როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ლიკა სვანიძე მილანიდან და რა ასწავლა მას რთულმა პერიოდებმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00
ჩვენი ინტერვიუს რესპონდენტი უმშვენიერესი მოდელი ლიკა სვანიძე გახლავთ, რომელიც ამ სფეროში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. ლიკა ახლახან დაბრუნდა მილანიდან და იქ მიღებულ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებთან ერთად, საკუთარი კარიერისა თუ ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს გაგვიზიარებს.
– ლიკა, როგორც ვიცი, ახლახან დაბრუნდი მილანიდან. რას უკავშირდებოდა „მოდის დედაქალაქში“ შენი ვიზიტი და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
ლიკა სვანიძე: დიახ, ცოტა ხნის წინ მილანში ვიმყოფებოდი, სადაც მქონდა პატივი, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ქართველი დიზაინერის, ნინი ჯულაყიძის კოლექცია. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და იმავდროულად, საპასუხისმგებლო იყო, რადგან მილანი მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. ვიზიტი განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა. ქალაქის ენერგია, მოდისადმი დამოკიდებულება და საერთაშორისო გარემო კიდევ ერთხელ გაძლევს მოტივაციას, განვითარდე და საკუთარი საქმე უფრო დიდი მასშტაბით დაინახო. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, ქართული დიზაინი ასეთ მნიშვნელოვან სივრცეში წარმედგინა.
– მოგვიყევი, რა ასაკში გადაწყვიტე, მოდელი გამხდარიყავი და რა გზა გაიარე დღევანდელ დღემდე?
– მოდის სამყაროსადმი ინტერესი ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა, თუმცა უფრო სერიოზულად ამ სფეროზე ფიქრი, დაახლოებით, 17 წლიდან დავიწყე. სწორედ ამ პერიოდში მქონდა პირველი ფოტოსესიები და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ნამდვილად მაბედნიერებდა. შემდეგ ფოტოსესიებიდან პოდიუმზე გადავინაცვლე და სწორედ იქ ვიგრძენი, რომ საკუთარ ადგილას ვიყავი, თავს ყველაზე ბუნებრივად ვგრძნობდი. მახსოვს, ხშირად ვუყურებდი Victoria’S Secret-ის ჩვენებებს. ვაკვირდებოდი მოდელებს, მათ ენერგიას, თავდაჯერებულობასა და სცენაზე მოძრაობას. ბავშვობიდან მიყვარდა სარკის წინ სხვადასხვა ლუქის მორგება და პოზირება. თუმცა, ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მოითხოვდა შრომას, მუდმივ განვითარებას და საკუთარ თავზე მუშაობას, მაგრამ თითოეულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მომიტანა.
– როგორც ვიცი, ზღაპრული ბავშვობა გქონდა, თუმცა მერე შენს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი დადგა. რა შეიცვალა და როგორ მოახერხე ამ რთულ პერიოდში საკუთარი ოცნებისთვის გეერთგულა?
– მართლაც ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, სავსე სიყვარულითა და სასიამოვნო მოგონებებით, თუმცა როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, ერთ ეტაპზე ბევრი რამ შეიცვალა. მე და დედას რთული პერიოდის გავლა მოგვიწია. იყო დრო, როცა ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევდა, ემოციურადაც და ცხოვრებისეულადაც. დადგა მომენტი, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული ეტაპი, რადგან პირველად მომიწია იმ რეალობასთან შეგუება, რომ ყოველდღიურობაში მის გარეშე უნდა მეცხოვრა. ამ გამოცდილებამ გამაძლიერა, მასწავლა, რომ რთულ დროსაც უნდა გააგრძელო წინსვლა და არ დაკარგო საკუთარი მიზნები.
– სამოდელო სფეროს ინტრიგები თუ შეგხებია?
– რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ სფეროში, სამოდელო ინდუსტრიაშიც არსებობს გარკვეული ინტრიგები და მსგავსი სიტუაციები მეც შემხებია, ქასტინგებზე, როცა აშკარად იგრძნობოდა კონკურენცია და ისიც, თუ როგორ ცდილობს ზოგი ადამიანი სხვაზე გავლენის მოხდენას, მგონია, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულებები ადამიანს საკუთარ სივრცეში დაუტოვო და შენი გზა მშვიდად გააგრძელო. თუმცა, ასევე, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომლებთანაც ვმეგობრობ. ამ სფერომ კარგი ურთიერთობებიც მომიტანა.
– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენი მოხიბვლა შეძლოს და რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემთვის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულება და აბსოლუტური გულწრფელობაა, ასევე, მნიშვნელოვანია გარეგნობაც და ის პირველი ემოცია, რასაც ადამიანი შენში იწვევს. რაც შეეხება პირადს, მარტო არ ვარ – ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვისთანაც თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. ამ ეტაპზე ვამჯობინებ, პირადი სივრცე ჩემთვის დავიტოვო და ამაზე ბევრი არ ვისაუბრო.
– როგორ განებივრებენ თაყვანისმცემლები და რას პასუხობ ხოლმე მათ?
– ყურადღება სასიამოვნოა, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, კორექტულად მივახვედრო, როცა ზედმეტი რამე ხდება და პირად სივრცეს ეხება. ახლა რაც მახსენდება, ყოფილა საკმაოდ მოულოდნელი და დასამახსოვრებელი შემთხვევებიც. რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავდიოდი და მხვდება უზარმაზარი, ულამაზესი თაიგული. ეს ძალიან ემოციური იყო, თუმცა ვისგან იყო, არ ვიცი.
- და ბოლოს, როგორია შენი გეგმები?
– სამომავლო გეგმები მრავალფეროვანი და საინტერესოა. მთავარი მიზანია თანამშრომლობა სხვადასხვა ბრენდთან. ასევე, დაინტერებული ვარ ახალი კამპანიებითა და სარეკლამო პოექტებით. მინდა, ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





