ცხოვრება უნდა იყოს უკეთესი, ამდენ პრობლემაზე არ უნდა გვიწევდეს ფიქრი.
სიმღერაში ასეთი სიტყვები მაქვს:
„რომ ამბობდნენ,
ადრე არაფერი გვქონდა,
ზუსტად მაშინ
ყველას ყველაფერი ჰქონდა,
ეხლა, როცა ყველას
ყველაფერი გვაქვს,
რატოა, რომ მე არაფერი მაქვს?!“
აქ არ იგულისხმება მატერიალური კეთილდღეობა. საქმე ისაა, რომ ადრე სხვანაირი სიყვარული, მეგობრობა და გვერდში დგომა იგრძნობოდა. ახლა ამის დანაკლისი ძალიან იგრძნობა. მეტი სიყვარული, ღიმილი და გვერდში დგომა გვჭირდება.
– რამდენად შეიცვალნენ ადამიანები თქვენ გარშემო?
– ყველა შეიცვალა, ზოგადად, ცხოვრება შეიცვალა. მეზობლობა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. შეიძლება, სადღაც უცვლელი დარჩა, მაგრამ მე მთლიანობაში ვამბობ. გვერდში დგომა აღარ ვიცით ისე, როგოც ვიცოდით და ასე შემდეგ...
– რა არის ამის მიზეზი?
– დღესაც არსებობს პატარა კუნძული, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ შიშვლები დარბიან და ცივილიზაციას არ უშვებენ თავიანთ ცხოვრებაში. ერთი ჟურნალისტი ჩავიდა მათთან და შეჭამეს. როგორ გგონიათ, ისინი ბედნიერები არიან? რასაკვირველია, არიან. მეტის ქონა არ ნიშნავს, რომ ბედნიერი ხარ. იმ ადამიანებს თავიანთი კანონები აქვთ და ცივილიზაცია არ უნდათ, რადგან ეს მათ დაანგრევთ, ჩვენნაირები გახდებიან (იცინის).
– თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ბედნიერება, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია...
– ეგ არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გამაჩნია. ქუჩაში რომ უცნობი ადამიანი მოვა, გაგიღიმებს და სიყვარულს გამოხატავს, ეს არის ბედნიერება. ამიტომ ვამბობ, ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთს!
მე ძალიან მინდა „ღიმილის დღე“ არსებობდეს. ამ დღეს ყველა გამვლელ-გამომვლელმა ერთმანეთს უნდა გაუღიმოს. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი იქნება ადამიანი იმ დღეს, როცა ყველა უღიმის?! ვინც არ გაიღიმებს, ის პანჩურით დაისჯება (იცინის). მაშინ მიხვდებიან, როგორ შეიძლება ბედნიერი იყო. უნდა გასცე სითბო, რომ უკან დაგიბრუნდეს. ოჯახში, საქმეში და საერთოდ, ყველაფერში სითბო და ურთიერთგაგება არის მთავარი.
– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდებათ?
– ალბათ, ოცი წელი იქნება გასული, სცენაზე ვიდექი და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა – ლექსო გელაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ, ახლა გარდაცვლილია, გიტარა მაჩუქა. ძალიან გამიხარდა და დღემდე განსაკუთრებულად მახსოვს ეს საჩუქარი.
– წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რამეს შეცვლიდით?
– მიფიქრია ამაზე, მაგრამ რადგან ჩემი დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, რადგან თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, არაფერს შევცვლიდი. რამე რომ შევცვალო, მაშინ ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წავიდოდა. ერთი შეხედვით, ბევრ რამეს შევცვლიდი, გავაკეთებდი, რაც არ გამიკეთებია და პირიქით, მაგრამ მაშინ არ ვიქნებოდი ისე, როგორც ახლა ვარ. ცხოვრებაში თითოეულ პატარა ნაბიჯს თავისი შედეგი მოაქვს, შეიძლება, საერთოდ სხვა რელსებზე გადაგიყვანოს. მე ვფიქრობ, რომ კარგად ვიცხოვრე და კმაყოფილი ვარ.
– სასურველი სიბერე როგორ წარმოგიდგენიათ?
– რომ არ დავბერდე, ეს არის სასურველი სიბერე (იცინის). რეალურად, მთავარია, ჯანმრთელი იყო ადამიანი. შვილიშვილი არ მყავს და მინდა, რომ მყავდეს. თუ სიკვდილია, მინდა, წვალების გარეშე იყოს. დანარჩენი, არაფერი განსაკუთრებული – სიტკბოში მინდა ვიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





