ანა ჯავახიშვილი: საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ მე ამ შიშს თვალებში ჩავხედე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 10.06
ანა ჯავახიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ანა ჯავახიშვილი?
ანა ჯავახიშვილი: ემოციური ადამიანი.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– რთულია თქმა, მაგრამ ალბათ, რაც არ გვაქვს, ის გვგონია საოცნებო. რეალურად, ხუთი წლის ანასთვის რომ მეკითხა, როგორი იყო მისი საოცნებო ცხოვრება, იმ ცხოვრებას აღწერდა, რომელიც დღეს მაქვს. ჩემი ყოველდღიურობა სრულიად მაკმაყოფილებს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის საოცნებო.
მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჰიპოთეტურ ოცნებებზე ფიქრი, მგონია, რომ არ უხდება ჩვენს მენტალურ მდგომარეობას. მილიონი რომ მქონდეს, იახტა და ასე შემდეგ – ასეთი აზრებით არ ვიღლი თავს.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხარ და გულჩვილობაც თუ გახასიათებს?
– გულისამაჩუყებელ ფილმს თუ ვუყურებ, ძალიან გულჩვილი ვარ, ცხოვრებაში – იშვიათად.
რაც შეეხება ემოციურობას, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ძალიან ემოციური ვარ. ზედმეტად განვიცდი, ზედმეტად მიხარია, ძალიან ბევრს ვფიქრობ ისეთ საკითხებზე, რაზეც არ არის საჭირო ამდენი ფიქრი. სპექტაკლი რომ მეწყება, ძალიან ვნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამი წელი ვთამაშობდე სპექტაკლს, დასაწყისში მაინც გული ამომივარდება ხოლმე, ხელისგულები მიოფლიანდება და პირი მიშრება. სულ მგონია, დრო რომ გავა, ასე აღარ ვიქნები, მაგრამ უკვე საკმარისი დრო გავიდა და არაფერი შეცვლილა.
– როდის იტირე ბედნიერებისა და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით?
– მგონია, რომ ყველას ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა ასეთი მომენტი. მახსოვს, როდის ვიტირე ბედნიერების ცრემლებით, მაგრამ მტკივნეულ მომენტებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა.
ბედნიერებისგან წამომივიდა ცრემლი, როცა გავიგე, რომ ჩვენი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის კინოფესტივალზე გადიოდა. მახსოვს, მაშინ სიხარულისგან ისე ვიკივლე, შიშისგან კატა დაიმალა და ორი დღე არ გამოსულა სამალავიდან (იცინის).
– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?
– არცერთი ჩემი ნაბიჯი არ მინანია და არ მიფიქრია, რომ მცდარია, მაგრამ ალბათ, 18-19 წლის ასაკში რომ წავსულიყავი უცხოეთში სასწავლებლად, კარგი იქნებოდა. ამ დროს კარგად გამოვიყენებდი. არც იმას ვნანობ, რომ აქ დავრჩი და თეატრალურში ვისწავლე, მაგრამ რადგან შემეძლო წასვლა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ან არ წავედი, ცოტა გულდასაწყვეტია.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ყველაზე დიდ გამარჯვებად ადამიანად დარჩენა მიმაჩნია და გადამწყვეტ მომენტში მიგრძნია, რომ ეს მოვახერხე – არ გავაკეთე ისეთი რამეები, რაც არ იყო საჭირო. ყოველთვის ვახერხებ სიტუაციას ცივი გონებით შევხედო. რაც შეეხება დიდ მარცხს, ჯერ ასეთი არ მქონია...
– რა გსმენია საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინა?
– ხშირად მესმოდა, რომ მშრომელი ბავშვი ვიყავი და ეს ყოველთვის მახარებდა. თეატრალურში სწავლის პროცესიდან მოყოლებული დღემდე, როცა მეტყვიან ხოლმე, რომ კარგად გამომივიდა რაღაც და შემაქებენ, ძალიან მიხარია და ორმაგი სტიმული მეძლევა.
რამაც გული მატკინა? ასეთი არ მახსენდება, მაგრამ ისე უცხოებისგან მსმენია, რომ სანამ გაგიცნობდი, ცოტა ცივი და „სწერვა“ მეგონე და გაცნობის შემდეგ შემეცვალა შენზე წარმოდგენაო. სულ მიკვირს ხოლმე, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება შორიდან.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავს?
– კი, მამაჩემის ჯიბიდან ვიპარავდი ხოლმე ათლარიანებს. ვიცოდი, რომ პერანგის ჯიბეში აუცილებლად ექნებოდა ქეში, მეუბნებოდა ხოლმე, თუ დაგჭირდება, აიღეო და მეც ყოველ ჯერზე აღარ ვეკითხებოდი (იცინის).
– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება ეს თვისება გააღვიძოს შენში?
– ალბათ, როცა უსამართლობას ვხედავ ან როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ისე არ ექცევიან, როგორც უნდა ექცეოდნენ. სასტიკი ცოტა უტრირებული სიტყვაა, ასეთი არ ვარ, მაგრამ საკმაოდ ბრაზიანი ვარ (იცინის). რეალურად, პატარა რამეზეც შეიძლება გავბრაზდე, მაგალითად, საჭესთან ვარ, მაგვიანდება და წინ მანქანა მიღოღავს (იცინის). ვბრაზდები მაშინაც, როცა მე მაქსიმალურად ვიხარჯები საქმისთვის და სხვისგან გულგრილ დამოკიდებულებას ვხედავ, თუმცა, ეს მხოლოდ ბრაზია, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ვინმე ცუდად ექცევა, სასტიკი მხოლოდ მაშინ ვხდები.
– რისი გაკეთება გიყვარს?
– პირველ რიგში, ფილმის ყურება. ალბათ, ათი წელია, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, რომ ფილმი არ მეყურებინა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი რიტუალივითაა. ასევე, ძალიან მიყვარს საჭმლის მზადების პროცესი. თითქმის არასდროს არ მეზარება საყვარელი ადამიანებისთვის რამის მომზადება. სახლური ფუსფუსი ძალიან სასიამოვნოა. ასევე, ძალიან მიყვარს ზღვის სანაპიროზე წოლა, როცა ამის დრო მაქვს.
– რისი კეთება არ გიყვარს?
– ძალიან არ მიყვარს, როცა დაღლილი ვარ და სადმე მანქანით მიწევს გასვლა. მანქანის ტარება მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, როცა ძალიან დაღლილი ვარ, მირჩევნია ტაქსი გამოვიძახო, საჭესთან დამატებით ნერვების მოშლა აღარ მინდა. არ მიყვარს, როცა რაღაც ვალდებულებას ვგრძნობ.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?
– ალბათ, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ამ შიშს თვალებში ჩავხედე. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა. ეს სამი წლის წინ მოხდა.
– ყველაზე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი?
– ესეც მამაჩემის გარდაცვალებასთან ასოცირდება. ამაზე დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. სანამ ეს მოხდებოდა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რა იყო სიკვდილი და ალბათ, ვერც იმას, თუ რამდენად უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გარშემოა. „დადგება დრო და ნებისმიერი წვრილმანი ფასდაუდებელი აღმოჩნდება“ – ეს არის ჩემი ტექსტი „ადამისა და ევას დღიურებიდან“, სპექტაკლიდან, რომელშიც ვთამაშობ. ცხოვრება მართლა ასეთია – ეს გამააზრებინა მამაჩემის გარდაცვალებამ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





