შოუბიზნესი

თამარ ივერი: ყველაზე წარუმატებლები ის ბავშვები არიან, რომლებიც იზრდებიან შეგნებით, რომ ვარსკვლავები უნდა გახდნენ

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:41

თამარ ივერი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის თამარ ივერის წარმატებაში და კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საოპერო სფეროში დიდი აღიარება მოიპოვო, ამას ქალბატონი თამარისგან შევიტყობთ.

თამარ ივერი: მე ვფიქრობ, რომ იღბალი ნებისმიერ ადამიანს ეძლევა, მაგრამ მთავარია, მას როგორ გამოიყენებ. შეიძლება, შენი საქმის კარგი მცოდნე იყო, საჭირო ადამიანებიც გაიცნო, მაგრამ როგორ მოახერხებ ამის სასიკეთოდ გამოყენებას, ეს სხვა საქმეა. არსებობენ კარგი სპეციალისტები, რომლებმაც თავიანთი სათქმელი ვერ მიიტანეს ადამიანების ყურამდე, ასეთ შემთხვევებში, ჩემი დაკვირვებით, ადამიანების ხასიათში არის კომპლექსი, სიმორცხვე, არასაჯაროობის სიყვარული, მეორე პლანზე ყოფნის სურვილი და ზუსტად ეს თვისებები განსაზღვრავს იმას, რომ ისინი მაქსიმუმს ვერ აღწევენ. თუ ადამიანში არ არის დამაბრკოლებელი თვისება, ის ადრე თუ გვიან იპოვის გზას რეალიზებისთვის.

– რა არის ის, რის გამოც გიფიქრიათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?

– ის, რომ მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ კონკურსზე გავედი და გავიმარჯვე. ჯუზეპე ვერდისა და მოცარტის კონკურსი ყველა მომღერლისთვის არის დიდ სცენებზე წარსადგენი „პასპორტი“, რომლის ფლობის შემთხვევაში, შენთვის ყველა თეატრის კარი ღიაა. ამ კონკურსებში მიღწეული წარმატება დიდ შრომასთან ერთად, იღბლის დამსახურებაც იყო. მე ასე მიმაჩნია.

იღბალია ისიც, რომ თავის დროზე გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. უკვე 16 წელია, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემ გვერდითაა.

– ვფიქრობ, იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნით, ვისაც არ უყვარს შანსების ხელიდან გაშვება. ალბათ, სხვანაირად ასეთი წარმატება არ მოვიდოდა.

– რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის უნარს, ადამიანების შენ მიმართ განწყობას, შენს ქცევებს. სამწუხაროდ, ხშირად გამიგია ჩემს სფეროში ცნობილი აგენტისგან თუ თეატრის დირექტორისგან კონკრეტულ მომღერალზე, რომ ძალიან კარგად მღერის, რომ მან აღმოაჩინა, ხელი შეუწყო, მაგრამ მომღერალი არ აღმოჩნდა მშრომელი, დისციპლინირებული. მომღერალს რომ დაურეკავენ და ნასვამია ან ყურმილს არ იღებს, ფორმაში არ არის საჭირო დროს, აგენტები ასეთ ადამიანთან წყვეტენ კონტაქტს. იღბალია, რომ შანსს გაძლევენ, მაგრამ თუ ადამიანი მას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვერ გამოიყენებ, მერე შენზე ხელს ჩაიქნევენ. ამიტომ, იღბლიანი რომ ხარ და საჭირო ადამიანი აღმოგაჩენს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაუმართლებ მას იმედებს. საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდები, საჭირო ადამიანები რომ დაინტერესდებიან შენით, მერე შენც უნდა გამოიჩინო შესაბამისი უნარები და დისციპლინა. როგორც ამბობენ, რაში რომ ჩამოგიქროლებს, უნდა შეძლო და შეახტე. მოვლენების განვითარება მერე უკვე დიდწილად შენზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან შანსი ყველას ეძლევა.

გამოთქმაც არის, პოპულარობის უცებ მოპოვება შეიძლება, მარტივია, მაგრამ მისი წლობით შენარჩუნებაა რთულიო. დავუშვათ, კარგად იმღერე და უცებ გახდი პოპულარული, მერე გადის წლები და თუ ძალიან ბევრს არ შრომობ, ქრები. მე ამაყი ვარ თუნდაც იმით, რომ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში სპექტაკლი არასდროს გამიცდენია. ვყოფილვარ ავად, შეუძლოდ, მაგრამ პროფესონალიზმი ისაა, რომ ცოტა ავადმყოფმაც შეძლო სიმღერა. ამ მხრივ ძალიან ვუყვარდი ჩემს აგენტებს თუ თეატრის დირექტორებს, იცოდნენ, რომ თამარი თავს მოიკლავს, მაგრამ მაინც გამოვა და იმღერებს. ამის გამო ჩემთან მუშაობა უხაროდათ. იცოდნენ, რომ არ განვეკუთვნებოდი მომღერლების იმ კატეგორიას, ვინც ხშირად აუქმებს კონცერტებს და თეატრს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. თავის გადადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– პირადი სირთულეების „გვერდზე გადადებასაც“ ახერხებდით?

– შეიძლება, ადამიანს ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ ჯანმრთელობა არ აძლევდეს საშუალებას, რომ სულ ჰაერში იყოს, რეპეტიციიდან რეპეტიციაზე იაროს ქვეყნიდან ქვეყანაში. ევროპაში რომ სპექტაკლს მღერი, ჩათვალე, რომ იქამდე იმდენი რეპეტიცია უნდა გაიარო, თუ მართლა სცენის ლომი და ძალიან კარგი ჯანმრთელობის პატრონი არ ხარ, ვერ გაუძლებ. პრემიერამდე „ტყავს გაძრობენ“ და ამას ძალიან ცოტა უძლებს. ასეთი ცხოვრების რიტმი ყველას არ შეუძლია. ამას ემატება მენეჯმენტი, შენ, ფაქტობრივად, ხდები ქარხანა, რომელსაც ხან რას გიკვეთენ და ხან - რას. თუ ოჯახი გაქვს და შვილები გყავს ან თუ ცოტა ემოციური ხარ და ყველა გასვლაზე ძალიან ნერვიულობ, ვერ აუწყობ ფეხს ამ კარიერულ „საგიჟეთს“.

– ამ გზაზე რამდენად უფრთხილდებით ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?

– ეს აუცილებელია. ამ მხრივ, ძალიან ძლიერი უნდა იყო. შეიძლება, შეგხვდეს არაკეთილგანწყობილი კოლეგა, რომლის წყალობითაც „წყალქვეშა ლოდებთან“ მოგიხდეს ჭიდილი. დირიჟორი იყოს ფიცხი, რეჟისორმა აგითვალწუნოს ან ჭორები დაგიყარონ და ასე შემდეგ. სპილოს ტყავი უნდა გქონდეს, რადგან მაყურებელს შიდა სამზარეულო და შენი მოშლილი ნერვები არ აინტერესებს. ერთ ჩემს ქართველ კოლეგა გოგოს უმალავდნენ, რომ თბილისში ძმა მოუკლეს. სპექტაკლზე გადიოდა და სცენაზე გასვლის წინ იტალიელმა თანამშრომელმა წერილი მიაწოდა კულისებში, თქვენთვის გადმომცესო. წარმოიდგინეთ, მან სცენაზე გასვლის წინ ასეთი რამ წაიკითხა – რა გემღერება შე საწყალო, შენი ძმა კუბოში წევსო... ასეთი რამ ხდება შენს თავს, ეს პროფესია კი ისეთია, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა გახვიდე სცენაზე და იმღერო. სამწუხაროდ, ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს, რომელსაც შური ამოძრავებს და შეიძლება, ზუსტად კონცერტის წინ შეგატყობინოს რაღაც საშინელება. ამ გოგოს ეს ისევ ქართველმა კოლეგამ გაუკეთა. ინტრიგები ყოველთვის იყო და იქნება. ამიტომ ძალიან ძლიერი ფსიქიკაა საჭირო.

– რთულ და წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– დიახ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის კრიზისი. მე კოვიდის შემდეგ მქონდა ძალიან დიდი კრიზისი. ორჯერ გადავიტანე კოვიდი, პლუს შემოქმედებითი პაუზა, ყველაფერი დაიკეტა. ყველაფერმა რომ ჩაიარა, აღმოვაჩინე, რომ ვირუსს ჩემთვის მარცხენა სახმო სიმი დაუზიანებია. ეს ნერვული პრობლემა იყო, მომღერლისთვის ყველაზე სენსიტიური. საქართველოში ექიმები კარგა ხანი მიმტკიცებდნენ, რომ ეს რეფლუქსი იყო. სიმღერას რომ ვიწყებდი ხრინწი მოჰყვებოდა. არაფერმა მიშველა. ამერიკაში ჩამოსვლას და აქაურ მედიცინას იმიტომ ვუმადლი, რომ რეალური პრობლემის შესახებ შევიტყვე. მივედი ცნობილ ფონიატრთან, რომელმაც მითხრა, არა, ქალბატონო, არანაირი რეფლუქსი არ გაქვთ, მარცხენა სახმო სიმის ატროფია გაქვთ, რამე ინფექცია ან ვირუსი ხომ არ გადაიტანეთო. მერე მითხრა, რომ კოვიდის შემდეგ ბევრ ხელოვანს შეექმნა სხვადასხვა ტიპის გართულებები. წლები დამჭირდა, თერაპიებს გავდიოდი. ცუდი ის არის, რომ ეს პრობლემა წამლით არ იკურნება. კოვიდის შემდეგ თითქმის სამი წელი ამ პრობლემამ ძალიან დამაზარალა, ამიტომ კრიზისის თემა ჩემთვის ძალიან ახლობელია. საბედნიეროდ, თვეების წინ უკვე პროგრესი წამოვიდა, თორემ მანამდე პრაქტიკულად, უძლური ვიყავი სიმღერაში. მტერს არ ვუსურვებ ასეთ რამეს. მადლობა ღმერთს, ყველა დაცემას წამოდგომა მოსდევს.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რაც შექმენით, რამდენად ჰგავს თქვენს ოცნებებს?

– ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ასეთი რამ. სხვათა შორის, ყველაზე წარუმატებლები ის ბავშვები არიან, რომლებიც იზრდებიან შეგნებით, რომ ვარსკვლავები უნდა გახდნენ. ვინც არაფერს მოელის ცხოვრებისგან და ფუტკარივით მუშაობს, ის აღწევს ყველაფერს. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ განვლილი გზით, მსოფლიო კარიერით, პირველი დონის მსოფლიო თეატრებში გამოსვლით, ეს იყო დიდი შრომისა და თავდადების შედეგი. თუმცა, ადამიანს ყოველთვის სურს, კიდევ მეტი შექმნას. მეც მინდოდა, კიდევ სხვა ფორმით დამეინტერსებინა საზოგადოება და 2022 წელს ამიტომაც შევქმენი ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დღემდე ვეხმარები ახალგაზრდა მომღერლებს კარიერის აწყობაში, რომ ის დაბრკოლებები, რაც მე გავიარე, მათთვის აღარ გახდეს ხელის შემშლელი. წელს, სექტემბერში ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მადლიანი საქმე გავაკეთე, რომელმაც ბევრ მომღერალს გაუხსნა გზა მსოფლიო კარიერისკენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გაუხსნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი